წმინდა წერილი
1 ნეფი 16


თავი 16

ბოროტნი მძიმედ იტანენ ჭეშმარიტებას. ლეხის შვილები ცოლად ირთავენ ისმაელის ქალიშვილებს. ლიახონა გზას უჩვენებს უდაბნოში. დროდადრო ლიახონაზე ჩნდება წარწერები უფლის მითითებებით. კვდება ისმაელი; მისი ოჯახი ბუზღუნებს გაჭირვების გამო. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მე, ნეფიმ, დავამთავრე ჩემს ძმებთან ლაპარაკი, აჰა, მათ მითხრეს: შენ იმაზე მეტად მძიმე სიტყვები გვითხარი, იმაზე მეტად მძიმე, რისი ატანაც ჩვენ შეგვიძლია.

2 და იყო ასე, რომ მე ვუთხარი მათ: ვიცი, რომ გითხარით მძიმე სიტყვები ბოროტთა წინააღმდეგ, ჭეშმარიტების თანახმად; და მე გავამართლე მართალნი და ვმოწმობდი, რომ უკანასკნელ დღეს ისინი ამაღლდებიან, ამიტომაც დამნაშავენი მძიმედ იტანენ ჭეშმარიტებას, რადგან ის პირდაპირ გულზე ხვდებათ.

3 და ახლა, ჩემო ძმებო, თქვენ რომ იყოთ მართალნი და მზად იყოთ დაუგდოთ ყური ჭეშმარიტებას და შეიგნოთ ის, რომ იყოთ ღმერთის წინაშე უბიწოდ მავალნი, მაშინ არ იბუზღუნებდით ჭეშმარიტების გამო და არ იტყოდით: შენ ამბობ მძიმე სიტყვებს ჩვენ წინააღმდეგ.

4 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, მთელი სიბეჯითით მოვუწოდებდი მათ, დაეცვათ უფლის მცნებები.

5 და იყო ასე, რომ მათ თავი დაიმდაბლეს უფლის წინაშე იმდენად, რომ მე გამეხარდა და მომეცა დიდი იმედი მათზე, რომ ივლიდნენ სამართლიანობის ბილიკზე.

6 ახლა, ყველაფერი ეს ითქვა და გაკეთდა მაშინ, როდესაც მამაჩემი იმყოფებოდა კარავში ველზე, რომელსაც მან სახელად ლემუელი დაარქვა.

7 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ცოლად შევირთე ისმაელის ერთ-ერთი ქალიშვილი; და ასევე ჩემმა ძმებმაც ცოლად შეირთეს ისმაელის ქალიშვილები; და ზორამმაც შეირთო ისმაელის უფროსი ქალიშვილი ცოლად.

8 და ასეთნაირად შეასრულა მამაჩემმა უფლის ყოველი ბრძანება, რომელიც მას ჰქონდა მიღებული. ასევე მე, ნეფიც, განსაკუთრებულად კურთხეული ვიყავი უფლისაგან.

9 და იყო ასე, რომ უფლის ხმამ მიმართა მამაჩემს ღამე და უბრძანა, რომ მომდევნო დღეს გამგზავრებულიყო უდაბნოში.

10 და იყო ასე, რომ როდესაც მამაჩემი დილით წამოდგა და გაემართა კარვის გასასვლელისკენ, მისდა გასაოცრად, მიწაზე იპოვა ბირთვი, ნატიფი ნაკეთობის; და ის სუფთა სპილენძის იყო; და შიგ ბირთვში იყო ორი ისარი: ერთი მიუთითებდა გეზს, საითაც უდაბნოში უნდა გვევლო.

11 და იყო ასე, რომ მოვაგროვეთ ერთად ყველაფერი, რაც უნდა წაგვეღო უდაბნოში და ყველაფერი, რაც დარჩა ჩვენი სურსათ-სანოვაგისგან, რომელიც გვიბოძა უფალმა და ავიღეთ ყველანაირი თესლი, რათა წაგვეღო უდაბნოში.

12 და იყო ასე, რომ ჩვენ ავიღეთ კარვები და წავედით უდაბნოში, მდინარე ლამანის გაღმა.

13 და იყო ასე, რომ ვიმოგზაურეთ ოთხი დღის განმავლობაში, დაახლოებით სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და კვლავ გავშალეთ კარვები და ამ ადგილს დავარქვით სახელად შაზერი.

14 და იყო ასე, რომ ავიღეთ მშვილდ-ისრები და წავედით უდაბნოში, რათა მოგვენადირებინა ჩვენი ოჯახებისათვის საჭმელი; და მას შემდეგ, რაც მოვინადირეთ საჭმელი ოჯახებისათვის, კვლავ დავუბრუნდით ოჯახებს უდაბნოში, შაზერის ადგილს. და გავუდექით გზას უდაბნოში და მივუყვებოდით იგივე მიმართულებით, უდაბნოს ყველაზე ნაყოფიერ ადგილებს, წითელი ზღვის სანაპიროს საზღვრებთან.

15 და იყო ასე, რომ ჩვენ ვმოგზაურობდით მრავალი დღის განმავლობაში, გზადაგზა ნადირობით ვშოულობდით საჭმელს მშვილდებითა და ისრებით, ქვებითა და შურდულებით.

16 და მივყვებოდით ბირთვზე ნაჩვენებ მიმართულებას, რომელსაც მივყავდით უდაბნოს უფრო ნაყოფიერი ადგილებისკენ.

17 და მას შემდეგ, რაც მრავალი დღე ვიმოგზაურეთ, გავშალეთ კარვები, რათა ცოტა ხნით კვლავ დაგვესვენა და მოგვეპოვებინა საჭმელი ჩვენი ოჯახებისათვის.

18 და იყო ასე, რომ მაშინ, როდესაც მე, ნეფი, წავედი საჭმლის მოსანადირებლად, აჰა, გამიტყდა მშვილდი, რომელიც გაკეთებული იყო სუფთა ფოლადისაგან; და მას შემდეგ, რაც მშვილდი გამიტყდა, აჰა, ჩემი ძმები გაბრაზდნენ ჩემზე მშვილდის დაკარგვის გამო, რადგან ვერ მოვიპოვეთ საჭმელი.

19 და იყო ასე, რომ დავუბრუნდით ოჯახებს საჭმლის გარეშე და იყვნენ რა ძალზედ დაქანცულნი მოგზაურობის გამო, ისინი მეტად იტანჯებოდნენ საჭმლის უკმარისობისაგან.

20 და იყო ასე, რომ ლამანმა და ლემუელმა და ისმაელის ვაჟიშვილებმა დაიწყეს მეტისმეტად ბუზღუნი მათი უდაბნოში ტანჯვისა და გაჭირვების გამო; და ასევე მამაჩემმაც დაიწყო ბუზღუნი უფალზე, თავის ღმერთზე; დიახ, ყოველი მათგანი ძალზედ დაღონდა, ისე, რომ უფალზეც ბუზღუნებდნენ.

21 ახლა, იყო ასე, რომ მე, ნეფი, იმის გამო, რომ ვიტანჯებოდი ჩემს ძმებთან მშვილდის დაკარგვის გამო და რადგან მათმა მშვილდებმა დაკარგეს დრეკადობა, ძალზედ გაგვიჭირდა, დიახ, ისე, რომ ვეღარ ვშოულობდით საჭმელს.

22 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, ბევრს ვესაუბრებოდი ჩემს ძმებს, ვინაიდან მათ კვლავ გაუქვავდათ გული, იქამდეც, რომ უფალზე, თავიანთ ღმერთზეც კი ჩიოდნენ.

23 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ხისგან გავაკეთე მშვილდი და სწორი ჯოხისგან ისარი; ასე რომ, შევიარაღდი მშვილდით და ისრით, შურდულითა და ქვებით. და მე ვუთხარი მამაჩემს: საით წავიდე, რომ ვიშოვო საჭმელი?

24 და იყო ასე, რომ მან ჰკითხა უფალს, რადგან მათ თავი დაიმდაბლეს ჩემი სიტყვების გამო; რამეთუ ბევრი რამ ვუთხარი, მთელი ჩემი სულის ძალღონით.

25 და იყო ასე, რომ უფლის ხმამ მიმართა მამაჩემს; და ის განკიცხულ იქნა ნამდვილად, უფლის წინააღმდეგ ბუზღუნისათვის, იმდენად, რომ ის ღრმა მწუხარებამ მოიცვა.

26 და იყო ასე, რომ უფლის ხმამ მას უთხრა: შეხედე ბირთვს და ნახე, რა აწერია.

27 და იყო ასე, როდესაც მამაჩემმა დაინახა ის, რაც ეწერა ბირთვზე, მას ძალზედ შეეშინდა და ძლიერ აკანკალდა, ასევე ჩემი ძმებიც, ისმაელის ვაჟიშვილებიც და ჩვენი ცოლებიც.

28 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, დავინახე ისრები, რომლებიც ბირთვში იყო; და ისინი იმის შესაბამისად მოქმედებდნენ, თუ რამდენ რწმენას, სიბეჯითეს და ყურადღებას ვუთმობდით მათ.

29 და მათზე დაიწერა ახალი წარწერა, რაც ნათლად იკითხებოდა და გვაძლევდა წარმოდგენას უფლის გზებზე; და ის დროდადრო იწერებოდა და იცვლებოდა ჩვენი რწმენის და სიბეჯითის შესაბამისად, რომელსაც მას ვუთმობდით. და ამგვარად ვხედავთ, რომ მცირე შესაძლებლობებით უფალს შეუძლია განახორციელოს დიდი საქმენი.

30 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, ავედი მთის მწვერვალზე იმ მიმართულების მიხედვით, რომელიც ბირთვზე იყო ნაჩვენები.

31 და იყო ასე, რომ დავხოცე გარეული ცხოველები; ასე მოვიპოვე საჭმელი ჩვენი ოჯახებისათვის.

32 და იყო ასე, რომ დავბრუნდი ჩვენს კარვებთან, თან მომქონდა დახოცილი ცხოველები და როდესაც დაინახეს, რომ მოვიპოვე საჭმელი, რაოდენ დიდი იყო მათი სიხარული! და იყო ასე, რომ მათ თავი დაიმდაბლეს უფლის წინაშე და მიაგეს სამადლობელი.

33 და იყო ასე, რომ კვლავ გავემგზავრეთ თითქმის იგივე მიმართულებით, როგორც დასაწყისში; და მრავალი დღის მოგზაურობის შემდეგ ჩვენ კვლავ გავშალეთ კარვები, რათა გავჩერებულიყავით გარკვეული დროით.

34 და იყო ასე, რომ ისმაელი მოკვდა და ადგილს, სადაც ის დაიმარხა, ეწოდა ნაჰომი.

35 და იყო ასე, რომ ისმაელის ქალიშვილები ძალზედ გლოვობდნენ თავიანთი მამის გარდაცვალებას და ასევე უდაბნოში გაჭირვების გამო; და ისინი ბუზღუნებდნენ მამაჩემზე, რადგან მან გამოიყვანა ისინი იერუსალიმის მიწიდან, სიტყვებით: მამაჩვენი მკვდარია; დიახ, ჩვენ ბევრი ვიხეტიალეთ უდაბნოში და გადავიტანეთ მრავალი გაჭირვება, შიმშილი, წყურვილი და დაქანცულობა; და ყველა ამ ტანჯვის შემდეგ უდაბნოში შიმშილით უნდა დავიღუპოთ.

36 და ასე ბუზღუნებდნენ ისინი მამაჩემსა და ჩემ წინააღმდეგ; და ისინი ნატრობდნენ უკან, იერუსალიმში დაბრუნებას.

37 და ლამანმა უთხრა ლემუელს და ასევე ისმაელის ვაჟიშვილებს: აჰა, მოდით მოვკლათ მამაჩვენი და ასევე ჩვენი ძმა, ნეფიც, რომელმაც თავის თავზე აიღო ჩვენზედ ხელმძღვანელობა და მასწავლებლობა, თავის უფროს ძმებზე.

38 ახლა ის ამბობს, რომ უფალი დაელაპარაკა მას და ანგელოზებიც ემსახურებოდნენ. მაგრამ, აჰა, ვიცით, რომ ის ჩვენ გვატყუებს; და გვიყვება ამას და აკეთებს ბევრ რამეს მზაკვრული ხელოვნებით, რათა შეძლოს ჩვენი თვალის ახვევა, ალბათ ფიქრობს, რომ შეძლებს ჩვენს წაყვანას სადმე უცხო უდაბნოში; და მას შემდეგ, რაც წაგვიყვანს, ჩაფიქრებული აქვს, თვითონ გახდეს ჩვენი მეფე და მმართველი, რათა მოგვექცეს საკუთარი სურვილისა და სიამოვნების თანახმად. და ამგვარად, ჩემი ძმა, ლამანი, აღვივებდა მათ გულებში წყრომას.

39 და იყო ასე, რომ უფალი ჩვენთან იყო, დიახ, უფლის ხმა გაისმა და უთხრა მათ მრავალი სიტყვა და ძლიერ განკიცხა ისინი და მას შემდეგ, რაც უფლის ხმით განკიცხულ იქნენ, მათ შეწყვიტეს გულისწყრომა და მოინანიეს თავიანთი ცოდვები იმდენად, რომ უფალმა კვლავ დაგვლოცა საჭმლით, ამდენად არ დავიღუპეთ.