წმინდა წერილი
2 ნეფი 7


თავი 7

იაკობი აგრძელებს ესაიას კითხვას: ესაია ქადაგებს, როგორც მესია. მესია ილაპარაკებს სწავლულთა ენით. ის მცემელთ ზურგს მიუშვერს. იგი არ შერცხვება. შეადარეთ ესაია 50. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 დიახ, ასე ამბობს უფალი: მე გაგიშვი თუ მოგკვეთე სამუდამოდ? რადგან ასე ამბობს უფალი: სად არის დედათქვენის გაყრის წერილი? ვისთან გაგიშვი? ან რომელ ჩემს მევალეს მიგყიდეთ თქვენ? დიახ, ვის მიგყიდეთ? აჰა, თქვენივე ურჯულოების გამო გაყიდეთ საკუთარი თავი და თქვენი შეცოდებების გამო გაშვებულია დედათქვენი.

2 ამიტომ, როდესაც მოვედი, არავინ იყო; როდესაც ვიძახდი, დიახ, არავინ მპასუხობდა. ისრაელის სახლო, ნუთუ დამიმოკლდა ხელი, რომ ვერ გამოისყიდოს, ან აღარ შემწევს გამოხსნის ძალა? აჰა, მუქარით ვაშრობ ზღვას, მათ მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ და მათი თევზი ყარს, რადგან დამშრალია წყლები და ისინი წყურვილით იხოცებიან.

3 მე შევმოსავ ზეცას წყვდიადით და ძაძას ვაფარებ მოსასხამად.

4 უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რათა დროულად შევძლო გითხრა სიტყვა, ისრაელის სახლო. როდესაც ხართ დაქანცულნი, ის ყოველდღე გაღვიძებთ დილაობით, ის აღვიძებს ჩემს ყურს, რათა ვუსმინო სწავლულთა მსგავსად.

5 უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური; და მე არ ავუჯანყდი მას და არ დავიხიე უკან.

6 ზურგი მივუშვირე ჩემს მცემელთ და ლოყები – თმის მგლეჯელთ. სახეს არ ვიფარავდი სირცხვილისა და შეფურთხებისგან.

7 რადგან უფალი ღმერთი დამეხმარება, არ ვიქნები შერცხვენილი. ამიტომაც კაჟად ვიქციე სახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.

8 და უფალი ახლოსაა და მამართლებს. ვინ შემედავება? მოდით ერთად დავდგეთ. ვინ არის ჩემი მოწინააღმდეგე? დაე, მომიახლოვდეს და მას დავამარცხებ ჩემი სიტყვის ძალით.

9 ვინაიდან მე უფალი ღმერთი დამეხმარება. და ყველა ის, ვინც განმსჯის მე, აჰა, ყველა სამოსელივით დაძველდება და ჩრჩილი შეჭამს მათ.

10 ვინ არის თქვენ შორის, ვისაც ეშინია უფლისა, ვინც ემორჩილება მისი მსახურის ხმას, რომელიც ბნელეთში დადის და არა აქვს ნათელი?

11 აჰა, თქვენ, ცეცხლის გამჩაღებელნო, ნაპერწკლების დამკავებელნო, იარეთ თქვენი ცეცხლის შუქსა და ნაპერწკლებში, რომლებიც თქვენ დაანთეთ. ეს გელით თქვენ ჩემი ხელიდან: დაწვებით მწუხარებაში.