წმინდა წერილი
აბრაამი 1


აბრაამის წიგნი

თარგმნილია პაპირუსიდან ჯოზეფ სმითის მიერ

თარგმანი ზოგიერთი ძველი ხელნაწერისა, რაც ხელში ჩაგვივარდა ეგვიპტის კატაკომბებიდან. ხელნაწერები აბრაამისა, სახელწოდებით აბრაამის წიგნი, მისი საკუთარი ხელით დაწერილი პაპირუსზე, ეგვიპტეში ყოფნის დროს.

თავი 1

აბრაამი ისწრაფვის, მიიღოს პატრიარქის სასულიერო წოდების კურთხევა – მას დევნიან ცრუ მღვდლები ქალდეაში – იეჰოვა მას იხსნის – განხილულია ეგვიპტის ხელისუფლების წარმომავლობა.

1 ქალდეას მიწაზე, ჩემი მამების საცხოვრებელში, მე, აბრაამმა, ვიხილე, რომ საჭირო იყო, მეპოვა სხვა ადგილი საცხოვრებლად;

2 და აღმოვაჩინე რა, რომ იქ ჩემთვის იყო უფრო დიდი ბედნიერება, მშვიდობა და სასვენებელი, შევეცადე, მიმეღო მამების კურთხევები და უფლება, რომლითაც ხელდასხმული ვიქნებოდი, მემართა ისინი; ვიყავი რა სამართლიანობის მიმდევარი მსურდა, ასევე ვყოფილიყავი დიადი ცოდნის მფლობელი და ვყოფილიყავი სამართლიანობის უფრო ერთგული მიმდევარი და დავუფლებოდი უფრო დიდ ცოდნას და ვყოფილიყავი მრავალ ერთა მამა, მშვიდობის უფლისწული, მსურდა რა მიმეღო დარიგებები და ღვთის მცნებების დაცვა, გავხდი კანონიერი მემკვიდრე, მღვდელმთავარი, მამების მიერ ფლობილი უფლებამოსილებით შემოსილი.

3 ეს იქნა ჩემზე დამტკიცებული მამებისგან; ეს მოვიდა მამებისგან, ჟამთასვლის დასაბამიდან, დიახ, თვით დასაბამიდან ანუ სანამ დედამიწა შეიქმნებოდა – აწმყომდე, მამებისგან ჩემამდე მოსული, თვით პირმშოს უფლება ანუ პირველი ადამიანისა, რომელიც არის ადამი ანუ პირველი მამა.

4 მე ვისწრაფოდი მღვდლობაში ჩემი დამტკიცებისკენ, ღვთის მიერ მამებისთვის ნაბოძები დამტკიცების შესაბამისად, შთამომავლობასთან მიმართებაში.

5 ჩემმა მამებმა, შეაქციეს რა ზურგი თავიანთ სამართლიანობას და წმინდა აღთქმებს, რომლებიც უფალმა, მათმა ღმერთმა, უბოძა მათ კერპებისთვის თაყვანისცემის გამო, სრულიად უარყვეს ჩემი ხმისთვის ყურის დაგდება;

6 ვინაიდან, გული მიმართული ჰქონდათ სიბოროტის ჩადენისკენ და მთლიანად მიუბრუნდნენ ელკენას ღმერთს, ლიბნას ღმერთს, მაჰმაქრაჰის ღმერთს, კორაშის ღმერთსა და ფარაონის ღმერთს, მეფის ეგვიპტისა;

7 ამიტომ, გაირყვნეს გულები კერპთაყვანისმცემელთა მსხვერპლშეწირვებით, სწირავდნენ რა თავიანთ შვილებს უტყვ კერპებს და ყურს არ უგდებდნენ ჩემს ხმას, მაგრამ ცდილობდნენ ჩემი სიცოცხლის მოსწრაფებას ელკენას მღვდლის ხელით. ელკენას მღვდელი იყო ასევე ფარაონის მღვდელი.

8 ახლა, იმ დროს, ფარაონის მღვდელს, ეგვიპტის მეფისა, წესი ჰქონდა – მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მსხვეპრლად შეწირვა უცხო ღმერთებისთვის საკურთხეველზე, რომელიც ქალდეის მიწაზე იყო აშენებული.

9 და იყო ასე: მღვდელმა გაიღო შესაწირი ფარაონის ღმერთისთვის, ასევე შაგრეელის ღმერთისთვის, ეგვიპტელთა წესის მიხედვით. ახლა, შაგრეელის ღმერთი იყო მზე.

10 სამადლობელოს შესაწირავად, ფარაონის მღვდელმა ბავშვიც კი შესწირა საკურთხეველზე, რომელიც იდგა გორაკზე სახელწოდებით – ფოტიფარის გორაკი, ოლიშემის ველის თავთან.

11 ახლა, ამ მღვდელმა, ამ საკურთხეველზე, ერთდროულად მსხვერპლად შესწირეს სამი ქალწული, რომლებიც იყვნენ ონიტაჰის ქალიშვილები, ქამის საზარდულიდან გადმოსული ერთ-ერთი სამეფო შთამომავლისა. ეს ქალწულები შეწირულ იქნენ სათნოების გამო; მათ უარყვეს მუხლის მოყრა ნიშნად თაყვანისცემისა ხისა და ქვის ღმერთებისათვის, ამიტომ, ისინი დახოცეს ამ საკურთხეველზე და ეს მოხდა ეგვიპტელთა წესის შესაბამისად.

12 და იყო ასე: მღვდლებმა ძალის გამოყენებით დამაკავეს, რომ მეც ასევე მოვეკალი, როგორც მოკლეს ის ქალწულები ამ საკურთხეველზე; და რომ წარმოდგენა გქონდეთ ამ საკურთხევლზე, მიგითითებთ ნახატზე ამ ჩანაწერის დასაწყისში.

13 ის გაკეთებული იყო სარეცელის მსგავსად, როგორიც მიღებული იყო ქალდეველთა შორის და იდგა ელკენას, ლიბნაჰის, მაჰმაქრაჰის, კორაშის ღმერთების წინ და ასევე ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ღმერთის მსგავსი ღმერთის წინ.

14 რათა წარმოდგენა გქონდეთ ამ ღმერთებზე, ამ ჩანაწერის დასაწყისში წარმოგიდგინეთ მათი გამოსახულებები ფიგურების მეშვეობით, რომლებსაც ქალდეველები უწოდებენ რაჰლეენოსს, რაც ნიშნავს იეროგლიფს.

15 და როდესაც მათ ხელი აღმართეს ჩემზე, რათა მსხვერპლად შევეწირე და მოესწრაფათ ჩემთვის სიცოცხლე, აჰა, აღვიმაღლე ხმა უფლისადმი, ჩემი ღმერთისადმი და უფალმა დამიგდო ყური და შეისმინა და აღმავსო ხილვით ყოვლადძლიერისა და გვერდზე მედგა ანგელოზი მისი გარემოცვიდან და დაუყოვნებლივ მომხსნა თოკები;

16 და მომმართა მისმა ხმამ: აბრაამ, აბრაამ, აჰა, ჩემი სახელია იეჰოვა და მე შევისმინე შენი და ჩამოვედი, რათა გამოგიხსნა და წაგიყვანო შენი მამის სახლიდან და ყველა შენი ნათესავისგან უცხო მიწაზე, რომლის შესახებაც შენ არ იცი;

17 და ეს იმის გამო, რომ მათ გული შეიბრუნეს ჩემგან, რათა თაყვანი ეცათ ელკენას ღმერთისთვის, ლიბნაჰის ღმერთისა და მაჰმაქრაჰის ღმერთისთვის, კორაშის ღმერთისა და ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ღმერთისთვის; ამიტომ ჩამოვედი, რათა მოვევლინო მათ და გავანადგურო იგი, რომელმაც ხელი ასწია შენზე, აბრაამ, შვილო ჩემო, შენთვის სიცოცხლის მოსასწრაფად.

18 აჰა, მე გაგიძღვები ჩემი ხელით, აგიყვან და ჩემს სახელს გიბოძებ, დიახ, მღვდლობას შენი მამებისა და შენზე იქნება ჩემი ძალა.

19 როგორც ეს იყო ნოესთან, ასევე იქნება შენთან; მაგრამ, შენი მსახურებით გახდება ცნობილი დედამიწაზე ჩემი სახელი მარად, ვინაიდან მე ვარ შენი ღმერთი.

20 აჰა, პოტიფარის გორაკი იყო ურის მიწაზე ქალდეაში. და უფალმა დალეწა ელკენას საკურთხეველი და იმ მიწის ღმერთებისა, სრულიად გაანადგურა ისინი და შემუსრა მღვდელი ისე, რომ იგი მოკვდა; და იყო დიდი გლოვა ქალდეაში და ასევე ფარაონის სასახლეში; ფარაონი კი ნიშნავს სამეფო სისხლის მეფეს.

21 ახლა, ეს ეგვიპტის მეფე იყო ქამის საზარდულის შთამომავალი და დაბადებიდან იყო სისხლით ქანაანელი.

22 ყველა ეგვიპტელი არის მისი შთამომავლებისგან წარმოშობით და ამგვარად შემორჩა ქანაანელთა სისხლი მიწაზე.

23 ეგვიპტის მიწა პირველად აღმოჩენილ იქნა ქალის მიერ, რომელიც იყო ქამის ასული და ეგვიპტუსის ასული, რაც ქალდეურად ნიშნავს ეგვიპტეს, რაც ნიშნავს – ის, რაც აკრძალულია;

24 როდესაც ამ ქალმა მიწა აღმოაჩინა, ის წყლით იყო დაფარული, შემდგომ ქალმა თავისი შვილები იქ დაასახლა; ამგვარად, ქამისგან წამოვიდა ადამიანთა ჯიში, რომელთა მეშვეობით წყევლა დარჩა მიწაზე.

25 ახლა, პირველი ხელისუფლება ეგვიპტეში ფარაონის მიერ იქნა ჩამოყალიბებული, ეგვიპტუსის უფროსი ვაჟის, ქამის ასულისა და ეს იყო ქამის ხელისუფლების წესისამებრ, რომელიც პატრიარქალური იყო.

26 ფარაონმა, იყო რა სამართლიანი ადამიანი, ჩამოაყალიბა თავისი სამეფო და თავის ხალხს განსჯიდა ბრძნულად და სამართლიანად მთელი თავისი დღეები; ბეჯითად ცდილობდა, შეენარჩუნებინა პირველ თაობებში მამების მიერ დაწესებული წესრიგი, პირველი პატრიარქალური მმართველობის დღეებისას, ადამის მმართველობისაც კი, ასევე ნოესი, მისი მამის, რომელმაც დალოცა იგი დედამიწის კურთხევითა და სიბრძნის კურთხევით, მაგრამ დაწყევლა იგი იმაში, რაც მღვდლობას ეხებოდა.

27 ახლა, ფარაონი იყო იმ შთამომავლობის, რომელსაც არ ჰქონდა უფლება მღვდლობაზე, მიუხედავად ამისა, ფარაონები სიამოვნებით ითვისებდნენ უფლებას ნოესგან ქამის მეშვეობით, რის გამოც მამაჩემი გზას ააცდინეს თავიანთი კერპთაყვანისმცემლობით.

28 მაგრამ შევეცდები, შემდგომში ჩემგან კვალდაკვალ უკან გავყვე ქრონოლოგიას, შექმნის დასაბამამდე, ვინაიდან ხელში ჩამივარდა ჩანაწერები, რომლებსაც ვფლობ დღევანდელ დღემდე.

29 ახლა, მას შემდეგ, რაც ელკენას მღვდელი შემუსრულ იქნა და მოკვდა, აღსრულდა ის, რაც მითხრეს ქალდეას მიწაზე, რომ იმ მიწაზე შიმშილი იქნებოდა.

30 შედეგად, ქალდეას მთელ მიწაზე შიმშილი გაბატონდა და მამაჩემი მწარედ იტანჯებოდა შიმშილის გამო და მოინანია სიბოროტე, რაც ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა ჩაფიქრებული – ჩემი სიცოცხლის მოსწრაფება.

31 მაგრამ, ჩანაწერები მამების, პატრიარქებისაც კი, რაც ეხება მღვდლობის უფლებას, უფალმა, ჩემმა ღმერთმა, შეინარჩუნა ჩემს ხელში; ამიტომ, ცოდნა შექმნის დასაბამისა და ასევე პლანეტების და ვარსკვლავების შესახებ, როგორც ეს გაენდოთ მამებს, მე შევინახე დღევანდელ დღემდე; და შევეცდები, ყოველივე ამისგან ზოგი რამ ჩავწერო ამ ჩანაწერში ჩემი შთამომავლობისთვის სასარგებლოდ, რომელიც ჩემ შემდეგ მოვა.

ამობეჭდვა