წმინდა წერილი
ეფერი 4


თავი 4

მორონის ნაბრძანები აქვს ჩაბეჭდოს იარედის ძმის ჩანაწერები. ისინი არ გამოაშკარავდება, სანამ ადამიანებს არ ექნებათ იარედის ძმის მაგვარი რწმენა. ქრისტე ადამიანებს უბრძანებს, იწამონ მისი და თავისი მოწაფეების სიტყვები. ადამიანებს ნაბრძანები აქვთ, მოინანიონ, იწამონ სახარება და გადარჩნენ.

1 და უფალმა უბრძანა იარედის ძმას, წასულიყო მთიდან, უფლის გარემოცვიდან და ჩაეწერა ის, რაც იხილა; და ებრძანა მას, არ მისულიყო ეს ადამიანთა შვილებამდე, სანამ იგი ჯვარზე არ იქნებოდა აღმართული; და ამ მიზნით ინახავდა მეფე მოსია ჩანაწერებს, რათა არ მიეღწიათ მათ ქვეყნიერებამდე, სანამ ქრისტე თავად არ გამოეცხადებოდა საკუთარ ხალხს.

2 და მას შემდეგ, რაც ქრისტე საკუთარ ხალხს ჭეშმარიტად გამოეცხადა, მან ბრძანა, გამოეჩინათ ჩანაწერები.

3 და ახლა, მას შემდეგ, ისინი ყველანი ურწმუნოებაში გადაშენდნენ და ლამანიელთა გარდა აღარავინ დარჩა და მათ უარყვეს ქრისტეს სახარება; ამიტომ, ნაბრძანები მაქვს, რომ ისინი კვლავ მიწაში დავმალო.

4 აჰა, მე დავწერე ამ ფირფიტებზე ის, რაც იარედის ძმას გამოეცხადა; და ამაზე დიდი რამ, რაც იარედის ძმას გამოეცხადა, აქამდე არასდროს არ ყოფილა ცნობილი.

5 ამიტომ, უფალმა მიბრძანა, ჩამეწერა ეს; და მე ჩავიწერე. და მან მიბრძანა, ეს ჩამებეჭდა და ასევე მიბრძანა, ჩამებეჭდა ამის თარგმანი, ამიტომ, უფლის ბრძანებებისამებრ, მთარგმნელი ხელსაწყოები ჩავბეჭდე.

6 ვინაიდან, უფალმა მითხრა: ეს არ მივა წარმართებთან იმ დღემდე, სანამ არ მოინანიებენ საკუთარ ურჯულოებას და არ განიწმინდებიან უფლის წინაშე.

7 და იმ დღეს, როდესაც გამოავლენენ ჩემში რწმენას, – ამბობს უფალი, როგორც ეს გააკეთა იარედის ძმამ, რათა იქნენ ჩემში განწმენდილნი, გამოვუცხადებ იმას, რაც იხილა იარედის ძმამ, ყოველ ჩემს გამოცხადებასაც გავანდობ, – ამბობს იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მამა ზეცისა და დედამიწის და ყველაფრის, რაც მათზეა.

8 და რომელიც შეეწინააღმდეგება უფლის სიტყვას, დაე, იყოს წყეული; და ასევე ის, რომელიც უარყოფს ყოველივე ამას, დაე, იყოს წყეული; ვინაიდან, მათ არ დავანახებ უფრო დიდ საქმეებს, – ამბობს იესო ქრისტე, ვინაიდან ვარ ის, ვინც ლაპარაკობს.

9 და ჩემი ბრძანებით ზეცა იხსნება და იხურება; და ჩემი სიტყვით იზანზარებს მიწა; და ჩემი ბრძანებით განადგურდებიან მისი მცხოვრებნი ისე, როგორც ცეცხლისგან.

10 და მას, რომელსაც არ სწამს ჩემი სიტყვების – არ სწამს ჩემი მოწაფეების; და თუ ასე იქნება, რომ არ ვილაპარაკებ – განსაჯეთ; ვინაიდან უკანასკნელ დღეს გაიგებთ, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს.

11 მაგრამ მას, ვისაც სწამს იმის, რაც ვილაპარაკე, ვეწვევი ჩემი სულის გამოცხადებებით და მას ეცოდინება და დაამოწმებს ჩანაწერს. ვინაიდან ჩემი სულის მეშვეობით იგი გაიგებს, რომ ყოველივე ეს არის ჭეშმარიტება; ვინაიდან ეს სიკეთის კეთებისკენ უბიძგებს ადამიანებს.

12 და ყოველივე, რაც უბიძგებს ადამიანს სიკეთის კეთებისკენ, არის ჩემგან; ვინაიდან სიკეთე ჩემ გარდა არავისგან არ მოდის. მე ვარ ის, რომელიც მიუძღვის წინ ადამიანებს ყოველი კეთილისკენ; და რომელიც არ იწამებს ჩემს სიტყვებს – მას არც ჩემი სჯერა, რომ ვარ; და ვისაც არ სჯერა ჩემი, არ დაიჯერებს მამისას, რომელმაც მე მომავლინა. ვინაიდან მე ვარ მამა, მე ვარ ამა ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე და ჭეშმარიტება.

13 მოდით ჩემთან, თქვენ, წარმართნო, და უფრო დიადს დაგანახებთ, იმ ცოდნას, რომელიც დაფარულია ურწმუნოების გამო.

14 მოდი ჩემთან, ისრაელის სახლო, და გამოგეცხადებათ, როგორი დიადია ის, რაც მამამ გადადო თქვენთვის ქვეყნის დასაბამიდან და რაც ვერ მოვიდა თქვენამდე ურწმუნოების გამო.

15 აჰა, როდესაც გაარღვევთ იმ ურწმუნოების საბურველს, რომელიც გაიძულებთ, იყოთ თქვენს საშინელ სიბოროტესა და გულქვაობაში და გონებრივ სიბნელეში, მაშინ ის დიადი და საოცარი, რაც დაფარული იყო თქვენგან ამა ქვეყნის დასაბამიდან – დიახ, როდესაც შეჰღაღადებთ მამას ჩემი სახელით, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მაშინ გაიგებთ, რომ მამას ახსოვს აღთქმა, რომელიც დადო თქვენს მამებთან, ისრაელის სახლო.

16 და მაშინ, ჩემი გამოცხადებები, რომლებიც ვუბრძანე, ჩაეწერა იოანეს, ჩემს მსახურს, გაიხსნება ყველა ხალხის თვალში. გახსოვდეთ, რომ როდესაც ამას იხილავთ, გეცოდინებათ, რომ მოახლოვდა ჟამი, როდესაც ეს ნამდვილად იქნება გამოცხადებული.

17 ამიტომ, როდესაც ამ ჩანაწერებს მიიღებთ, გაიგებთ, რომ მამის საქმე მთელი მიწის პირზე არის დაწყებული.

18 ამიტომ, მოინანიეთ თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, და მოდით ჩემთან და იწამეთ ჩემი სახარება და მოინათლეთ ჩემი სახელით; ვინაიდან გადარჩება ის, რომელიც იწამებს და მოინათლება; მაგრამ ის, რომელიც არ იწამებს, იქნება განწირული; და რომლებმაც ჩემი სახელი იწამეს, მათ გაჰყვებათ ნიშნები.

19 და კურთხეულია ის, რომელიც იქნება ჩემი სახელის ერთგული უკანასკნელ დღეს, ვინაიდან ამაღლდება, რათა იცხოვროს ქვეყნის დასაბამიდან მისთვის მომზადებულ სასუფეველში. და აჰა, მე ვარ ამის მთქმელი. ამინ.