2010-2019
თქვენი დიდი თავგადასავალი
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


თქვენი დიდი თავგადასავალი

მხსნელი გვიწვევს, ყოველ დღე, გადავდოთ გვერდზე კომფორტი და უსაფრთხოება და შევუერთდეთ მას მოწაფეობის გზაზე.

ჰობიტების შესახებ

მრავალი წლის წინ დაწერილი ერთ-ერთი საბავშვო საყვარელი ფანტასტიკური რომანი ასე იწყება: „მიწაში, ორმოში, ცხოვრობდა ჰობიტი“.1

ბილბო ბაგინსის ამბავი მოგვითხრობს ყველაზე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ჰობიტის შესახებ, რომელსაც მიეცა ყველაზე შესანიშნავი შესაძლებლობა - თავგადასავალი და დიდი ჯილდოს დაპირება.

პრობლემა იმაშია, რომ თავმოყვარე ჰობიტების უმეტესობას არ აინტერესებთ თავგადასავლები. მათი ცხოვრება კომფორტზეა აგებული. ისინი სიამოვნებას იღებენ დღეში ექვსჯერადი კვებით, ატარებენ დღეებს ბაღებში, სტუმრებს უყვებიან ზღაპრებს, მღერიან, უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე და ტკბებიან ცხოვრებით.

თუმცა, როცა ბილბოს წარუდგენენ დიდი თავგადასავლის პერსპექტივას, მას ეს გულში ჩაუვარდება. მას ესმის, რომ მოგზაურობისას სირთულეები ელის. ხიფათიც კი. იმის შანსიც კი არის, რომ იგი ვეღარ დაბრუნდება.

მაგრამ მაინც, თავგადასავლის ძახილი მას გულის სიღრმეში ჩასწვდა. ასე რომ, ეს არაფრით გამორჩეული ჰობიტი ტოვებს კომფორტს და დგება დიდი თავგადასავლისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც მას „იქით და აქეთ“ მოატარებს.2

თქვენი თავგადასავალი

ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ამბავი პოულობს გამოძახილს ამდენი ჩვენგანის გულში არის ის, რომ იგი ჩვენც გვეხება.

დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ, ჩვენს დაბადებამდეც კი, საუკუნეებში დამალულ დროში და ნისლით დაბურულ მეხსიერებაში, ჩვენც მოგვიწვიეს, დაგვეწყო თავგადასავალი. იგი ღმერთმა, მამაზეციერმა შემოგვთავაზა. ამ თავგადასავალში მონაწილეობის მიღება ნიშნავდა, რომ უნდა დაგვეტოვებინა მასთან უშუალო ყოფნაში არსებული კომფორტი და უსაფრთხოება. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა მოვსულიყავით დედამიწაზე სამოგზაუროდ, სადაც დაგვხვდებოდა უცნობი ხიფათი და სირთულეები.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი.

მაგრამ იმავდროულად ვიცოდით, რომ მივიღებდით ძვირფას საგანძურს, ფიზიკური სხეულის ჩათვლით და გამოვცდიდით მიწიერი ცხოვრების დიდ სიხარულსა და მწუხარებას. ჩვენ ვისწავლიდით მისწრაფებას, ძიებასა და ბრძოლას. ჩვენ თავად აღმოვაჩენდით ჭეშმარიტებას ღმერთისა და საკუთარი თავის შესახებ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ გზადაგზა მრავალ შეცდომას დავუშვებდით. მაგრამ ჩვენ ასევე დაპირება გვქონდა: იესო ქრისტეს დიდი მსხვერპლის გამო ჩვენ შეგვეძლო, განვწმენდილიყავით შეცოდებებისგან, გაგვეწმინდა და დაგვეხვეწა სული და ერთ დღეს აღვსდგებოდით და შევუერთდებოდით საყვარელ ადამიანებს.

ჩვენ გავიგეთ, რაოდენ ვუყვარვართ ღმერთს. მან მოგვცა სიცოცხლე და მას სურს, მივაღწიოთ წარმატებებს. ასე რომ, მან მოგვიმზადა მხსნელი. „მიუხედავად ამისა“, ჩვენმა ზეციურმა მამამ თქვა: „რათა შეძლოთ საკუთარი არჩევანის გაკეთება, რამეთუ იგი მოგეცათ“.3

ალბათ მიწიერ თავგადასავალს თან ახლდა ისეთი რამ, რაც აღელვებდა და აშინებდა კიდევაც ღვთის შვილებს, რადგან ჩვენი სულიერი დებისა და ძმების დიდმა ნაწილმა უარი თქვა ამაზე.4

მიწიერი არჩევანის ძღვენითა და ძალით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის პოტენციალი, რასაც ვისწავლიდით და რანიც საბოლოო ჯამში გავხდებოდით, ღირდა გასარისკად.5

ასე რომ, ღმერთის და მისი საყვარელი ძის ნდობით ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა.

პირადად მე მივიღე.

ასევე თქვენც.

ჩვენ დავთანხმდით იმას, რომ პირველყოფილი მდგომარეობის უსაფრთხოებას დავთმობდით და დავიწყებდით ჩვენს დიდ თავგადასავალს სახელით „იქით და აქეთ“.

თავგადასავლისკენ მოწოდება

და მაინც, მიწიერი ცხოვრება ყურადღებას გვიფანტავს, ხომ ასეა? ჩვენ ვკარგავთ დიადი ძიების ხედვას, ვირჩევთ რა კომფორტსა და იოლ გზებს ზრდისა და წინსვლის ნაცვლად.

და მაინც, რჩება რაღაც, რასაც ვერ უარვყოფთ, რაც გულში ღრმად გვიდევს და ილტვის უფრო მაღალი და კეთილშობილი მიზნისკენ. ეს ლტოლვა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ადამიანებს იესო ქრისტეს სახარება იზიდავს. აღდგენილი სახარება გარკვეულ წილად არის თავგადასავლისკენ განახლებული მოწოდება, რომელიც ამდენი ხნის წინ მივიღეთ. მხსნელი გვიწვევს, ყოველ დღე, გადავდოთ გვერდზე კომფორტი და უსაფრთხოება და შევუერთდეთ მას მოწაფეობის გზაზე.

ამ გზაზე მრავალი მოსახვევია. არის ასევე ბორცვები, მინდვრები და შემოვლითი გზები. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, შეიძლება ობობები, ტროლები და ურჩხულებიც კი დაგვხვდნენ. მაგრამ თუ თქვენ დარჩით ბილიკზე და გწამთ ღმერთი, თქვენ საბოლოო ჯამში იპოვით თქვენს დიდებულ საბოლოო დანიშნულებამდე მიმავალ და შინ დასაბრუნებელ გზას.

აბა, როგორ უნდა დაიწყოთ?

საკმაოდ ადვილია.

გაუხსენით გული ღმერთს

პირველ რიგში უნდა გააკეთოთ არჩევანი, გაუხსნათ გული ღმერთს. ყოველდღე ეცადეთ, იპოვოთ უფალი. ისწავლეთ მისი სიყვარული. შემდეგ კი ნება მიეცით ამ სიყვარულს, შთაგაგონოთ, რათა ისწავლოთ, გაიგოთ და მიჰყვეთ უფლის სწავლებას, ასევე დაიცვათ ღმერთის მცნებები. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება გვეძლევა ისე უბრალოდ, რომ იგი ბავშვისთვისაც გასაგებია. თუმცა, იესო ქრისტეს სახარება პასუხობს ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვებს ისეთი სიღრმითა და ისე ამომწურავად, რომ მთელი ცხოვრებაც რომ მოვანდომოთ მის შესწავლას და ვიფიქროთ მასზე, ჩვენ მხოლოდ მის მცირედ ნაწილს თუ ჩავწვდებით.

თუ ამ მოგზაურობაში მონაწილეობაზე ყოყმანობთ იმის გამო, რომ საკუთარ შესაძლებლობებში გეპარებათ ეჭვი, გაიხსენეთ, რომ მოწაფეობა არ ნიშნავს სრულყოფილად საქმის შესრულებას; საკმარისია, გამიზნულად აკეთო საქმე. თქვენი არჩევანი გაცილებით მეტს მეტყელებს იმაზედ, რანი ხართ, ვიდრე თქვენი შესაძლებლობები.6

მაშინაც კი, როცა დაეცით, შეგიძლიათ, გააკეთოთ არჩვანი - არ დაყაროთ ფარ-ხმალი და პირიქით, აღმოაჩინოთ თქვენში სიმამაცე, დადგეთ ფეხზე და წინ იაროთ. ეს არის მოგზაურობის დიდი გამოცდა.

ღმერთმა იცის, რომ თქვენ სრულყოფილნი არ ხართ, რომ ხშირად დამარცხდებით. ღმერთს თანაბრად უყვარხართ მაშინ, როცა წვალობთ და მაშინ, როცა ზეიმობთ.

როგორც მოსიყვარულე მშობელს, მას უბრალოდ სურს, რომ თქვენ გამიზნულად აგრძელებდეთ მცდელობებს. მოწაფეობა პიანინოზე დაკვრის სწავლას ჰგავს. თავდაპირველად ალბათ მხოლოდ ძნელად საცნობ „ჩინურ ჩხირების“ შესრულებას თუ შეძლებთ. მაგრამ თუ გააგრძელებთ ვარჯიშს, მარტივი მელოდიები, რომლებსაც დღეს ძლივს უკრავთ, გადაიქცევა საოცარ სონატად, რაფსოდიად და კონცერტად.

იქნებ ეს დღე ამ ცხოვრებაში არ დადგება, მაგრამ მოვა ეს დრო. ღმერთი ერთადერთ რამეს გთხოვთ - არ შეწყვიტოთ მცდელობები.

მისწვდით სხვებს სიყვარულით

იმ გზას, რომელიც აირჩიეთ, ახასიათებს რაღაც საინტერესო, პარადოქსულიც კი: ამ გზაზე წინსვლის ერთადერთი ხერხია სხვების წინსვლაში დახმარება.

დაეხმარო სხვებს - აი ჭეშმარიტი მოწაფეობის გზა. რწმენა, იმედი, სიყვარული, თანაგრძნობა და მსახურება გვაყალიბებს როგორც მოწაფეებს.

თქვენი მცდელობებით, დაეხმაროთ გაჭირვებაში და ტანჯვაში მყოფთ, თქვენი ბუნება იწრთობა და იწმინდება, თქვენი სული დიდდება და თქვენ უფრო მაღლდებით.

მაგრამ ეს სიყვარული ვერ მოვა, თუკი სანაცვლოდ საფასურს ელით. ეს არ არის იმ ტიპის მსახურება, რომელიც მოელის აღიარებას, პირფერობას ან სარგებელს.

იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებს უყვართ ღმერთი და მისი შვილები ყოველგვარი ანგარების გარეშე. ჩვენ გვიყვარს ისინიც, ვინც გულს გვტკენენ ან ვისაც ჩვენ არ მოვწონვართ. ისინიც კი, ვინც დაგვცინიან, შეურაცხყოფას ან ტკივილს გვაყენებენ.

როცა გულებს ქრისტეს წმინდა სიყვარულით აივსებთ, არ დაგრჩებათ ადგილი წყრომის, განკითხვისა და სხვების შერცხვენისთვის. თქვენ იცავთ ღვთის მცნებებს უფლისადმი სიყვარულის გამო. და ამ პროცესში ნელ-ნელა უფრო და უფრო ემსგავსებით ქრისტეს აზრებში და საქმეში.7 და განა არსებობს ამაზე დიდი თავგადასავალი?

გაუზიარეთ თქვენი ისტორია

მესამე რამ, რისი დახვეწაც გვსურს ამ მოგზაურობისას, არის საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღება. ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს იმის, რომ ვართ იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები.

ჩვენ არ ვმალავთ რწმენას.

ჩვენ არ ვმარხავთ მას.

პირიქით, ჩვენ ჩვეულებრივად, ბუნებრივად ვსაუბრობთ სხვებთან ჩვენი მოგზაურობის შესახებ. ზუსტად ასე იქცევიან მეგობრები - ისინი საუბრობენ იმაზე, რაც მათთვის ფასეულია. იმაზე, რაც გულში აქვთ და მათთვის მნიშვნელოვანია.

თქვენც ამას უნდა აკეთებდეთ. მოუყევით ადამიანებს თქვენი ისტორიები და გამოცდილება, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრმა.

ზოგჯერ ადამიანებს გაეცინებათ. ზოგჯერ აეტირებათ. ზოგჯერ მონაყოლი დაეხმარება ადამიანს, მოთმინებით, გამძლეობით, მამაცად იცხოვროს კიდევ ერთი საათი, კიდევ ერთი დღე და ცოტათი მაინც კიდევ მიუახლოვდეს ღმერთს.

გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება პირისპირ, სოც. ქსელებში, ჯგუფებში, ყველგან.

ერთ-ერთი ბოლო რამ, რაც ქრისტემ დაუბარა მოწაფეებს იყო ის, რომ უნდა შემოევლოთ მსოფლიო და გაეზიარებინათ აღმდგარი ქრისტეს ამბავი.8 დღეს ჩვენც სიხარულით ვიღებთ ამ დიდ დავალებას.

რა დიდებული გზავნილი უნდა გავაზიაროთ: იესო ქრისტეს გამო ყოველი ქალი, მამაკაცი და ბავშვი შეძლებს უსაფრთხოდ შინ, ზეციურ სახლში, დაბრუნებას და იქ იარსებებს დიდებასა და სიმართლეში.

კიდევ უფრო მეტი კარგი ამბები გვაქვს გასაზიარებელი.

ღმერთი ჩვენს დროშიც გამოეცხადა ადამიანს! ჩვენ გვყავს ცოცხალი წინასწარმეტყველი.

მინდა შეგახსენოთ, რომ ღმერთს არ სჭირდება აღდგენილი სახარებისა და იესო ქრისტეს ეკლესიის რეკლამა.

მას უბრალოდ არ უნდა, რომ მას ჭურჭელქვეშ მალავდეთ.

და თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ ეკლესია მათთვის არ არის, ეს მათი გადაწყვეტილებაა.

ეს არ ნიშნავს თქვენს მარცხს. თქვენ ისევ კეთილად უნდა მოექცეთ მათ. ეს არც იმას არ გამორიცხავს, რომ კვლავ უნდა მოიპატიჟოთ ისინი.

ჩვეულებრივი სოციალური კონტაქტებისა და გაბედული თანაგრძნობით სავსე მოწაფეობას შორის განსხვავება მოწვევაა.

ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ ღვთის ყოველ შვილს, მიუხედავად მათი თანამდებობის, რასის, რელიგიის ან ცხოვრებისული გადაწყვეტილებებისა.

ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიტყოდით: „მოდით და ნახეთ! თქვენთვის აღმოაჩინეთ, როგორი ჯილდოს მომტანი და გამაკეთილშობილებელია მოწაფეობის გზა“.

ჩვენ ვიწვევთ ადამიანებს, „მოვიდნენ და დაგვეხმარონ, შეცვალონ ეს სამყარო უკეთესობისკენ“.

და ჩვენც ვამბობთ: „მოდით და დარჩით! ჩვენ თქვენი დები და ძმები ვართ. ჩვენ სრულყოფილნი არ ვართ. ჩვენ გვწამს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს.

„შემოგვიერთდით და თქვენი დახმარებით ჩვენ იმაზე უკეთესნი გავხდებით, რაც ვიყავით. და ამ პროცესში თქვენც უკეთესობისკენ შეიცვლებით. მოდით, ერთად გადავეშვათ ამ თავგადასავალში“.

რითი დავიწყოთ?

როცა ჩვენმა მეგობარმა, ბილბო ბაგინსმა იგრძნო, რომ მას თავგადასავლის სული უხმობდა, მან გადაწყვიტა, კარგად გამოეძინა, გულიანად ესაუზმა და მაშინვე დაეწყო ეს თავგადასავალი.

როცა ბილბომ გაიღვიძა მან დაინახა, რომ სახლი არეული იყო და იგი კინაღამ გადაერთო ჩაფიქრებული კეთილშობილი გეგმის განხორციელებიდან.

მაგრამ მისი მეგობარი გენდალფი მოვიდა და ჰკითხა: „როდის აპირებ მოსვლას“?9 იმისთვის, რომ დაეწიოს მეგობრებს, ბილბომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა მოიმოქმედოს.

ასე რომ, ძალიან ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ჰობიტი აღმოაჩენს, რომ გამოვარდა კარებიდან და ისე სწრაფად დაადგა თავგადასავლების გზას, რომ დაავიწყდა ქუდი, ჯოხი და ცხვირსახოცი. მას სამხარის კი არ დაუმთავრებია.

იქნებ ეს ყოველივე ჩვენგანისთვის გაკვეთილია?

თუ ჩემში ან თქვენში ათუხთუხდა თავგადასავლის სურვილი, გავუზიაროთ სხვებს და თავად ვიცხოვროთ იმის მიხედვით, რაც მოგვიმზადა მამაზეციერმა დიდი ხნის წინ, მე გარწმუნებთ, რომ დღეს არის ის დღე, როცა უნდა მივყვეთ ღვთის ძესა და მხსნელს მის მსახურებისა და მოწაფეობის გზაზე.

შეიძლება მთელი ცხოვრება ველოდოთ იმ მომენტს, როცა ყველაფერი სრულყოფილად აეწყობა. ახლა არის იმის დრო, რომ სრულად ავიღოთ საკუთარ თავზე ვალდებულება, ვეძიოთ ღმერთი, გავუწიოთ სხვებს მზრუნველობა და გავუზიაროთ მათ ჩვენი გამოცდილება.

უკან მოიტოვეთ ქუდი, ჯოხი, ცხვირსახოცი და არეული სახლი.10

ჩვენ, რომელნიც უკვე მივაბიჯებთ ამ გზაზე - ვიქონიოთ გამბედაობა, თანაგრძნობა, დაჯერებულობა და ასე გავაგრძელოთ!

თქვენ, ვინც გადახვედით ამ გზიდან - გთხოვთ, დაბრუნდეთ, შემოგვიერთდეთ, გაგვაძლიეროთ.

და მათ, ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ, რას ელით? თუ გინდათ, გამოსცადოთ ამ დიადი სულიერი მოგზაურობის საოცრებები, გადადგით ნაბიჯი თქვენი საკუთარი დიდი თავგადასავლისკენ. გაესაუბრეთ მისიონერებს. გაესაუბრეთ თქვენს უკანასკნელ დღეთა წმინდან მეგობრებს. ესაუბრეთ მათ ამ შესანიშნავი საქმისა და საოცრების შესახებ.11

დროა, დავიწყოთ!

მოდით, შემოგვიერთდით!

თუ გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებას შეიძლება ჰქონდეს მეტი აზრი, უფრო ამაღლებული მიზანი, უფრო ძლიერი ოჯახური კავშირი და მეტი სიახლოვე ღმერთთან - გთხოვთ, შემოგვიერთდეთ.

თუ ეძიებთ თემს, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ საკუთარი თავის საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნოს, დაეხმაროს გაჭირვებულებს და გააუმჯობესოს ეს სამყარო - შემოგვიერთდით!

მოდით და ნახეთ, რას ნიშნავს ეს საოცარი, შესანიშნავი და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა.

ამ გზაზე სიარულისას საკუთარ თავს აღმოაჩენთ.

თქვენ აღმოაჩენთ აზრს.

თქვენ აღმოაჩენთ ღმერთს.

თქვენ აღმოაჩენთ ცხოვრებაში ყველაზე სათავგადასავლო და დიდებულ მოგზაურობას.

მე ამაზე ვმოწმობ მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. J. R. R. Tolkien, ჰობიტი ანუ იქით და აქეთ (Boston: Houghton Mifflin, 2001), 3.

  2. Subtitle of The Hobbit.

  3. მოსე 3:17.

  4. იხ. იობი 38:4–7 (ღვთის ძენი ყიჟინებდნენ); ესაია 14:12–13 (“ღმერთის ვარსკვლავებს ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს”); გამოცხადება 12:7–11 (იყო ომი ზეცაში).

  5. “წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა აღწერა თავისუფალი არჩევანი როგორც ‘გონების თავისუფლება, რომელიც ზეცამ ასე მოწყალებით უბოძა კაცობრიობას, როგორც ერთ-ერთი თავისი გამორჩეული ძღვენი’ [წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს სწავლება, comp. Joseph Fielding Smith (1977), 49]. ეს „გონების თავისუფლება’ ანუ თავისუფალი არჩევანი, არის ძალა, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული პირები ხდებიან „საკუთარი თავის ბატონ-პატრონები’ (მ&ა 58:28). ეს მოიცავს ნების გამომჟავნებას კეთილსა და ბოროტს შორის ან სიკეთისა და ბოროტის სხვადასხვა საფეხურებს, ასევე იმის შესაძლებლობას, რომ გამოსცადონ ამ არჩევანის შედეგები. მამაზეციერს ისე ძალიან უყვარს თავისი შვილები, რომ სურს, მივაღწიოთ ჩვენს სრულ პოტენციალს - დავემსგავსოთ მას. წინსვლისთვის, პიროვნებამ უნდა აითვისოს თანდაყოლილი შესაძლებლობა - გააკეთოს სასურველი არჩევანი. თავისუფალი არჩევანი იმდენად მნიშვნელოვანია უფლის გეგმისთვის თავისი შვილებისადი, რომ ‘თავად ღმერთიც კი ვერ დაამსგავსებდა ადამიანებს საკუთარ თავს, თუ არ მისცემდა მათ თავისუფლებას’ [David O. McKay, “Whither Shall We Go? Or Life’s Supreme Decision,” Deseret News, June 8, 1935, 1]” (Byron R. Merrill, “Agency and Freedom in the Divine Plan,” in Roy A. Prete, ed., Window of Faith: Latter-day Saint Perspectives on World History [2005], 162).

  6. თავის ნოველაში ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი (ავტორი ჯ.კ. როულინგი) მსგავს მოსაზრებას გამოხატავს. ეს ჩვენთვისაც შესანიშნავი რჩევაა. მე იგი წინა გზავნილში გამოვიყენე და ვთლო, რომ ღირს ამის გამეორება.

  7. “საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღვნებულა, რანი ვიქნებით; ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით; რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის“ (1 იოანე 3:2).

    შესაძლოა ასეთი გარდაქმნა ცდება ჩვენს აღქმას, მაგრამ „სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ:

    „ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი; თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.

    „ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ“ (რომაელთა 8:16-18).

  8. იხ. მათე 28:16-20.

  9. Tolkien, The Hobbit, 33.

  10. იხ. ლუკა 9:59-62.

  11. See LeGrand Richards, A Marvelous Work and a Wonder, rev. ed. (1966).