2010-2019
ნუ მატყუებ
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ნუ მატყუებ

თუ ღმერთის მცნებებს დავიცავთ, ჩვენ ყოველთვის სწორ გზაზე ვივლით და არ მოვტყუვდებით.

დღეს მოგმართავთ რჩევით ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას - დაწყებითი საზოგადოების ბავშვებს, ახალგაზრდა ქალებსა და მამაკაცებს. თქვენ ძალიან უყვარხართ უფლის თანამედროვე წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს. იმდენად, რომ მან შარშან მრავალ თქვენგანს მიმართა განსაკუთრებული გადაცემის მეშვეობით და დაარქვა მას „ისრაელის იმედი“.1 ჩვენ ხშირად გვესმის, რომ პრეზიდენტი ნელსონი ზუსტად ასე მოგმართავთ - „ისრაელის იმედი“, იესო ქრისტეს ეკლესიის ახალგაზრდა თაობა და მომავალი.

ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, მინდა დავიწყო ორი ჭეშმარიტი ამბის გაზიარებით.

102-ე დალმატინელი

წლების წინ სამსახურიდან სახლში მოვედი და დავინახე, რომ ყველგან თეთრი საღებავის შხეფები იყო - ძირს, ავტოფარეხის კარებზე და წითელი აგურის სახლის კედლებზე. უფრო ყურადრებით დავათვალიერე ის ადგილები და დავადგინე, რომ საღებავი ჯერ კიდევ სველი იყო. საღებავის კვალი უკანა ეზოსკენ მიდიოდა, ასე რომ მე მას გავყევი. იქ აღმოვაჩინე ჩემი ხუთი წლის ვაჟი, რომელიც ჩვენს ძაღლს, მილოს დასდევდა ფუნჯით ხელში. ჩვენი ლამაზი შავი ლაბრადორი ნახევრად თეთრად იყო შეღებილი!

„რას აკეთებ“? ვკითხე ინტერესით.

ჩემი შვილი გაჩერდა, შემომხედა, გახედა ძაღლს, შეხედა ფუნჯს, რომლიდანაც თეთრი საღებავი წვეთავდა და თქვა: „მე უბრალოდ მინდა, რომ მილო იმ ძაღლს დაემსგავსოს ფილმიდან, ხომ იცი, 101 დალმატინელი“.

გამოსახულება
შავი ლაბრადორი
გამოსახულება
დალმატინელი

მე მიყვარდა ჩვენი ძაღლი. ჩემი აზრით იგი უნაკლო იყო, მაგრამ ჩემი შვილი სხვა აზრის იყო.

ზოლიანი კნუტი

მეორე ამბავი ეხება დიდ ბიძია გროვერს, რომელიც ქალაქიდან მოშორებით, სოფელში ცხოვრობდა. ბიძია გროვერი ძალიან მობერდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჩვენს ვაჟებს უნდა იგი გაეცნო, სანამ ცოცხალი იყო. ასე რომ, ერთ დღეს ჩვენ გრძელ მოგზაურობაში გავემგზავრეთ მისი მოკრძალებული სახლისკენ. ჩვენ ერთად დავსხედით, გავაცანით ჩვენი შვილები. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენმა შვილებმა, ორმა პატარა ბიჭუნამ - ალბათ ხუთი და ექვსი წლის იყვნენ მაშინ, მოინდომეს გარეთ თამაში.

ბიძია გროვერი დაიხარე და სახე ბავშვების სახესთან მიიტანა. მისი სახე იმდენად უცხო და ნაოჭებიანი იყო, რომ ბავშვებს ცოტათი შეეშინდათ. მან სერიოზულად უთხრა მათ: „ფრთხილად, იქ ბევრი სკუნსია“. როცა ეს გავიგონეთ, მე და ლესა შევწუხდით; გვეშინოდა, რომ სკუნსი მათ თავის სითხეს შეასხამდა. მალე ბავშვები გარეთ გავიდნენ სათამაშოდ, ჩვენ კი საუბარი გავაგრძელეთ.

გამოსახულება
სკუნსი

მოგვიანებით, როცა მანქანაში ჩავსხედით, ვკითხე ბავშვებს; „სკუნსი ნახეთ“? ერთ-ერთმა მიპასუხა: „არა, სკუნსები არ გვინახავს, თუმცა შავი ზოლიანი კნუტი ვნახეთ“!

დიდი მატყუარა

ეს უმანკო ბავშვებთან დაკავშირებული ამბები, სადაც ისინი რაიმეს აღმოაჩენენ ცხოვრებისა და რეალობის შესახებ, ალბათ ყოველ ჩვენგანს ღიმილს მოგგვრის, მაგრამ ამით უფრო ღრმა კონცეფცია გადმოიცემა.

პირველ მოთხრობაში ჩვენს პატარა ვაჟს ჰყავდა ლამაზი ძაღლი; მიუხედავადა ამისა, მან აიღო საღებავი და ფუნჯით ხელში გადაწყვიტა, შეექმნა თავისი წარმოსახვის რეალობა.

მეორე ამბავში ბიჭებს არც კი წარმოედგინათ, რა არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ, იქ რომ სკუნსი დახვედროდათ. და რადგან სათანადოდ ვერ აფასებდნენ იმას, რის წინაშეც შესაძლოა, აღმოჩენილიყვნენ, სავარაუდოდ ამას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა. ეს არის ამბები მცდარი იდენტიფიცირების შესახებ ანუ როცა რეალობას სხვაგვარად აღიქვამ. ორივე შემთხვევაში შედეგი მინიმალურად არასასიამოვნო იყო.

მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანი დღეს იმავე საკითხების წინაშე დგება, თუმცა გაცილებით დიდი მასშტაბით. ისინი ან რეალურად ვერ ხედავენ სიტუაციას ან სიმართლის გამო არიან უკმაყოფილონი. დღეს გარკვეული ძალები გამიზნულად იბრძვიან იმაზე, რომ ჩამოგვაშორონ მარადისობას და უცვლელ სიმართლეს. ეს ტყუილები გაცილებით უარესია იმ უმანკო მცდარ იდენტიფიკაციაზე და მათ ხშირად აქვთ სერიოზული და არა მინიმალური შედეგები.

სატანა, ტყუილების მამა, დიდი მატყუარა, დაგვაეჭვებს სიტუაციის რეალობაში ან ისე მოახდენს, რომ უგულებელვყოფთ მარადიულ ჭეშმარიტებას ან გადავიყვანთ მას რაიმეში, რაც უფრო სასიამოვნოა ჩვენთვის. „იგი ღმერთის წმინდანებს ებრძვის“2 და მან ათასი წელი დახარჯა გათვლებზე და წვრთნაზე, როგორ დაარწმუნოს ღვთის ყველა შვილი იმაში, რომ სიკეთე ბოროტებაა, ბოროტება კი სიკეთე.

მან ისეთი რეპუტაცია შეიქმნა, რომ აჯერებს მიწიერ ადამიანებს, რომ სკუნსები უბრალოდ კნუტები არიან, ლაბრადორები კი საღებავის დახმარებით დალმატინელებად გადაიქცევიან.

გამოსახულება
მოსემ პირისპირ იხილა ღმერთი

მოდით, იგივე პრინციპი ვიპოვოთ წმინდა წერილში, როცა უფლის წინასწარმეტყველი, მოსე, იმავე საკითხის წინაშე დადგა. „მოსე აიტაცეს მაღალ მთაზე[,] … და მან იხილა ღმერთი პირისპირ და ესაუბრა მას“.3 ღმერთმა ასწავლა მოსეს მარადიული იდენტურობა. მოსე იყო მიწიერი და არასრულყოფილი, მაგრამ ღმერთმა გვასწავლა, რომ მოსე „ჩემი მხოლოდშობილის დარი იყო; ჩემი მხოლოდშობილი კი … მხსნელი იქნება“.4

მოსემ თავის საოცარ ხილვაში იხილა ღმერთი და ისწავლა რაღაც მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შესახებ: მოკვდავიც კი იგი ღვთის ძე იყო.

ყურადღებით მოუსმინეთ, რა მოხდა ამ სასწაული ხილვის შემდეგ. „და იყო ასე, რომ … სატანა მოვიდა მის საცდუნებლად“. და ამბობდა: „მოსე, ძე კაცისა, თაყვანი მეცი“!5 მოსემ მამაცურად უპასუხა: „ვინ ხარ? აჰა, ვარ ძე ღვთისა, მისი მხოლოდშობილის დარი; და სად არის შენი დიდება, რომ თაყვანი გცე“?6

ანუ სხვაგვარად, მოსემ თქვა: „ვერ მომატყუებ, რადგან ვიცი, ვინ ვარ. ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ვარ. შენ კი არ გაქვს მისი ნათელი და დიდება. ასე რომ, რატომ უნდა გცე თაყვანი ან წამოვეგო შენს ტყუილს“?

მიაქციეთ ყურადღება მოსეს შემდგომ პასუხებს. იგი აცხადებს: „მომშორდი, სატანა; ნუ მატყუებ.7

უამრავი რამ შეიძლება ვისწავლოთ მოსეს ძლიერი პასუხებიდან მაცდური მოწინააღმდეგისთვის. მე გიწვევთ, ამგვარადვე უპასუხოთ, როცა ცდუნების წინაშე დგებით. უბრძანეთ თქვენი სულის მტერს: „მომშორდი! შენ არ გაქვს დიდება. ნუ მაცდუნებ და ნუ მატყუებ! რადგან ვიცი, ღვთის შვილი ვარ. და ყოველთვის მივმართავ ჩემს ღმერთს დახმარებისთვის“.

თუმცა მოწინააღმდეგე არც თუ ისე ადვილად იშორებს მცდელობას, მოგვატყუოს და დაგვაკნინოს. და მოსეს შემთხვევაშიც ასე იყო, რადგან სურდა, მას დაევიწყებინა, ვინ ოყო იგი მარადისობაში.

და ბავშვივით ისტერიკაში ჩავარდა და ‘დაიყვირა სატანამ ხმამაღლა და მიწაზე დაენერცხა და უბრძანებდა: მე ვარ მხოლოდშობილი, მე მეცი თაყვანი“.8

მოდით, გავიმეოროთ. გაიგონეთ, რა თქვა მან? „მე ვარ მხოლოდშობილი. თაყვანი მეცი მე“!

იმ დიდმა მატყუარამ ეფექტურად თქვა: „ნუ ღელავ, არ გავნებ. არ ვარ სკუნსი; უბრალოდ უწყინარი შავ-თეთრი კნუტი ვარ“.

გამოსახულება
მოსე განდევნის სატანას

მოსემ შესძახა ღმერთს და მიიღო მისი ღვთიური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე აკანკალდა და დედამიწა შეინჯღრა, მოსე არ დანებდა. მისი ხმა გარკვევით ჟღერდა. „მომშორდი, სატანა“ - განაცხადა მან, „რადგან მხოლოდ ერთ ღმერთს ვცემ თაყვანს და იგი არის დიდების ღმერთი“.9

ბოლოს, იგი „მოშორდა … მოსეს გარემოცვიდან“.10

მას შემდეგ, რაც უფალი გამოჩნდა და დალოცა მოსე მისი მორჩილებისთვის, უფალმა თქვა:

„კურთხეული ხარ, მოსე, … შენ მრავალ წყლებზე ძლიერი გახდები. …

‘და აჰა, შენთან ვარ, შენი დღეების ბოლომდე“.11

მოსეს მიერ მოწინააღმდეგესთვის გაწეული წინააღმდეგობა არის ცოცხალი მაგალითი ყოველი ჩვენგანისთვის, განურჩევლად იმისა, ცხოვრების რა ეტაპზე ვიმყოფებით. ეს არის ძლიერი გზავნილი პირადად თქვენთვის - იცოდეთ, რა მოიმოქმედოთ, როცა იგი ცდილობს თქვენს მოტყუებას. რადგან თქვენ, მოსეს მსგავსად, დალოცვილნი ხართ ზეციური დახმარების ძღვენით.

მცნებები და კურთხევები

როგორ იპოვით ამ ზეციურ დახმარებას მოსეს მსგავსად და არ მოტყუვდებით და არ გახდებით ცდუნებულნი? ღვთიური დახმარების აშკარა არხის არსებობა დამტკიცდა ამ წყობაში თავად უფლის მიერ, როცა მან განაცხადა: „რადგან მე, უფალმა, ვიცი რა უბედურებები დაატყდება თავს დედამიწაზე მცხოვრებთ, მოვუხმე ჩემს მსახურს, ჯოზეფ სმით უმცროსს და ვესაუბრე მას ზეციდან და მივეცი მას მცნებები“.12 უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უფალმა, რომელმაც იცის „ყველაფერი დასაბამიდან ბოლომდე“,13 იცის ჩვენი დღევანდელი უნიკალური სირთულეების შესახებ. ასე რომ, მან უზრუნველყო სირთულეების და ცდუნებების გამკლავების გზა, რომელთაგან მრავალი მოგვევლინა, როგორც მოწინააღმდეგის გავლენისა და მისი შემოტევების პირდაპირი შედეგი.

ეს გზა უბრალოა. ღმერთი, თავისი მსახურების მეშვეობით, გვესაუბრება ჩვენ, მის შვილებს და გვაძლევს მცნებებს. ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ მუხლების პარაფრაზი და ვთქვათ: „მე, უფალმა, … მოვუხმე ჩემს მსახურს [პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს] და ვესაუბრა მას ზეციდან და მივეცი მცნებები“. ხომ დიდებული ჭეშმარიტებაა?

მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ უფალი ნამდვილად ესაუბრა ჯოზეფ სმითს ზეციდან და ყველაფერი დაიწყო დიადი პირველი ხილვით. იგი ასევე ესაუბრება პრეზიდენტ ნელსონს ჩვენს დროში. მე ვმოწმობ, რომ ღმერთი ძველად ესაუბრებოდა წინასწარმეტყველებს და აძლევდა მათ მცნებებს, რომლებიც მიიყვანდა მის შვილებს ბედნიერებისკენ ამ ცხოვრებაში და დიდებისკენ შემდეგში.

ღმერთი კვლავაც აძლევს მცნებებს ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველს დღეს. მაგალითები უამრავია - უფრო მეტად ოჯახზე ორიენტირებული, ეკლესიაზე დაყრდნობილი ბალანსი სახარების სწავლაში; შინა მასწავლებლისა და სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამების შეცვლა მზრუნველობით; სატაძრო წეს-ჩვეულებებისა და პროცედურების კორექტირება და ახალი პროგრამა ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. მაკვირვებს მოსიყვარულე მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, სიკეთე და თანაგრძნობა, რომელმაც აღადგინა მხსნელის ეკლესია დედამიწაზე და მოიხმო წინასწარმეტყველი ჩვენს დროში. იესო ქრისტეს სახარების აღდგენა უპირისპირებს საშიშ დროს ჟამთა სისრულეს .

სიბოროტე არასდროს ყოფილა ბედნიერება

მცნებების მორჩილება, რომელიც მიეცა ჩვენს წინასწარმეტყველს, გვეხმარება არა მხოლოდ მოწინააღმდეგის გავლენისა და ტყუილის თავიდან აცილებაში, არამედ არის ხანგრძლივი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი. ეს ღვთიური ფორმულა საკმაოდ მარტივია: სიმართლეს ანუ მცნებებისადმი მორჩილებას მოაქვს კურთხევები, კურთხევებს- ბედნიერება ანუ სიხარული.

თუმცა ისევე, როგორც მოწინააღმდეგემ სცადა მოსეს მოტყუება, იგი თქვენს მოტყუებასაც ცდილობს. იგი ყოველთვის თავს გვაჩვენებდა იმად, რაც არ იყო. იგი ყოველთვის ცდილობს, დამალოს ვინ არის სინამდვილეში. იგი გარწმუნებთ, რომ მორჩილება თქვენს ცხოვრებას გაასაცოდავებს და ბედნიერებას მოგპარავთ.

რომელიმე მისი ხრიკები გახსენდებათ? მაგალითად, იგი სასმელისა და აკრძალული ნარკოტიკების მავნებლობას აკლებს მნიშვნელობას და გარწმუნებთ, რომ მათ მოაქვს სიამოვნება. იგი თავზე გვახვევს სხვადასხვა ნეგატივს სოცმედიიდან, დამაკნინებელი შედარებებისა და იდეალიზირებული რეალობის ჩათვლით. ამის გარდა, იგი ინტერნეტში არსებულ სხვა დამანგრეველი შინაარსის მასალებს შენიღბულად გვაწვდის პორნოგრაფიის, სხვებზე აშკარა ძალადობის და დეზინფორმაციის გავრცელების სახით, რათა ჩვენს გონებასა და გულებში ეჭვი და შიში დათესოს. იგი ცბიერად გიჩურჩულებს: „მომყევი და იქნები ბედნიერი“.

ამდენი საუკუნის წინ მორმონის წიგნის წინასწარმეტყველის მიერ დაწერილი სიტყვები განსაკუთრებით ერგება ჩვენს დროს: „სიბოროტე არასდროს არ ყოფილა ბედნიერება“.14 მოდით, ამოვიცნოთ სატანას ტყუილები იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილებია ისინი. დაე, განვუდგეთ მის ტყუილებს და განვჭვრიტოთ ისინი და იმის გავლენა, ვისაც ჩვენი სულების განადგურება და ამჟამინდელი და მომავლის სიხარულის წართმევა სურს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ერთგულად და ფხიზლად გავაგრძელოთ, რადგან ეს არის ჭეშმარიტების გარჩევის და უფლის მსახურების მეშვეობით, უფლის ხმის გაგონების ერთადერთი გზა. „რადგან სული ლაპარაკობს ჭეშმარიტებას და არ ცრუობს.… ასე რომ, ყოველივე ეს გვეცხადება უბრალოდ ჩვენი სულების გადასარჩენად. ღმერთი ასევე უცხადებდა ამას ძველი დროის წინასწარმეტყველებს“.15 ჩვენ ყოვლისშემძლე ღმერთის წმინდანები ვართ, ისრაელის იმედი! შევდრკებით? „უკან დავიხევთ ან თავს ავარიდებთ ბრძოლას? არა! … ჩვენ ყოველთვის ერთგულნი ვიქნებით ღმერთის მცნებების, სულის, გულისა და ხელის, ყოველთვის ვიქნებით ერთგულნი ჭეშმარიტებაში“.16

მე გიზიარებთ მოწმობას ისრაელის წმინდის შესახებ, თავად იესო ქრისტეს სახელით. მე ვმოწმობ მის მუდმივ სიყვარულზე, ჭეშმარიტებასა და სიხარულზე, რაც გახდა შესაძლებელი მისი უსაზღვრო მარადიული მსხვერპლის გამო. თუ მის მცნებებს დავიცავთ, ჩვენ ყოველთვის სწორ გზაზე ვივლით და არ მოვტყუვდებით. უფალ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.