წმინდა წერილი
1 ნეფი 7


თავი 7

ლეხის შვილები ბრუნდებიან იერუსალიმში და ეპატიჟებიან ისმაელს და მის ოჯახს უდაბნოში ერთად სამოგზაუროდ. ლამანი და სხვები ჯანყდებიან. ნეფი მოუწოდებს თავის ძმებს, იქონიონ უფლის რწმენა. ისინი აბამენ მას თოკებით და გეგმავენ მის მოკვლას. ის თავისუფლდება რწმენის ძალით. მისი ძმები ითხოვენ შეწყალებას. ლეხი და მისი თანამეგზურნი წირავენ მსხვერპლშესაწირს და სრულად დასაწველს. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, მე მინდა, იცოდეთ, რომ მას შემდეგ, რაც მამაჩემმა, ლეხიმ, დაამთავრა წინასწარმეტყველება მისი შთამომავლობის შესახებ, იყო ასე, რომ უფალმა კვლავ მიმართა მას სიტყვებით, რომ არ იქნება კარგი, თუ ლეხი უდაბნოში წაიყვანს მხოლოდ თავის ოჯახს; და რომ მისმა შვილებმა უნდა შეირთონ ცოლად ასულნი, რათა მათ შეძლონ აღთქმულ მიწაზე უფლისთვის შთამომავლობის აღზრდა.

2 და იყო ასე, რომ უფალმა უბრძანა მას, რომ მე, ნეფი, და ჩემი ძმები კვლავ უნდა დავბრუნებულიყავით იერუსალიმის მიწაზე და ჩამოგვეყვანა ისმაელი და მისი ოჯახი უდაბნოში.

3 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, ძმებთან ერთად კვლავ გავემართე უდაბნოსკენ, რათა მივსულიყავით იერუსალიმში.

4 და იყო ასე, რომ ჩვენ მივედით ისმაელის სახლში და ისმაელის თვალში კეთილგანწყობა მოვიპოვეთ, იმდენად, რომ ვუთხარით უფლის სიტყვები.

5 და იყო ასე, რომ უფალმა იმდენად მოულბო გული ისმაელს და მის ოჯახს, რომ ისინი ჩვენთან ერთად წამოვიდნენ უდაბნოში მამაჩვენის კარავისაკენ.

6 და იყო ასე, რომ როდესაც ჩვენ ვმოგზაურობდით უდაბნოში, აჰა, ლამანი და ლემუელი და ისმაელის ორი ქალიშვილი და ისმაელის ორი ვაჟი და მათი ოჯახები აგვიჯანყდნენ; დიახ, მე, ნეფის; და სემს და მათ მამას, ისმაელს და მის ცოლს და მათ სამ დანარჩენ ქალიშვილს.

7 და იყო ასე, რომ ამ აჯანყებით მათ სურდათ იერუსალიმის მიწაზე დაბრუნება.

8 და ახლა, მე, ნეფი, ვიყავი რა დაღონებული მათი გულქვაობით, ამიტომაც მივმართე სიტყვებით, დიახ, ლამანს და ლემუელს: აჰა, თქვენ ხართ ჩემი უფროსი ძმები, როგორ ხართ ასეთი გულქვები და გონებით ბნელნი, რათა გჭირდებათ, რომ მე, თქვენმა უმცროსმა ძმამ, მოგმართოთ, დიახ, და თქვენ მაგალითი მოგცეთ?

9 როგორ არ უგდებდით ყურს უფლის სიტყვებს?

10 როგორ დაგავიწყდათ, რომ იხილეთ უფლის ანგელოზი?

11 დიახ, და როგორ დაგავიწყდათ, როგორი დიდი საქმენი გააკეთა ჩვენთვის უფალმა ლაბანის ხელიდან გამოხსნით და ასევე რომ ჩვენ შევძელით ჩანაწერების მოპოვება?

12 დიახ, როგორ დაივიწყეთ თქვენ, რომ უფალს შეუძლია ყველაფრის გაკეთება თავისი ნების შესაბამისად, ადამიანთა შვილებისათვის, თუ იქნება ისე, რომ გამოავლენენ მისადმი რწმენას? ამიტომაც, მოდით ვიყოთ მისი ერთგულნი.

13 და თუ იქნება ისე, რომ ჩვენ ვიქნებით მისი ერთგულნი, მივიღებთ აღთქმულ მიწას; და ოდესმე მომავალში თქვენ გაიგებთ, რომ აღსრულდება უფლის სიტყვა იერუსალიმის განადგურების შესახებ; ვინაიდან რაც კი უფალმა თქვა იერუსალიმის განადგურებაზე, უნდა აღსრულდეს.

14 რადგან, აჰა, უფლის სული მალე აღარ იმოქმედებს მასზე, რადგან, აჰა, მათ უარყვეს წინასწარმეტყველები და იერემიაც ჩააგდეს საპყრობილეში და ცდილობდნენ მამაჩემისთვისაც მოესწრაფათ სიცოცხლე, ასე რომ მათ გააძევეს იგი იმ მიწიდან.

15 ახლა, აჰა, გეუბნებით, რომ თუ დაბრუნდებით იერუსალიმში, თქვენც მასთან ერთად დაიღუპებით. და ახლა, თუ ასე აირჩევთ, წადით იმ მიწაზე და დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები, რომლებსაც გეუბნებით, რომ თუ წახვალთ, თქვენც ასევე დაიღუპებით, რადგან აი ასე მაიძულებს უფლის სული, რომ უნდა ვილაპარაკო.

16 და იყო ასე, რომ როდესაც მე, ნეფიმ, ვუთხარი ეს სიტყვები ჩემს ძმებს, ისინი გაბრაზდნენ ჩემზე. და იყო ასე, მათ აღმართეს ჩემზე ხელი, რადგან, აჰა, ისინი იყვნენ ძალზედ განრისხებულნი და შემბოჭეს თოკებით, რადგან ცდილობდნენ ჩემი სიცოცხლის მოსწრაფებას, რათა შეძლებოდათ ჩემი დატოვება უდაბნოში გარეული მხეცებისათვის დასაგლეჯად.

17 მაგრამ, იყო ისე, რომ ვილოცე უფლისადმი სიტყვებით: უფალო, შენდამი ჩემი რწმენის შესაბამისად, გამომიხსენი ჩემი ძმების ხელიდან, დიახ, ძალა მომეცი, რომ გავწყვიტო ეს თოკები, რომლებითაც ვარ შებოჭილი.

18 და იყო ასე, რომ როდესაც ვთქვი ეს სიტყვები, აჰა, თოკები მომეშვა ხელფეხიდან და დავდექი ჩემი ძმების წინაშე და კვლავ მივმართე მათ.

19 და იყო ასე, რომ ისინი კვლავ გაბრაზდნენ ჩემზე და ეცადნენ ხელი აღემართათ ჩემზე, მაგრამ, აჰა, ისმაელის ერთ-ერთი ქალიშვილი, დიახ, ასევე დედამისი და ისმაელის ერთ-ერთი შვილი ისე შეეხვეწნენ ჩემს ძმებს, რომ მოულბეს მათ გული და მათ შეწყვიტეს მცდელობა ჩემი სიცოცხლის მოსასწრაფად.

20 და იყო ასე, რომ ისინი დაღონდნენ თავიანთი სიბოროტის გამო ისე, რომ მუხლი მოიყარეს ჩემ წინაშე და შემეხვეწნენ მეპატიებინა მათთვის ის, რაც გააკეთეს ჩემს წინააღმდეგ.

21 და იყო ასე, რომ გულწრფელად ვაპატიე მათ ყველაფერი, რაც კი გააკეთეს და მოვუწოდე ელოცათ შეწყალებისთვის უფლისადმი, თავიანთი ღვთისადმი; და იყო ასე, რომ ასეც მოიქცნენ. და მას შემდეგ, რაც მათ ილოცეს უფლისადმი, ჩვენ კვლავ გავემგზავრეთ მამაჩვენის კარავისაკენ.

22 და იყო ასე, რომ ჩვენ ჩავედით მამაჩვენის კარავთან. და მას შემდეგ, რაც მე და ჩემი ძმები და ისმაელის მთელი ოჯახი მივედით მამაჩემის კარავთან, მათ მიაგეს უფალს, თავიანთ ღმერთს, სამადლობელი და შეწირეს მას მსხვერპლშესაწირი და სრულიად დასაწველი.