წმინდა წერილი
2 ნეფი 23


თავი 23

ბაბილონის განადგურება არის მეორე მოსვლისას განადგურების სიმბოლო. ეს იქნება რისხვისა და შურისგების დღე. ბაბილონი (მსოფლიო) დაეცემა სამუდამოდ. შეადარეთ ესაია 13. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 განაჩენი ბაბილონზე, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:

2 მაღალ მთაზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შევიდნენ წარჩინებულთა კარიბჭით.

3 მე ვუბრძანე ჩემს განწმენდილთ, მოვუხმე ასევე ჩემს ძლევამოსილთ, რადგან ჩემი რისხვა არ არის მათზე, ვინც ზეიმობს ჩემს სიდიადეში.

4 მრავალთა ხმაურია მთებში, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ერების სამეფოთა აურზაურის ხმა, ცაბაოთ უფალი აგროვებს საომრად გამზადებულ ლაშქარს.

5 მოდიან შორეული ქვეყნიდან, ცის კიდიდან, დიახ, უფალი და მისი გულისწყრომის იარაღები, მთელი ქვეყნის დასაქცევად.

6 იქვითინეთ, რადგან ახლოს არის უფლის დღე; მოდის, როგორც განადგურება ყოვლადძლიერისგან.

7 ამიტომაც დაუძლურდება ყველას ხელები, ყოველი ადამიანის გული დადნება;

8 და შეეშინდებათ; მძაფრი ტკივილი და დარდი შეიპყრობს მათ; გაკვირვებულნი შეხედავენ ერთმანეთს; სახეები ექნებათ, როგორც ჩირაღდნები.

9 აჰა, მოდის უფლის დღე – სასტიკი, რისხვითა და მძვინვარე წყრომით, ქვეყნის გასაპარტახებლად; და გაანადგურებს იქ ცოდვილებს.

10 რადგან ზეცის ვარსკვლავები და მისი თანავარსკვლავები აღარ გამოსცემენ შუქს; მზე დაბნელდება ამოსვლისას და მთვარე აღარ მოჰფენს თავის ნათელს.

11 და მე დავსჯი ამასოფელს სიბოროტისთვის და ბოროტთ – თავიანთი ურჯულოებისათვის; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ.

12 კაცს ბაჯაღლო ოქროზე ძვირფასად ვაქცევ; ადამიანს – ოფირის ოქროს სოლზე მეტად.

13 ამიტომაც შევარყევ ზეცას და დაიძვრება დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის რისხვისას და მისი მძვინვარე გულისწყრომის დღეს.

14 და იქნება, როგორც დევნილი შველი და ცხვარი, რომელსაც არავინ არ აიყვანს და ყველა ადამიანი თავის ხალხს დაუბრუნდება და ყველა თავის ქვეყნისკენ გაიქცევა.

15 ყოველი ამპარტავანი განიგმირება; დიახ, ყოველი, ვინც შეუერთდება ბოროტთ, მახვილით დაეცემა.

16 მათი შვილები მათ თვალწინ დანაკუწდებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები პატივაყრილნი იქნებიან.

17 აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც არად აგდებენ ვერცხლსა და ოქროს და არ ტკბებიან მასში.

18 მათი მშვილდები ასევე დაანაკუწებს ყმაწვილკაცებს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალებენ; მათი თვალები ბავშვებს არ ზოგავენ.

19 და ბაბილონი – სამეფოთა დიდება, ქალდეველთა დიდების სილამაზე, დაემსგავსება უფლისგან დამხობილ სოდომსა და გომორას.

20 არასდროს დასახლდება იგი, თაობიდან თაობამდე არავინ იცხოვრებს მასში, არც არაბი არ გაშლის იქ კარავს და არც მწყემსები არ ააშენებენ თავიანთ ფარეხს.

21 მაგრამ დაწვებიან იქ უდაბნოს გარეული მხეცები და აივსება მათი სახლები უწმინდური არსებებით; ჭოტები დასახლდებიან და ჭინკები იცეკვებენ იქ.

22 და კუნძულების გარეული მხეცები იყმუვლებენ მათ აოხრებულ სახლებში და ურჩხულები – მათ საზეიმო სასახლეებში; და მალე დადგება მისი ჟამი და აღარ გაგრძელდება მისი დღე, რადგან გავანადგურებ მას დაუყოვნებლივ; დიახ, რადგან ვიქნები მოწყალე ჩემი ხალხის მიმართ, თუმცა ბოროტნი დაიღუპებიან.