წმინდა წერილი
ჰელამანი 1


ჰელამანის წიგნი

ამბავი ნეფიელების შესახებ, მათ ომებზე, განხეთქილებებსა და განდგომაზე. ასევე მრავალი წმინდა წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებები ქრისტეს მოსვლამდე ჰელამანის ჩანაწერების შესაბამისად, რომელიც იყო ჰელამანის შვილი და ასევე, მისი შვილების ჩანაწერების შესაბამისად, თვით ქრისტეს მოსვლამდეც კი. და ასევე მრავალი ლამანიელი იქნა მოქცეული. ამბავი მათი მოქცევის შესახებ. ამბავი ლამანიელთა სამართლიანობის და ნეფიელთა სიბოროტისა და სისაძაგლის შესახებ, ჰელამანისა და მისი შვილების ჩანაწერების მიხედვით, თვით ქრისტეს მოსვლამდეც კი, რასაც ეწოდება ჰელამანის წიგნი და ასე შემდეგ.

თავი 1

პახორანი მეორე ხდება მთავარი მოსამართლე და მას კლავს კიშკუმენი. პაკუმენი იკავებს მოსამართლის სავარძელს. კორიანტუმრი მიუძღვება ლამანიელთა ჯარებს, იღებს ზარაჰემლას და კლავს პაკუმენს. მორონიჰა ლამანიელებს ამარცხებს და იღებს ზარაჰემლას; კორიანტუმრს კლავენ. დაახლოებით 52–50 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, აჰა, იყო ასე: ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის მეორმოცე წლის დასაწყისში, ნეფიელთა ხალხში დაიწყო სერიოზული სირთულეები.

2 რადგან, აჰა, პახორანი გარდაიცვალა და წავიდა ყველა მიწიერის გზით; ამიტომ, იქ დაიწყო სერიოზული კამათი იმაზე, თუ ვინ დაიკავებდა მოსამართლის სავარძელს იმ ძმებისგან, რომლებიც იყვნენ პახორანის შვილები.

3 ახლა, ეს არის მათი სახელები, რომლებიც იბრძოდნენ მოსამართლის სავარძლისათვის: პახორანი, პაანჩი და პაკუმენი.

4 ახლა, ესენი არ არიან პახორანის ყველა შვილთაგანნი (რადგან მას ბევრი ჰყავდა) მაგრამ ესენი არიან, რომლებიც მოსამართლის სავარძლისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამიტომ, მათ გამო ხალხი სამ ნაწილად გაიყო.

5 ამისდა მიუხედავად, იყო ასე, რომ პახორანი ხალხის ხმით დაინიშნა მთავარ მოსამართლედ და მმართველად ნეფის ხალხზე.

6 და იყო ასე, რომ როდესაც პაკუმენმა იხილა, რომ ვერ მიიღებდა მოსამართლის სავარძელს, იგი ხალხის ხმას მიემხრო.

7 მაგრამ, აჰა, პაანჩი და ხალხის ის ნაწილი, რომელსაც სურდა, რომ იგი ყოფილიყო მათი მმართველი, ძალზედ განრისხდა; ამიტომ, იგი ემზადებოდა, პირფერობით შეეცდინა ის ხალხი, რათა აჯანყებულიყვნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ.

8 და იყო ასე: როდესაც იგი თითქმის მზად იყო ამის გასაკეთებლად, ის შეიპყრეს და გაასამართლეს ხალხის ხმის შესაბამისად და სიკვდილით დასაჯეს, რადგან იგი აჯანყდა და სურდა ადამიანთა თავისუფლების განადგურება.

9 ახლა, როდესაც იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურდათ, რომ იგი ყოფილიყო მათი მმართველი, იხილეს, რომ იგი სიკვდილით დაისაჯა, ამის გამო ძალზედ განრისხდნენ და, აჰა, მიაგზავნეს კიშკუმენი, თვით პახორანის მოსამართლის სავარძელთან, და მან მოკლა პახორანი, როდესაც იგი იჯდა მოსამართლის სავარძელზე.

10 და მას გამოედევნენ პახორანის მოსამსახურეები; მაგრამ, აჰა, იმდენად სწრაფად გარბოდა კიშკუმენი, რომ ვერავინ ვერ დაეწია.

11 და იგი მივიდა მათთან, რომლებმაც მიაგზავნეს და მათ ყველამ დადეს აღთქმა, თავიანთი მარადიული შემქმნელისადმი ფიცით, რომ არავის ეტყოდნენ, რომ კიშკუმენმა მოკლა პახორანი.

12 ამიტომ, კიშკუმენი ვერ იცნეს ნეფის ხალხში, რადგან იგი გადაცმული იყო იმ დროს, როდესაც პახორანი მოკლა. და კიშკუმენი და მისი დაჯგუფება, რომელმაც მასთან დადო აღთქმა, ხალხს შეერია ისე, რომ ვერცერთ მათგანს ვერ იპოვიდნენ; მაგრამ, ვისაც პოულობდნენ, სიკვდილით სჯიდნენ.

13 და ახლა, აჰა, პაკუმენი დაინიშნა ხალხის ხმის შესაბამისად, რათა ყოფილიყო ხალხის მთავარი მოსამართლე და მმართველი, რათა თავისი ძმის, პახორანის მაგივრად ყოფილიყო მმართველი; და ეს იყო მისი უფლების შესაბამისად. და ეს ყველაფერი მოხდა მოსამართლეთა მმართველობის მეორმოცე წელს; და ეს წელი დასრულდა.

14 და იყო ასე: მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეერთე წელს, ლამანიელებმა შეკრიბეს ჯარისკაცთა უთვალავი ჯარი და შეაიარაღეს ხმლებით, მახვილებითა და მშვილდებით, ისრებით, ჩაჩქანებითა და სამკერდულებით და ყველა სახის ყველანაირი ფარებით.

15 და ისინი კვლავ მოვიდნენ, რათა დაეწყოთ ბრძოლა ნეფიელთა წინააღმდეგ. და მათ წინ მოუძღოდათ ადამიანი, რომლის სახელი იყო კორიანტუმრი; და იგი იყო ზარაჰემლას შთამომავალი, ნეფიელთაგან განდგომილი და იყო დიდი და ძლიერი კაცი.

16 ამიტომ, ლამანიელთა მეფე, რომლის სახელი იყო ტუბალოსი, რომელიც იყო ამორონის შვილი, ფიქრობდა, რომ კორიანტუმრი, იყო რა ძლიერი კაცი, შეძლებდა ნეფიელების წინააღმდეგ დადგომას თავისი ძალითა და დიდი სიბრძნით, ამგვარად, მისი გამოგზავნით, იგი მოიპოვებდა ნეფიელებზე ძალაუფლებას –

17 ამიტომ, მან გააღვივა წყრომა და შეკრიბა თავისი ჯარები და დანიშნა კორიანტუმრი მათ წინამძღოლად; და უბრძანა, რომ ჩამოსულიყვნენ ზარაჰემლას მიწაზე, ნეფიელთა წინააღმდეგ საომრად.

18 და იყო ასე, რომ ამდენი დაპირისპირებისა და ხელისუფლებაში ამდენი სირთულეების გამო, ისინი არ ინახავდნენ საკმარის გუშაგებს ზარაჰემლას მიწაზე; რადგან ფიქრობდნენ, რომ ლამანიელები ვერ გაბედავდნენ მათი მიწის შუაგულში შემოსვლას ამ დიდ ქალაქ ზარაჰემლაზე შესატევად.

19 მაგრამ, იყო ასე, რომ კორიანტუმრი წამოვიდა თავისი უამრავი ჯარის მეთაურობით და ქალაქის მცხოვრებთ თავს დაესხა; და მათი შეტევა ისეთი სწრაფი იყო, რომ ნეფიელებს აღარ ჰქონდათ ჯარების შეკრებისთვის დრო.

20 ამიტომ, კორიანტუმრმა ქალაქის შესასვლელთან დახოცა გუშაგები და მთელი თავისი ჯარით პირდაპირ ქალაქში შევიდა და დახოცეს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია, ასე რომ, ისინი მთელ ქალაქს დაეუფლნენ.

21 და იყო ასე: პაკუმენი, რომელიც იყო მთავარი მოსამართლე, გაექცა კორიანტუმრს, ქალაქის გალავნებამდეც კი. და იყო ასე, რომ კორიანტუმრმა იგი ქალაქის გალავანზე მიანარცხა ისე, რომ ის მოკვდა; და ასე დასრულდა პაკუმენის დღეები.

22 და ახლა, როდესაც კორიანტუმრმა იხილა, რომ დაეუფლა ქალაქ ზარაჰემლას და დაინახა, რომ ნეფიელები მას გაურბოდნენ და ისინი დახოცეს, დაატყვევეს და საპყრობილეში ჩაყარეს და რომ მან დაიპყრო მთელ მიწაზე ყველაზე ძლიერი გამაგრება, მას იმდენად გაუხარდა გულში, რომ მზად იყო მთელი მიწის წინააღმდეგ გაელაშქრა.

23 ახლა, იგი არ დარჩა ზარაჰემლას მიწაზე, არამედ თავისი დიდი ჯარით წინ გაემართა თვით ქალაქ ბარაქიანისკენ; რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, წინ წასულიყო და მახვილით გზა გაეკაფა, რათა მიწის ჩრდილოეთ ნაწილი დაეპყრო.

24 და ფიქრობდა, რომ მათი მთავარი ძალა მიწის შუა ნაწილში იმყოფებოდა, ამიტომ წინ მიიწევდა, არ აძლევდა მათ დროს, შეკრებილიყვნენ, პატარა რაზმების შეკრებას თუ ასწრებდნენ; და ამგვარად, თავს ესხმოდნენ მათ და მიწაზე ჰკვეთდნენ.

25 მაგრამ, აჰა, კორიანტუმრის ამ ლაშქრობამ მიწის შუა ნაწილისკენ მორონიჰას მათზე დიდი უპირატესობა მისცა, დახოცილ ნეფიელთა დიდი რაოდენობის მიუხედავად.

26 რადგან, აჰა, მორონიჰა ფიქრობდა, რომ ლამანიელები ვერ გაბედავდნენ მიწის შუა ნაწილში შემოჭრას, არამედ შეუტევდნენ საზღვრის გარშემო ქალაქებს, როგორც ისინი აქამდე აკეთებდნენ; ამიტომ, მორონიჰამ ბრძანა, რომ მის ძლიერ ჯარებს დაეცვათ მიწის საზღვრების გარშემო მხარეები.

27 მაგრამ, აჰა, ლამანიელებს კი არ შეეშინდათ, როგორც ეს მას სურდა, არამედ მიწის შუა ნაწილში შემოიჭრნენ და აიღეს დედაქალაქი, რომელიც იყო ქალაქი ზარაჰემლა და მიემართებოდნენ მიწის მთავარი ნაწილისკენ, ხოცავდნენ ხალხს დიდი ხოცვა-ჟლეტით – კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, იპყრობდნენ რა ბევრ ქალაქსა და სიმაგრეს.

28 მაგრამ, როდესაც მორონიჰამ ეს აღმოაჩინა, მან დაუყოვნებლივ გააგზავნა ლეხი ჯარით, შემოვლითი გზით, რათა გაესწროთ მათთვის და მისულიყვნენ მიწა ბარაქიანზე, სანამ ისინი მოვიდოდნენ.

29 და ასეც გააკეთა; გაასწრო მათ, სანამ მიწა ბარაქიანზე მოვიდოდნენ და დახვდა ბრძოლით ისე, რომ მათ უკან დაიწყეს დახევა, ზარაჰემლას მიწის მიმართულებით.

30 და იყო ასე, რომ მორონიჰა დახვდა მათ უკან დახევისას და ბრძოლით შეუტია, რაც ძალზედ სისხლიან ბრძოლაში გადაიზარდა; დიახ, მრავალი დაიხოცა და დახოცილთა შორის ასევე კორიანტუმრიც იპოვეს.

31 და ახლა, აჰა, ლამანიელებს აღარ დარჩათ უკან დასახევი გზა, არც ჩრდილოეთით, არც სამხრეთით, არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით, რადგან ყოველი მხრიდან ნეფიელების მიერ იყვნენ გარშემორტყმულნი.

32 და ამგვარად ჩააგდო კორიანტუმრმა ლამანიელები ნეფიელთა გარემოცვაში, ისე რომ ისინი აღმოჩნდნენ ნეფიელების ძალაუფლების ქვეშ, თავად იგი კი მოკლეს და ლამანიელები ნეფიელებს ხელში ჩაბარდნენ.

33 და იყო ასე, რომ მორონიჰამ კვლავ აიღო ქალაქი ზარაჰემლა და ბრძანა, რომ ლამანიელები, რომლებიც იყვნენ დატყვევებულნი, მიწიდან მშვიდობიანად წასულიყვნენ.

34 და ასე დასრულდა მოსამართლეთა მმართველობის ორმოცდამეერთე წელი.