წმინდა წერილი
მორონი 8


თავი 8

პატარა ბავშვების ნათლობა არის ბოროტი სისაძაგლე. პატარა ბავშვები ქრისტეში ცხოვრობენ გამოსყიდვის გამო. რწმენა, მონანიება, თვინიერება და გულით დამდაბლება, სულიწმინდის მიღება და ბოლომდე გაძლება მიუძღვის ხსნისკენ. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 მამაჩემის, მორმონის, მიერ, ჩემთვის, მორონისთვის, მოწერილი წერილი; და ის დაწერილ იქნა ჩემი მსახურებისთვის გაწვევიდან ცოტა ხნის შემდეგ. და ასე მომწერა მან შემდეგი სიტყვები:

2 მორონი, ჩემო საყვარელო შვილო, ძალზედ გამიხარდა, რომ შენს უფალს, იესო ქრისტეს, ახსოვხარ და მოგიწოდა ემსახურო მას და აკეთო მისი წმინდა საქმე.

3 ყოველთვის მახსოვხარ ჩემს ლოცვებში, ვლოცულობ რა განუწყვეტლივ მამა ღმერთისადმი, მისი წმინდა ძის, იესოს სახელით, რათა მან საკუთარი უსასრულო სიკეთითა და მადლით ბოლომდე დაგიფაროს მისი სახელისადმი რწმენის სიმტკიცით.

4 და ახლა, ჩემო შვილო, მე გეუბნები იმას, რაც ძალზედ მაღონებს; ვინაიდან მაღონებს ის, რომ თქვენ შორის წამოიჭრა დავა.

5 ვინაიდან, თუ მართალია ის, რაც გავიგე, თქვენ შორის წამოიჭრა დავა თქვენი პატარა ბავშვების ნათლობის შესახებ.

6 და ახლა, ჩემო შვილო, მსურს, იშრომო ბეჯითად, რათა ეს დიდი შეცდომა აღმოიფხვრას თქვენი გარემოცვიდან, ვინაიდან ამ მიზნით მოგწერე ეს წერილი.

7 ვინაიდან, როგორც კი გავიგე ყოველივე ეს, დაუყოვნებლივ ვკითხე უფალს ამ საკითხის შესახებ. და სულიწმინდის ძალით მოვიდა ჩემთან უფლის სიტყვა, რომელიც მეუბნებოდა:

8 მოუსმინე ქრისტეს, შენი გამომსყიდველის, შენი უფლისა და ღმერთის, სიტყვებს. აჰა, ამქვეყნად მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა მონანიებისკენ მოსახმობად; მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ; ასე რომ, პატარა ბავშვები არიან უბიწონი, ვინაიდან არ შეუძლიათ ცოდვის ჩადენა; ამიტომ, ადამის წყევლა მოცილებულია მათგან ჩემში, რომ მას არ აქვს ძალა მათზე; და ჩემში დასრულდა წინდაცვეთის რჯული.

9 და ამგვარად, გამანდო სულიწმინდამ ღვთის სიტყვა; ამიტომ, ჩემო საყვარელო შვილო, მე ვიცი, რომ პატარა ბავშვების ნათლობა არის ღმერთის აბუჩად აგდება.

10 აჰა, მე გეუბნები, რომ ეს უნდა ასწავლოთ – მათი მონანიება და ნათლობა, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან და შეუძლიათ ცოდვის ჩადენა; დიახ, ასწავლეთ მშობლებს, რომ მოინანიონ და მოინათლონ და თავი დაიმდაბლონ პატარა ბავშვებივით; და ყველანი გადარჩებიან პატარა ბავშვებთან ერთად.

11 და მათ პატარა ბავშვებს არ სჭირდებათ არც მონანიება და არც ნათლობა. აჰა, ნათლობა არის მოსანანიებლად, ცოდვების მისატევებელი მცნებების აღსასრულებლად.

12 ხოლო პატარა ბავშვები ცოცხლობენ ქრისტეში, ამა ქვეყნის დასაბამიდანვე; თუ ეს ასე არ არის, მაშინ ღმერთი არის მიკერძოებული ღმერთი და ასევე ღმერთი ცვალებადია და მოკრძალებული; ვინაიდან რამდენი პატარა ბავშვი გარდაიცვალა ნათლობის გარეშე!

13 ამიტომ, თუ პატარა ბავშვები ვერ გადარჩებოდნენ ნათლობის გარეშე, ასეთნი უნდა წასულიყვნენ უსასრულო ჯოჯოხეთში.

14 აჰა, გეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ პატარა ბავშვებისთვის საჭიროა ნათლობა, იმყოფება მწარე ნაღველისა და ურჯულოების ბორკილებში; ვინაიდან არ აქვს მას არც რწმენა, არც იმედი და არც გულმოწყალება; ამიტომ, ამ მოსაზრებით რომ მომკვდარიყო, იგი აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ჯოჯოხეთში.

15 ვინაიდან, საშინელი სიბოროტეა იმაზე ფიქრი, რომ ღმერთი ერთ ბავშვს ნათლობის გამო გადაარჩენს, ხოლო მეორეს, რადგან ნათლობა არ მიუღია, დაღუპავს.

16 ვარამი მათ, რომლებიც ასე გაამრუდებენ უფლის გზებს, ვინაიდან დაიღუპებიან, თუ არ მოინანიებენ. აჰა, ვლაპარაკობ თამამად, მაქვს რა ღმერთისგან უფლებამოსილება; და არ მაშინებს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია ადამიანს; ვინაიდან, სრულყოფილი სიყვარული განდევნის ყოველგვარ შიშს.

17 და სავსე ვარ გულმოწყალებით, რომელიც არის მარადიული სიყვარული; ამიტომ, ყველა ბავშვი ჩემთვის თანაბარია; ამიტომ, სრულყოფილი სიყვარულით მიყვარს პატარა ბავშვები; და ყოველი მათგანი არის თანაბარი და ხსნის თანამონაწილე.

18 ვინაიდან ვიცი: ღმერთი არ არის მიკერძოებული, არც ცვალებადი; არამედ არის უცვლელი, სრული მარადიულობიდან სრულ მარადიულობამდე.

19 პატარა ბავშვებს მონანიება არ შეუძლიათ; ამიტომ, მათთვის ღმერთის წმინდა მოწყალებაზე უარის თქმა საშინელი სიბოროტეა, ვინაიდან ყოველი მათგანი მასში ცოცხლობს – მისი წყალობით.

20 და ის, რომელიც ამბობს, რომ პატარა ბავშვებს სჭირდებათ ნათლობა, უარყოფს ქრისტეს მოწყალებას და არად აგდებს მის გამოსყიდვასა და გამოსყიდვის ძალას.

21 ვარამი ასეთებს, ვინაიდან მათ მოელით სიკვდილი, ჯოჯოხეთი და უსასრულო წამება. ამას ვამბობ თამამად; ღმერთმა მიბრძანა. მოუსმინეთ ჩემს სიტყვებს და ყური დამიგდეთ, თორემ ისინი თქვენ წინააღმდეგ წარსდგება ქრისტეს სამსჯავროს წინაშე.

22 ვინაიდან, აჰა, ყველა პატარა ბავშვი ცოცხლობს ქრისტეში და ასევე ყველანი, რომლებიც კანონის გარეშე არიან. ვინაიდან გამოსყიდვის ძალა წვდება ყოველ მათგანს, რომელსაც არ აქვს კანონი; ამიტომ ის, რომელიც არ არის განსჯილი ან ის, რომელიც განსჯას არ ექვემდებარება, ვერ მოინანიებს და ასეთს ნათლობა არაფერს აძლევს –

23 არამედ ეს არის ღმერთის აბუჩად აგდება – უარყოფა ქრისტეს მოწყალებისა და მისი სულიწმინდის ძალისა და არის მკვდარი საქმეებისადმი სასოების მინდობა.

24 აჰა, ჩემო შვილო, ეს ასე არ უნდა იყოს; ვინაიდან მონანიება არის მათთვის, რომლებიც არიან განსჯის ქვეშ და დარღვეული კანონის წყევლის ქვეშ მოქცეულნი.

25 და მონანიების პირველი ნაყოფი არის ნათლობა; და ნათლობა მოდის მცნებების აღსრულების რწმენით; და მცნებების აღსრულებას მოაქვს ცოდვების მიტევება;

26 ხოლო ცოდვების მიტევებას მოაქვს თვინიერება და გულით დამდაბლება; და თვინიერებისა და გულით დამდაბლების გამო მოდის გამოცხადება სულიწმინდისა, ნუგეშისმცემლისა, რომელიც ავსებს იმედითა და სრულყოფილი სიყვარულით, ხოლო ეს სიყვარული გრძელდება ლოცვაში სიბეჯითით, სანამ არ მოვა დასასრული, როდესაც ყოველი წმინდანი იცხოვრებს ღმერთთან.

27 აჰა, ჩემო შვილო, მე კვლავ მოგწერ, თუ არ წავედი მალე ლამანიელთა წინააღმდეგ. აჰა, ამ ერის ამპარტავნობა ანუ ნეფიელთა ხალხის ამპარტავნობა, გახდა მათი განადგურების მიზეზი, თუ არ მოინანიებენ.

28 ილოცე მათთვის, ჩემო შვილო, რათა მონანიება მივიდეს მათთან. მაგრამ, აჰა, ვშიშობ, სული აღარ მოქმედებს მათზედ; და მიწის ამ ნაწილში ისინიც ცდილობენ, დათრგუნონ ღმერთისგან წამოსული ყოველი ძალა და უფლებამოსილება და ისინი უარყოფენ სულიწმინდას.

29 და ასეთი დიდი ცოდნის უარყოფის შემდეგ, ჩემო შვილო, ისინი მალე უნდა დაიღუპონ იმ წინასწარმეტყველებების, რომლებზეც წინასწარმეტყველებმა ილაპარაკეს, ისევე, როგორც თავად ჩვენი მხსნელის სიტყვების, აღსასრულებლად.

30 მშვიდობით, ჩემო შვილო, სანამ არ მოგწერ ან კვლავ არ შეგხვდები. ამინ.