წმინდა წერილი
იაკობი 7


თავი 7

შერემი უარყოფს ქრისტეს, უპირისპირდება იაკობს, ითხოვს ნიშანს და ღმერთის მიერ ისჯება. ყველა წინასწარმეტყველი ლაპარაკობდა ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ. განსაცდელში დაბადებულმა და ლამანიელებისაგან შეძულებულმა ნეფიელებმა ხეტიალში გაატარეს თავიანთი ცხოვრება. დაახლოებით 544–421 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ნეფის ხალხში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც სახელად შერემი ერქვა.

2 და იყო ასე, რომ მან დაიწყო ხალხში ქადაგება და გამოუცხადა მათ, რომ ქრისტე არ იქნება. და ის ქადაგებდა ბევრ ისეთ რამეს, რითაც ხალხს ეპირფერებოდა; და ამას აკეთებდა, რათა ქრისტეს მოძღვრება დაემარცხებინა.

3 და ის ბეჯითად შრომობდა, რომ გზას აეცდინა ხალხის გულები, ამგვარად, მან გზას მრავალი გული ააცდინა; იცოდა რა, რომ მე, იაკობს, მწამდა ქრისტე, რომელიც უნდა მოსულიყო, ის მონდომებით ეძებდა იმის შესაძლებლობას, რომ ჩემთან მოსულიყო.

4 და ის განსწავლული იყო, რადგან სრულყოფილად იცოდა ამ ხალხის ენა, ამიტომ მას შეეძლო პირფერობისა და სიტყვის დიდი ძალის გამოყენება, ეშმაკის ძალის შესაბამისად.

5 და მას იმედი ჰქონდა, რომ რწმენას შემირყევდა, მრავალი გამოცხადების და იმ ბევრი რამის მიუხედავად, რაც მე ვიხილე ამის შესახებ; რადგან, მე ჭეშმარიტად ვიხილე ანგელოზები და ისინი მემსახურებოდნენ. და ასევე, მე მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც დროდადრო მომმართავდა ნამდვილი სიტყვით; ამიტომ, ჩემი შერყევა შეუძლებელი იყო.

6 და იყო ასე, რომ ის ჩემთან მოვიდა და ასეთნაირად მომმართა სიტყვებით: ძმაო იაკობ, მე მონდომებით ვეძებდი შენთან საუბრის შესაძლებლობას; რადგან მე გავიგე და ასევე ვიცი, რომ შენ ბევრს დადიხარ და ქადაგებ იმას, რასაც სახარებას ანუ ქრისტეს მოძღვრებას, უწოდებთ.

7 და თქვენ მრავალნი აიყოლიეთ ამ ხალხისგან ისე, რომ ისინი ამრუდებენ ღმერთის სწორ გზას და არ იცავენ მოსეს რჯულს, რომელიც არის სწორი გზა; და მოსეს რჯულს გადააქცევენ არსების თაყვანისცემად, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, მრავალი ასეული წლის შემდეგ მოვა. და ახლა, აჰა, მე, შერემი, გიცხადებ, რომ ეს არის მკრეხელობა, რადგან არც ერთმა ადამიანმა არ იცის ასეთი რამ, რადგან მას არ შეუძლია იცოდეს ის, რაც იქნება. და ასეთნაირად მეკამათებოდა შერემი.

8 მაგრამ, აჰა, უფალმა ღმერთმა ისე გადმოღვარა თავისი სული ჩემს სულში, რომ შევმუსრე იგი მის ყოველ სიტყვაში.

9 და მე მას ვუთხარი: უარყოფ თუ არა ქრისტეს, რომელიც მოვა? და მან თქვა: რომ ყოფილიყო ქრისტე, მე მას არ უარვყოფდი, მაგრამ მე ვიცი, რომ ქრისტე არ არსებობს, არც ყოფილა და არც არასდროს იქნება.

10 და მე მას ვუთხარი: გწამს თუ არა წმინდა წერილები? და მან თქვა: დიახ.

11 და მე მას ვუთხარი: მაშინ შენ არ გესმის ისინი; რადგან ისინი ჭეშმარიტად მოწმობენ ქრისტეზე. აჰა, მე გეუბნები შენ, რომ არც ერთ წინასწარმეტყველს არც დაუწერია და არც უწინასწარმეტყველებია ისე, რომ არ ელაპარაკა ქრისტეზე.

12 და ეს არ არის ყველაფერი; ეს მე გამომეცხადა, რადგან მესმოდა და ვხედავდი; და ეს ასევე გამომეცხადა სულიწმინდის ძალით; ამიტომ, მე ვიცი, თუ არ იქნება გამოსყიდვა, მთელი კაცობრიობა დაიკარგება.

13 და იყო ასე, რომ მან მითხრა: დამანახე ნიშანი ამ სულიწმინდის ძალით, რომლის მეშვეობითაც თქვენ ასე ბევრი რამ იცით.

14 და მე მას ვუთხარი: ვინ ვარ მე, რომ ღმერთი გამოვცადო, რათა შენ დაგანახოს იმის ნიშანი, რაც შენ იცი, რომ არის ჭეშმარიტება? შენ მაინც უარყოფ ამას, ვინაიდან შენ ხარ ეშმაკისაგან. მიუხედავად ამისა, არა ჩემი ნება აღსრულდება; მაგრამ თუ ღმერთი დაგსჯის, დაე, ეგ იყოს შენთვის ნიშანი, რომ მას აქვს ძალა ზეცაშიც და დედამიწაზეც და ასევე, რომ ქრისტე მოვა. დაე, შენი ნება იყოს, უფალო, და არა ჩემი.

15 და იყო ასე, რომ როდესაც მე, იაკობმა, ეს სიტყვები ვთქვი, უფლის ძალა გადმოვიდა მასზედ ისე, რომ ის მიწაზე დაეცა. და იყო ასე, რომ მას კვებავდნენ მრავალი დღის განმავლობაში.

16 და იყო ასე, რომ მან მიმართა ხალხს: ერთად შეიკრიბეთ ხვალ, რადგან მე მოვკვდები, ამიტომ, მსურს მივმართო ხალხს, სანამ მოვკვდები.

17 და იყო ასე, რომ მომდევნო დღეს მრავალნი შეიკრიბნენ ერთად და მან ნათლად მიმართა მათ და უარყო ის, რასაც მათ ასწავლიდა, აღიარა ქრისტე და სულიწმინდის ძალა და ანგელოზთა მსახურება.

18 და მან ნათლად მიმართა მათ, რომ მოტყუებული იყო ეშმაკის ძალით. და ის ლაპარაკობდა ჯოჯოხეთზე და მარადისობაზე და მარადიულ სასჯელზე.

19 და მან თქვა: მე ვშიშობ, რომ ჩავიდინე მიუტევებელი ცოდვა, რადგან ვიცრუე ღმერთის წინაშე; რადგან უარვყოფდი ქრისტეს და ვთქვი, რომ მწამს წმინდა წერილები; და ისინი ჭეშმარიტად მასზე მოწმობენ. იმის გამო, რომ ასე ვცრუობდი ღმერთის წინაშე, მე ძალზედ ვშიშობ, რომ ჩემი მდგომარეობა იქნება საშინელი; მაგრამ, მე აღსარებას ვეუბნები ღმერთს.

20 და იყო ასე, რომ როდესაც მან წარმოთქვა ეს სიტყვები, მეტი ვერაფერი თქვა და სული განუტევა.

21 და როდესაც მრავალნი გახდნენ მოწმენი, რომ მან ეს ილაპარაკა, სანამ სული განუტევდა, ისინი იყვნენ ძალზედ გაოცებულნი; იმდენად, რომ ღვთის ძალა მოეფინა მათზედ და სძლია მათ ისე, რომ მიწაზე დაემხნენ.

22 და ახლა, ეს სასიხარულო იყო ჩემთვის, იაკობისათვის, რადგან ამას ვთხოვდი ჩემს მამას, რომელიც ზეცაშია; რადგან მან შეისმინა ჩემი ღაღადი და უპასუხა ჩემს ლოცვას.

23 და იყო ასე, რომ მშვიდობა და ღვთის სიყვარული კვლავ აღდგენილ იქნა ადამიანებს შორის; და ისინი იკვლევდნენ წმინდა წერილებს და ყურს აღარ უგდებდნენ ამ ბოროტი კაცის სიტყვებს.

24 და იყო ასე, რომ მრავალი საშუალება მოიფიქრეს, რათა მოებრუნებინათ ჭეშმარიტების ცოდნისკენ და აღედგინათ ლამანიელები; მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, რადგან ისინი ხარობდნენ ომებითა და სისხლისღვრით და მათ ჰქონდათ მარადიული სიძულვილი თავიანთი ძმების, ჩვენ მიმართ. და გამუდმებით ცდილობდნენ ჩვენს განადგურებას თავიანთი იარაღის ძალით.

25 ამიტომ, ნეფის ხალხი გამაგრდა მათ წინააღმდეგ თავიანთი იარაღით და მთელი თავიანთი ძალით, ღმერთისა და ხსნის კლდის ნდობით; ამიტომ, ისინი ჯერ კიდევ იყვნენ მტრებზე გამარჯვებულნი.

26 და იყო ასე, რომ მე, იაკობმა, ვიგრძენი ჩემი სიბერე; და რადგან ამ ხალხის ჩანაწერები ინახება ნეფის სხვა ფირფიტებზე, მე ამ ჩანაწერებს ვამთავრებ და ვაცხადებ, რომ ვწერდი ჩემი საუკეთესო ცოდნის შესაბამისად და ვამბობ, რომ ჩვენმა დრომ ჩაიარა, ასევე ჩვენმა ცხოვრებამ ჩაიარა, თითქოს ის სიზმარი ყოფილიყო, ვიყავით რა ეული და გულჩათხრობილი ხალხი, მოხეტიალე და იერუსალიმიდან გაძევებულნი, გაჭირვებაში უდაბნოში დაბადებული და ჩვენი ძმებისაგან შეძულებული, რამაც გამოიწვია ომები და განხეთქილებები. ამიტომ, ჩვენ გავატარეთ ჩვენი დღეები მწუხარებაში.

27 და მე, იაკობმა, დავინახე, რომ მალე საფლავში უნდა ჩავიდე, ამიტომ მივმართე ჩემს შვილს, ენოსს: აიღე ეს ფირფიტები. და მოვუყევი იმაზე, რაც მიბრძანა ჩემმა ძმამ, ნეფიმ; და იგი დამპირდა, რომ ბრძანებებს დაემორჩილებოდა. და მე ვამთავრებ ჩემს ჩანაწერებს ამ ფირფიტებზე, რომელი ჩანაწერებიც იყო მოკლე და მე ვეთხოვები მკითხველს, მაქვს რა იმედი, რომ ჩემი ძმებიდან მრავალნი წაიკითხავენ ჩემს სიტყვებს. მშვიდობით, ძმებო.