წმინდა წერილი
1 ნეფი 17


თავი 17

უფალი უბრძანებს ნეფის გემის აშენებას. მას ძმები ეწინააღმდეგებიან. ის ამხნევებს მათ ღვთისა და ისრაელის ურთიერთობის ისტორიის მოთხრობით. ნეფი აღსავსეა ღვთის ძალით. მის ძმებს ეკრძალებათ მასზედ ხელის შეხება, რათა არ დაჭკნენ ხმელი ლერწამივით. დაახლოებით 592–591 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ კვლავ გავემგზავრეთ უდაბნოში; და იმ დროიდან ვმოგზაურობდით დაახლოებით აღმოსავლეთის მიმართულებით. და ვმოგზაურობდით და მრავალ გაჭირვებას ვიტანდით უდაბნოში; და ჩვენი ქალები აჩენდნენ შვილებს უდაბნოში.

2 და იმდენად დიდი იყო უფლის კურთხევა ჩვენზე, რომ იმ დროს, როდესაც უდაბნოში უმი ხორცით ვარსებობდით, ჩვენს ქალებს საკმარისი რძე ჰქონდათ შვილებისთვის და ისინი იყვნენ ძლიერნი, დიახ, ისეთნი, როგორც კაცები; და უკვე ბუზღუნის გარეშე იტანდნენ მოგზაურობას.

3 და ამგვარად ვხედავთ, რომ ღვთის ბრძანებები უნდა სრულდებოდეს. და თუ ისე იქნება, რომ ადამიანთა შვილები დაიცავენ ღვთის მცნებებს, ის ასაზრდოებს მათ, გააძლიერებს და მისცემს შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ იმის შესრულებას, რაც მათ უბრძანეს; ამიტომაც, ის გვაძლევდა შესაძლებლობებს ჩვენი უდაბნოში ყოფნის დროს.

4 და ვცხოვრობდით უდაბნოში მრავალი წლის განმავლობაში, დიახ, რვა წელი გავატარეთ უდაბნოში.

5 და მივედით მიწაზე, რომელსაც დავარქვით ბარაქიანი, ხილისა და გარეული თაფლის სიუხვის გამო; და ყველაფერი ეს მომზადებული იყო უფლის მიერ, რათა არ დავღუპულიყავით. და დავინახეთ ზღვა, რომელსაც დავარქვით ირეანთუმი, რაც ნიშნავს მრავალ წყალს.

6 და იყო ასე, რომ გავშალეთ კარვები ზღვისპირას; და მიუხედავად იმისა, რომ გადავიტანეთ მრავალი გაჭირვება და მრავალი სიძნელე, დიახ, იმდენი, რომ ვერც კი აღვწერთ ყველას, ძალიან გაგვიხარდა, როდესაც მივედით ზღვისპირას; და ამ ადგილს დავარქვით ბარაქიანი, ხილით სიუხვის გამო.

7 და იყო ასე, რომ მე, ნეფის, მას შემდეგ, რაც ბარაქიანის მიწაზე გავატარე მრავალი დღე, უფლის ხმამ მომმართა სიტყვებით: ადექი და ადი მთაზე. და იყო ასე, რომ ავდექი და ავედი მთაზე და უფალს შევღაღადე.

8 და იყო ასე, რომ უფალმა მომმართა სიტყვებით: ააშენე ისეთი გემი, როგორსაც მე გაჩვენებ, რათა შევძლო შენი ხალხის ამ წყლებზედ გადაყვანა.

9 და მე ვთქვი: უფალო, სად წავიდე მადნის საშოვნელად, რომ გადავადნო და დავამზადო სამუშაო იარაღები ისეთი გემის ასაშენებლად, როგორიც შენ მაჩვენე?

10 და იყო ასე, რომ უფალმა მითხრა, სად უნდა წავსულიყავი, რომ მეპოვნა მადანი იარაღების დასამზადებლად.

11 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, გავაკეთე ცხოველების ტყავისგან საბერველი ცეცხლის გასაღვივებლად; და მას შემდეგ, რაც გავაკეთე საბერველი, რათა გამეღვივებინა ცეცხლი, ორი ქვა გავკარი ერთმანეთს ცეცხლის ასანთებად.

12 რადგან უფალი ამ დრომდე უდაბნოში მოგზაურობის ჟამს არ გვაძლევდა იმის ნებას, რომ ხშირად დაგვენთო ცეცხლი; რადგან მან თქვა: მე დავატკბობ თქვენს საჭმელს, რომ არ მოგიწიოთ მისი მზადება;

13 და მე ასევე ვიქნები თქვენი ნათელი უდაბნოში; და მოგიმზადებთ გზას, თუ იქნება ისე, რომ დაიცავთ ჩემს მცნებებს; ამიტომაც, როგორც დაიცავთ ჩემს მცნებებს, ისე მიგიყვანთ აღთქმულ მიწამდე; და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ თქვენი წინამძღოლი.

14 დიახ, უფალმა ასევე თქვა: მას შემდეგ, რაც მოხვალთ აღთქმულ მიწაზე, თქვენ შეიცნობთ, რომ მე, უფალი, ვარ ღმერთი; და რომ მე, უფალმა, გიხსენით განადგურებისაგან; დიახ, მე გამოგიყვანეთ იერუსალიმის მიწიდან.

15 ამიტომაც, მე, ნეფი, ვიღწვოდი დამეცვა უფლის მცნებები და მოვუწოდებდი ჩემს ძმებს ერთგულებისა და სიბეჯითისაკენ.

16 და იყო ასე, რომ მე დავამზადე იარაღები მადნისაგან, რომელიც გამოვადნე კლდიდან.

17 და როდესაც ჩემმა ძმებმა დაინახეს, რომ ვაპირებდი გემის აშენებას, მათ დაიწყეს ჩემზე ბუზღუნი სიტყვებით: ჩვენი ძმა არის უგუნური, რადგან ჰგონია, რომ შეუძლია გემის აშენება; დიახ, მას ასევე ჰგონია, რომ შეუძლია ამ დიდი წყლის გადაკვეთა.

18 და ამგვარად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ჩემ მიმართ ჩემი ძმები და არ სურდათ მუშაობა, რადგან არ სწამდათ, რომ შევძლებდი გემის აშენებას; ასევე არ სწამდათ იმისაც, რომ უფალი მასწავლიდა.

19 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, ძალზედ დავღონდი მათი გულქვაობის გამო; და ახლა, როდესაც მათ დაინახეს, რომ დავღონდი, გაიხარეს გულით, იმდენად, რომ დამცინოდნენ სიტყვებით: ვიცოდით, რომ შენ ვერ შეძლებდი გემის აშენებას, რადგან ვიცოდით, რომ არ გაქვს სათანადო ცოდნა, ამგვარად, ვერ შეძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას.

20 და შენ ისეთივე ხარ, როგორც მამაჩვენი, გულის უგუნური წარმოსახვებით გატაცებული; დიახ, მან გამოგვიყვანა იერუსალიმის მიწიდან და ამ მრავალი წლის განმავლობაში დავეხეტებოდით უდაბნოში; და ჩვენი ქალები შრომობდნენ ორსულობის ბოლო თვეებშიც; და მათ გააჩინეს შვილები უდაბნოში და იტანჯებოდნენ ყველაფრით, გარდა სიკვდილისა; და იქნებოდა უკეთესი, რომ ამდენი გაჭირვების ნაცვლად დახოცილიყვნენ, სანამ იერუსალიმიდან წამოვიდოდნენ.

21 აჰა, მრავალი წლის მანძილზე ვიტანჯებოდით უდაბნოში, მაშინ, როდესაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით ჩვენი ქონებით და ჩვენი მემკვიდრეობის მიწით; დიახ, შეგვეძლო ვყოფილიყავით ბედნიერნი.

22 და ვიცით, რომ ხალხი, რომელიც იყო იერუსალიმის მიწაზე, იყო მართალი ხალხი, რადგან იცავდა უფლის წესებსა და სამართალს და ყველა მის მცნებას მოსეს რჯულის მიხედვით; ამიტომ, ვიცით, რომ ის ხალხი არის მართალი; და მამაჩვენმა განსაჯა ისინი და წაგვიყვანა, რადგან ყური დავუგდეთ მის სიტყვებს; დიახ, ჩვენი ძმაც მას ჰგავს. ასეთი სიტყვებით ბუზღუნებდნენ და ჩიოდნენ ჩემი ძმები ჩვენ წინააღმდეგ.

23 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, მივმართე მათ სიტყვებით: ნუთუ გწამთ, რომ ჩვენი მამები, რომლებიც იყვნენ ისრაელის შვილები, იქნებოდნენ ეგვიპტელთა ხელიდან გამოყვანილნი, რომ არ დაეგდოთ ყური უფლის სიტყვებისთვის?

24 დიახ, ნუთუ გგონიათ, რომ ისინი გამოყვანილ იქნებოდნენ მონობიდან, რომ არ ებრძანებინა უფალს მოსესთვის მათი მონობიდან გამოყვანა?

25 ახლა თქვენ იცით, რომ ისრაელის შვილები იყვნენ მონობაში; და იცით, რომ დატვირთულნი იყვნენ სამუშაოებით, რომლებიც მათთვის მძიმე ასატანი იყო; ამიტომაც, თქვენ იცით, რომ მათივე სიკეთისათვის საჭირო იყო მათი მონობიდან გამოყვანა.

26 ახლა თქვენ იცით, რომ მოსემ უფლისგან მიიღო ბრძანება, გაეკეთებინა ეს დიდი საქმე; და თქვენ იცით, რომ მისი სიტყვის თქმით წითელი ზღვის წყლები გაიყო აქეთ და იქეთ და მათ გაიარეს მშრალ მიწაზე.

27 მაგრამ თქვენ იცით, რომ ეგვიპტელები, რომელნიც იყვნენ ფარაონის ჯარში, წითელ ზღვაში დაინთქნენ.

28 და თქვენ ასევე იცით, რომ ისინი უდაბნოში მანანით იკვებებოდნენ.

29 დიახ, თქვენ ასევე იცით, რომ მოსემ თავის სიტყვით, ღვთის ძალის შემწეობით, რომელიც მასში იყო, კლდეს დაჰკრა და იქიდან წყალი გადმოვიდა, რათა ისრაელის შვილებს წყურვილი მოეკლათ.

30 და მიუხედავად იმისა, რომ უფალი, მათი ღმერთი, მათი გამომსყიდველი, მიდიოდა მათ წინ, მიუძღვოდა დღისით და უნათებდა ღამით და მათთვის აკეთებდა ყველაფერს, რაც ადამიანისთვის სასიკეთოა, მათ გაიქვავეს გული და დაიბნელეს გონება და მოსეს, ასევე ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთსაც, ლანძღავდნენ.

31 და იყო ასე, რომ თავის სიტყვისამებრ, ის ანადგურებდა მათ; და თავის სიტყვისამებრ მიუძღვოდა მათ; და თავის სიტყვისამებრ ყველაფერს აკეთებდა მათთვის; და არაფერი არ ხდებოდა მისი სიტყვის გარეშე.

32 და მას შემდეგ, რაც მათ გადაკვეთეს მდინარე იორდანე, მან ისინი გააძლიერა იმდენად, რომ გააძევა იმ მიწის შვილები, დიახ, იმდენად, რომ ისინი გაფანტეს და გაანადგურეს.

33 და ახლა, ნუთუ გგონიათ, რომ ამ მიწის შვილები, რომლებიც იყვნენ აღთქმულ მიწაზე, რომლებიც გაძევებულ იქნენ ჩვენი მამების მიერ, ნუთუ გგონიათ, რომ იყვნენ მართალნი? აჰა, მე თქვენ გეუბნებით: არა.

34 ნუთუ გგონიათ, რომ ჩვენი მამები იქნებოდნენ მათზე უფრო რჩეულნი, მართალნი რომ ყოფილიყვნენ? მე გეუბნებით: არა.

35 აჰა, უფალი ყველა ხორციელს ერთნაირად უყურებს; მას, ვინც მართალია, ღმერთი წყალობს. მაგრამ, აჰა, ამ ხალხმა უარყო ღვთის ყოველი სიტყვა და მომწიფდა ურჯულოებაში; და მოვიდა მათზედ ღვთის რისხვა სისავსით და უფალმა დაწყევლა მათთვის მიწა და აკურთხა ის ჩვენი მამებისათვის; დიახ, მან დაწყევლა ის მათსავე გასანადგურებლად და აკურთხა ჩვენი მამებისათვის, რათა მოეპოვებინათ ძალაუფლება მასზედ.

36 აჰა, უფალმა შექმნა დედამიწა, რათა ის ყოფილიყო დასახლებული; და შექმნა მან თავისი შვილები, რათა მას დაეუფლონ.

37 და ის აღზრდის სამართლიან ერს და ანადგურებს ბოროტთა ერებს.

38 და მას მართალნი მიჰყავს ძვირფას მიწებზე და ანადგურებს ბოროტებს და მათ გამო წყევლის მათსავე მიწას.

39 იგი მაღლა ზეცაში მართავს, რადგან ის მისი ტახტია და ეს დედამიწა – მისი კვარცხლბეკი.

40 და მას უყვარს ისინი, ვისაც სურს, რომ იყოს მათი ღმერთი. აჰა, მან შეიყვარა ჩვენი მამები და დადო მათთან აღთქმები, დიახ, აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან; და მას ახსოვდა აღთქმები, რომლებიც ადრე დადო; ამიტომაც, მან გამოიყვანა ისინი ეგვიპტის მიწიდან.

41 და მან დასაჯა ისინი უდაბნოში თავისი კვერთხით, რადგან მათ თქვენსავით გაიქვავეს გული; და უფალმა დასაჯა ისინი ურჯულოების გამო. მან გაუგზავნა ცეცხლოვანი ფრთოსანი გველები; და მას შემდეგ, რაც მათ დაკბინეს ისინი, მან მოამზადა მათთვის განკურნების გზა; და მოქმედება, რომელიც მათ ამისათვის უნდა შეესრულებინათ, იყო შეხედვა; და ამ გზის სიმარტივის ან სიადვილის გამო მრავალნი დაიღუპნენ.

42 და ისინი დროდადრო იქვავებდნენ გულს და ლანძღავდნენ მოსეს და ასევე ღმერთს; მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, რომ მის უბადლო ძალას მიჰყავდა ისინი აღთქმულ მიწაზე.

43 და ახლა, ყოველივე ამის შემდეგ, დადგა ის დრო, როდესაც ისინი გაბოროტდნენ, დიახ, თითქმის მომწიფდნენ სიბოროტეში და ვფიქრობ, რომ ამ დღეს უკვე განადგურების პირას არიან მისულნი; მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად დადგება დღე, როდესაც ისინი განადგურდებიან, რამდენიმე გადარჩენილის გარდა, რომლებსაც წაიყვანენ ტყვეობაში.

44 ამიტომაც, უფალმა უბრძანა მამაჩემს წასულიყო უდაბნოში; და იუდეველებიც ცდილობდნენ მისი სიცოცხლის მოსწრაფებას; დიახ, და თქვენც ასევე ლამობდით მისი სიცოცხლის მოსწრაფებას; ამიტომაც, თქვენ ხართ მკვლელები თქვენს გულებში და თქვენც მათი მსგავსნი ხართ.

45 თქვენ მკვირცხლნი ხართ ურჯულოების ჩადენაში, მაგრამ ზანტნი უფლის, თქვენი ღმერთის, გახსენებაში. თქვენ იხილეთ ანგელოზი და იგი გესაუბრათ; დიახ, დროდადრო გესმოდათ მისი ხმა; და ის გესაუბრებოდათ წყნარი, ჩუმი ხმით, მაგრამ თქვენ გახდით უგრძნობნი და ვეღარ გრძნობდით მის სიტყვებს; ამიტომაც, ის მოგმართავდათ ვითარცა ჭექა-ქუხილის ხმით, რომლისგანაც მიწა ზანზარებდა ისე, თითქოს ლამობდა შუაზე გაპობას.

46 და თქვენც ასევე იცით, რომ მისი ყოვლადძლიერი სიტყვის ძალით მას შეუძლია დედამიწის განადგურება; დიახ, თქვენ იცით, რომ თავის სიტყვით მას შეუძლია გადაასწოროს უსწორმასწორო ადგილი; და სწორი ადგილები გაიპობა. და აბა როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთი გულქვები?

47 აჰა, სული ჩემი იხლიჩება ტანჯვისგან თქვენ გამო და გული მტკივა; და მეშინია, რომ საუკუნოდ არ გაგაძევოთ უფალმა. აჰა, სავსე ვარ ღვთის სულით იმდენად, რომ აღარ მაქვს ძალა სხეულში.

48 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ვთქვი ეს სიტყვები, ისინი ჩემზე გაბრაზდნენ და მოისურვეს ზღვის სიღრმეში ჩემი ჩაგდება; და როდესაც მომიახლოვდნენ, რომ ხელი აღემართათ ჩემზე, მე მივმართე მათ სიტყვებით: ყოვლადძლიერი ღვთის სახელით გიბრძანებთ, რომ ხელი არ დამაკაროთ, რადგან ისე ვარ ღვთის ძალით სავსე, რომ შთანთქავს ჩემს ხორცს; და ყოველი, ვინც ხელს დამაკარებს, დაჭკნება, გამხმარი ლერწამივით; და არარაობად იქცევა ღვთის ძალის წინაშე, რადგან ღმერთი დასჯის მას.

49 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ვუთხარი მათ, რომ მეტად აღარ იბუზღუნონ თავიანთი მამის წინააღმდეგ, ასევე მეტად აღარ აარიდონ თავი ჩემთან მუშაობას, რადგან გემის აშენება ღმერთმა მიბრძანა.

50 და მე ვუთხარი მათ: თუ ღმერთი მიბრძანებდა გამეკეთებინა ყველაფერი, მე შევძლებდი ყოველივე ამის გაკეთებას. თუ ის მიბრძანებს ვუთხრა ამ წყალს: მიწად იქეცი, ის იქცევა მიწად; და თუ ამას ვიტყვი, ეს ასეც იქნება.

51 და ახლა, თუ უფალს აქვს ასეთი დიდი ძალა და მოახდინა ამდენი სასწაული ადამიანთა შვილებს შორის, მაშინ რატომ ვერ მასწავლის გემის აშენებას?

52 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ვუთხარი მრავალი რამ ჩემს ძმებს ისე, რომ ისინი იყვნენ შერცხვენილნი და ვეღარ მედავებოდნენ, ჩემზე ვეღარ ბედავდნენ ხელის აღმართვას ან თითით შეხებას მრავალი დღის განმავლობაში. იმდენად ძლიერი იყო ღმერთის სული, რომ მათ ვერ გაბედეს ამის გაკეთება, რათა არ გამხმარიყვნენ ჩემ წინაშე; და ამგვარად იმოქმედა ამან მათზე.

53 და იყო ასე, რომ უფალმა მითხრა: კვლავ გაუწოდე ხელი შენს ძმებს და არ გახმებიან ისინი შენ წინაშე, თუმცა მე მათ შევძრავ, – ამბობს უფალი, და ამას გავაკეთებ, რათა მათ იცოდნენ, რომ ვარ უფალი, მათი ღმერთი.

54 და იყო ასე, რომ მე გავუწოდე ხელი ჩემს ძმებს და არ გახმნენ ისინი ჩემ წინაშე; არამედ უფალმა შეაზანზარა ისინი თავისი სიტყვის შესაბამისად, როგორც მან თქვა.

55 და ახლა მათ თქვეს: ნამდვილად ვიცით, რომ უფალი შენთან არის, რადგან ვიცით, რომ ეს არის უფლის ძალა, რომელმაც შეგვაზანზარა. და ისინი დაეცნენ ჩემ წინაშე და მზად იყვნენ თაყვანი ეცათ ჩემთვის, მაგრამ მე არ მივეცი ამის ნება და ვუთხარი: მე თქვენი ძმა ვარ, დიახ, თქვენი უმცროსი ძმა; ამიტომაც, თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და პატივი ეცით თქვენს მამას და დედას, რათა დღეგრძელნი იყოთ მიწაზე, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.