წმინდა წერილი
ჰელამანი 13


ლამანიელი სამუელის წინასწარმეტყველება ნეფიელთათვის.

შეიცავს მე-13-დან მე-15 თავის ჩათვლით.

თავი 13

ლამანიელი სამუელი ნეფიელთა განადგურებას წინასწარმეტყველებს, თუ ისინი არ მოინანიებენ. ნეფიელები და მათი სიმდიდრე დაწყევლილია. ისინი უარყოფენ და ჩაქოლავენ წინასწარმეტყველებს, ეშმაკებით არიან გარშემორტყმულნი და ურჯულოების ჩადენაში ეძებენ ბედნიერებას. დაახლოებით 6 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ ოთხმოცდამეექვსე წელს, ნეფიელები კვლავ იყვნენ სიბოროტეში ჩაფლულნი, დიახ, დიდ სიბოროტეში, როდესაც ლამანიელები ბეჯითად ცდილობდნენ ღმერთის მცნებების დაცვას, მოსეს რჯულის შესაბამისად.

2 და იყო ასე, რომ ამ წელს, ვინმე ლამანიელი სამუელი ზარაჰემლას მიწაზე მოვიდა და დაიწყო ხალხისთვის ქადაგება. და იყო ასე, რომ მრავალი დღის განმავლობაში მონანიებას უქადაგებდა ხალხს და იგი გააძევეს და მზად იყო თავის მიწაზე წასასვლელად.

3 მაგრამ, აჰა, ჩაესმა უფლის ხმა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო და ხალხისთვის ეწინასწარმეტყველებინა ყველაფერი, რაც გულში მოუვიდოდა.

4 და იყო ასე, რომ მათ არ დაუშვეს, რომ იგი ქალაქში შესულიყო; ამიტომ, იგი წავიდა და აძვრა გალავანზე, ხელი გაიწოდა და მაღალი ხმით შეჰღაღადა და ხალხს უწინასწარმეტყველა ყველაფერი, რაც მას უფალმა გულში ჩაუდო.

5 და უთხრა მათ: აჰა, მე, ლამანიელი სამუელი, ვლაპარაკობ უფლის სიტყვებს, რომლებიც მან გულში ჩამიდო; და აჰა, ჩამიდო გულში, რომ ამ ხალხისთვის მეთქვა: სამართლის მახვილია აღმართული მათზე; და ოთხასი წელიც არ გავა, რაც ამ ხალხზე სამართლის მახვილი დაეცემა.

6 დიახ, მძიმე განადგურება მოელის ამ ხალხს და ის ნამდვილად მოევლინება ამ ხალხს და ამ ხალხს არაფერი გადაარჩენს, მხოლოდ მონანიება და რწმენა უფლისა, იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად აუცილებლად მოვა და მოითმენს მრავალს და თავისი ხალხისთვის მოკლული იქნება.

7 და აჰა, უფლის ანგელოზმა გამომიცხადა და სასიხარულო ამბები მომგვარა სულში. და აჰა, მე გამომაგზავნა თქვენთან, რათა ეს თქვენთვისაც გამომეცხადებინა, რომ იქონიოთ სასიხარულო ამბები; მაგრამ, აჰა, თქვენ არ გსურდათ ჩემი მიღება.

8 ამიტომ, ასე ამბობს უფალი: ნეფიელთა ხალხის გულქვაობის გამო, თუ არ მოინანიებენ, მე წავართმევ მათ ჩემს სიტყვას და მოვაცილებ ჩემს სულს და მეტს აღარ მოვითმენ; და შევაბრუნებ თავიანთი ძმების გულებს მათ წინააღმდეგ.

9 და ოთხასი წელიც არ გაივლის, როდესაც ვბრძანებ, რომ ისინი განადგურდნენ; დიახ, მოვევლინები მათ მახვილით, შიმშილითა და ჭირით.

10 დიახ, მოვევლინები მათ ჩემს საშინელ რისხვაში და იქ იქნებიან თქვენი მტრების მეოთხე თაობიდან, რათა იხილონ თქვენი სრული განადგურება და ეს აუცილებლად მოვა, თუ არ მოინანიებთ, – ამბობს უფალი; და მათი მეოთხე თაობა გეწვევათ განადგურებით.

11 მაგრამ, თუ მოინანიებთ და უფალს, თქვენს ღმერთს, დაუბრუნდებით, მე აგაცილებთ ჩემს რისხვას, – ამბობს უფალი; დიახ, – ასე ამბობს უფალი, კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც მოინანიებენ და ჩემკენ მობრუნდებიან, მაგრამ ვარამი მათ, რომლებიც არ მოინანიებენ.

12 დიახ, ვარამი ამ დიდ ქალაქს, ზარაჰემლას; რადგან, აჰა, იგი გადარჩა მათ გამო, რომლებიც სამართლიანები არიან; დიახ, ვარამი ამ დიდ ქალაქს, რადგან ვხედავ, – ამბობს უფალი, რომ იქ არიან ბევრნი, დიახ, ამ დიდი ქალაქის უმეტესი ნაწილიც კი, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ გულს გაიქვავებენ, – ამბობს უფალი.

13 მაგრამ კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც მოინანიებენ, რადგან მათ დავინდობ. მაგრამ, აჰა, რომ არა სამართლიანნი, რომლებიც ამ დიდ ქალაქში არიან, აჰა, ვბრძანებდი, რომ ცეცხლი წამოსულიყო ზეციდან და იგი გაენადგურებინა.

14 მაგრამ, აჰა, სამართლიანთა წყალობისათვის დავინდე. მაგრამ, აჰა, მოდის დრო, – ამბობს უფალი, როდესაც სამართლიანებს თქვენგან გააძევებთ, მაშინ მომწიფდებით განადგურებისთვის; დიახ, ვარამი ელის ამ დიდ ქალაქს იმ სიბოროტისთვის და სისაძაგლისათვის, რაც მასშია.

15 დიახ, ვარამი ელის ქალაქ გიდეონს, იმ სიბოროტისა და სისაძაგლისათვის, რაც მასშია.

16 დიახ, და ვარამი ელის ყველა იმ ქალაქს, რომელიც გარშემო მიწებზეა, რომელთაც ნეფიელები ფლობენ, იმ სიბოროტისა და სისაძაგლისათვის, რომელიც არის მათში.

17 და აჰა, წყევლა დაატყდება იმ მიწას, – ამბობს ცაბაოთ უფალი, იმ ხალხის გამო, რომელიც არის იმ მიწაზე, დიახ, მათი სიბოროტისა და სისაძაგლის გამო.

18 და ასე იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, დიახ, ჩვენი დიდი და ჭეშმარიტი ღმერთი, – ყოველი, ვინც მიწაში განძს დამალავს, მას ვეღარასდროს იპოვის მიწის დიდი წყევლის გამო, გარდა სამართლიანი ადამიანისა, რომელიც მას უფლისთვის დამალავს.

19 რადგან მსურს, – ამბობს უფალი, – რომ საგანძური ჩემთვის დამალონ; და წყეულ იქნებიან ისინი, რომლებიც თავიანთ საგანძურს ჩემთვის არ დამალავენ; რადგან მხოლოდ სამართლიანი დამალავს ჩემთვის თავის საგანძურს; და ვინც ჩემთვის არ დამალავს თავის საგანძურს, წყეული არის ისიც და მისი საგანძურიც და მას ვერავინ გამოისყიდის, მიწის წყევლის გამო.

20 და მოვა დღე, როდესაც ისინი დამალავენ თავიანთ საგანძურს, რადგან მათ გული მიუძღვნეს სიმდიდრეს; და ვინაიდან გული სიმდიდრეს მიუძღვნეს და თავიანთ საგანძურს დამალავენ, როდესაც მტრებისგან გაიქცევიან; და ვინაიდან არ დამალავენ მას ჩემთვის, წყეულ იქნენ ისინი და მათი საგანძური და იმ დღეს იქნებიან ნაცემნი, – ამბობს უფალი.

21 აჰა, ამ დიდი ქალაქის ხალხო, ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს; დიახ, ყური დაუგდეთ სიტყვებს, რომლებსაც ამბობს უფალი; რადგან, აჰა, ამბობს, რომ დაწყევლილები ხართ თქვენი სიმდიდრის გამო და თქვენი სიმდიდრეც დაწყევლილია, რადგან გული მიუძღვენით მას და ყურს არ უგდებთ მის სიტყვებს, ვინც თქვენ ეს გიბოძათ.

22 თქვენ არ გახსოვთ უფალი, თქვენი ღმერთი, იმით, რითაც გაკურთხათ, მაგრამ ყოველთვის გახსოვთ თქვენი სიმდიდრე, გავიწყდებათ რა ამისთვის მადლობის თქმა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; დიახ, გული არ გაქვთ უფლისკენ მომართული, არამედ ივსებით დიდი ამპარტავნობით, ტრაბახითა და გულზვაობით, შურით, დაპირისპირებით და ღვარძლით, დევნით, მკვლელობებითა და ყოველგვარი ურჯულოებით.

23 ამ მიზეზის გამო, უფალმა ღმერთმა ბრძანა, რომ წყევლა მოსულიყო მიწაზე და ასევე თქვენს სიმდიდრეზე და ეს თქვენი ურჯულოების გამო.

24 დიახ, ვარამი ამ ხალხს ამ ჟამისათვის, რომელიც მოვიდა, რომ აძევებთ წინასწარმეტყველებს და მათ დასცინით, ესვრით ქვებს და ხოცავთ და სჩადიხართ მათ მიმართ ყველანაირ ურჯულოებას ისე, როგორც იქცეოდნენ ძველ დროში.

25 და ამასობაში ლაპარაკობთ, ამბობთ რა: ჩვენი დღეები რომ ჩვენი ძველი მამების დღეებში ყოფილიყო, არ დავხოცავდით წინასწარმეტყველებს; არ ჩავქოლავდით მათ და არ გავაძევებდით.

26 აჰა, თქვენ ხართ მათზე უარესნი; რადგან როგორც ცოცხალია უფალი, თუ წინასწარმეტყველი მოდის თქვენ შორის და გიცხადებთ უფლის სიტყვას, რომელიც მოწმობს თქვენს ცოდვებზე და ურჯულოებაზე, თქვენ ბრაზდებით მასზე, აძევებთ და ეძებთ ყველანაირ გზას მის გასანადგურებლად; დიახ, იტყვით, რომ იგი არის ცრუ წინასწარმეტყველი, რომ არის ცოდვილი და ეშმაკისეული, რადგან მოწმობს, რომ ბოროტია თქვენი საქმენი.

27 მაგრამ, აჰა, თუ ადამიანი მოვა თქვენ შორის და გეტყვით: მოიქეცით ასე და ამაში არ არის ურჯულოება; მოიქეცით ასე და არ დაიტანჯებით; დიახ, იგი გეტყვით: მისდიეთ თქვენს გულთა ამპარტავნობას; დიახ, მისდიეთ თქვენს თვალთა ამპარტავნობას და აკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს გულს სურს – და თუ ადამიანი მოვა თქვენ შორის და ამას იტყვის, თქვენ მას მიიღებთ და იტყვით, რომ არის წინასწარმეტყველი.

28 დიახ, მას განადიდებთ და თქვენს ქონებას მისცემთ; მისცემთ თქვენს ოქროსა და ვერცხლს, შემოსავთ ძვირფასი ტანსაცმლით; და რადგან გელაპარაკებათ პირფერული სიტყვებით და გეუბნებათ, რომ ყველაფერი არის კარგად, მაშინ თქვენ დამნაშავედ არ სცნობთ მას.

29 თქვენ, ბოროტო, უკუღმართო თაობავ, გაქვავებულო, ქედფიცხელო ხალხო, როგორ ფიქრობთ, რამდენს მოგითმენთ უფალი? დიახ, კიდევ რამდენ ხანს დაუშვებთ იმას, რომ უგუნურმა და ბრმამ გიწინამძღვაროთ? დიახ, კიდევ რამდენ ხანს აირჩევთ ბნელეთს სინათლის მაგივრად?

30 დიახ, აჰა, უფლის რისხვა უკვე აინთო თქვენ წინააღმდეგ; აჰა, მან დაწყევლა მიწა თქვენი ურჯულოების გამო.

31 და აჰა, მოდის დრო, როდესაც დაწყევლის თქვენს სიმდიდრეს, რომ გაგისხლტეთ ხელიდან, რომ ვერ დაეუფლოთ მას; და ვერ შეინარჩუნოთ ის, თქვენი სიღატაკის ჟამს.

32 და თქვენი სიღატაკის ჟამს, თქვენ შეჰღაღადებთ უფალს; და ამაოდ იღაღადებთ, რადგან თქვენი აოხრება უკვე მოგევლინათ და განადგურება თქვენი არის გარდაუვალი; და შემდეგ იმ დღეს ატირდებით და იკვნესებთ, – ამბობს ცაბაოთ უფალი. და შემდეგ გოდებით იტყვით:

33 რომ მომენანიებინა და არ დამეხოცა წინასწარმეტყველნი, არ ჩამექოლა და არ გამეძევებინა ისინი. დიახ, იმ დღეს იტყვით: რომ გვხსომებოდა უფალი, ჩვენი ღმერთი, იმ დღეს, როდესაც სიმდიდრე გვიბოძა, მაშინ არ გაგვისხლტებოდა ხელიდან, არ დაგვეკარგებოდა; რადგან, აჰა, ჩვენი სიმდიდრე წავიდა ჩვენგან.

34 აჰა, აქ ვდებთ სამუშაო იარაღს და მომდევნო დღეს უკვე აღარ არის; და, აჰა, ხმლები იმ დღეს წაგვართვეს, როდესაც მათ ბრძოლისთვის ვეძებდით.

35 დიახ, ჩვენი საგანძური დავმალეთ და იგი დაგვეკარგა, მიწის წყევლის გამო.

36 რომ მოგვენანიებინა იმ დღეს, როდესაც ჩვენთან უფლის სიტყვა მოვიდა; რადგან, აჰა, ეს მიწა დაწყევლილია და ყველაფერი ხელიდან გვისხლტება და ვერაფერს ვერ ვაკავებთ.

37 აჰა, ეშმაკებით ვართ გარშემორტყმულნი, დიახ, მისი ანგელოზები არიან ჩვენ გარშემო, რომელსაც სურს ჩვენი სულების განადგურება. აჰა, ჩვენი ურჯულოება დიდია. უფალო, ნუთუ ვერ შეაბრუნებ შენს რისხვას ჩვენგან? და ასეთი იქნება თქვენი სიტყვები იმ დღეებში.

38 მაგრამ, აჰა, თქვენი გამოცდის დღეები წარსულში დარჩა, თქვენ გადადეთ თქვენი ხსნის დღე იქამდე, სანამ ძალიან არ დაგვიანდა და თქვენი განადგურება გახდა გარდაუვალი; დიახ, რადგან თქვენს ცხოვრებაში, ყოველი დღენი, ეძებდით იმას, რასაც ვერ მიიღებდით; და ეძებდით ბედნიერებას ურჯულოების ჩადენით, რაც არის იმ სამართლიანობის ბუნების წინააღმდეგი, რომელიც არის ჩვენს დიდ და მარადიულ სათავეში.

39 თქვენ, ამ მიწის ხალხნო, რომ მოგესმინათ ჩემი სიტყვები! და მე ვლოცულობ, რომ უფლის რისხვა თქვენგან იქნას აცილებული, რათა მოინანიოთ და გადარჩეთ.