წმინდა წერილი
ეფერი 15


თავი 15

ბრძოლაში იხოცება მილიონობით იარედიელი. შიზი და კორიანტუმრი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის აგროვებენ ხალხს. უფლის სული აღარ მოქმედებს მათზედ. იარედიელთა ერი მთლიანად განადგურდება. გადარჩა მხოლოდ კორიანტუმრი.

1 და იყო ასე, რომ როდესაც კორიანტუმრი თავისი ჭრილობებისგან განიკურნა, მან დაიწყო იმ სიტყვების გახსენება, რომლებიც მას ეფერმა უთხრა.

2 მან იხილა, რომ მისი ხალხისგან უკვე ორი მილიონი ადამიანი დაიხოცა მახვილისგან და დამწუხრდა გულში; დიახ, დაიხოცა ორი მილიონი ძლიერი ადამიანი, ცოლებითა და შვილებით.

3 და დაიწყო იმ სიბოროტის მონანიება, რაც მან ჩაიდინა; დაიწყო გახსენება იმ სიტყვების, რომლებიც ყველა წინასწარმეტყველის პირით ითქვა და იხილა, რომ აქამდე ყველაფერი აღსრულდა, ყოველი იოტი; და გლოვობდა მისი სული და ნუგეშზე უარს ამბობდა.

4 და იყო ასე, რომ მან შიზს წერილი მისწერა, სურდა რა მისგან, დაენდო ხალხი და სამეფო დაეთმო ხალხის სიცოცხლის გამო.

5 და იყო ასე, რომ შიზმა, მიიღო რა მისი წერილი, კორიანტუმრს მისწერა, რომ თუ იგი დანებდებოდა, რათა მას საკუთარი მახვილით მოეკლა იგი, მაშინ დაინდობდა ხალხის სიცოცხლეს.

6 და იყო ასე, რომ ხალხმა არ მოინანია საკუთარი ურჯულოება; და კორიანტუმრის ხალხში გაღვივდა წყრომა შიზის ხალხის მიმართ; და შიზის ხალხში გაღვივდა წყრომა კორიანტუმრის ხალხის მიმართ; ამიტომ, შიზის ხალხი შეებრძოლა კორიანტუმრის ხალხს.

7 და როდესაც კორიანტუმრმა იხილა, რომ მარცხდებოდა, იგი კვლავ გაიქცა შიზის ხალხისგან.

8 და იყო ასე, რომ იგი მივიდა რიპლიანკუმის წყლებთან, რაც ითარგმნება როგორც ფართე ან ყველაზე უშველებელი; ამიტომ, როდესაც მათ მიაღწიეს ამ წყლებს, გაშალეს კარვები; და ასევე შიზმა გაშალა კარვები მათ შორიახლოს; და ამიტომ, მომდევნო დღეს მათ დაიწყეს ბრძოლა.

9 და იყო ასე, რომ ძალზედ მწვავე ბრძოლაში შეეტაკნენ ერთმანეთს, რომელშიც კორიანტუმრი კვლავ დაიჭრა და სისხლის დაკარგვის გამო დაუძლურდა.

10 და იყო ასე, რომ კორიანტუმრის ჯარებმა შეუტიეს შიზის ჯარებს და დაამარცხეს ისინი, ისე რომ აიძულეს, გაქცეულიყვნენ მათგან; და ისინი გაიქცნენ სამხრეთით და კარვები გაშალეს ადგილზე, რომელსაც ოგათი ეწოდებოდა.

11 და იყო ასე, რომ კორიანტუმრის ჯარმა კარვები გაშალა რამას გორაკზე; და ეს იყო ის გორაკი, სადაც მამაჩემმა, მორმონმა, უფლისთვის ჩანაწერები დამალა, რომლებიც იყო წმინდა.

12 და იყო ასე: მათ მთელი ხალხი შეკრიბეს, ვინც გადარჩა მთელ მიწაზე, გარდა ეფერისა.

13 და იყო ასე, რომ ეფერმა იხილა ხალხის ყველა ქმედება; და მან იხილა, რომ ხალხი, რომელიც იყო კორიანტუმრის მხარეს, კორიანტუმრის ჯართან ერთად შეიკრიბა; და ხალხი, რომელიც იყო შიზის მხარეს, შიზის ჯართან ერთად შეიკრიბა.

14 ასე რომ, ისინი ოთხი წლის განმავლობაში კრიბავდნენ ხალხს, რათა ყველა წაეყვანათ, ვინც იმყოფებოდა იმ მიწის პირზე და მიეღოთ მთელი ძალა, რომლის მიღებაც შეეძლოთ.

15 და იყო ასე, რომ როდესაც ისინი შეიკრიბნენ, ყოველი იმ ჯარში, რომელშიც თავად სურდა, ცოლებითა და შვილებით – კაცი, ქალი და ბავშვი საომარი იარაღით შეიარაღებული იყო, ჰქონდათ ფარები, სამკერდულები და ჩაჩქანები და იყვნენ რა საომარი წესით შემოსილნი, ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ გაემართნენ საბრძოლველად; და მთელი დღე იბრძოლეს და ვერავინ ვერ გაიმარჯვა.

16 და იყო ასე, რომ როდესაც დაღამდა, ისინი იყვნენ დაქანცულნი და თავიანთ ბანაკებს დაუბრუნდნენ; და მას შემდეგ, რაც ბანაკებს დაუბრუნდნენ, მათ კვნესა და გოდება დაიწყეს, თავიანთი ხალხისგან დახოცილთა დანაკარგის გამო; და იმდენად დიდი იყო მათი ტირილი, კვნესა და გოდება, რომ ცა შეძრეს.

17 და იყო ასე, რომ მომდევნო დღეს კვლავ წავიდნენ საბრძოლველად და დიდი და საშინელი იყო ის დღე; ამისდა მიუხედავად, ვერავინ ვერ გაიმარჯვა; და როდესაც კვლავ დაღამდა, მათ ცა შეძრეს ტირილით, კვნესითა და გოდებით, თავიანთი ხალხისგან დახოცილთა დანაკარგის გამო.

18 და იყო ასე, რომ კორიანტუმრმა კვლავ მისწერა წერილი შიზს, სურდა რა, იგი აღარ წამოსულიყო საომრად, მაგრამ სამეფო აეღო და დაენდო ხალხის სიცოცხლე.

19 მაგრამ, აჰა, უფლის სული აღარ მოქმედებდა მათზედ და სატანას ჰქონდა მთელი ძალაუფლება ხალხის გულებზე; ვინაიდან საკუთარ გულქვაობასა და გონების სიბრმავეს იყვნენ მიცემულნი, რათა განადგურებულიყვნენ; ამიტომ, ისინი კვლავ საბრძოლველად წავიდნენ.

20 და იყო ასე, რომ მთელი დღე იბრძოდნენ და როდესაც დაღამდა, მათ თავიანთ ხმლებზე დაიძინეს.

21 მომდევნო დღეს დაღამებამდეც კი იბრძოლეს.

22 და როდესაც დაღამდა, ისინი მთვრალები იყვნენ მრისხანებისგან, ღვინით დამთვრალი კაცივით; და მათ კვლავ საკუთარ ხმლებზე დაიძინეს.

23 და მომდევნო დღეს მათ კვლავ იბრძოლეს; და როდესაც დაღამდა, ყველა მახვილისგან იყო დაცემული, კორიანტუმრის ორმოცდათორმეტი ადამიანისა და შიზის სამოცდაცხრა ადამიანის გარდა.

24 და იყო ასე, რომ იმ ღამეს მათ თავიანთ ხმლებზე დაიძინეს და მომდევნო დღეს კვლავ იბრძოლეს და ერთმანეთს მთელი ძალით შეეტაკნენ თავიანთი ხმლებითა და ფარებით, მთელი დღის განმავლობაში.

25 და როდესაც დაღამდა, იყო შიზის ოცდათორმეტი ადამიანი და კორიანტუმრის ადამიანებიდან ოცდაშვიდი.

26 და იყო ასე, რომ დანაყრდნენ და დაიძინეს და მომდევნო დღეს სიკვდილისთვის მოემზადნენ. და ადამიანის ძალის შესაბამისად, ისინი იყვნენ ტანმოსულნი და ძლევამოსილნი.

27 და იყო ასე, რომ ისინი სამი საათის განმავლობაში იბრძოდნენ და სისხლის დაკარგვისგან დაუძლურდნენ.

28 და იყო ასე, რომ როდესაც კორიანტუმრის ხალხი საკმარისად მოღონიერდა, რათა სიარული შესძლებოდა, დააპირა გაქცევა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად; მაგრამ, აჰა, შიზი წამოდგა და ასევე მისი ხალხი; და მან დაიფიცა მრისხანებაში, რომ მოკლავდა კორიანტუმრს ან თავად მოკვდებოდა მახვილისგან.

29 ამიტომ, იგი მათ დაედევნა და მომდევნო დღეს დაეწია; და მათ კვლავ ხმლებით იბრძოლეს. და იყო ასე, რომ, როდესაც ყოველი მათგანი მახვილისგან დაეცა, კორიანტუმრისა და შიზის გარდა, აჰა, შიზი დაუძლურდა სისხლის დაკარგვისგან.

30 და იყო ასე, რომ კორიანტუმრი საკუთარ ხმალს დაეყრდნო, ცოტათი დაისვენა და შიზს თავი მოჰკვეთა.

31 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც შიზს თავი მოჰკვეთა, შიზი ხელებზე წამოიწია და დაეცა; და როდესაც შეეცადა ჩაესუნთქა, მოკვდა.

32 და იყო ასე, რომ კორიანტუმრი მიწაზე დაეცა; და იქცა იგი ვითარცა უსიცოცხლო.

33 და უფალმა მიმართა ეფერს და მას უთხრა: მიდი. და იგი მივიდა და იხილა, რომ უფლის სიტყვები ყველა ახდა; და მან დაასრულა თავისი ჩანაწერები (და მე არ დამიწერია მეასედი ნაწილიც); და ისე დამალა, რომ ლიმხის ხალხს ეპოვათ ისინი.

34 ახლა, ეს არის ბოლო სიტყვები, რომლებიც ეფერმა დაწერა: არ აქვს მნიშვნელობა, ისურვებს უფალი, რომ გარდავიცვალო თუ ვიწვნიო უფლის ნება ხორციელად, თუკი მოხდება ისე, რომ ღვთის სასუფეველში ვიქნები გადარჩენილი. ამინ.