წმინდა წერილი
ჰელამანი 10


თავი 10

უფალი უბოძებს ნეფის ჩაბეჭდვის ძალაუფლებას. მას ეძლევა ძალაუფლება ჩაბეჭდოს და გახსნას დედამიწაზე და ზეცაში. იგი უბრძანებს ხალხს, ან მოინანიონ ან დაიღუპონ. სული მიუძღვება მას ხალხის ერთი ჯგუფიდან მეორეში. დაახლოებით 21–20 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ხალხში წამოიჭრა დაპირისპირება, ისეთი, რომ ისინი გაიყვნენ და წავიდნენ თავიანთი გზით, მიატოვეს რა ნეფი მარტო, როდესაც მათ შორის იდგა.

2 და იყო ასე, რომ ნეფი წავიდა თავისი გზით საკუთარი სახლისკენ, მსჯელობდა რა იმაზე, რაც უფალმა მას დაანახა.

3 და იყო ასე, რომ ამაზე მსჯელობისას, იყო ძალზედ დამძიმებული ნეფიელთა ხალხის სიბოროტით, მათი ბნელეთის საიდუმლო საქმეებითა და მკვლელობებით, მათი ძარცვებითა და ყველანაირი ურჯულოებით. და იყო ასე, რომ როდესაც გულში ამაზე მსჯელობდა, აჰა, ჩაესმა სიტყვები:

4 კურთხეული ხარ, ნეფი, ყოველივე იმისათვის, რაც გააკეთე; რადგან ვიხილე, როგორ დაუღალავად აუწყებ სიტყვას, რომელიც შენ მოგეცი, ამ ხალხს. და შენ მათი არ გეშინია და არ უფრთხილდები საკუთარ სიცოცხლეს, არამედ ასრულებ ჩემს ნებას და იცავ ჩემს მცნებებს.

5 და ახლა, ვინაიდან ამას აკეთებ ასე დაუღალავად, აჰა, გაკურთხებ სამუდამოდ; და ძლიერად გაქცევ, სიტყვითა და საქმით, რწმენითა და შრომით; დიახ, ასე რომ ყველაფერი გექნება შენი სიტყვის შესაბამისად, რადგან არ მომთხოვ იმას, რაც იქნება ჩემი ნების საწინააღმდეგო.

6 აჰა, შენ ხარ ნეფი და მე ვარ ღმერთი. აჰა, მე გიცხადებ ჩემი ანგელოზების წინაშე, რომ გექნება ძალაუფლება ამ ხალხზე და მოავლენ მიწაზე შიმშილს, ჭირსა და განადგურებას, ამ ხალხის სიბოროტის შესაბამისად.

7 აჰა, მე გიბოძებ ძალას, რომ რასაც დედამიწაზე ჩაბეჭდავ, იგივე ჩაიბეჭდება ზეცაში; და რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც; და ასე გექნება ძალა ამ ხალხს შორის.

8 და ასე, თუ ამ ტაძარს ეტყვი, რომ შუაზე გაიპოს, ასეც მოხდება.

9 და თუ ამ მთას ეტყვი: დაიშალე და მიწასთან გასწორდი, ასეც მოხდება.

10 და აჰა, თუ იტყვი, რომ ღმერთი დასჯის ამ ხალხს, ეს ასეც იქნება.

11 და ახლა, აჰა, მე გიბრძანებ, რომ წახვიდე და აუწყო ამ ხალხს, რომ ასე ამბობს უფალი ღმერთი, რომელიც არის ყოვლადძლიერი: თუ არ მოინანიებთ – დაისჯებით, თვით განადგურებითაც კი.

12 და აჰა, ეს იყო ასე, რომ როდესაც უფალმა უთხრა ნეფის ეს სიტყვები, იგი გაჩერდა და სახლში კი არ წავიდა, არამედ მოუბრუნდა ხალხის ჯგუფებს, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მიწის პირზე და დაიწყო მათთვის უფლის სიტყვის გამოცხადება, რომელიც მას უფალმა უთხრა, მათი განადგურების შესახებ, თუ არ მოინანიებდნენ.

13 და აჰა, მიუხედავად იმ დიდი სასწაულისა, ნეფიმ აუწყა რა მათ მთავარი მოსამართლის სიკვდილის შესახებ, მათ გული გაიქვავეს და ყურს არ უგდებდნენ უფლის სიტყვებს.

14 ამიტომ, ნეფიმ მათ უფლის სიტყვა აუწყა შემდეგი სიტყვებით: თუ არ მოინანიებთ, – ასე ამბობს უფალი, თქვენ დაისჯებით, თვით განადგურებითაც კი.

15 და იყო ასე, რომ როდესაც ნეფიმ მათ განუცხადა სიტყვა, აჰა, მათ უფრო მეტად გაიქვავეს გული და ყურს არ უგდებდნენ მის სიტყვებს; ამიტომ, ისინი ლანძღავდნენ მას და ცდილობდნენ მასზე ხელი აღემართათ, რათა ციხეში ჩაეგდოთ.

16 მაგრამ, აჰა, ღმერთის ძალა იყო მასთან და ვერ იპყრობდნენ მას საპყრობილეში ჩასაგდებად, რადგან იგი აიყვანა სულმა და მათი გარემოცვიდან გამოიყვანა.

17 და იყო ასე: მიდიოდა იგი სულით, ჯგუფიდან ჯგუფში, უცხადებდა რა ღვთის სიტყვას იქამდე, სანამ მათ ყველას არ გამოუცხადა ანუ გაავრცელა მთელ ხალხში.

18 და იყო ასე, რომ ისინი ყურს არ უგდებდნენ მის სიტყვას; და დაიწყო განხეთქილებები, ისეთი, რომ გაიყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და ხმლებით დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა.

19 და ასე დასრულდა ნეფის ხალხზე მოსამართლეთა მმართველობის სამოცდამეთერთმეტე წელი.