ლიახონა
სახარების მიხედვით ცხოვრების ხანგრძლივი სიხარული
თებერვალი, 2024 წ.


„სახარების მიხედვით ცხოვრების ხანგრძლივი სიხარული“, ლიახონა, თებერვალი, 2024 წ.

ყოველთვიური გზავნილი, ლიახონა, თებერვალი, 2024 წ.

სახარების მიხედვით ცხოვრებისხანგრძლივი სიხარული

ხანგრძლივი სიხარული მოდის იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრებითა და სხვების დახმარებით, რათა იგივე აკეთონ.

გამოსახულება
ადამი და ევა ედემის ბაღის ფონზე

The Garden of Eden [ედემის ბაღი], ავტორი: გრანტ რომნი კლავსონი; Leaving the Garden of Eden [ედემის ბაღის დატოვება], ავტორი: ჯოზეფ ბრიკი

ჩვენი ცხოვრების მიზნის ლაკონიური გამოხატულება შეიძლება მოიძებნოს ლეხის წინასწარმეტყველურ სწავლებებში დედამიწაზე ადამიანის ცხოვრების დაწყების შესახებ. ედემის ბაღში ადამი და ევა უცოდველ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. თუ ამ მდგომარეობაში დარჩებოდნენ, „ისინი ვერ განიცდიდნენ სიხარულს, რადგან არ ეცოდინებოდათ უბედურება; ვერ გააკეთებდნენ სიკეთეს, რადგან არ ეცოდინებოდათ ცოდვა“ (2 ნეფი 2:23). ამიტომ, ლეხის განმარტებით: „ადამი დაეცა, რათა ადამიანები ყოფილიყვნენ და ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული“ (2 ნეფი 2:25; იხ. ასევე მოსე 5:10–11).

როდესაც ჩვენ დაცემულ სამყაროში ვიზრდებით, ვსწავლობთ განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის იმის მიხედვით, თუ რას გვასწავლიან და რას განვიცდით. ჩვენ „[ვიგემებთ] მწარეს, რათა [შევიცნოთ] და [დავაფასოთ] კეთილი“ (მოსე 6:55). სიხარული მოდის მაშინ, როცა ჩვენ უარვყოფთ მწარეს და სულ უფრო მეტად ვაფასებთ და ვეჭიდებით კეთილს.

სიხარულის პოვნა

ჩვენდამი სრულყოფილი სიყვარულის გამო, ჩვენს ზეციურ მამას სურს გაგვიზიაროს თავისი სრულყოფილი სიხარული, როგორც ახლა, ისე მარადისობაში. ეს თავიდანვე იყო მისი მამოძრავებელი ძალა ყველაფერში, მათ შორის, ბედნიერების დიდებული გეგმა და მისი მხოლოდშობილი ძის მსხვერპლი ჩვენს გამოსასყიდად.

ღმერთი არ ცდილობს, თავს მოგვახვიოს სიხარული ან ბედნიერება, მაგრამ იგი გვასწავლის, როგორ ვიპოვოთ ის. ის ასევე გვეუბნება, სად არის შეუძლებელი სიხარულის პოვნა — „სიბოროტე არასდროს ყოფილა [და არ იქნება] ბედნიერება“ (ალმა 41:10). ზეციური მამა თავისი მცნებების საშუალებით გვიზიარებს სიხარულისკენ მიმავალ გზას.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ეს ამგვარად გამოხატა:

„აქ არის დიდი ჭეშმარიტება: სამყარო დაჟინებით გვარწმუნებს, რომ ძალაუფლებას, ქონებას, პოპულარობასა და ხორციელ სიამოვნებას მოაქვს ბედნიერება, მაგრამ არა! ეს ასე არ არის! ამას „კურთხეული და ბედნიერი მდგომარეობა“ კი არ მოაქვს, რაც განსაზღვრულია მათთვის, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს“, არამედ პირიქით - ამის არაფრის მომტანი შემცვლელი [მოსია 2:41].

„სიმართლე ის არის, რომ გაცილებით დამღლელია ბედნიერების ძიება იქ, სადაც ვერასოდეს იპოვი მას! თუმცა, როცა იესო ქრისტეს უღელს დაიდგამ და დაიწყებ სულიერი სამუშაოს ჩატარებას იმისთვის, რომ სძლიო სოფელს — უფალს და მხოლოდ მას, აქვს ძალა, აგამაღლოს ამასოფელზე“ 1

ამგვარად, ხანგრძლივი სიხარულის პოვნა შესაძლებელია ღვთის მცნებების დაცვაში, ხოლო ღვთის მცნებებს იესო ქრისტეს სახარებაში ვპოულობთ. თუმცა ეს ჩვენი არჩევანია. თუ ჩვენი სისუსტის გამო დროებით ვერ შევასრულებთ მცნებებს, კვლავ შეგვეძლება შემოტრიალება, მწარის უარყოფა და კეთილის მიყოლა. ღმერთის სიყვარული არ ამართლებს ცოდვას — ეს იქნებოდა წყალობა, რომელიც ძარცვავს სამართლიანობას — მაგრამ უფლის გამოსყიდვის საშუალებით იესო ქრისტე გვთავაზობს ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას:

„ამულეკმა … თქვა … რომ უფალი აუცილებლად მოვიდოდა, რათა გამოეხსნა თავისი ხალხი, მაგრამ ის არ მოვიდოდა მათ საკუთარ ცოდვებში გამოსასყიდად, არამედ მოვა მათი ცოდვებისგან გამოსასყიდად.

„და მას აქვს თავისი მამისაგან ნაბოძები ძალა, გამოისყიდოს ისინი საკუთარი ცოდვებისგან, მონანიების გამო; ამიტომ, მან გამოაგზავნა თავისი ანგელოზები, რათა აუწყონ პირობები მონანიების შესახებ, რომელიც გაუძღვება გამომსყიდველის ძალისკენ, მათი სულების გადასარჩენად“ (ჰელამანი 5:10–11).

იესომ თქვა:

„თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.

„ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს“ (იოანე 15:10–11).

ეს არის ის, რაც ლეხიმ სიზმარში იგრძნო, როდესაც სიცოცხლის ხის ნაყოფი გასინჯა, რაც ღმერთის სიყვარულის გამოსახულებაა. მან თქვა: „და როდესაც ვიგემე იმის ნაყოფი, მან აღავსო ჩემი სული ძალზედ დიდი სიხარულით“ (1 ნეფი 8:12; იხ. ასევე 11:21–23).

ლეხიმ ასევე გამოავლინა მეორე გზა, რომლითაც შეგვიძლია სიხარული შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში, როცა თქვა: „და ამიტომაც მოვისურვე, რომ ჩემმა ოჯახმაც იგემოს [ნაყოფი]“ (1 ნეფი 8:12).

გამოსახულება
ერთი ხელი მეორე ხელს აწვდის ნაყოფს ხის ფონზე

Tree of Life [სიცოცხლის ხე], ავტორი: კაზუტო უოტა

სხვების დახმარება სიხარულის პოვნაში

მეფე ბენიამინის ხალხის მსგავსად, ჩვენ „[აღვივსებით] სიხარულით“, როცა ცოდვები მოგვეტევება და განვიცდით „დამშვიდებუ[ლ] სინდის[ს]“ (მოსია 4:3). ჩვენ ამას კვლავ ვგრძნობთ, როდესაც ვცდილობთ დავეხმაროთ ოჯახის წევრებს და სხვებს, მიიღონ იგივე სიხარული და სიმშვიდე.

როგორც ახალგაზრდა კაცი, ალმა ეძებდა ბედნიერებას ყველაფერში, რაც ეწინააღმდეგებოდა იესო ქრისტეს სახარებას. ანგელოზის მიერ გაკიცხვის შემდეგ მან შორი გზა გამოიარა და მოვიდა „მწარედან“ „კეთილამდე“, რადგან მოინანია „ლამის სიკვდილამდე“ (მოსია 27:28), ხოლო მხსნელმა უხვი წყალობა არგუნა. წლების შემდეგ ალმა აღტაცებული ეუბნებოდა თავის შვილს, ჰელამანს:

„და რა სიხარული, რა საოცარი სინათლე ვიხილე მე; დიახ, სული აღივსო სიხარულით, ისეთივე ძლიერით, როგორიც იყო ჩემი ტკივილი! …

„დიახ, იმ დროიდან დღემდე მე განუწყვეტლივ ვშრომობ, რათა სულები მივიყვანო მონანიებამდე; შევძლო მივიყვანო, რათა იგემონ განსაკუთრებული სიხარული, რომელიც მე ვიგემე. …

„დიახ, ახლა, აჰა, ჩემო შვილო, უფალი მაძლევს ძალზედ დიდ სიხარულს ჩემი შრომის ნაყოფში;

„ვინაიდან სიტყვით [იესო ქრისტეს სახარებით], რომელიც მან მიბოძა, აჰა, მრავალნი იშვნენ ღვთისგან და იგემეს, რაც მე ვიგემე და იხილეს საკუთარი თვალებით, რაც მე ვიხილე“ (ალმა 36:20, 24–26).

სხვა შემთხვევის დროს ალმამ დაამოწმა:

„დიახ, და ეს არის ჩემი დიდება, რომ იქნებ ვიყო იარაღი ღმერთის ხელში, რათა რომელიმე სული მონანიებამდე მივიყვანო; და ეს არის ჩემი სიხარული.

„და აჰა, როდესაც ვხედავ მრავალს ჩემი ძმებისგან, ინანიებენ რა ჭეშმარიტად და მოდიან უფალთან, თავიანთ ღმერთთან, ჩემი სული ივსება სიხარულით“ (ალმა 29:9–10).

ალმა განაგრძობდა და აცხადებდა უდიდესი სიხარულის შესახებ, რომელიც მან იგრძნო, როდესაც სხვებმა მიაღწიეს წარმატებას სულების ქრისტესთან მიყვანაში:

„მაგრამ მე არ ვხარობ მხოლოდ ჩემი წარმატებით, არამედ ჩემი სიხარული უფრო აღსავსეა ჩემი ძმების [მოსიას ვაჟების] წარმატებით, რომლებიც იყვნენ ნეფის მიწაზე.

„აჰა, ისინი მეტისმეტად ბევრს შრომობდნენ და მოიტანეს უხვი ნაყოფი და რა დიადი იქნება მათი საზღაური!

„ახლა, როდესაც ვფიქრობ ჩემი ძმების ამ წარმატებაზე, ჩემი სული მიქრის, ლამის სხეულს მოსცილდეს, ასეთი დიდია ჩემი სიხარული“ (ალმა 29:14–16).

ჩვენ შეგვიძლია იგივე სიხარული მივიღოთ, როდესაც შევიყვარებთ სხვებს „ქრისტეს წმინდა სიყვარულით“ (მორონი 7:47; იხ. ასევე 48-ე მუხლი), გავუზიარებთ აღდგენილ ჭეშმარიტებას მათ და მოვიწვევთ, რათა შეიკრიბონ აღთქმულ ხალხთან.

გამოსახულება
მხსნელი გეთსიმანიაში

O My Father [ო, ჩემო მამავ], სიმონ დიუი

სიხარული განსაცდელის დროს

არ უნდა გვეშინოდეს, რომ განსაცდელი და გამოწვევა, რომელიც აუცილებლად შეგვხვდება მიწიერ ცხოვრებაში, ხელს შეუშლის ან გაანადგურებს ჩვენს სიხარულს. ალმა იყო ის, ვისაც სხვების უანგარო მსახურება ძვირი დაუჯდა. მან გამოსცადა პატიმრობა, ხანგრძლივი შიმშილი და წყურვილი, ცემა, მოკვლის მუქარა და მუდმივი დაცინვა და უარყოფა. და ყველაფერი ეს „შთაინთქა ქრისტეს სიხარულით“ (ალმა 31:38). შესაძლოა ალმას ტანჯვამ შემდგომი სიხარული კიდევ უფრო დიდი გახადა.

პრეზიდენტი ნელსონი შეგვახსენებს, რომ სიხარულმა ითამაშა როლი ჩვენი მხსნელის ტანჯვაში — იესომ, „რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი“ (ებრაელთა 12:2).

„დაფიქრდით ამაზე! იმისთვის, რომ გაეძლო ეს დედამიწაზე არნახული ტანჯვა, მხსნელი სიხარულზეიყო ფოკუსირებული!

„და რა სიხარული დაისახა უფალმა? რა თქმა უნდა, ის მოიცავდა განწმენდის, განკურნებისა და ჩვენი გაძლიერების სიხარულს; სიხარულს, რომელიც მოდის ყოველივე მომნანიებელი ადამიანის ცოდვების დაფარვით; სიხარული იმისა, რომ თქვენ და მე მოგვეცემა შინ დაბრუნების საშუალება - განწმენდილებს და ღირსეულებს, რათა ვიცხოვროთ ჩვენს ზეციურ მშობლებთან და ოჯახებთან.

„თუ ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას სიხარულზე, რომელიც მოვა ჩვენთან, ან მათთან, ვინც გვიყვარს, რის დათმენას შევძლებთ, რაც ამჟამად გვეჩვენება აურაცხელად, მტკივნეულად, შემაშინებლად, უსამართლოდ ან უბრალოდ შეუძლებლად“?2

ხანგრძლივი სიხარული მოდის იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრებითა და სხვების დახმარებით, რათა იგივე აკეთონ. ხანგრძლივი სიხარული მოდის, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ღვთის სიყვარულში, ვემორჩილებით მის მცნებებს და ვიღებთ მხსნელის მადლს. სახარების გზაზე მოგზაურობისას და გზის ბოლოშიც სიხარულია. იესო ქრისტეს სახარება ყოველდღიური სიხარულის გზაა.