წმინდა წერილი
2 ნეფი 24


თავი 24

ისრაელი შეიკრიბება და დატკბება ათასწლეული დასვენებით. ლუციფერი ჩამოგდებულ იქნა ზეციდან ჯანყის გამო. ისრაელი გაიმარჯვებს ბაბილონზე (მსოფლიოზე). შეადარეთ ესაია 14. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 რადგან შეიწყალებს უფალი იაკობს და კიდევ აირჩევს ისრაელს და დაასახლებს მათ თავიანთ მიწაზე; და უცხონი შეუერთდებიან მათ და მიეკრობიან იაკობის სახლს.

2 და ხალხი აიყვანს მათ და მიიყვანს მათსავე ადგილზე; დიახ, შორიდან, დედამიწის კიდით კიდემდე; და დაბრუნდებიან ისინი თავიანთ აღთქმულ მიწებზე. და ისრაელის სახლი დაიმკვიდრებს მიწებს და უფლის მიწა იქნება მოსამსახურეებისა და მხევლებისთვის; და დაატყვევებენ მათ, ვისი ტყვეებიც თვითონ იყვნენ; და თავიანთ მჩაგვრელებზე იბატონებენ.

3 და ასე იქნება იმ დღეს, რომ უფალი დაგასვენებს შენი მწუხარების შიშისა და მძიმე მონობისგან, რომელშიც გაიძულებდნენ მსახურებას.

4 და ასე იქნება იმ დღეს, რომ შენ წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფის წინააღმდეგ და იტყვი: როგორ დაცხრა მჩაგვრელი, მოეღო ბოლო ოქროს ქალაქს!

5 გატეხა უფალმა ბოროტთა კვერთხი, მბრძანებელთა არგანი.

6 ის, რომელიც გამუდმებით სცემდა ხალხს რისხვით, ის, რომელიც წყრომით ბრძანებლობდა ერებზე, ახლა იდევნება და ხელს არავინ უშლის!

7 მთელი დედამიწა ისვენებს და სიმშვიდეა; და მათ იწყეს გალობა.

8 დიახ, კვიპაროსები შეგხარიან შენ, ასევე ლიბანის კედრებიც, სიტყვებით: მას შემდეგ, რაც შენ დაწექი, აღარ ამოსულა არავინ ჩვენ მოსაჭრელად.

9 ჯოჯოხეთი ქვემოთ შეიძრა შენ გამო, შენ შესახვედრად; აღვიძებს შენთვის მკვდრებს, დედამიწის ყველა ბელადსაც კი; წამოაყენა თავიანთი ტახტებიდან ერთა ყველა მეფე.

10 ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: ნუთუ შენც ჩვენსავით დაუძლურდი? ნუთუ ჩვენ დაგვემსგავსე?

11 შენი დიდება საფლავში ჩაინთქა; შენი ვიოლების ხმაური აღარ ისმის; ქვეშ მატლი გიფენია და ჭიები გაფარია.

12 როგორ ჩამოვარდი ზეციდან, ლუციფერო, ძეო განთიადისა! ნუთუ მიწაზე მოგკვეთეს შენ, რომელიც აუძლურებდი ერებს!

13 რადგან შენს გულში ამბობდი: ცად ავხდები, ჩემს ტახტს ღმერთის ვარსკვლავთა ზემოთ ავამაღლებ; დავჯდები ასევე საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის მხარეს;

14 მე ავიჭრები ღრუბლების მწვერვალებზე, ვიქნები, როგორც ყოვლად მაღალი.

15 მაგრამ ჯოჯოხეთში იქნები ჩაგდებული, ქვესკნელის კიდეებზე.

16 ისინი, ვინც დაგინახავენ, მოგაშტერდებიან და დაგაკვირდებიან და იტყვიან: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?

17 და ქვეყანა რომ უდაბნოდ აქცია და მისი ქალაქები დაანგრია და მის ტყვეებს სახლი არ გაუხსნა?

18 ერთა ყოველი მეფე, დიახ, ყოველი მათგანი, დიდებაში განისვენებს, თითოეული საკუთარ სახლში.

19 მაგრამ შენ გაძევებული ხარ შენი საფლავიდან, როგორც ბილწი რტო და მახვილით განგმირული დახოცილთა ნარჩენები, ორმოს ქვებზე ჩაგდებული, როგორც ფეხით გათელილი გვამი.

20 ვერ შეუერთდები მათ დამარხვისას, რადგან გაანადგურე შენი მიწა და დახოცე შენი ხალხი; ბოროტმოქმედთა შთამომავლობა აღარასდროს იქნება ცნობილი.

21 განუმზადე ჟლეტა მის შვილებს მათი მამების ურჯულოების გამო, რათა არ აღდგნენ და არ დაიმკვიდრონ ქვეყანა, არც ქალაქებით არ აავსონ დედამიწის პირი.

22 რადგან აღვსდგები მათზედ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, და მოვკვეთ ბაბილონიდან სახელს და ნარჩენს და შვილს და ძმისშვილს, – ამბობს უფალი.

23 მე ასევე ვაქცევ მას წყლის ფრინველთა სამკვიდროდ და ჭაობებად; და განადგურების ცოცხით გამოვხვეტავ მას, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

24 ცაბაოთ უფალმა დაიფიცა სიტყვებით: ჭეშმარიტად, როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; და როგორც განვიზრახე, ისე მოხდება.

25 რომ მოვიყვან აშურს ჩემს მიწაზე და ფეხით გავთელავ მას ჩემს მთებზე; მაშინ გადაგდებული იქნება მისი უღელი მათგან და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ.

26 ესაა მიზანი, რომელიც მთელი დედამიწისთვის არის განზრახული და ესაა ხელი, რომელიც ყოველ ერზეა მოღერებული.

27 რადგან ცაბაოთ უფალმა განიზრახა, ვინ გააუქმებს და მოღერებულია მისი ხელი და ვინ შეაბრუნებს?

28 მეფე ახაზის სიკვდილის წელს ასეთი იყო განაჩენი.

29 ნუ გიხარია, სრულიად ფილისტიმია, იმის გამო, რომ დაილეწა შენი მცემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა გველგესლა და მისი ნაყოფი ცეცხლოვანი მფრინავი გველები იქნება.

30 და ღარიბთა პირმშონი გამოიკვებებიან და ღატაკნი უსაფრთხოდ წამოწვებიან; და შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და ის შენს ნარჩენს დახოცავს.

31 იქვითინე, კარიბჭევ; იტირე, ქალაქო; მთლიანად დაშლილი ხარ შენ ფილისტიმავ; რადგან ჩრდილოეთიდან მოვა კვამლი და არავინ იქნება მარტო მისთვის დანიშნულ დროს.

32 მაშინ რას უპასუხებენ ხალხთა წარგზავნილნი? რომ უფალმა დააფუძნა სიონი და რომ მისი ხალხის ღარიბნი მასში ჰპოვებენ თავშესაფარს.