2010-2019
სულისთვის სხეულზე კონტროლის ძალის ბოძება
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სულისთვის სხეულზე კონტროლის ძალის ბოძება

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, არის მარადიულ სულიერ ბუნებაზე აქცენტის გაკეთება და ავი სურვილების კონტროლი.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გასული წლის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე მე მოვამზადე გამოსვლა, რომელიც მიძღვნილი იყო 1918 წ. 3 ოქტომბერს პრეზიდენტ ჯოზეფ ფ. სმითისთვის სულიერი სამყაროს ხილვის 100 წ. იუბელეს.

რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გამოსვლა თარგმნისთვის წარვადგინე, როცა ჩემმა საყვარელმა მარადიულმა მეწყვილემ, ბარბარამ, დაასრულა მიწიერი გამოცდა და სულების სამყაროში გადავიდა.

დღეები კვირებად იქცა, შემდეგ თვეებად და ახლა, როცა ბარბარას გარდაცვალებიდან უკვე ერთი წელი გავიდა, მე კიდევ უფრო მეტად მადლიერი ვარ ამ ამონარიდისთვის წმინდა წერილიდან: „იცხოვრეთ სიყვარულში, ისე რომ დაიტიროთ თქვენთვის საყვარელი გარდაცვლილები“.1 მე და ბარბარა დალოცვილები ვიყავით იმით, რომ „სიყვარულში ერთად 67 წელი ვიცხოვრეთ. მაგრამ მე პირად მაგალითზე ვისწავლე რას ნიშნავს, „დაიტირეთ თქვენთვის საყვარელი გარდაცვლილები“. როგორ მიყვარს და მენატრება იგი!

ვხვდები, რომ ჩვენი უმრავლესობა სრულად ვერ აცნობიერებს, რაც აკეთებენ ჩვენთვის სხვები, სანამ ისინი არ გარდაიცვლებიან. ვიცოდი, რომ ბარბარა ყოველთვის დაკავებული იყო, მაგრამ სრულად არ მესმოდა, რამდენ დროს ართმევდა მას ოჯახი, ეკლესია და თემი. იმისათვის, რომ ჩვენს ოჯახს ეფუნქციონირა, წლების განმავლობაში ათასობით ძალისხმევას ჰქონდა ადგილი. და მიუხედავად ამისა, არავის ჩვენს ოჯახში არასოდეს არ სმენია მისგან ავი სიტყვა ან მაღალი ხმა.

ამ გასული წლის განმავლობაში მოგონებების მოზღვავება მქონდა. მე დავფიქრდი, რამხელა ფიზიკურ დატვირთვასთან იყო დაკავშირებული მისი არჩევანი, გამხდარიყო შვიდი შვილის დედა. მას ერთადერთი კარიერა სურდა ცხოვრებაში - დიასახლისობა და იგი ამ საქმის პროფესიონალი გახდა.

ხშირად მიკვირდა, როგორ ახერხებდა შვილებისა და ჩემს მოვლას. მხოლოდ სადილის კეთება მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, ამის გარდა სხვა საქმეები, როგორიცაა სარეცხი, რომელიც ჩვენს ოჯახს ყოველკვირეულად უგროვდებოდა. ასევე ბავშვებისთვის ზომების მიხედვით დალაგებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჩვენ მას მილიონობით სხვა საკითხების გამო მივმართავდით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მისთვისაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. იგი იყო საოცრება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორც ცოლი, დედა, მეგობარი, მოყვასი და ღვთის ასული.

ახლა, როცა იგი იმქვეყნად გადავიდა, ბედნიერი ვარ, რადგან მისი ცხოვრების ბოლო თვეებში სახლში მოსვლისას მის გვერდით ვჯდებოდი, მისი ხელი მეჭირა, როცა მისი საყვარელი მიუზიკლების დასასრულებს ვუყურებდით, მრავალჯერ, განმეორებით, რადგან ალცჰეიმერის გამო მას არ ახსოვდა, რომ ის წინა დღეს ჰქონდა ნანახი. ახლა იმ განსაკუთრებული ხელის ჭერის საღამოების მოგონებები ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

დებო და ძმებო, ნუ დაკარგავთ შანსს, სიყვარულით ჩახედოთ თვალებში ოჯახის წევრებს. შვილებო და მშობლებო, გამოხატეთ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და მადლიერება. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ჩემს მსგავსად გაიღვიძებს ერთხელ და აღმოაჩენს, რომ ამ მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის განკუთვნილი დრო აღარ აქვს. ყოველ დღე იცხოვრეთ გულში ერთმანეთის მიმართ მადლიერებით, კარგი მოგონებებით, მსახურებითა და დიდი სიყვარულით.

ამ ბოლო წლის განმავლობაში უფრო ღრმად, ვიდრე ოდესმე ვფიქრობდი მამაზეციერის გეგმაზე. ალმა, როდესაც ასწავლიდა თავის შვილს, კორიანტონს, მას უწოდა „ბედნიერების დიდი გეგმა“.2

როცა ამ გეგმას განვიხილავ, მებადება სიტყვა „გაერთიანება“. ეს არის ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერის მიერ ჩაფიქრებული გეგმა, რომლის ცენტრშია ღვთის სასუფეველში სამარადისოს ოჯახების გაერთიანების დიადი, დიდებული საშუალება: მეუღლეების, მშობლებისა და შვილების, თაობების.

ეს აზრი მამშვიდებს და მარწმუნებს იმაში, რომ მე ბარბარასთან კვლავ ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცხოვრების ბოლოს ფიზიკურად იტანჯებოდა, მისი სული ძლიერი, კეთილშობილი და სუფთა იყო. იგი ყველანაირად მოემზადა, რათა დანიშნულ დღეს „ღმერთის საამო სამსჯავროს წინაშე“3 დამდგარიყო, სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით აღვსილი. აი მე, ორ დღეში გავხდები 91 წლის, მაგრამ ახლაც ვფიქრობ: „მზად ვარ? ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიჭირო მისი ხელი“?

ამ ცხოვრების ყველაზე უბრალო, ძირითადი რწმენაა ის, რომ ყველანი დავიხოცებით. ახალგაზრდები გარდავიცვლებით თუ მოხუცები, მდიდრები თუ ღარიბები, სიყვარულში თუ მარტოობაში - ვერავინ ვერ გაექცევა სიკვდილს.

რამდენიმე წლის უკან პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ თქვა რაღაც, რაც ამას დიდ აზრს მატებს: „რა ტკბილია დაჯერებულობა, რა სანუგეშოა სიმშვიდე, რომელიც მოდის იმის ცოდნიდან, რომ თუ სწორად შევქმნით ოჯახს და სწორად ვიცხოვრებთ, ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება სიკვდილის გარდაუვალობისა და დროის გაუჩერებლობის მიუხედავად“.4

რა თქმა უნდა, მე სწორად შევქმენი ოჯახი. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ პრეზიდენტ ჰინკლის ციტატით რომ ვიმსჯელოთ, ეს საკმარისი არაა. მე ასევე მართლად უნდა ვიცხოვრო.5

დღეს „სწორად ცხოვრება“ შეიძლება იყოს საკმაოდ დამაბნევებელი კონცეფცია, განსაკუთრებით, თუ დიდ დროს უთმობთ სოც. ქსელებს, სადაც ყველას შეუძლია, განაცხადოს ნამდვილი ჭეშმარიტება ან ტყუილი ღმერთისა და მისი შვილებისთვის გეგმის შესახებ. საბედნიეროდ, ეკლესიის წევრებს აქვთ მარადიულად ჭეშმარიტი სახარების პრინციპები და ამიტომ იციან, როგორ იცხოვრონ, რათა უკეთ ვიყოთ მომზადებულნი იმქვეყნად გადასვლისთვის.

ჩემს დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემი მოციქული პაპა, უხუცესი მელვინ ჯ. ბალარდი, გამოვიდა სიტყვით და მრავალმა ადამიანმა გაიგო, რას ნიშნავს მართალი ცხოვრების არსი. ეს გამოსვლა სათაურით „სულისთვის ბრძოლა“ ეძღვნებოდა განუწყვეტლივ ბრძოლას ფიზიკურ სხეულსა და მარადიულ სულს შორის.

მან თქვა: „ყველაზე დიდი კონფლიქტი, რომელიც ოდესმე ექნება ნებისმიერ კაცსა ან ქალს … იქნება საკუთარ თავთან ბრძოლა“. იგი გვიხსნის, რომ სატანა, „ჩვენი სულების მტერი“, გვიტევს „ავხორცობით და უზომო ხორციელი სურვილებითა და ამბიციებით“.6 „ასე რომ, ყველაზე პირველი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენს ღვთიურ და სულიერ ბუნებასა და მიწიერ ბუნებრივ ადამიანს შორის“. დებო და ძმებო, გახსოვდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სულიერი დახმარების მიღება სულიწმინდის გავლენის მეშვეობით, რომელიც „ყველაფერს გასწავლით“7და მღვდლობის კურთხევების ძალის მეშვეობით. დახმარების მიღება ასევე შეიძლება მღვდლობის ძალისა და კურთხევების მეშვეობით.

ახლა გეკითხებით: „თქვენთან როგორ მიმდინარეობს ეს ბრძოლა“?

პრეზიდენტმა დევიდ ო. მკქეიმა თქვა: „ადამიანის მიწიერი არსებობა არის უბრალოდ გამოცდა, რომლის დროსაც მან უნდა დაამტკიცოს, მოახდენს იგი თავისი ძალისხმევის, სულისა და გონების კონცენტრაციას იმაზე, რაც ფიზიკური სხეულისთვის კომფორტისა და სიამოვნების მომტანია თუ ცხოვრების აზრს იპოვის სულიერი თვისებების განვითარებაში“.8

ეს ბრძოლა ჩვენს მიწიერ და სულიერ ბუნებას შორის არ არის ახალი. მეფე ბენჯამინი თავის ბოლო ქადაგებაში ასწავლიდა, რომ „ხორციელი ადამიანი არის ღმერთის მტერი და ასე ყოფილა ადამის დაცემიდან და იქნება უკუნისიდან უკუნისამდე, თუ არ დაუთმობს სულიწმინდის მოპატიჟებას და არ დათმობს ხორციელ ადამიანს და არ გახდება წმინდანი უფალი ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით.“.9

პავლე მოციქული გვასწავლიდა, რომ „ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან -- სულიერზე.„

„რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები -- სიცოცხლე და მშვიდობა.10

ჩემთვის ცხადია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგვიძლია ამქვეყნად ვისწავლოთ არის მარადიულ სულიერ ბუნებაზე აქცენტის გაკეთება და ავი სურვილების კონტროლი. ეს არ უნდა იყოს ძალიან ძნელი. ჩვენმა სულმა, რომელიც ჩვენს ფიზიკურ სხეულზე გაცილებით უფრო ადრე არსებობდა, უკვე გააკეთა წარმატებული არჩევანი, რადგან ბოროტს კეთილი არჩია წინამიწიერ ცხოვრებაში. დედამიწის დაარსებამდე ჩვენ ვცხოვრობდით ზეციურ მშობლებთან, რომლებსაც ვუყვარდით და რომლებსაც ახლაც ვუყვარვართ.

დიახ, იმ წინამიწიერ განზომილებაში ჩვენ უნდა მიგვეღო ცხოვრების შემცვლელი გადაწყვეტილებები და გაგვეკეთებინა არჩევანი. ყოველმა ადამიანმა, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა ან იცხოვრებს ამ პლანეტაზე, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აერჩია მამაზეციერის გეგმა ჩვენს გადასარჩენად. ასე რომ, ჩვენ ყველანი დედამიწაზე მოვედით „ჩანაწერით“ წარმატებული სულიერი ბუნებისა და მარადიული დანიშნულების შესახებ.

დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. თქვენ სინამდვილეში ზუსტად ამას წარმოადგენთ და ყოველთვის ამას წარმოადგენდით ანუ ღვთის ძეს ან ასულს, სულიერი ფესვებით მარადისობაში და უსაზღვრო შესაძლებლობებით მომავალში. თქვენ პირველ რიგში, ყველაზე მეტად და ყოველთვის ხართ სულიერი არსება. ასე რომ, როცა ვინმე ირჩევს, სულიერზე წინ დააყენოს მიწიერი ბუნება, იგი ამით ირჩევს იმას, რაც საპირისპიროა ჩვენი რეალური, ჭეშმარიტი, ნამდვილი სულიერი პიროვნებისა.

და მაინც, თავისთავად, ხორცი და მიწიერი იმპულსები ართულებენ გადაწყვეტილების მიღებას. წინამიწიერ სამყაროსა და ამ მიწიერ სამყაროს შორის არსებული დავიწყების საბურველის გამო შეიძლება ვინმემ დაკარგოს ხედვა ღმერთისა და ჩვენი სულიერი ბუნების ურთიერთობაზე და ჩვენი მიწიერი ბუნება უპირატესობას მიანიჭებს იმას, რაც ამ წუთას გვსურს. სულიერისთვის ფიზიკურზე უპირატესობის მინიჭება არის ის ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ეს მიწიერი გამოცდილება არის მამაზეციერის გეგმის ნაწილი. აი რატომ არის ეს გეგმა აგებული ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მყარ საძირკველზე, რათა ჩვენი ცოდვები, მათ შორის შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ, როცა ხორციელს ვუთმობთ, გახდეს დასაძლევი მუდმივი მონანიების მეშვეობით და ჩვენ შევძლოთ სულიერზე ფოკუსირებით ცხოვრება. ახლა არის ის დრო, როცა უნდა ვაკონტროლოთ ხორციელი მოთხოვნილებები, რათა შევეფერებოდეთ ქრისტეს სულიერ დოქტრინას. ამიტომაც არ უნდა გადავდოთ ჩვენი მონანიების დღე.11

ასე რომ, მონანიება ხდება ჩვენს საკუთარ თავთან ბრძოლაში შეუცვლელი იარაღი. ბოლო გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოიხსენია ეს ბრძოლა და გაგვახსენა, რომ „როცა ვირჩევთ მონანიებას, ჩვენ ვირჩევთ ცვლილებას! ჩვენ ნებას ვრთავთ უფალს, გაგვხადოს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ ვირჩევთ სულიერ ზრდას და სიხარულის მიღებას - მასში გამოსყიდვის მონანიებისა . როცა ვირჩევთ მონანიებას, ჩვენ უფრო ვემსგავსებით იესო ქრისტეს“.12

ყოველ ღამე, როცა ლოცვაში მამაზეციერისადმი თვალს გადავავლებ გავლილ დღეს, მე ვთხოვ მიტევებას, თუკი რამე შემეშალა და ვდებ პირობას, რომ ხვალ უკეთ გავართმევ ამას თავს. მე მწამს, რომ ეს რეგულარული ყოველდღიური მონანიება ეხმარება ჩემს სულს, შეახსენოს ჩემს სხეულს, ვინ არის ჩემი თავის ბატონ-პატრონი.

მეორე წყარო, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, არის სულის განახლების ყოველკვირეული საშუალება, როცა ვიღებთ ზიარებას ჩვენი მხსნელის, უფალ იესო ქრისტეს გამოსყიდვისა და სრულყოფილი სიყვარულის მოსაგონებლად.

დებო და ძმებო, მინდა შეგაგულიანოთ, ცოტათი შეანელოთ ტემპი და იფიქროთ იმაზე, მიწიერი ბუნების დამორჩილებისა და ღვთიური, სულიერი ბუნების გაძლიერების რა ეტაპზე იმყოფებით ახლა, რათა შეძლოთ სულიერ სამყაროში გადასვლა და სიხარულით შეხვდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. მე ამაზე ვმოწმობ და მორჩილად ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.