2010-2019
სიწმინდე და ბედნიერების გეგმა
2019 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სიწმინდე და ბედნიერების გეგმა

გაზრდილი ბედნიერება მოდის გაზრდილი პირადი სიწმინდისგან.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე ვლოცულობდი იმისთვის, რომ მიიღოთ ძალა ბედნიერების პირად ძიებაში. ზოგიერთი თქვენგანი ალბათ უკვე საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს, თუმცა არავინ არ იტყვის უარს უფრო მეტ ბედნიერებაზე. ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით მიიღებს გარანტირებულ ხანგრძლივ ბედნიერებას.

ეს არის ის, რაც მამაზეციერმა, მისმა საყვარელმა ძემ, იესო ქრისტემ, და სულიწმინდამ შესთავაზეს მამაზეციერის ყოველ სულიერ შვილს, რომელიც ამჟამად ცხოვრობს, იცხოვრებს ან ოდესმე უცხოვრია ამ ქვეყნად. ამ შეთავაზებას ზოგჯერ უწოდებენ ბედნიერების გეგმას. მას ასე დაარქვა წინასწარმეტყველმა ალმამ, როცა ასწავლიდა ცოდვის უბედურებაში ჩაძირულ შვილს. ალმამ იცოდა, რომ ბოროტება ვერასდროს ვერ იქნებოდა ბედნიერება არც მისი და არც რომელიმე სხვა მამაზეციერის შვილისთვის.1

მან ასწავლა შვილს, რომ სიწმინდეში ზრდა არის ბედნიერების ერთადერთი გზა. მან ნათელი გახადა, რომ მეტი სიწმინდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, რომელიც განგვწმენდს და სრულყოფილთ გაგვხდის.2 მხოლოდ იესო ქრისტეში რწმენით, უწყვეტი მონანიებით და აღთქმების დაცვით ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს პრეტენზია იმ ხანგრძლივ ბედნიერებაზე, რომლისკენაც ვილტვით და რომლის შენარჩუნებაც გვსურს.

მე დღეს ვლოცულობ იმაზე, რომ გაიგოთ: ის უფრო დიდი ბედნიერება მოდის იმ გაზრდილი პირადი სიწმინდიდან. დაე, იმოქმედეთ ამ რწმენით. მე კი გაგიზიარებთ, რაც თავად ვიცი, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, რათა გავხდეთ ღირსნი ძღვენის, რომლითაც უფრო წმინდანი გავხდებით, ვიდრე ოდესმე ვიყავით.

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ შეგვიძლია განვიწმინდოთ ან გავხდეთ უფრო წმინდანი, როცა ქრისტეში რწმენას ვამჟღავნებთ,3 გამოვხატავთ მორჩილებას,4 ვინანიებთ,5 გავიღებთ უფლის გამო მსხვერპლს,6 მივიღებთ წმინდა წეს-ჩვეულებებს და დავიცავთ მასთან დადებულ აღთქმებს.7 იმისთვის, რომ გავხდეთ სიწმინდის ძღვენის ღირსნი, საჭიროა მორჩილება,8 თავმდაბლობა9 და მოთმინება.10

მეტი სიწმნდის მიღებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი გამოცდილება სოლთ ლეიქის ტაძარში მივიღე. პირველად შევედი ტაძარში და დიდად არ ვიცოდი, რა მელოდა. ვიხილე სიტყვები ტაძარზე: „სიწმინდე უფალს“ და „უფლის სახლი“. დიდი მოლოდინის გრძნობა დამეუფლა. და მაინც ვფიქრობდი, ვიყავი თუ არა ღირსი იქ შესვლისა.

ჩემი მშობლები ჩემზე წინ მიდიოდნენ ტაძარში. გვთხოვეს, გვეჩვენებინა რეკომენდაცია, რაც იყო ჩვენი ღირსეულობის დასტური.

ჩემი მშობლები იცნობდნენ მისაღებში მყოფ ადამიანს. ასე რომ, ისინი ერთი წუთით შეყოვნდნენ მასთან სალაპარაკოდ. მე მარტო წავედი იმ დიდი სივრცისკენ, სადაც ყველაფერი ქათქათა თეთრი იყო. ზემოთ ავიხედე. ჭერი ისეთი მაღალი იყო, რომ ღია ცის შეგრძნებას ტოვებდა. იმ მომენტში ცხადად ვიგრძენი, რომ მე იქ უკვე ნამყოფი ვიყავი.

მაგრამ გავიგონე ძალიან ნაზი ხმა - ეს არ იყო ჩემი ხმა. ამ ნაზი ხმით ეს სიტყვები ითქვა: „შენ აქ არასდროს არ ყოფილხარ. შენ გახსოვს ის მომენტი, სანამ დაიბადებოდი. შენ ასეთივე წმინდა ადგილას იყავი. შენ იგრძენი, რომ იმ ადგილას, სადაც დგახარ, უფალი უნდა მოსულიყო. და შენ ბედნიერება იგრძენი, რადგან მოუთმენლად ელოდებოდი მის დანახვას“.

ის მოვლენა სოლთ-ლეიქის ტაძარში სულ რაღაც წამები გაგრძელდა. მაგრამ იმ მოგონებას კვლავაც სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება მოაქვს.

იმ დღეს მრავალი გაკვეთილი ვისწავლე. ერთ-ერთი იყო ის, რომ სულიწმინდა საუბრობს ჩუმი, ნაზი ხმით. მე ის მესმის, როცა გულში სულიერი სიმშვიდე მაქვს. მას მოაქვს ბედნიერებისა და იმის დასტურის გრძნობა, რომ უფრო წმინდა ვხდები. ამას კი ყოველთვის ისეთი ბედნიერება მოაქვს, რომელიც პირველად ღვთის ტაძარში ვიგრძენი.

თქვენ საკუთარ ცხოვრებაშიც და სხვის ცხოვრებაშიც შეგიმჩნევიათ, რომ ბედნიერების სასწაული მოდის მზარდი სიწმინდიდან. ბოლო კვირების განმავლობაში მომიწია იმ ადამიანების საწოლთან დგომა, რომლებიც სიკვდილს უახლოვდებოდნენ მსხნელის მიმართ სრული რწმენით და ბედნიერი გამომეტყველებით.

ერთ-ერთ ადამიანს ოჯახის წევრები შემოეხვივნენ. იგი ცოლს ჩუმად ესაუბრებოდა, როცა მე ჩემს ვაჟთან ერთად შემოვედი ოთახში. მათ წლების განმავლობაში ვიცნობდი. მე მათი და მათი შვილების ცხოვრებაში არაერთხელ მინახავს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მოქმედება.

მათ ერთად გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ სიცოცხლის გამაგრძელებელი სამედიცინო მცდელობები. როცა მამაკაცი გვესაუბრებოდა, სიჩუმის გრძნობა გვქონდა. მან გაიღიმა და გამოხატა მადლიერება სახარებისთვის და მისი გამწმენდი მოქმედებისთვის მისა და მისი საყვარელი ოჯახის მიმართ. იგი ტაძარში მსახურების ბედნიერ წლებზე საუბრობდა. მამაკაცის თხოვნით ჩემმა ვაჟმა მას თავზე ზეთი სცხო. მე ეს ზეთისცხება ჩავბეჭდე. ამ დროს ისე მკაფიოდ ვიგრძენი, რომ იგი მალე მხსნელს ნახავდა, პირისპირ.

მე დავპირდი, რომ იგი ბედნიერებას, სიყვარულსა და მხსნელის მოწონებას იგრძნობდა. წასვლისას მან თბილად გაგვიღიმა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „უთხარი ქეთსის, რომ მიყვარს“. ჩემი მეუღლე, ქეთლინი, მრავალი წლის განმავლობაში ამ ოჯახის თაობებს აგულიანებდა, მიეღოთ მხსნელის მოწვევა, მოსულიყვნენ მასთან, დაედოთ და დაეცვათ წმინდა აღთქმები და გამხდარიყვნენ ღირსნი ამის შედეგად მოსული ბედნიერებისა.

რამდენიმე საათის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში მისმა ქვრივმა მე და ჩემს მეუღლეს საჩუქარი მოგვიტანა. საუბრისას იგი იღიმებოდა. მან სასიამოვოდ თქვა: „მე მეგონა, რომ მარტოდ და მოწყენილად ვიგრძნობდი თავს. ისეთ ბედნიერებას ვგრძნობ. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?

ვიცოდი რა, როგორ უყვარდა მას მეუღლე და როგორ შეიცნეს, შეიყვარეს და ემსახურებოდნენ უფალს, მე ვუთხარი მას, რომ მისი ბედნიერების გრძნობა არის დაპირებული ძღვენი, რადგან იგი, თავისი ერთგული მსახურებით, უფრო წმინდა გახდა. მისმა სიწმინდემ იგი ბედნიერების ღირსი გახადა.

შეიძლება ზოგიერთი მსმენელი იფიქრებს: „რატომ მე არ ვგრძნობ დაპირებულ სიმშვიდესა და ბედნიერებას, რომელიც ერთგულებს დაპირდნენ? მე საშინელ გასაჭირშიც კი ერთგული ვიყავი, მაგრამ არ ვგრძნობ ბედნიერებას.

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითსაც კი მოუწია ამ გამოცდის ჩაბარება. იგი ლოცულობდა შვებისთვის, როცა მისურიში, ლიბერთის ციხეში გამოამწყვდიეს. იგი უფლის ერთგული იყო. იგი სიწმინდეში გაიზარდა. და მაინც, მან იგრძნო, რომ მას ბედნიერებაზე უარი უთხრეს.

უფალმა მას მოთმინების გაკვეთილი ასწავლა, რომელიც ზოგჯერ ყველას გვჭირდება და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში მიწიერი გამოცდების ჩაბარების დროს. აი უფლის გზავნილი თავის ერთგულ, ტანჯვაში მყოფ წინასწარმეტყველს.

„და თუ ჩაგაგდებენ დილეგში, თუ ჩავარდები მკვლელების ხელში და მოგისჯიან სიკვდილის სასჯელს ან გადაგაგდებენ ზღვის უფსკრულში თუ ტალღები და ულმობელი ქარები დაგემუქრება, ცა შავად მოიქუფრება და ბუნების ყველა ძალა გაერთიანდება გზის გადასაჭრელად და აზვირთდებიან შენს წინააღმდეგ, თუ ჯოჯოხეთი დააღებს ფართედ ხახას შენს ჩასანთქავად, გახსოვდეს შვილო ჩემო, რომ ეს ყველაფერი მოგცემს გამოცდილებას და სასიკეთო იქნება შენთვის.

„ძე კაცისამ ქედი მოიხარა ამ ყველაფრის წინაშე. ნუთუ მასზე უფრო დიადი ხარ?

„ასე რომ, დარჩი შენს გზაზე და მღვდლობა შენთან იქნება; რამეთუ ეს კავშირები დაარსდა და ისინი ვერ გადაივლის. შენი დღენი ცნობილია, შენი წლები არ დაგაკლდება; ასე რომ, ნუ გეშინია იმის, რასაც ადამიანი გაგიკეთებს, რადგან ღმერთი იქნება შენთან მარადჟამს“.11

ეს იყო ისეთივე ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი, როგორიც უფალმა იობს მისცა, რომელმაც ასეთი მაღალი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ გამოსყიდვის გამო უფრო წმინდა გამხდარიყო. ჩვენ ვიცით იობის სიწმინდის შესახებ შესავალიდან: „ყუცის ქვეყანაში იყო კაცი, სახელად იობი; იყო ის კაცი ალალი, წრფელი და ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული“.12

იობმა დაკარგა სიმდიდრე, ოჯახი და ჯანმრთელობა. ალბათ გახსოვთ, რომ იობს ეჭვი ეპარებოდა, რომ უფრო დიდი ტანჯვისგან მოპოვებულმა უფრო დიდმა სიწმინდემ იგი უფრო მეტი ბედნიერების ღირსი გახადა. იობს ეჩვენებოდა, რომ სიწმინდეს უბედურება მოჰქონდა.

მაგრამ უფალმა მისცა მას იგივე გამოსასწორებელი გაკვეთილი, რაც ჯოზეფ სმითს. მან დაანახა იობს მისი გულგატეხილობა სულიერი თვალებით. მან თქვა:

„წელი შემოისარტყლე კაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი.

„შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება.

„ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?

„რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი.

„როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ“?13

შემდეგ, როცა იობმა მოინანია, რომ ღმერთს უსამართლო უწოდა, მას ნება დართეს, ეხილა თავისი განსაცდელები უფრო მაღლა და წმინდად. მან მოინანია.

„და მიუგო იობმა უფალს:

„ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია, და შენი განზრახვა არ დაბრკოლდება.

„ვინაა ეს, განგებას რომ აბნელებს და ვერას გულისხმაჰყოფს? ასე ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა, ჩემზე საკვირველზე და ვერაფერს ვხვდებოდი.

„ისმინე და მე ვილაპარაკებ, შეგეკითხები და მაცოდინე.

„ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე: ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ.

ამიტომ მძულს ჩემი თავი და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში“.14

მას შემდეგ, რაც იობმა მოინანია და გახდა უფრო წმინდა, უფალმა დალოცა იგი იმაზე მეტად, რაც მან დაკარგა. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი დალოცვა იობისთვის იყო მისი სიწმინდის გაზრდა მონანიებისა და სირთულეების გადალახვის მეშვეობით. იგი ღირსად მიიჩნიეს, მიეღო უფრო მეტი ბედნიერება დარჩენილ დღეებში.

უფრო დიდი სიწმინდე არ მოვა უბრალოდ თხოვნით. იგი მოვა, როცა ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ღმერთისთვის, რათა შევიცვალოთ.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, ჩემი აზრით, მოგვცა საუკეთესო რჩევა იმაზე, როგორ გავაგრძელოთ სიარული აღთქმულ ბილიკზე უფრო დიდი სიწმინდის მისაღწევად. მან ამის გზაც გვიჩვენა, როცა დაჟინებით მოგვთხოვა:

„გამოსცადეთ ყოველდღიური მონანიების გამაძლიერებელი ძალა - , ყოველ დღე ეცადეთ, იყოთ გუშინდელზე უკეთესნი და გუშინდელზე უკეთესი საქმე გააკეთოთ.

„როცა ვირჩევთ მონანიებას, ჩვენ ვირჩევთ ცვლილებას! ჩვენ ნებას ვრთავთ უფალს, გაგვხადოს საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ ვირჩევთ სულიერ ზრდას და სიხარულის მიღებას - მასში გამოსყიდვის მონანიების სიხარულისა. როცა ვირჩევთ მონანიებას, ჩვენ უფრო ვემსგავსებით იესო ქრისტეს“!

პრეზიდენტმა ნელსონმა ასე შეგვაგულიანა ჩვენს მცდელობებში, გავხდეთ უფრო წმინდანი: „უფალი ამ ეტაპზე არ მოელის ჩვენგან სრულყოფილებას. … მაგრამ იგი ელის ჩვენგან მზარდ სისუფთავეს. ყოველდღიური მონანიება სისუფთავისკენ მიმავალი ბილიკია“.15

პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი ადრეულ საკონფერენციო მიმართვაში დამეხმარა, უფრო მკაფიოდ დამენახა, როგორ ვიზრდებით სიწმინდეში და როგორ გავიგოთ, რომ მისკენ წინ მივიწევთ. მან თქვა: „როგორ ვაღწევთ სულიერებას? როგორ ვაღწევთ სიწმინდის იმ საფეხურს, სადაც სულიწმინდა ჩვენი მუდმივი თანმხლებია? როგორ ვხედავთ და ვაფასებთ ამასოფლისას მარადისობის პერსპექტივით“?16

პრეზიდენტ ოუქსის პასუხი იწყება ასე: იესო ქრისტეს, როგორც მოსიყვარულე მხსნელის მიმართ, უფრო დიდი რწმენა. ამას მივყავართ ყოველდღიურ მონანიებამდე და უფლის გახსენებამდე მისი მცნებების დაცვის მეშვეობით. ეს იესო ქრისტეში გაძლიერებული რწმენა მოდის, როცა ჩვენ ყოველდღიურად ვნადიმობთ მისი სიტყვით.

ჰიმნი „მეტი სიწმინდე“ გვთავაზობს ლოცვის ხერხს, რომელიც დაგვეხმარება მეტი სიწმინდის მიღებაში. ავტორი ბრძნულად ვარაუდობს, რომ სიწმინდე, რომელსაც ვეძიებთ, არის მოსიყვარულე ღმერთის ძღვენი, რომელიც გვეძლევა დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გავაკეთბთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. თქვენ გახსოვთ ბოლო კუპლეტი:

მეტი სიწმინდე მომეცი,

მეტი დასაძლევი ძალა,

მეტი თავისუფლება მიწიერისგან,

მეტი სურვილი შინ დაბრუნებისა.

მეტად გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა,

უფრო მეტად გამოსადეგი რომ ვიყო,

უფრო დალოცვილი და წმინდა -

მეტად შენი მსგავსი, მხსნელო.17

როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პირადი ვითარება, სადაც არ უნდა ვიყოთ შინ დასაბრუნებელ აღთქმის გზაზე, დაე, მივიღოთ პასუხი ჩვენს ლოცვებზე მეტი სიწმინდისთვის. მე ვიცი, რომ როცა ვედრებაზე გვპასუხობენ, ჩვენი ბედნიერება იზრდება. შეიძლება მალე არ მოვიდეს, მაგრამ მოვა. მე ეს დაჯერებულობა მაქვს მოსიყვარულე მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტესგან.

მე ვმოწმობ, რომ ჯოზეფ სმითი იყო ღმერთის წინასწარმეტყველი, რომ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველი დღეს. მამაღმერთი ცოცხალია და მას ვუყვარვართ. მას სურს, მივიდეთ მასთან სახლში ოჯახებთან ერთად. ჩვენი მოსიყვარულე მხსნელი გვიწვევს, მივყვეთ მას ჩვენს იქ მოგზაურობაში. მათ მოამზადეს გზა. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.