წმინდა წერილი
2 ნეფი 19


თავი 19

ესაია ლაპარაკობს მესიაზე. ბნელეთში მყოფი ხალხი იხილავს დიდ სინათლეს. ძე შეგვეძინა ჩვენ. ის იქნება მშვიდობის უფლისწული და იმეფებს დავითის ტახტზე. შეადარეთ ესაია 9. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 მიუხედავად ამისა, ეს ბურუსი არ იქნება ისეთი, როგორიც იყო მისი ჩაგვრისას, როდესაც მან ჯერ რბილად დასაჯა მიწა ზებულუნისა და ნაფთალის მიწა, მაგრამ შემდეგ უფრო მძიმედ დასაჯა წითელი ზღვისკენ მიმავალ გზაზე, იორდანის გაღმა ერთა გალილეაში.

2 ბნელეთში მოსიარულე ხალხმა იხილა დიდი სინათლე; სიკვდილის აჩრდილის მიწაზე მცხოვრებლებზე სინათლე გაბრწყინდა.

3 შენ გაამრავლე ერი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მოსავლის აღებისას იციან სიხარული, როგორც ხარობენ ადამიანები ნადავლის გაყოფისას.

4 რადგან შენ დალეწე მისი ტვირთის უღელი, მისი ბეჭის კეტი და მისი მჩაგვრელის კვერთხი.

5 რადგან მეომრის ყოველ ბრძოლას თან სდევს არეული ხმაური და სამოსელი, სისხლში ნათრევი, მაგრამ ეს დასაწვავი იქნება და ცეცხლის საწვავი.

6 რადგან ძე შეგვეძინა, მოგვეცა ძე და მთავრობა იქნება მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად საკვირველს, მრჩეველს, ძლევამოსილ ღმერთს, სამარადისო მამას, მშვიდობის უფლისწულს.

7 ზრდა მთავრობისა და მშვიდობისა დაუსრულებელია დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის გასამყარებლად და დასაფუძნებლად გამჭრიახობაში და სამართალში ამიერიდან და უკუნისამდე. ცაბაოთ უფლის გულმოდგინება აღასრულებს ამას.

8 სიტყვა გამოგზავნა უფალმა იაკობთან და გადმოვიდა ისრაელზე.

9 და გაიგებს მთელი ხალხი, ეფრემიც და სამარიის მცხოვრებელნიც, რომლებიც ამპარტავნად და გულქვად ამბობენ:

10 აგურები ჩამოცვენილია, მაგრამ გათლილი ქვებით ავაშენებთო; ნეკერჩხალი გაიჩეხა, მაგრამ კედარით შევცვლითო.

11 ამიტომ, უფალი აუმხედრებს მას რეცინის მოწინააღმდეგეებს და გააერთიანებს მის მტრებს;

12 სირიელთ წინ და ფილისტიმელთ უკან – და შეჭამენ ისრაელს პირდაღებულნი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

13 რადგან ხალხი არ უბრუნდება იმას, ვინც მას სცემს და არც ცაბაოთ უფალს არ დაეძებს.

14 ამიტომ, მოჰკვეთს უფალი ისრაელს თავს და კუდს, რტოებს და ლერწამს ერთ დღეს.

15 მოხუცი არის თავი; და წინასწარმეტყველი, რომელიც ცრუ მოძღვარია – კუდი.

16 რადგან ამ ხალხს მათი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათი მიმყოლნი არიან განადგურებულნი.

17 ამიტომ, მათ ჭაბუკებზე არ გაიხარებს უფალი და მათ ქვრივ-ობლებს არ შეიწყალებს, რადგან ყოველი მათგანი არის თვალთმაქცი და ბოროტმოქმედი და ყოველი ბაგე სისულელეს ლაპარაკობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

18 რადგან აგიზგიზდა სიბოროტე, როგორც ცეცხლი, შთანთქავს ასკილსა და ეკლიან ბუჩქებს და აბრიალდება დაბურულ ტყეში და აღიმართებიან ისინი, როგორც კვამლის სვეტები.

19 ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდა მიწა და ხალხი იქნება, როგორც ცეცხლის საწვავი, საკუთარ ძმას აღარ დაინდობს კაცი.

20 და სტაცებს მარჯვენა ხელს – მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს – ვერ გაძღებიან. ყველა ადამიანი თავის მკლავის ხორცს შეჭამს.

21 მენაშე, ეფრემს და ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იქნებიან იუდას წინააღმდეგ. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.