წმინდა წერილი
ეფერი 1


ეფერის წიგნი

იარედიელთა ჩანაწერები, აღებულია მეფე მოსიას დღეების ჟამს, ლიმხის ხალხის მიერ ნაპოვნი ოცდაოთხი ფირფიტიდან.

თავი 1

მორონი ამოკლებს ეფერის ჩანაწერებს. მოყვანილია ეფერის გვარტომობა. იარედიელთა ენა არ აირია ბაბილონის გოდოლთან. უფალი ჰპირდება მათ აღთქმულ მიწაზე მიყვანას და დიდ ერად ქცევას.

1 და ახლა, მე, მორონი, ვიწყებ ჩანაწერს იმ უძველესი მაცხოვრებლების შესახებ, რომლებიც უფლის ხელით იქნენ განადგურებულნი ამ ჩრდილოეთ ქვეყნის პირზე.

2 და მე ჩემს ჩანაწერებს ვაკეთებ იმ ოცდაოთხი ფირფიტიდან, რომლებიც ლიმხის ხალხის მიერ იყო ნაპოვნი, რასაც ვუწოდებ ეფერის წიგნს.

3 და მე მგონია, რომ ამ ჩანაწერების პირველი ნაწილი, რომელშიც ლაპარაკია ამა ქვეყნის შექმნაზე, ასევე ადამზე და გვიყვება იმ დროის ამბებზე, დიდი გოდოლის შექმნამდეც კი და ყველაფერზე, რაც იქამდე ხდებოდა ადამიანთა შვილებს შორის, იუდეველებში –

4 ამიტომ, არ ვწერ ყოველივე იმას, რაც ხდებოდა ადამის დროიდან იმ ჟამამდე; მაგრამ ეს მოცემულია ფირფიტებზე; და ვინც მათ იპოვის, ექნება სრული ჩანაწერის მიღების ძალა.

5 მაგრამ, აჰა, არ ვიძლევი სრულ ჩანაწერებს, არამედ ვიძლევი ჩანაწერების ნაწილს, გოდოლის დროიდან მათი განადგურების დღემდე.

6 და ამგვარად მომყავს ეს ჩანაწერები. მას, ვინც გააკეთა ეს ჩანაწერები, ერქვა ეფერი და იგი იყო კორიანტორის შთამომავალი.

7 კორიანტორი იყო ძე მორონისა.

8 და მორონი იყო ძე ეთემისა.

9 და ეთემი იყო ძე აჰაჰისა.

10 და აჰაჰი იყო ძე შეთისა.

11 და შეთი იყო ძე შიბლონისა.

12 და შიბლონი იყო ძე კომისა.

13 და კომი იყო ძე კორიანტუმისა.

14 და კორიანტუმი იყო ძე ამნიგადასი.

15 და ამნიგადა იყო ძე აარონისა.

16 და აარონი იყო ჰეთის შთამომავალი, რომელიც იყო ძე ჰეართომისა.

17 და ჰეართომი იყო ძე ლიბისა.

18 და ლიბი იყო ძე კიშისა.

19 და კიში იყო ძე კორომისა.

20 და კორომი იყო ძე ლევისა.

21 და ლევი იყო ძე კიმისა.

22 და კიმი იყო ძე მორიანტონისა.

23 და მორიანტონი იყო რიფლაკიშის შთამომავალი.

24 და რიფლაკიში იყო ძე შეზისა.

25 და შეზი იყო ძე ჰეთისა.

26 და ჰეთი იყო ძე კომისა.

27 და კომი იყო ძე კორიანტუმისა.

28 და კორიანტუმი იყო ძე ემერისა.

29 და ემერი იყო ძე ომერისა.

30 და ომერი იყო ძე შულისა.

31 და შული იყო ძე ქიბისა.

32 და ქიბი იყო ძე ორიჰასი, რომელიც იყო ძე იარედისა;

33 იმ იარედის, რომელიც წამოვიდა დიდი გოდოლიდან ძმასთან, თავიანთ ოჯახებთან და სხვებთან ერთად, მათი ოჯახებითურთ, იმ დროს, როდესაც უფალმა არია ადამიანთა ენა და მრისხანებაში დაიფიცა, რომ ისინი მთელი დედამიწის პირზე იქნებიან გაფანტულნი; და უფლის სიტყვისამებრ, ხალხი გაფანტულ იქნა.

34 და იარედის ძმა, იყო რა ტანმოსული და ძლევამოსილი კაცი და უფლის მიერ ძალზედ მადლით მოსილი, მისმა ძმამ, იარედმა, უთხრა მას: შეჰღაღადე უფალს, რათა არ აგვრიოს ისე, რომ ჩვენი სიტყვები აღარ გვესმოდეს.

35 და იყო ასე, რომ იარედის ძმამ უფალს შეჰღაღადა და უფალმა სიბრალული გამოიჩინა იარედის მიმართ, ამიტომ არ არია იარედის ენა; და იარედი და მისი ძმა არ შეიმუსრნენ.

36 შემდეგ იარედმა თავის ძმას უთხრა: შეჰღაღადე კვლავ უფალს, იქნებ აარიდოს თავისი რისხვა ჩვენს მეგობრებს და არ არიოს მათი ენა.

37 და იყო ასე, რომ იარედის ძმამ შეჰღაღადა უფალს და უფალმა სიბრალული გამოიჩინა მათი მეგობრებისა და ასევე მათი ოჯახების მიმართ, რათა არ ყოფილიყვნენ არეულნი.

38 და იყო ასე, რომ იარედმა კვლავ მიმართა ძმას სიტყვებით: მიდი და ჰკითხე უფალს, გაგვაძევებს თუ არა ამ მიწიდან და თუ გაგვაძევებს ამ მიწიდან, შეჰღაღადე, საით წავიდეთ. და ვინ იცის, იქნებ უფალმა მიგვიყვანოს მიწაზე, რომელიც იქნება მთელ დედამიწაზე რჩეული? და თუ ეს ასე იქნება, დაე, ვიყოთ უფლისადმი ერთგულნი, რათა მივიღოთ ის ჩვენი მემკვიდრეობისთვის.

39 და იყო ასე, რომ იარედის ძმამ შეჰღაღადა უფალს იმ სიტყვებისამებრ, რაც იარედის პირით ითქვა.

40 და იყო ასე, რომ უფალმა შეისმინა იარედის ძმის და სიბრალული გამოიჩინა მის მიმართ და უთხრა:

41 წადი და შეკრიბე შენი ფარა, ყოველი მამალი და დედალი, ასევე დედამიწის ყოველი ჯიშის თესლი; და შენი ოჯახები, ასევე შენი ძმა იარედი და მისი ოჯახი, ასევე მეგობრები თავიანთი ოჯახებით; და ასევე იარედის მეგობრები თავიანთი ოჯახებით.

42 და როდესაც ამას აღასრულებ, მათ გაუძღვები ველზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთით. და იქ დაგხვდები და წინ გაგიძღვები მიწისკენ, რომელიც არის დედამიწის მიწათა შორის რჩეული.

43 და იქ გაკურთხებ შენ და შენს შთამომავლობას და აღვზრდი ჩემთვის დიად ერს შენი და შენი ძმის შთამომავლობიდან და მათგან, რომლებიც შენთან ერთად წავლენ. და არ იქნება იმაზე უფრო დიადი ერი, რომელსაც შენი შთამომავლობიდან აღვზრდი, მთელი დედამიწის პირზე. და ასე მოვიმოქმედებ, ვინაიდან ესოდენ დიდ ხანს ღაღადებდი ჩემს მიმართ.