წმინდა წერილი
ეფერი 3


თავი 3

იარედის ძმა ხედავს უფლის თითს, როდესაც იგი ეხება თექვსმეტ ქვას. იარედის ძმას ქრისტე დაანახებს თავის სულიერ სხეულს. მათ, ვისაც აქვთ სრულყოფილი ცოდნა, ვერ შეაჩერებენ საბურველის მიღმა. იქნება მთარგმნელი ხელსაწყოები, რათა სინათლეზე გამოიტანონ იარედიელთა ჩანაწერები.

1 და იყო ასე, რომ იარედის ძმა (მომზადებული გემების რაოდენობა იყო რვა) ავიდა მთაზე, რომელსაც ისინი უწოდებდნენ შელემის მთას, მისი დიდი სიმაღლის გამო და მან ლოდიდან გამოადნო თექვსმეტი პატარა ქვა; და ისინი იყო თეთრი და ნათელი, გამჭვირვალე შუშასავით; და აიტანა ისინი საკუთარი ხელით მთის წვერზე და კვლავ შეჰღაღადა უფალს სიტყვებით:

2 უფალო, შენ თქვი, რომ ვიქნებით ნიაღვრებით გარშემორტყმულნი. ახლა, აჰა, უფალო, ნუ განურისხდები შენს მსახურს შენ წინაშე ამ სისუსტისთვის; ვინაიდან ვიცით, რომ ხარ წმინდა და იმყოფები ზეცაში და შენ წინაშე ვართ უღირსნი; და ჩვენი ბუნება დაცემის გამო არის გამუდმებით ბოროტი; ამისდა მიუხედავად, უფალო, შენ მოგვეცი მცნება, რათა მოგმართოთ, რომ შენგან მივიღოთ ჩვენი სურვილების შესაბამისად.

3 აჰა, უფალო, შენ შეგვმუსრე ჩვენი ურჯულოების გამო და წინ გაგვრეკე და უდაბნოში ვიყავით ეს მრავალი წელი; ამისდა მიუხედავად, შენ მოწყალე იყავი ჩვენ მიმართ. უფალო, გადმომხედე სიბრალულით და აარიდე შენი რისხვა ამ ხალხს და ნუ დაუშვებ, რომ ისინი წავიდნენ სიბნელეში ამ ბობოქარი სიღრმეების გადასალახავად; არამედ, აჰა, იხილე ის, რაც ლოდიდან გამოვადნე.

4 და მე ვიცი, უფალო, რომ გაქვს სრული ძალა და შეგიძლია ადამიანის სასარგებლოდ გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ; ამიტომ, უფალო, შეეხე ამ ქვებს შენი თითით და მოახდინე ისე, რომ მათ გაანათონ სიბნელეში; და გაგვინათებენ ისინი გემებში, რომლებიც მოვამზადეთ, რათა ზღვაზე გადასვლისას გვქონდეს სინათლე.

5 აჰა, უფალო, შენ ეს შეგიძლია. ჩვენ ვიცით, რომ გძალუძს გამოაჩინო დიდი ძალა, რომელიც ადამიანის გაგებით არის მცირე.

6 და იყო ასე: როდესაც იარედის ძმამ წარმოთქვა ეს სიტყვები, აჰა, უფალმა გამოიწოდა ხელი და სათითაოდ შეეხო ქვებს თითით. და საბურველი აეხადა იარედის ძმას თვალებიდან და იხილა მან უფლის თითი; და ეს იყო ადამიანის თითი, ვითარცა ხორცი და სისხლი; და იარედის ძმა დაეცა უფლის წინაშე, ვინაიდან იგი შიშმა მოიცვა.

7 და უფალმა იხილა, რომ იარედის ძმა მიწაზე დაეცა; და უფალმა უთხრა მას: წამოდექი, რატომ დაეცი?

8 და მან მიუგო უფალს: მე ვიხილე უფლის თითი და შემეშინდა, რომ არ შევემუსრე მას; ვინაიდან, არ ვიცოდი, რომ უფალს აქვს ხორცი და სისხლი.

9 და უფალმა მას უთხრა: შენი რწმენის წყალობით იხილე, რომ შევიმოსე ხორცითა და სისხლით; და არასდროს მოსულა ჩემთან ასეთი დიდი რწმენის მქონე ადამიანი, როგორიც ხარ შენ; ვინაიდან, ასე რომ არ ყოფილიყო, ვერ იხილავდი ჩემს თითს. იხილე მაგაზე მეტი?

10 და მან მიუგო: არა; უფალო, გამომეცხადე.

11 და უფალმა მას უთხრა: იწამებ იმ სიტყვებს, რომლებსაც გეტყვი?

12 და მან მიუგო: დიახ, უფალო, ვიცი, რომ ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ვინაიდან ხარ ღმერთი ჭეშმარიტებისა და ვერ იცრუებ.

13 და როდესაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა, აჰა, უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: ვინაიდან შენ იცი ყოველივე ეს, გამოსყიდული ხარ დაცემისგან, ამიტომ, ბრუნდები ჩემს გარემოცვაში; ამიტომ, გამოგეცხადები.

14 აჰა, ვარ ის, რომელიც მომზადებული იყო ქვეყნის დასაბამიდან, ჩემი ხალხის გამოსასყიდლად. აჰა, მე ვარ იესო ქრისტე. მე ვარ მამა და ძე. ჩემში ჰპოვებს მთელი კაცობრიობა სიცოცხლეს და ის იქნება მარადიული მათთვის, რომლებიც იწამებენ ჩემს სახელს; და გახდებიან ისინი ჩემი ძენი და ასულნი.

15 და არასდროს გამოვცხადებივარ ადამიანს, რომელიც ჩემი შექმნილია, ვინაიდან აქამდე ადამიანს არასდროს არ სწამებია ჩემი ისე, როგორც შენ. იხილე, რომ ხარ ჩემს ხატად შექმნილი? დიახ, ყოველი ადამიანი დასაბამიდანვე არის ჩემს ხატად შექმნილი.

16 აჰა, ეს სხეული, რომელსაც ახლა ხედავ, არის ჩემი სულის სხეული; და ადამიანი შევქმენი ჩემი სულის სხეულის მაგვარად; და როგორც სულში მყოფი გეცხადები, ასევე გამოვეცხადები ჩემს ხალხს ხორცშესხმული.

17 და ახლა, როგორც მე, მორონიმ, ვთქვი, არ შემიძლია გავაკეთო სრული ჩანაწერი იმაზედ, რაც დაწერილია, ამიტომ საკმარისია ვთქვა, რომ იესო გამოეცხადა ამ ადამიანს სულში, იმავენაირად, როგორც ეცხადებოდა ნეფიელებს სხეულით.

18 და ემსახურა მას ისე, როგორც ნეფიელებს ემსახურა; და ყოველივე ეს იმისთვის, რომ ამ ადამიანს სცოდნოდა – იგი იყო ღმერთი, იმ მრავალი დიადი საქმის გამო, რაც უფალმა მას დაანახა.

19 და ამ ადამიანის ცოდნის გამო შეუძლებელი იყო მისი შეკავება, იმაზედ, რომ ვერ ეხილა მას საბურველს მიღმა; და მან იხილა იესოს თითი და როდესაც მან ის იხილა, დაეცა შეშინებული, ვინაიდან იცოდა, რომ ეს იყო თითი უფლისა; მას აღარ ჰქონდა რწმენა, ვინაიდან იცოდა, აღარ ეჭვობდა.

20 ამიტომ, ჰქონდა რა სრულყოფილი ცოდნა ღმერთის შესახებ, შეუძლებელი იყო საბურველს მიღმა მისი შეკავება; ამიტომ, იხილა იესო და იგი მას ემსახურა.

21 და იყო ასე, რომ უფალმა იარედის ძმას უთხრა: აჰა, შენ არ დაუშვებ, რომ ყოველივე ის, რაც იხილე და მოისმინე, გავრცელდეს ქვეყანაზე, სანამ არ დადგება ჟამი, როდესაც ხორცში განვადიდებ ჩემს სახელს; ამიტომ, შეინახავ და არავის გაანდობ იმას, რაც იხილე და მოისმინე.

22 და აჰა, როდესაც ჩემთან მოხვალ, ამას ჩაიწერ და ჩაბეჭდავ, რათა ვერავინ გადათარგმნოს; ვინაიდან ამას ჩაიწერ იმ ენაზე, რომლის წაკითხვაც მათთვის შეუძლებელი იქნება.

23 და აჰა, ამ ორ ქვას მოგცემ და მათაც ასევე ჩაბეჭდავ იმასთან ერთად, რასაც დაწერ.

24 ვინაიდან, აჰა, ენა, რომლითაც შენ დაწერ, მე ავრიე; ამიტომ, ჩემთვის შესაფერის დროს, დავუშვებ, რომ ეს ქვები ადამიანთა თვალისთვის ნათელს გახდის ყოველივე იმას, რასაც შენ ჩაიწერ.

25 და როდესაც უფალმა თქვა ეს სიტყვები, მან დაანახა იარედის ძმას დედამიწაზე არსებული ყველა მცხოვრები, ასევე, რომლებიც იარსებებდნენ; და არ დაფარა ისინი მისი მზერისგან, დედამიწის კიდით კიდემდეც კი.

26 ვინაიდან მანამდე უთხრა, რომ თუ იწამებდა, რომ შეძლებდა მისთვის ყველაფერი დაენახებინა, მაშინ ამას დაანახებდა; ამიტომ, უფალმა ვერ დაუფარა ვერაფერი, ვინაიდან მან იცოდა, რომ უფალს შეეძლო ყოველივე ეს მისთვის ეჩვენებინა.

27 და უფალმა უთხრა: ჩაიწერე ეს და ჩაბეჭდე; და ჩემთვის შესაფერის დროს ამას ადამიანთა შვილებს დავანახებ.

28 და იყო ასე, რომ უფალმა მას უბრძანა, ჩაებეჭდა ეს ორი ქვა, რომლებიც მიიღო და არ გამოეჩინა მანამ, სანამ უფალი მათ არ დაანახებდა ადამიანთა შვილებს.