წმინდა წერილი
1 ნეფი 22


თავი 22

ისრაელი გაიფანტება მთელი დედამიწის ზედაპირზე. წარმართები აღზრდიან და გამოკვებავენ ისრაელს სახარებით უკანასკნელ დღეებში. ისრაელი შეიკრიბება და გადარჩება, ბოროტები ნამჯასავით დაიწვებიან. ეშმაკის სამეფო განადგურდება და სატანა შეიბოჭება. დაახლოებით 588–570 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მე, ნეფიმ, წავიკითხე ის, რაც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე, ჩემი ძმები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: რას ნიშნავს ის, რაც წაიკითხე? აჰა, უნდა გავიგოთ ეს იმის შესატყვისად, რაც არის სულიერი, რაც ახდება შესაბამისად სულისა და არა ხორციელის?

2 და მე, ნეფიმ, ვუთხარი მათ: აჰა, ეს წინასწარმეტყველს გამოეცხადა სულის ხმის მეშვეობით; ვინაიდან სულის მეშვეობით ეცხადებათ წინასწარმეტყველებს ყველაფერი, რაც მოუვათ ადამიანთა შვილებს ხორციელის შესაბამისად.

3 ამიტომ, ის, რაც წავიკითხე, ეხება როგორც ხორციელს, ასევე სულიერსაც; რადგან ჩანს, რომ ისრაელის სახლი, ადრე თუ გვიან, გაიფანტება მთელი დედამიწის ზედაპირზე და ყველა ერში.

4 და აჰა, ბევრნი არიან ისეთნი, რომლებსაც უკვე არ ცნობენ ისინი, ვინც იერუსალიმთან არიან. დიახ, ყველა ტომის დიდი ნაწილი უკვე წაყვანილია; და ისინი გაფანტულნი არიან აქეთ-იქით ზღვის კუნძულებზე; და სად არიან ისინი არცერთმა ჩვენთაგანმა არ იცის, მხოლოდ ვიცით, რომ ისინი წაიყვანეს.

5 და რადგან ისინი წაიყვანეს, ეს მათზე ნაწინასწარმეტყველები იყო და ასევე ყველაზე, რომლებიც მომავალში იქნებიან გაფანტულნი და შემუსრულნი ისრაელის წმინდის გამო; ვინაიდან მის წინააღმდეგ გაიქვავებენ ისინი გულებს; ამიტომ, იქნებიან გაფანტულნი ყველა ერს შორის და ყოველი ადამიანის მიერ შეძულებულნი.

6 მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ისინი წარმართთა მიერ აღიზრდებიან და უფალი ხელს აღაპყრობს წარმართებზე და აღმართავს მათ ვითარცა დროშას და მათ შვილებს ხელით ატარებენ და ასულებს ატარებენ მხრებზე, აჰა, ეს არის, რაც მოხსენიებულია, როგორც მიწიერი; რადგან ასეთია უფლის აღთქმები ჩვენს მამებთან; და ასეა ნათქვამი ჩვენზე მომავლის დღეებში და ასევე ყველა ჩვენს ძმაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან ისრაელის სახლს.

7 და ეს ნიშნავს, რომ მოვა დრო, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელის მთელი სახლი იქნება გაფანტული და შემუსრული, უფალი ღმერთი აღზრდის წარმართთა შორის ძლევამოსილ ერს, დიახ, ამ მიწის პირზე; და ჩვენი შთამომავლობა მათ მიერ იქნება გაფანტული.

8 და მას შემდეგ, რაც ჩვენი შთამომავლობა იქნება გაფანტული, უფალი ღმერთი მოახდენს საოცარ საქმეს წარმართთა შორის, რაც ძალზედ ძვირფასი იქნება ჩვენი შთამომავლობისათვის; ამიტომაც, ის შედარებულია მათი წარმართების მიერ გამოკვებას და მათ მიერ ხელით და მხრებზე ტარებას.

9 ის ასევე ძალზედ ძვირფასი იქნება წარმართთათვის; და არა მარტო წარმართთათვის, არამედ მთელი ისრაელის სახლისათვისაც, რომ ცნობილი იყოს ზეცის მამის აღთქმები აბრაამისადმი, სადაც ნათქვამია: შენს შთამომავლობაში იკურთხება დედამიწის ყველა ტომი.

10 და, ჩემო ძმებო, მინდა, იცოდეთ, რომ დედამიწის ყველა ტომი ვერ იკურთხება, თუ ის არ გაიშიშვლებს მკლავს ერების თვალწინ.

11 ამიტომ, უფალი ღმერთი მკლავს გაიშიშვლებს ყველა ერის თვალწინ, მისი აღთქმების და სახარების განხორციელებაში, მათთვის, ვინც ისრაელის სახლს მიეკუთვნება.

12 ამიტომ, ის კვლავ გამოიყვანს მათ ტყვეობიდან და ისინი ერთად შეიკრიბებიან თავიანთი მემკვიდრეობის მიწებზე; და გამოყვანილნი იქნებიან წყვდიადიდან და ბნელეთიდან; და ისინი შეიცნობენ, რომ უფალი არის მათი მხსნელი და გამომსყიდველი, ძლევამოსილი ისრაელისა.

13 და სისხლი იმ დიდი და ბილწი ეკლესიისა, რომელიც არის მთელი დედამიწის როსკიპი, მათსავე თავებზე გადაისხმება; რადგან ისინი იომებენ ერთმანეთში და მათ ხელში მყოფი მახვილი დაეცემა მათსავე თავებზე და დათვრებიან საკუთარი სისხლით.

14 და ყოველი ერი, რომელიც იომებს შენ წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, ერთმანეთს დაუპირისპირდება; და ჩავარდება იმავე ორმოში, რომელიც ამოთხარეს უფლის ხალხის დასატყვევებლად. და ყველა, ვინც იბრძვის სიონის წინააღმდეგ, იქნება განადგურებული და ის დიდი როსკიპი, რომელმაც გაამრუდა უფლის სწორი გზები, დიახ, ის დიდი და ბილწი ეკლესია, მტვერში ჩავარდება და დიდი იქნება მისი დაცემა.

15 რადგან, აჰა, ამბობს წინასწარმეტყველი, მალე დადგება დრო, როდესაც სატანას აღარ ექნება ძალა ადამიანთა შვილების გულებზე; რადგან მალე დადგება ის დღე, როდესაც ყველა ამპარტავანი და სიბოროტის ჩამდენი იქნება ნამჯასავით; და დადგება დღე, როდესაც ისინი უნდა დაიწვნენ.

16 რადგან მალე დადგება ის დრო, როდესაც ღვთის რისხვა სისავსით დაატყდება ადამიანთა ყველა შვილს; რადგან ის არ დაუშვებს, რომ ბოროტებმა გაანადგურონ მართალნი.

17 ამიტომ, ის დაიცავს მართლებს თავისი ძალით, თუნდაც იყოს ისე, რომ მისი რისხვა სისავსით გახდეს მოსასვლელი და მართალნი იყვნენ დაცულნი მათი მტრების ცეცხლით განადგურებითაც. ამიტომაც, მართლებს არ უნდა ეშინოდეთ; რადგან ამას ამბობს წინასწარმეტყველი: ისინი გადარჩებიან, თუნდაც ეს ცეცხლით აღსრულდეს.

18 აჰა, ჩემო ძმებო, მე გეუბნებით თქვენ, რომ ეს ყველაფერი მალე უნდა ახდეს; დიახ, ჭეშმარიტად, სისხლი, ცეცხლი და კვამლის ბურუსი უნდა მოვიდეს; და ეს უნდა მოხდეს ამ დედამიწის პირზე; და ეს მოევლინება ადამიანებს ხორციელის შესაბამისად, თუ იქნება ისე, რომ ისინი გაიქვავებენ გულს ისრაელის წმინდის წინააღმდეგ.

19 რადგან, აჰა, მართლები არ დაიღუპებიან, რადგან აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც მოკვეთილნი იქნებიან ყველანი, ვინც იბრძვიან სიონის წინააღმდეგ.

20 და უფალი აუცილებლად მოამზადებს გზას თავისი ხალხისათვის, მოსეს სიტყვების აღსასრულებლად, რომლებიც მან წარმოთქვა: უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემ მსგავსს წინასწარმეტყველს აღგიზრდით; მისი ყოველი ნათქვამი უნდა შეისმინოთ, რასაც გეტყვით და იქნება ასე, რომ ვინც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, იქნება ხალხისაგან მოკვეთილი.

21 და ახლა მე, ნეფი, თქვენ გიცხადებთ, რომ ეს წინასწარმეტყველი, რომელზედაც ილაპარაკა მოსემ, არის ისრაელის წმინდა; ამიტომ, ის მართლად აღასრულებს სამართალს.

22 და მართლებს არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ეს ისინი არიან, რომლებიც არ იქნებიან შემუსრულნი. თუმცა აშენდება ადამიანთა შვილებს შორის ეშმაკის სამეფო, რომელიც ჩამოყალიბდება მათ შორის, რომლებიც არიან ხორციელნი.

23 რადგან მალე დადგება დრო, როდესაც ყოველი ეკლესია, რომელიც ანგარებისთვის არის აშენებული და ყოველი ის, რომელიც აშენდა ხორციელზე ძალაუფლების მოსაპოვებლად და ისინი, რომლებიც აშენდა, რათა პატივსაცემნი იყვნენ ამა ქვეყნის თვალში და ისინი, რომლებსაც სურთ ხორციელი ვნება და მიწიერი კეთილდღეობა და ყველანაირი ურჯულოების ჩადენა; დიახ, საერთოდ ყველანი, რომლებიც მიეკუთვნებიან ეშმაკის სამეფოს, არიან ისინი, ვისაც უნდა ეშინოდეთ და კანკალებდნენ და თრთოდნენ; ესენი არიან, რომლებიც უნდა დამცირდნენ მტვერში; ესენი ნამჯასავით უნდა დაიწვნენ; და ეს არის წინასწარმეტყველის სიტყვების შესაბამისად.

24 და მოდის დრო, როდესაც მართალნი ბაგის ხბორებივით უნდა ატარონ და ისრაელის წმინდამ უნდა იმეფოს ბატონობით, ძლევამოსილებით, ძალითა და დიადი დიდებულებით.

25 და იგი აგროვებს თავის შვილებს დედამიწის ოთხივე კიდიდან; და ითვლის თავის ცხვრებს და ისინი სცნობენ მას; და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი; და იგი მომწყემსავს თავის ცხვრებს და მასში ჰპოვებენ ისინი საძოვარს.

26 და მისი ხალხის სამართლიანობის გამო, სატანას არ აქვს ძალა; ამიტომ, ის ვერ იქნება განთავისუფლებული მრავალი წლის განმავლობაში; რადგან მას არ აქვს ძალა ადამიანთა გულზედ, რადგან ისინი ცხოვრობენ სამართლიანად და ისრაელის წმინდა მეფობს.

27 და ახლა, აჰა, მე, ნეფი, გეუბნებით თქვენ, რომ ყველაფერი ეს უნდა ახდეს ხორციელის თანახმად.

28 მაგრამ, აჰა, ყოველი ერი, ტომი, ენა და ხალხი იცხოვრებს უსაფრთხოდ ისრაელის წმინდაში, თუ ისე იქნება, რომ ისინი მოინანიებენ.

29 და ახლა მე, ნეფი, ვასრულებ; რადგან ამაზე მეტის თქმას ჯერჯერობით ვერ ვბედავ.

30 ამიტომაც, ჩემო ძმებო, მე მსურს, რომ თქვენ ჩათვალოთ ჭეშმარიტად ის, რაც წერია სპილენძის ფირფიტებზე; და ის მოწმობს, რომ ადამიანი უნდა იყოს ღმერთის მცნებებისადმი მორჩილი.

31 ამიტომაც, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ მე და მამაჩემი ვართ ერთადერთნი, ვინც ვმოწმობდით და ასევე ვასწავლიდით ამას. ამიტომ, თუ თქვენ იქნებით მორჩილნი მცნებებისადმი და გაძლებთ ბოლომდე, უკანასკნელ დღეს გადარჩებით. და ეს არის ასე, ამინ.