წმინდა წერილი
აბრაამი 3


თავი 3

აბრაამი, ურიმისა და თუმიმის მეშვეობით, იღებს ცოდნას მზის, მთვარისა და ვარსკვლავების შესახებ – უფალი გაანდობს მას სულების მარადიულ ბუნებას – იგი იგებს წინამიწიერი ცხოვრების, წინასწარ განსაზღვრის, შექმნის, მხსნელის არჩევისა და ადამიანის მეორე მდგომარეობის შესახებ.

1 და მე, აბრაამს, მქონდა ურიმი და თუმიმი, რომლებიც უფალმა ღმერთმა მიბოძა ქალდეის ურში.

2 და ვიხილე ვარსკვლავები, რომ ისინი იყვნენ ძალზედ დიდებულნი და ერთი მათგანი ყველაზე ახლოს იყო ღმერთის ტახტთან; და იყო მრავალი დიდებული ვარსკვლავი მასთან ახლოს;

3 და უფალმა მითხრა: ესენი არიან მმართველნი; და სახელი ყველაზე დიდებულისა არის კოლობი, ვინაიდან იგი არის ჩემთან ახლოს, რამეთუ მე ვარ უფალი, შენი ღმერთი: ეს დავნიშნე ყოველი მათგანის მმართველად, რომელიც მიეკუთვნება იმავე თანრიგს, რომელზეც შენ დგახარ.

4 და უფალმა, ურიმითა და თუმიმით, მითხრა, რომ კოლობი უფლის შესაფერისი იყო დრო-ჟამსა და წელიწადთან მიმართებაში, მისი წრიული ბრუნვით; ერთი შემობრუნება იყო დღე უფლისთვის, მისი ათვლის შესაბამისად, რაც უდრის ათას წელს იმ პლანეტის დროის ათვლით, რომელზეც შენ დგახარ. ესაა უფლის დროის ათვლა, კოლობის ჟამთასვლის შესაბამისად.

5 და უფალმა მითხრა: პლანეტა, რომელიც არის მცირე მნათობი, ღამის განმგებელია და არის იმ მნათობზე უფრო მცირე, რომელიც დღეს განაგებს, ის იმაზე უფრო მაღალი ანუ დიდებულია, რომელზეც შენ დგახარ ჟამთასვლის აღრიცხვის მიმართებით, ვინაიდან ის მოძრაობს უფრო ნელი წესით; ეს არის თანრიგის შესაბამისი, ვინაიდან იგი დედამიწაზე მაღლა იმყოფება, რომელზეც შენ დგახარ, ამიტომ, მისი ჟამთასვლის აღრიცხვა არ არის ამდენად მრავალი დღით, თვითა და წლით.

6 და უფალმა მითხრა: ახლა, აბრაამ, არსებობს ეს ორი მოვლენა, აჰა, ამას ხედავენ შენი თვალები; ეს გებოძა, რათა იცოდე ჟამთასვლის აღრიცხვა და დათქმული დრო, დიახ, დათქმული დრო დედამიწისთვის, რომელზეც შენ დგახარ და დათქმული დრო დიდი მნათობისა, რომელიც დანიშნულია დღის განმგებლად და დათქმული დრო მცირე მნათობისა, რომელიც დანიშნულია ღამის განმგებლად.

7 დათქმული დრო მომცრო მნათობისა აღრიცხვით უფრო გრძელია, ვიდრე ჟამთასვლის აღრიცხვა დედამიწისა, რომელზეც შენ დგახარ.

8 და სადაც ეს ორი მოვლენა არსებობს, იქ იქნება სხვა მოვლენა მათზე მაღლა ანუ იქნება სხვა პლანეტა, რომლის ჟამთასვლის აღრიცხვა უფრო გრძელი იქნება;

9 და ამგვარად იქნება დროის აღრიცხვა ერთი პლანეტისა მეორეზე, სანამ კოლობს არ მიუახლოვდები, სადაც ჟამთასვლის აღრიცხვა ხდება უფლის დროით; ეს კოლობი არის ახლოს უფლის ტახტთან, რათა განაგოს ყველა ის პლანეტა, რომელიც მიეკუთვნება იმავე თანრიგს, რომელზეც შენ დგახარ.

10 და გებოძა ეს, რათა იცოდე დათქმული დრო ყველა ვარკვლავისა, რომლებიც დანიშნულია სინათლის გამოსასხივებლად, სანამ შენ არ მიუახლოვდები უფლის ტახტს.

11 ამგვარად, მე, აბრაამი, ველაპარაკე უფალს პირისპირ, როგორც ერთი ადამიანი ელაპარაკება მეორეს; და მომიყვა ქმნილებებზე, რაც თავისი ხელით შექმნა;

12 და მან მითხრა: შვილო ჩემო, შვილო ჩემო (და მას ხელი გამოწვდილი ჰქონდა) აჰა, მე ყოველივე ამას დაგანახებ. და დამადო თვალებზე ხელი და ვიხილე ის ქმნილებანი, რომლებიც მისი ხელით შეიქმნა, რომლებიც იყვნენ ბევრნი; და ისინი გამრავლდნენ ჩემ თვალწინ და ვერ ვხედავდი მათ დასასრულს.

13 და მან მითხრა: ეს არის შინეიჰა, რაც ნიშნავს მზეს. და მან მითხრა: კოკობი არის ვარსკვლავი. და მან მითხრა: ოლეა არის მთვარე. და მან მითხრა: კოკაუბიმი, რაც ნიშნავს ვარსკვლავებს ან ყველა დიად მნათობს, რაც იყო ცის მყარზე.

14 და იყო ღამე, როდესაც უფალმა მითხრა ეს სიტყვები: გაგამრავლებ შენ და შენს შთამომავლებს შენ შემდეგ ამათ მსგავსად; და თუ შეძლებ ქვიშის მარცვლების დათვლას, იმდენივე იქნება რაოდენობა შენი შთამომავლებისა.

15 და უფალმა მითხრა: აბრაამ, განახებ ყოველივე ამას, სანამ ეგვიპტეში წახვალ, რათა გამოაცხადო ყოველი ეს სიტყვა.

16 თუ არსებობს ორი არსება და ერთი არის მეორეზე ზევით, მათზე ზევით იქნებიან უფრო დიადი არსებანი; ამიტომ, კოლობი არის ყველაზე დიადი კოკაუბიმი, რაც შენ გინახავს, ვინაიდან ის ყველაზე ახლოს არის ჩემთან.

17 ახლა, თუ არსებობს ორი არსება, ერთი არის მეორეზე ზევით და მთვარე თუ იქნება დედამიწაზე ზევით, მაშინ შესაძლებელია, პლანეტა ან ვარსკვლავი არსებობდეს მასზე ზევით; და არ არსებობს რაიმე, რაც უფალმა, შენმა ღმერთმა, გულში ჩაიფიქროს გასაკეთებლად და არ გააკეთოს.

18 თუმცა მან შექმნა უფრო დიადი ვარსკვლავი; თუ იქნება ორი სული და ერთი იქნება მეორეზე უფრო გონიერი, მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი სულიდან ერთი მეორეზე უფრო გონიერია, მათ არ აქვთ დასაწყისი; ისინი არსებობდნენ მანამდე, მათ არ ექნებათ დასასრული, ისინი იარსებებენ შემდგომ, ვინაიდან არიან ნო-ლამი ანუ მარადიული.

19 და უფალმა მითხრა: ეს ორი მოვლენა არსებობს, რადგან არის ორი სული, ერთი უფრო გონიერია მეორეზე; არსებობს კიდევ ერთი მათზე გონიერი; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, მე ვარ ყოველ მათგანზე უფრო გონიერი.

20 უფალმა, შენმა ღმერთმა, მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა გამოგიხსნას ელკენას მღვდელთა ხელიდან.

21 მე ვიმყოფები ყოველივე მათ შორის; ამიტომ, ახლა მოგევლინე, რათა გაუწყო საქმენი, რომლებიც ჩემი ხელით შეიქმნა, სადაც ჩემი სიბრძნე აღემატება ყოველივე მათგანს, ვინაიდან მე ვბატონობ მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე, მთელი სიბრძნითა და გონიერებით, ყოველ გონიერზე, რაც იხილა შენმა თვალებმა დასაბამიდან; მოვედი დასაბამიდან ყველა გონიერთა შორის, რომლებიც შენ იხილე.

22 ახლა, უფალმა დამანახა მე, აბრაამს, გონიერნი, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ქვეყნის არსებობამდე; და ყველა მათ შორის იყო მრავალი კეთილშობილი და დიადი;

23 და იხილა ღმერთმა, რომ ეს სულები იყვნენ კარგნი და ის იდგა მათ შორის და თქვა: ამათ გავხდი ჩემს მმართველებად; ვინაიდან იგი იდგა მათ შორის, რომლებიც სულები იყვნენ და ხედავდა, რომ ისინი იყვნენ კარგნი; და მან მითხრა: აბრაამ, შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი; დაბადებამდე იყავი არჩეული.

24 და იდგა მათ შორის ერთი, რომელიც იყო ღვთის მაგვარი და იმათ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, უთხრა: ჩვენ ჩავალთ, ვინაიდან იქ არის სივრცე და ავიღებთ ამ მასალებს და ჩვენ შევქმნით დედამიწას, სადაც ესენი შეძლებენ ცხოვრებას;

25 და ამით გამოვცდით მათ, რათა ვიხილოთ, თუ შეასრულებენ ყოველივეს, რასაც უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს მათ;

26 და რომლებიც დაიცავენ თავიანთ პირვანდელ დასაბამიერებას, მათ მეტი დაემატებათ; და ისინი, რომლებიც არ დაიცავენ თავიანთ პირვანდელ დასაბამიერებას, ვერ ექნებათ ბრწყინვალება იმავე სასუფეველში იმათთან ერთად, ვინც დაიცვა საკუთარი პირვანდელი დასაბამიერება; და რომლებმაც დაიცვეს თავიანთი მეორე დასაბამიერება, ბრწყინვალება დაემატებათ მათ თავზედ უკუნითი უკუნისამდე.

27 და უფალმა თქვა: ვინ მივავლინო? და ერთმა უპასუხა, როგორც კაცის ძემ: აჰა, აქ ვარ, მე მიმავლინე. და კიდევ ერთმა უპასუხა და თქვა: აჰა, აქ ვარ, მე მიმავლინე. და უფალმა თქვა: პირველს მივავლენ.

28 და მეორე განრისხდა და არ დაიცვა თავისი პირვანდელი დასაბამიერება; და იმ დღეს, მრავალი გაჰყვა მას.

ამობეჭდვა