წმინდა წერილი
1 ნეფი 20


თავი 20

უფალი თავის მიზნებს უცხადებს ისრაელს. ისრაელი გამოსცადეს წამების ბრძმედში და უნდა წამოვიდეს ბაბილონიდან. შეადარეთ ესაია 48. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ყური დაუგდე და მოისმინე ეს, იაკობის სახლო, რომელსაც ეწოდება ისრაელის სახლი და გამოვიდა იუდას წყლებიდან ანუ ნათლობის წყლებიდან, რომელიც იფიცებს უფლის სახელს და მოიხსენიებს ისრაელის ღმერთს, თუმცა არ იფიცებს არც გულწრფელად და არც სამართლიანად.

2 მიუხედავად ამისა, ისინი საკუთარ თავს უწოდებენ წმინდა ქალაქის ხალხს, მაგრამ არ ეყრდნობიან ისრაელის ღმერთს, რომელიც არის ცაბაოთ უფალი; დიახ, ცაბაოთ უფალი არის მისი სახელი.

3 აჰა, მე თავიდან ვაუწყე წარსულ ამბებზე; და ეს გამოდიოდა ჩემი პირიდან და მე გამოუვლინე მათ. მოულოდნელად გამოუვლინე.

4 და მე ეს მოვიმოქმედე, რადგან ვიცოდი, რომ ხარ ჯიუტი და შენი კისერია რკინის მყესი და შუბლი – სპილენძი.

5 და დასაბამიდანვე გამოგიცხადე; სანამ მოხდებოდა ეს დაგანახე; და დაგანახე იმის შიშით, რომ არ გეთქვა: ჩემმა კერპმა ქნა ეს და ჩემმა ქანდაკებამ და ჩემმა ჩამოსხმულმა კერპმა ასე ბრძანა.

6 შენ დაინახე და მოისმინე ყოველივე ეს; და ნუთუ არ გამოაცხადებ? და ამიერიდან დაგანახე ახალი, დაფარულიც, რაც არ იცოდი.

7 ეს ახლად შექმნილია და არა დასაბამიდან და გამოგეცხადა იმ დღეზე ადრე, სანამ გაიგებდი მის შესახებ, რომ არ გეთქვა: აჰა, მე ეს ვიცოდი.

8 დიახ, შენ არ გქონდა გაგებული; დიახ, შენ არ იცოდი; დიახ, იმ დროს ყური არ გქონდა გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ძალზედ მზაკვრულად მოიქცეოდი და საშოდანვე დაგერქვა ცოდვილი.

9 მიუხედავად ამისა, ჩემი სახელისათვის მე შევაკავებ ჩემს რისხვას და ჩემი დიდებისათვის თავს შევიკავებ შენს მიმართ, რათა არ მოგკვეთო.

10 რადგან, აჰა, მე გამოგადნე, გამოგცადე წამების ბრძმედში.

11 ჩემთვის, დიახ, ჩემი გულისთვის, გავაკეთებ ამას, რადგან არ დავუშვებ, რომ ჩემი სახელი იქნას წაბილწული და არ დავუთმობ სხვას ჩემს დიდებას.

12 დამიგდე ყური, იაკობო და ისრაელო, ჩემ მიერ მოწოდებულო, რადგან მე ვარ იგივე; მე ვარ პირველიც და უკანასკნელიც.

13 ჩემი ხელია ასევე მიწის ჩამოყალიბებაში და მარჯვენამ შეკრა ზეცა, მივმართავ მათ და დადგებიან ერთად.

14 ყველანი შეიკრიბეთ და მოისმინეთ; მათ შორის ეს ვინ გამოუცხადა მათ? უფალმა შეიყვარა იგი; დიახ, ის შეასრულებს თავის სიტყვას, რომელიც გამოაცხადა მათი შემწეობით; და ის აღასრულებს თავის ნებას ბაბილონზე; და მისი ხელი აღიმართება ქალდეველებზე.

15 ასევე ამბობს უფალი: მე, უფალმა, დიახ, მე ვთქვი; დიახ, მე მოვუწოდე მას გამოაცხადოს, მე მოვიყვანე იგი და ის წარმატებისკენ გაიკვლევს გზას.

16 მოდით, მომიახლოვდით; მე არ ვლაპარაკობდი საიდუმლოდ; დასაბამიდანვე, იმ დროიდან, როდესაც ეს იყო გამოცხადებული, ვლაპარაკობდი; და უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა გამომაგზავნეს.

17 და ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი, ისრაელის წმინდა: მე გამოვაგზავნე იგი, უფალმა, ღმერთმა შენმა, რომელიც გასწავლის სასარგებლოს, რომელსაც მიჰყავხარ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო, მოვახდინე ეს.

18 შენ რომ ყური დაგეგდო ჩემი მცნებებისთვის, შენი მშვიდობა იქნებოდა მდინარესავით და შენი სიმართლე იქნებოდა, როგორც ზღვის ტალღები.

19 ასევე შენი შთამომავლობა იქნებოდა, როგორც ქვიშა, წიაღის ნაყოფი – როგორც მისი მარცვლები; სახელი მისი არ იქნებოდა არც მოკვეთილი და არც განადგურებული ჩემ წინაშე.

20 გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, სიმღერით აუწყეთ და მოყევით ეს, ილაპარაკეთ ამაზე, დედამიწის კიდემდე თქვით: უფალმა გამოისყიდა თავისი მსახური იაკობი.

21 და მათ არ სწყუროდათ; მას ისინი მიჰყავდა უდაბნოში; მათთვის მან კლდიდან წყალი ადინა; გააპო კლდე და წყალმა გადმოჩქეფა.

22 და მიუხედავად იმისა, რომ მან ყოველივე ეს გააკეთა და ამაზე უფრო მეტიც, არ არის მშვიდობა ბოროტთათვის, ამბობს უფალი.