წმინდა წერილი
2 ნეფი 4


თავი 4

ლეხი არიგებს და ლოცავს თავის შთამომავლობას. ის მოკვდა და დაასაფლავეს. ნეფი ხარობს ღვთის სიკეთეში. ნეფი უფალს ანდობს თავის სასოებას სამუდამოდ. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა მე, ნეფი, ვლაპარაკობ იმ წინასწარმეტყველებებზე, რომლებზეც ილაპარაკა მამაჩემმა იოსების შესახებ, რომელიც წაყვანილი იქნა ეგვიპტეში.

2 ვინაიდან, აჰა, ის ჭეშმარიტად წინასწარმეტყველებდა მთელს თავის შთამომავლობაზე. და ბევრი არ მოიძებნება მის მიერ დაწერილ წინასწარმეტყველებებზე უფრო მეტად დიდი წინასწარმეტყველება. და მან იწინასწარმეტყველა ჩვენზე და ჩვენს მომავალ თაობებზე; და ეს დაწერილია სპილენძის ფირფიტებზე.

3 ამიტომაც, მას შემდეგ, რაც მამაჩემმა დაამთავრა იოსების წინასწარმეტყველებებზე ლაპარაკი, მან დაუძახა ლამანის შვილებს, მის ძეებსა და ასულებს და უთხრა მათ: აჰა, ჩემო ძენო და ასულნო, რომელნიც ხართ ჩემი პირმშოს ძენი და ასულნი, მინდა, რომ დაუგდოთ ყური ჩემს სიტყვებს.

4 რამეთუ უფალმა ღმერთმა თქვა: რამდენადაც დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდებით ამ მიწაზე; და რამდენადაც არ დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად იქნებით ჩემი გარემოცვიდან მოკვეთილნი.

5 მაგრამ, აჰა, ჩემო ძენო და ასულნო, მე ვერ ჩავალ სამარეში ისე, რომ არ დაგიტოვოთ ჩემი კურთხევა; ვინაიდან აჰა, მე ვიცი, რომ თუ თქვენ იმ გზაზე აღიზრდებით, რომლითაც უნდა იაროთ, თქვენ მას არ გადაუხვევთ.

6 ამიტომაც, თუ დაწყევლილნი იქნებით, აჰა, მე გიტოვებთ ჩემს კურთხევას, რომ წყევლა მოიხსნას თქვენგან და გადავიდეს თქვენი მშობლების თავზე.

7 ამიტომაც, ჩემი კურთხევის გამო, უფალი ღმერთი არ დაუშვებს, რომ თქვენ დაიღუპოთ; ამიტომაც, ის იქნება მოწყალე თქვენ მიმართ და თქვენი შთამომავლობის მიმართ მარადის.

8 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მამაჩემმა დაასრულა ლაპარაკი ლამანის ძეებთან და ასულებთან, მან მოიხმო ლემუელის ძენი და ასულნი.

9 და მან მიმართა მათ სიტყვებით: აჰა, ჩემო ძენო და ასულნო, რომლებიც ხართ ჩემი მეორე შვილის ძენი და ასულნი; აჰა, მე გიტოვებთ იგივე კურთხევას, რომელიც დავუტოვე ლამანის ძეებსა და ასულებს; და ამიტომ, თქვენ არ იქნებით ბოლომდე განადგურებულნი; არამედ ბოლოს თქვენი შთამომავლობა იქნება კურთხეული.

10 და იყო ასე, როდესაც მამაჩემმა დაასრულა მათთან ლაპარაკი, აჰა, მან მიმართა ისმაელის ძეებს, დიახ, მთელ მის სახლს.

11 და როდესაც მან დაასრულა მათთან საუბარი, მიმართა სემს სიტყვებით: კურთხეული ხარ შენ და შენი შთამომავლობა; რადგან შენ მემკვიდრეობით მიიღებ მიწას ისევე, როგორც შენი ძმა, ნეფი. და შენი შთამომავლობა აღირიცხება მის შთამომავლობასთან ერთად; და შენ იქნები ისეთი, როგორიც არის შენი ძმა, შენი შთამომავლობა კი ისეთი, როგორიც მისი შთამომავლობა და შენც იქნები კურთხეული მთელი შენი დღენი.

12 და იყო ასე, მას შემდეგ, რაც მამაჩემი, ლეხი, ელაპარაკა მთელ თავის სახლს, გულის გრძნობებისა და უფლის სულის თანახმად, რომელიც იყო მასში, ის დაბერდა. და იყო ასე, რომ მოკვდა და დაასაფლავეს.

13 და იყო ასე, რომ არ გასულა მრავალი დღე მისი სიკვდილის შემდეგ, რაც ლამანი და ლემუელი და ისმაელის ვაჟიშვილები განაწყენდნენ ჩემზე უფლის დარიგებების გამო.

14 რამეთუ მე, ნეფი, იძულებული ვიყავი მათთან მელაპარაკა მისი სიტყვის თანახმად; რამეთუ მათ ბევრი ველაპარაკე, ასევე მამაჩემიც, სიკვდილის წინ; იმ ნათქვამიდან მრავალი რამ ჩაწერილია ჩემს სხვა ფირფიტებზე; ვინაიდან ჩემ სხვა ფირფიტებზე ჩაწერილია უფრო ისტორიული ნაწილი.

15 და ამ ფირფიტებზე ვწერ იმას, რაც ჩემს სულშია და მრავალ წმინდა წერილს, რომელიც ამოტვიფრულია სპილენძის ფირფიტებზე. რადგან სული ჩემი ხარობს წმინდა წერილებით და გული ჩემი მსჯელობს მათზე და წერს მათ, ჩემი შვილების სასწავლებლად და სასარგებლოდ.

16 აჰა, ჩემი სული ხარობს უფლის საქმეებით და ჩემი გული განუწყვეტლივ მსჯელობს იმაზე, რაც მე ვნახე და მოვისმინე.

17 მაგრამ, მიუხედავად უფლის დიდი სიკეთისა, დამანახა რა, თავისი დიადი და საოცარი საქმენი, გული შემძახის, რა უბადრუკი ადამიანი ვარ! დიახ, გული ჩემი დაღონებულია ჩემი ხორცის გამო; სული ჩემი წუხს ჩემი ურჯულოებისგან.

18 გარშემორტყმული ვარ ცდუნებებითა და ცოდვებით, რომლებიც ასე ადვილად მაბრკოლებს.

19 და როდესაც მინდა გავიხარო, გული კვნესის ჩემი ცოდვების გამო; მიუხედავად ამისა, მე ვიცი, ვის მიმართ მქონდა სასოება.

20 ჩემი ღმერთი იყო ჩემი საყრდენი; იგი გამიძღვა გაჭირვების ჟამს უდაბნოში; და გადამარჩინა წყლებში დიდი სიღრმისა.

21 მან აღმავსო თავისი სიყვარულით ისე, რომ ლამის შთაინთქა ხორცი ჩემი.

22 მან შემუსრა ჩემი მტრები, ააცახცახა ისინი ჩემ წინაშე.

23 აჰა, მან გაიგონა დღისით ჩემი ღაღადი და ღამე ხილვებით მომცა ცოდნა.

24 და დღისით ვხდებოდი მამაცი, ძლიერი ლოცვით მის წინაშე; დიახ, ხმა მივაწვდინე მაღლა; და ჩამოვიდნენ ანგელოზები და მემსახურნენ.

25 და მისი სულის ფრთებზე ჩემი სხეული იქნა წაღებული ძალზედ მაღალ მთებზე. და ჩემმა თვალებმა იხილეს უამრავი დიადი რამ, დიახ, ადამიანისათვის მეტად დიადი; იმიტომაც, მიბრძანეს, რომ ეს არ დამეწერა.

26 მაშინღა რატომ, თუ მე ვნახე ამდენი დიადი, თუ უფალი, თავის შემწყნარებლობით ადამიანთა შვილებისადმი, ეწვია ადამიანს ასეთი წყალობით, მაშინ რატომ უნდა ტიროდეს გული ჩემი და სული ჩემი რჩებოდეს მწუხარების ველზე და ხორცი ჩემი დნებოდეს და ჩემი ძალა სუსტდებოდეს გაჭირვების გამო?

27 და რატომ უნდა დავნებდე ცოდვას ჩემი ხორცის გამო? დიახ, რატომ უნდა დავუთმო გზა ცდუნებას, რომ იმ ბოროტმა იქონიოს ადგილი ჩემს გულში, რათა გამინადგუროს სიმშვიდე და წუხდეს ჩემი სული? რატომ ვარ გაბრაზებული ჩემი მტრის გამო?

28 გაიღვიძე, სულო ჩემო! ნუღარ ჭკნები ცოდვის გამო! გაიხარე, გულო ჩემო, და ნუღარ დაიტევ შენში ჩემი სულის მტერს.

29 ნუღარ გაბრაზდები კვლავ ჩემი მტრების გამო. ნუღარ დამისუსტებ ძალას გაჭირვების გამო.

30 გაიხარე, ჩემო გულო, შეჰღაღადე უფალს და თქვი: უფალო, მე გადიდებ შენ მარადის, დიახ, ჩემი სული გაიხარებს შენში, ჩემო ღმერთო და კლდეო ჩემი ხსნისა.

31 უფალო, გამოისყიდი ჩემს სულს? გამომიხსნი მტრის ხელიდან? გამხდი ისეთად, რომ ვკანკალებდე ცოდვის გამოჩენისას?

32 დაე, ჯოჯოხეთის კარიბჭე მუდამ დახურული იყოს ჩემ წინაშე, რადგან გული ჩემი არის მოდრეკილი და სული ჩემი მომნანიებელი! უფალო, ნუ დახურავ სამართლიანობის კარიბჭეს ჩემ წინაშე, რათა შევძლო სიარული ქვედა ველის ბილიკზე, რათა სწორად ვიარო სწორი გზით!

33 უფალო, შემმოსე შენი სამართლიანობის სამოსით! უფალო, დამისახე გზა, რომ გავეცალო მტერს! გაასწორე ჩემ წინ ბილიკი! ნუ დადებ ჩემს გზაზე დაბრკოლების ლოდს, არამედ გამისუფთავე გზა და ნუ გადამიღობავ გზას, არამედ გადაუღობე ჩემს მტერს გზები.

34 უფალო, მე გენდობოდი შენ და სამუდამოდ გენდობი. მე არ მივანდობ სასოებას ხორციელის ხელს; რადგან ვიცი, რომ წყეულია ის, ვინც ანდობს თავის სასოებას ხორციელის ხელს; დიახ, წყეულია ის, ვინც ანდობს თავის სასოებას ადამიანს ან ხორციელს გაიხდის თავის ძალად.

35 დიახ, მე ვიცი, რომ ღმერთი გულუხვად აძლევს იმას, ვინც სთხოვს. დიახ, ჩემი ღმერთი მომცემს, თუ არ მოვთხოვ ცუდს; ამიტომაც, ავიმაღლებ ხმას შენკენ; დიახ, მე შეგღაღადებ, ჩემო ღმერთო, ჩემო სამართლიანობის კლდეო. აჰა, ჩემი ხმა სამუდამოდ ამაღლდება შენკენ, ჩემო კლდეო, ჩემო მარადიულო ღმერთო. ამინ.