წმინდა წერილი
ეფერი 9


თავი 9

სამეფო გადაეცემა ერთიდან მეორეს მემკვიდრეობით, ხრიკებითა და მკვლელობებით. ემერმა იხილა ძე სამართლიანობისა. მრავალი წინასწარმეტყველი ღაღადებს მონანიებას. შიმშილი და შხამიანი გველები ტანჯავენ ადამიანებს.

1 და ახლა, მე, მორონი, ვაგრძელებ ჩემს ჩანაწერებს. ამიტომ, აჰა, იყო ასე: აკიშისა და მისი მეგობრების საიდუმლო შეთქმულებების შედეგად, აჰა, მათ დაამხეს ომერის სამეფო.

2 ამისდა მიუხედავად, უფალი მოწყალე იყო ომერის მიმართ, ასევე მისი ვაჟიშვილებისა და ქალიშვილებისადმი, რომლებიც არ ცდილობდნენ მის განადგურებას.

3 და უფალმა სიზმარში გააფრთხილა ომერი, წასულიყო იმ მიწიდან; ამიტომ, ომერი თავის ოჯახთან ერთად წავიდა იმ მიწიდან და მრავალი დღის განმავლობაში მოგზაურობდა; მივიდა და გვერდზე ჩაუარა გორაკ შიმს და მივიდა იმ ადგილამდე, სადაც ნეფიელები იქნენ განადგურებულნი და იქიდან გაემართა აღმოსავლეთით და მივიდა მიწაზე ზღვის სანაპიროსთან, რომელსაც ეწოდებოდა აბლომი და იქ გაშალა კარავი, ასევე მისმა ვაჟიშვილებმა და ქალიშვილებმა და მთელმა მისმა ოჯახმა, გარდა იარედისა და მისი ოჯახისა.

4 და იყო ასე: იარედი სიბოროტის ხელით ზეთცხებულ იქნა, დაინიშნა ხალხის მეფედ და მან თავისი ქალიშვილი აკიშს ცოლად მიათხოვა.

5 და იყო ასე, რომ აკიშს სურდა სიცოცხლე მოესწრაფებინა საკუთარი სიმამრისთვის და მან მიმართა მათ, რომლებმაც დაიფიცეს ძველთა ფიცით და მათ მოჰკვეთეს მის სიმამრს თავი, როდესაც იგი საკუთარ ტახტზე იჯდა და თავის ხალხს იღებდა.

6 ვინაიდან, იმდენად დიდად გავრცელდა ეს ბოროტი და საიდუმლო საზოგადოება, რომ გარყვნა მთელი ხალხის გულები; ამიტომ, იარედი მოკლეს საკუთარ ტახტზე და აკიში მმართველობდა მის მაგივრად.

7 და იყო ასე: აკიშს შეშურდა საკუთარი შვილის, ამიტომ იგი საპყრობილეში გამოამწყვდია და აშიმშილებდა, სანამ იგი არ გარდაიცვალა.

8 ახლა, მისი ძმა, რომელიც მოკლულ იქნა (და მას სახელად ერქვა ნიმრა) განრისხებული იყო საკუთარ მამაზე იმის გამო, რაც გაუკეთა მამამისმა მის ძმას.

9 და იყო ასე: ნიმრამ შეკრიბა პატარა რაზმი და მიწიდან გაიქცა და ომერთან მივიდა და დასახლდა.

10 და იყო ასე, რომ აკიშს შეეძინა სხვა შვილები და მათ მოიგეს ხალხის გული, იმისდა მიუხედავად, რომ მას შეჰფიცეს ყოველგვარი ურჯულოების ჩადენა, მისი სურვილისამებრ.

11 ახლა, აკიშის ხალხს სურდა სარგებელი ისე, როგორც აკიშს სურდა ძალაუფლება, ამიტომ აკიშის შვილებმა მათ ფული შესთავაზეს, რისი მეშვეობითაც აიყოლიეს ხალხის დიდი ნაწილი.

12 და იქ დაიწყო ომი აკიშის შვილებსა და აკიშს შორის, რომელიც გრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, დიახ, სამეფოს ხალხის თითქმის ბოლომდე განადგურებამდე, დიახ, გარდა ოცდაათი სულისა და მათი, რომლებიც ომერის სახლთან ერთად გაიქცნენ.

13 ამიტომ, ომერი კვლავ დაბრუნდა თავისი მემკვიდრეობის მიწაზე.

14 და იყო ასე, რომ ომერმა იგრძნო თავისი სიბერე; ამისდა მიუხედავად, მისი ხანდაზმულობის ჟამს, მას შეეძინა ემერი; და მან ემერს მეფედ სცხო ზეთი, რათა იგი ყოფილიყო მმართველი მის მაგივრად.

15 და მას შემდეგ, რაც ემერი მეფედ იქნა ზეთცხებული, მან მშვიდობა იხილა იმ მიწაზე ორი წლის განმავლობაში და შემდეგ გარდაიცვალა, იხილა რა მრავალი დღე, რომლებიც სავსე იყო მწუხარებით. და იყო ასე, რომ მის მაგივრად ემერი მმართველობდა და თავისი მამის კვალს მისდევდა.

16 და უფალმა კვლავ მოხსნა წყევლა იმ მიწიდან და ემერის სახლი ძალზედ აყვავდა ემერის მმართველობისას; და სამოცდაორი წლის განმავლობაში ისინი ძალზედ გაძლიერდნენ, ისე, რომ ძალზედ გამდიდრდნენ –

17 ჰქონდათ რა ყოველნაირი ხილი და ხორბალი, აბრეშუმი და ძვირფასი ქსოვილები, ოქრო და ვერცხლი და ძვირფასი ნივთები;

18 ასევე ყოველნაირი პირუტყვი, ხარები და ძროხები, ცხვრები, ღორები და თხები და ასევე სხვა მრავალნაირი ცხოველები, რომლებიც ადამიანის საკვებად სასარგებლო იყო.

19 და მათ ასევე ჰყავდათ ცხენები და ვირები და იქ იყვნენ სპილოები, კურელომები და კუმომები; ყველა მათგანი სასარგებლო იყო ადამიანისთვის და ყველაზე მეტად სპილოები, კურელომები და კუმომები.

20 და ამგვარად, ღვრიდა უფალი კურთხევებს ამ მიწაზე, რომელიც იყო ყველა სხვა მიწათა შორის რჩეული; და მან ბრძანა, რომ ყველა, ვინც დაეუფლება ამ მიწას, დაეუფლება მას უფლისთვის, თორემ იქნებიან განადგურებულნი, როდესაც მომწიფდებიან ურჯულოებაში; ვინაიდან, ასეთებზე ამბობს უფალი: გადმოვღვრი ჩემი რისხვის სისრულეს.

21 და ემერი სამართლიანად აღასრულებდა სამართალს მთელი თავისი დღენი და შეეძინა მრავალი ვაჟიშვილი და ქალიშვილი; და მას ეყოლა კორიანტუმი და მან კორიანტუმს ზეთი სცხო თავის ნაცვლად მმართველობაზე.

22 და მას შემდეგ, რაც კორიანტუმს ზეთი სცხო, რათა იგი ყოფილიყო მმართველი მის მაგივრად, იცოცხლა ოთხი წელი და იხილა მშვიდობა მიწაზე; და სამართლიანობის ძეც იხილა და უხაროდა და ადიდებდა მის დღეს; და მშვიდობაში გარდაიცვალა.

23 და იყო ასე: კორიანტუმი მამამისის კვალს მისდევდა და ააგო მრავალი დიდი ქალაქი და მთელი თავისი დღენი აძლევდა თავის ხალხს იმას, რაც იყო კარგი. და იყო ასე, რომ ღრმა სიბერემდე არ შეეძინა შვილები.

24 და იყო ასე, რომ გარდაიცვალა მისი ცოლი, იყო რა ას ორი წლის. და იყო ასე, რომ სიბერეში კორიანტუმმა ცოლად შეირთო ახალგაზრდა ქალიშვილი და შეეძინა ვაჟიშვილები და ქალიშვილები, ამიტომ მან იცოცხლა, სანამ არ გახდა ას ორმოცდაორი წლის.

25 და იყო ასე, რომ მას შეეძინა კომი და კომი მმართველობდა მის მაგივრად; და კომი მმართველობდა ორმოცდაცხრა წელი და მას შეეძინა ჰეთი; და მას ასევე შეეძინა სხვა შვილები და ქალიშვილები.

26 და ხალხი კვლავ გამრავლდა მთელი მიწის პირზე და იქ კვლავ დაიწყო დიდი სიბოროტე იმ მიწის პირზე და ჰეთმა დაიწყო ძველებური საიდუმლო გეგმების მომზადება, რათა გაენადგურებინა მამამისი.

27 და იყო ასე, რომ მან ტახტიდან ჩამოაგდო მამამისი, ვინაიდან საკუთარი მახვილით მოკლა; და იგი მმართველობდა მის მაგივრად.

28 და იმ მიწაზე კვლავ მოვიდნენ წინასწარმეტყველები, ღაღადებდნენ რა მონანიებას მათთვის, რომ მოემზადებინათ გზა უფლისთვის, თორემ წყევლა მოვიდოდა იმ მიწის პირზე; დიახ, იქნება დიდი შიმშილიც, რომლითაც ისინი განადგურდებიან, თუ არ მოინანიებენ.

29 მაგრამ ხალხს არ სწამდა წინასწარმეტყველთა სიტყვები და აძევებდნენ მათ; და ზოგიერთი მათგანი ორმოშიც კი ჩაამწყვდიეს და სასიკვდილოდ დატოვეს. და იყო ასე, რომ ყოველივე ამას აკეთებდნენ მეფე ჰეთის ბრძანებების შესაბამისად.

30 და იყო ასე, რომ იმ მიწაზე დაიწყო დიდი შიმშილობა და იქ მცხოვრებნი შიმშილის გამო ნადგურდებოდნენ ძალზედ სწრაფად, ვინაიდან დედამიწის პირზე წვიმა აღარ მოდიოდა.

31 და მიწის პირზე გაჩნდნენ შხამიანი გველები და დაგესლეს მრავალი ადამიანი. და იყო ასე, რომ მათი ნახირი გაურბოდა შხამიან გველებს სამხრეთ მიწისკენ, რომელსაც ნეფიელები ზარაჰემლას უწოდებდნენ.

32 და იყო ასე, რომ მათ შორის იყვნენ მრავალნი, რომლებიც გზაში გარდაიცვალნენ; მიუხედავად ამისა, მათ შორის ზოგიერთნი სამხრეთ მიწაზე გაიქცნენ.

33 და იყო ასე, რომ უფალმა უბრძანა გველებს, რომ აღარ გამოდევნებოდნენ მათ, არამედ გზა გადაეღობათ მათთვის ისე, რომ ადამიანებს ვერ გაევლოთ და ის, რომელიც შეეცდებოდა გავლას, შხამიანი გველისგან რომ დაცემულიყო.

34 და იყო ასე, რომ ადამიანები მისდევდნენ ცხოველთა ნაკვალევს და ხარბად ჭამდნენ დაცემულ ცხოველთა ლეშს, სანამ სულ არ შთანთქეს; და ახლა, როდესაც ადამიანებმა იხილეს, რომ უნდა დაღუპულიყვნენ, დაიწყეს მონანიება თავიანთი ურჯულოებისა და ღაღადი უფლისადმი.

35 და იყო ასე, რომ როდესაც უფლის წინაშე საკმარისად დაიმდაბლეს თავი, უფალმა წვიმა მოავლინა მიწის პირზე; და ხალხმა კვლავ დაიწყო აღორძინება. და ხილი მოისხა ჩრდილოეთ ქვეყნებსა და გარშემო ყველა ქვეყნებში. და უფალმა დაანახა მათ საკუთარი ძალა, იხსნა რა ისინი შიმშილისგან.