წმინდა წერილი
იაკობი 2


თავი 2

იაკობი გმობს სიმდიდრისადმი სიყვარულს, ამპარტავნობასა და ბიწიერებას. ადამიანებს შეუძლიათ ეძიონ სიმდიდრე თავიანთი თანამოძმის დასახმარებლად. უფალი ბრძანებს, რომ ნეფიელებს შორის არცერთ კაცს არ უნდა ჰყავდეს ერთ ცოლზე მეტი. უფალი ხარობს ქალთა უბიწოებით. დაახლოებით 544–421 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ნეფის ძმის, იაკობის სიტყვები, რომლებიც მან უთხრა ნეფის ხალხს, ნეფის სიკვდილის შემდეგ.

2 ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე, იაკობი, იმ პასუხისმგებლობის შესაბამისად, რომელიც მაკისრია ღმერთის წინაშე, რათა კეთილგონიერებით ვადიდო ჩემი რწმუნებულება და რომ განვწმინდო თქვენი ცოდვებისგან ჩემი სამოსელი, მოვედი ტაძარში ამ დღეს, რათა გაუწყოთ ღვთის სიტყვა.

3 და თქვენ თვითონ იცით, რომ მე აქამდე ვიყავი ბეჯითი ჩემი მოწოდების რწმუნებულების შესრულებაში; მაგრამ დღეს, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, დამწუხრებული ვარ მეტი სურვილითა და მოუსვენრობით, თქვენი სულების კეთილდღეობის გამო.

4 რადგან, აჰა, თქვენ აქამდე მორჩილნი იყავით უფლის სიტყვისადმი, რომელსაც მე გაძლევდით.

5 მაგრამ, აჰა, ყური დამიგდეთ და გაიგეთ, რომ ზეცისა და დედამიწის, ყოვლისშემძლე შემოქმედის დახმარებით, შემიძლია გითხრათ თქვენი აზრების შესახებ, თუ როგორ მიეცემით ცოდვას, რომელი ცოდვაც არის ძალზედ ბილწი ჩემთვის, დიახ, ბილწი ღმერთისათვის.

6 დიახ, ეს აღონებს ჩემს სულს და მაიძულებს სირცხვილისგან მოვიკუნტო ჩემი შემქმნელის წინაშე, რადგან მე მიწევს დაგიმოწმოთ თქვენი გულის სიბოროტის შესახებ.

7 და ასევე, მაღონებს ის, რომ უნდა მკაცრად ვილაპარაკო თქვენ შესახებ, თქვენი ცოლებისა და შვილების წინაშე, რომელთა მრავალი გრძნობა ღმერთის წინაშე არის ნაზი და წმინდა, რაც ღმერთისათვის საამოა;

8 და ვფიქრობ, რომ ისინი აქ მოვიდნენ ღვთის საამო სიტყვის მოსასმენად, დიახ, იმ სიტყვის, რომელიც კურნავს დაჭრილ სულს.

9 ამიტომ, ჩემს სულს ამძიმებს ის, რომ იძულებული ვარ, მკაცრი ბრძანების გამო, რომელიც მივიღე ღმერთისგან, დაგარიგოთ თქვენი დანაშაულებების შესაბამისად, გავაღრმავო დაჭრილთა ჭრილობები მათი ჭრილობების დაამებისა და განკურნების ნაცვლად; და ისინი, რომლებიც არ არიან დაჭრილნი, იმის ნაცვლად, რომ ინადიმონ ღვთის საამო სიტყვით, იღებენ მიბჯენილ ხანჯლებს, რათა განიგმიროს მათი სულები და დაიჭრას მათი ფაქიზი ცნობიერება.

10 მაგრამ, ამ დავალების სიდიადის მიუხედავად, მე უნდა მოვიქცე ღვთის მკაცრი ბრძანებების შესაბამისად და გითხრათ თქვენი სიბოროტისა და სისაძაგლის შესახებ მათ წინაშე, რომლებიც არიან გულით სუფთანი და გულმოდრეკილნი; და ყოვლადძლიერი ღმერთის განგმირავი თვალის ქვეშ.

11 ამიტომ, უნდა გითხრათ სიმართლე ღვთის სიტყვის სინათლის შესაბამისად. რადგან, აჰა, როდესაც ვთხოვე უფალს, მე ასეთი სიტყვა მივიღე: იაკობ, ადი ხვალ ტაძარში და ამ ხალხს აუწყე სიტყვა, რომელსაც მოგცემ.

12 და ახლა, აჰა, ჩემო ძმებო, ეს არის სიტყვა, რომელსაც მე თქვენ გიცხადებთ, რომ მრავალმა თქვენგანმა დაიწყო ოქროსა და ვერცხლის ძიება; და ასევე ყველანაირი ძვირფასი მადნისა, რითიც ეს მიწა – რომელიც არის აღთქმული მიწა თქვენი და თქვენი შთამომავლებისათვის, არის უხვად მდიდარი.

13 და ბარაქიანმა ხელმა გაგიღიმათ ყველაზე საამოდ, იმდენად, რომ მიიღეთ მრავალი სიმდიდრე; და იმის გამო, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა უფრო უხვად მიიღო, ვიდრე თქვენმა ძმებმა, აღზევდით თქვენი გულის ამპარტავნობით და გახდით ქედფიცხელნი და ყოყოჩობთ თქვენი ტანსაცმლის სიძვირფასის გამო და დევნით თქვენს ძმებს, რადგან ფიქრობთ, რომ ხართ მათზე უკეთესნი.

14 და ახლა, ჩემო ძმებო, ნუთუ ფიქრობთ, რომ ღმერთი ამაში გაგამართლებთ? აჰა, მე გეუბნებით: არა. თუმცა ის დაგდებთ მსჯავრს და თუ იქნებით უდრეკნი ამ საქმეში, მისი სასჯელი სწრაფად მოგევლინებათ.

15 ო, მას რომ ეჩვენებინა თქვენთვის, რომ შეუძლია განგგმიროთ და ერთი თვალის შევლებით შეუძლია მტვრად გაქციოთ!

16 ო, მას რომ განეწმინდეთ ამ ურჯულოებისაგან და სისაძაგლისგან და თქვენ რომ ყური დაგეგდოთ მისი ბრძანებების სიტყვებისათვის და გულის ამპარტავნობისთვის არ მიგეცათ სული გასანადგურებლად!

17 იფიქრეთ თქვენს ძმებზე, როგორც საკუთარ თავზე და იყავით მეგობრულნი ყველას მიმართ და გულუხვნი თქვენი ქონებით, რათა ისინი გახდნენ თქვენსავით მდიდრები.

18 მაგრამ სანამ სიმდიდრის ძებნას დაიწყებთ, ეძიეთ ღვთის სასუფეველი.

19 და მას შემდეგ, რაც ქრისტეში იმედს მიიღებთ, მიიღებთ სიმდიდრესაც, თუ ეძიებთ მას; და მას ეძიებთ იმ მიზნით, რომ აკეთოთ სიკეთე, შემოსოთ შიშველნი და დააპუროთ მშიერნი, გაანთავისუფლოთ დატყვევებულნი და მოუტანოთ შვება ავადმყოფთ და გაჭირვებულთ.

20 და ახლა, ჩემო ძმებო, მე მოგმართეთ ამპარტავნობის შესახებ; და თქვენ შორის მათ, რომლებმაც გასაჭირში ჩააგდეთ თქვენი მოყვასი და დევნიდით მას იმის გამო, რომ გულში ამპარტავნობდით იმით, რაც ღმერთმა მოგცათ, რას იტყვით ამაზე?

21 ნუთუ არ ფიქრობთ, რომ ასეთი საქმენი არის ბილწი მისთვის, ვინც შექმნა ყველა ხორციელი? და მის თვალში ერთი არსება ისევე ძვირფასია, როგორც მეორე. და ყველა ხორციელი არის მტვრიდან; და ამ მიზნისთვისაც შექმნა მან ისინი, რათა დაიცვან მისი მცნებები და მარადის ადიდონ იგი.

22 და ახლა მე ვამთავრებ თქვენ მიმართ საუბარს ამ ამპარტავნობის შესახებ. და თქვენთვის უფრო მძიმე დანაშაულის შესახებ რომ არ უნდა მელაპარაკა, ჩემი გული ძალზედ გაიხარებდა თქვენ გამო.

23 მაგრამ ღვთის სიტყვა მამძიმებს თქვენი უფრო დიდი დანაშაულებისათვის. რადგან, აჰა, ასე ამბობს უფალი: ეს ხალხი იწყებს ურჯულოებაში ჩაფლობას; მათ არ ესმით წმინდა წერილების, რადგან ცდილობენ გაიმართლონ თავი მრუშობის ჩადენისას იმის გამო, რაც ეწერა დავითზე და სოლომონზე, მის შვილზე.

24 აჰა, დავითს და სოლომონს ჭეშმარიტად ჰყავდათ მრავალი ცოლი და ხარჭა, რაც ბილწი იყო ჩემ წინაშე, – ამბობს უფალი.

25 ამიტომ, ასე ამბობს უფალი: მე გამოვიყვანე ეს ხალხი იერუსალიმის მიწიდან ჩემი ხელის ძალით, რათა აღვზარდო ჩემთვის მართალი რტო იოსების საზარდულის ნაყოფიდან.

26 ამიტომ, მე, უფალი ღმერთი, არ დავუშვებ, რომ ეს ხალხი მოიქცეს ისე, როგორც ისინი, ძველად.

27 ამიტომ, ჩემო ძმებო, მომისმინეთ და ყური დაუგდეთ უფლის სიტყვას: არც ერთ კაცს თქვენ შორის არ ჰყავდეს ერთ ცოლზე მეტი და არ ჰყავდეს არც ერთი ხარჭა.

28 რადგან, მე, უფალი ღმერთი, ვხარობ ქალთა უბიწოებით. და მრუშობა არის სისაძაგლე ჩემ წინაშე, – ასე ამბობს ცაბაოთ უფალი.

29 ამიტომ, ეს ხალხი დაიცავს ჩემს მცნებებს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ან იქნება მიწა მათ გამო დაწყევლილი.

30 რადგან, თუ მე მოვისურვებ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ აღვზარდო ჩემთვის შთამომავლობა, მე ვუბრძანებ ჩემს ხალხს; სხვაგვარად, ისინი ამას დაუგდებენ ყურს.

31 რადგან, აჰა, მე, უფალმა, ვიხილე ჩემი ხალხის ქალიშვილთა დარდი და გლოვა იერუსალიმის მიწაზე, დიახ, ჩემი ხალხის ყველა მიწაზე, მათი ქმრების სიბოროტისა და სისაძაგლის გამო.

32 და მე არ დავუშვებ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ ღაღადი ამ ხალხის ლამაზი ქალიშვილებისა, რომლებიც გამოვიყვანე იერუსალიმის მიწიდან, მოვიდეს ჩემამდე, ჩემი ხალხის კაცების წინააღმდეგ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

33 რადგან ისინი ვერ წაიყვანენ ტყვედ ჩემი ხალხის ქალიშვილებს მათი სინაზის გამო, თორემ მოვევლინები მათ მკაცრი წყევლით, განადგურებითაც კი; რადგან არ ჩაიდენენ მრუშობას, როგორც ისინი ძველად, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

34 და ახლა, ჩემო ძმებო, თქვენ იცით, რომ ეს მცნებები მიეცა მამაჩვენს, ლეხის; ამიტომ, თქვენ ისინი ადრეც იცოდით; და თქვენ მოხვედით დიდ სასჯელამდე; რადგან ჩაიდინეთ ის, რაც არ უნდა ჩაგედინათ.

35 აჰა, თქვენ ჩაიდინეთ უფრო მძიმე ურჯულოება, ვიდრე ლამანიელებმა, ჩვენმა ძმებმა. თქვენ გაუტეხეთ გული თქვენს ნაზ ცოლებს და დაკარგეთ შვილების ნდობა მათ წინაშე თქვენი ცუდი მაგალითის გამო; და მათი გულის ქვითინი თქვენ წინააღმდეგ, აღწევს ღმერთამდე. და ღვთის სიტყვის სიმკაცრის გამო, რომელიც ჩამოდის თქვენ წინააღმდეგ, მრავალი გული დაიღუპა, ღრმა ჭრილობებით განგმირული.