გენერალური კონფერენცია
დადუმდი, ჩადექ
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


დადუმდი, ჩადექ

მხსნელი გვასწავლის, როგორ ვიგრძნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, როცა ძლიერი ქარი ქრის ჩვენს ირგვლივ და დიდი ტალღები მზად არიან, ჩაძირონ ჩვენი იმედები.

როცა ჩვენი შვილები პატარები იყვნენ, ჩვენ ოჯახით ლამაზ ტბაზე წავედით რამდენიმე დღით. ერთხელ საღამოს ჩვენი შვილების ნაწილმა ნავიდან წყალში ჩახტომამდე სამაშველო ჟილეტები ჩაიცვეს. ყველაზე უმცროსი ქალიშვილი მერყეობდა, იგი ყურადღებით აკვირდებოდა თავის და-ძმას. მან მთელი ძალა მოიკრიბა, ცხვირზე ხელი მოიჭირა და გადახტა. იგი მაშინვე წყლიდან ამოტივტივდა და ოდნავ შეშინებულმა დაიყვირა: „მიშველეთ! მიშველეთ!

მას არანაირი მიწიერი საფრთხე არ ემუქრებოდა; სამაშველო ჟილეტი შესანიშნავად ასრულებდა თავის ფუქციას და გოგონა უსაფრთხოდ ტივტივებდა. ჩვენ ადვილად შეგვეძლო, გაგვეწოდებინა ხელი და ნავში ამოგვეყვანა იგი. მაგრამ, მისი თვალსაზრისით, მას დახმარება ესაჭიროებოდა. შეიძლება წყალი იყო გრილი ან ეს უბრალოდ ახალი გამოცდილება იყო მისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უკან ნავში ამოძვრა, ჩვენ იგი მშრალ პირსახოცში გავახვიეთ და გამბედაობისთვის შევაქეთ.

ახალგაზრდები ვართ თუ მოხუცები, მრავალ ჩვენგანს გასაჭირის ჟამს წამოგვიძახია დახმარების სიტყვები, მაგალითად „მიშველეთ“! „გადამარჩინეთ“! ან „გთხოვ, უპასუხე ჩემს ლოცვას“!

ასეთი რამ დაემართათ იესოს მოწაფეებს მისი მიწიერი მსახურების დროს. მარკოზის სახარებაში ვკითხულბთ, რომ იესომ „კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას: მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი“.1 იმდენი ხალხი შეგროვდა, რომ იესო „ნავში ჩაჯდა“2 და იქიდან ლაპარაკობდა. მთელი დღე იგი ნაპირზე მყოფ ხალხს იგავებით ასწავლიდა.

„რომ … მოსაღამოვდა“, უთხრა თავის მოწაფეებს: „გადავცუროთ გაღმა. და როცა გაუშვეს ხალხი, „3 წაიყვანეს იგი ნავით და იყვნენ გალილეის ზღვაზე. იესომ ნავის ბოლოში ადგილი იპოვა და დაწვა; მას მალევე ჩაეძინა. „ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა“4 .

მრავალი იესოს მოწაფე გამოცდილი მეთევზე იყო და მათ იცოდნენ, როგორ ემართათ ნავი ქარიშხლის დროს. ისინი მისი სანდო - ჭეშმარიტად, მისი საყვარელი მოწაფეები იყვნენ. მათ მიატოვეს სამუშაო, პირადი ინტერესები, ოჯახი და მიჰყვნენ იესოს. მათი რწმენა უფალში ცხადი იყო - ისინი ხომ მასთან ნავში იმყოფებოდნენ. და ახლა მათი ნავი შუაგულ ქარიშხალში იყო და თითქმის იძირებოდა.

ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ისინი ნავის მართვას, მაგრამ მათ გააღვიძეს იესო და შეშინებული ხმით უთხრეს მას:

„მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით“?5

„უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით“.6

მათ მას „მოძღვარი“ უწოდეს და ასეც არის. მას ასევე უწოდებენ „იესო ქრისტეს, ღვთის ძეს, ზეცისა და მიწის მამას, ყველაფრის შემქმნელს დასაბამიდან“.7

გამოსახულება
დადუმდი, ჩადექ

წამოდგა იესო, შერისხა ქარი და უთხრა აბობოქრებულ ზღვას: „დადუმდი, ჩადექ. და ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა“.8 თავად მოძღვარმა, მასწავლებელმა, იესო ქრისტემ, მაშინ დამოძღვრა მოწაფეები ორი უბრალო თუმცა სიყვარულით სავსე შეკითხვით. მან იკითხა:

„რატომ ხართ ასე მხდალნი“?9

„რატომ არა გაქვთ რწმენა“?10

როცა განსაცდელში, პრობლემებში ვართ ან ვიტანჯებით, ჩვენ გვიჩნდება ტენდენცია, ცდუნებაც კი, წამოვიძახოთ: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპები? მიშველე“. თავად ჯოზეფ სმითი ევედრებოდა საშინელი საპყრობილიდან: „ო, ღმერთო, სად ხარ? და სად არის კარავი, რომელიც ფარავს შენს საიდუმლო ადგილს?11

რა თქმა უნდა, სამყაროს მხსნელს ესმის ჩვენი მიწიერი შეზღუდვები, რადგან იგი გვასწავლის, როგორ ვიგრძნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, როცა ძლიერი ქარი ქრის და დიდი ტალღები მზად არიან, ჩაძირონ ჩვენი იმედები.

მათ, ვისაც გამოცდილი რწმენა აქვთ, ბავშის მაგვარი რწმენა ან რწმენის ნატამალი მაინც გააჩნიათ12 იესო ეპატიჟება, ეუბნება რა: „მოდით ჩემთან“;13 „იწამეთ ჩემი სახელი“.14 “ისწავლეთ ჩემგან და ყური დაუდგეთ ჩემს სიტყვებს“.15 იგი რბილად გვიბრძანებს: „მოინანიეთ და მოინათლეთ ჩემი სახელით“,16 „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“,17 და „ყოველთვის გახსოვდეთ“.18 და იგი გვამშვიდებს, გვიხსნის: „ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“.19

წარმომიდგენია იესოს მოწაფეები ნავში, აბობოქრებულ ზღვაში, როგორ უყურებდნენ ისინი ზღვიდან ამომავალ ტალღებს, რომლებიც ნავს ეხეთქებოდა და ცდილობდენ ნავიდან წყლის ამოხაპვას. წარმომიდგენია, როგორ ასწორებდნენ იალქნებს და ცდილობდნენ პატარა ხომალდის მართვას. მათ მთელი ყურადღება გადარჩენაზე ჰქონდათ მიმართული და ვედრებაც დახმარებისთვის გულწრფელი იყო.

მრავალი ჩვენგანიც ზუსტად ასე იქცევა ჩვენს დროში. ბოლო ხნის მოვლენებმა მთელს მსოფლიოში, ჩვენს ერებში, თემებში და ოჯახებში მოულოდნელად შეგვავიწროვა წარმოუდგენელი გასაჭირით. არეულობის დროს ჩვენი რწმენა შეიძლება მიუახლოვდეს ჩვენი გამძლეობისა და წვდომის ზღვარს. შიშის ტალღებმა შეიძლება ყურადღება გაგვიფანტონ, დაგვავიწყონ ღმერთის სიკეთე და დაგვტოვონ მომავლის ხედვის და მიზნის გარეშე. მაგრამ ჩვენი მოგზაურობის ასეთ მომენტებში ჩვენი რწმენა შეიძლება არა მხოლოდ გამოიცადოს, არამედ გაძლიერდეს კიდეც.

მიუხედავად ვითარებებისა ჩვენ შეგვიძლია, შეგნებულად ვეცადოთ და ავაშენოთ და გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა იესო ქრისტეში. იგი ძლიერდება, როცა ჩვენ გვახსოვს, რომ ღვთის შვილები ვართ და მას ვუყვარვართ. ჩვენი რწმენა იზრდება, როცა რწმენითა და იმედით ვცდით ღმერთის სიტყვას, ვცდილობთ რა, საუკეთესოდ მივყვეთ ქრისტეს სწავლებას. ჩვენი რწმენა იზრდება, როცა ვირჩევთ, გვწამდეს და არა ეჭვი შეგვეპაროს, მივუტევოთ და არა განვიკითხოთ, მოვინანიოთ და არა ავჯანყდეთ. ჩვენი რწმენა იხვეწება, როცა მოთმინებით ვენდობით წმინდა მესიის ღვაწლს და წყალობას.20

„რწმენა არ არის სრულყოფილი ცოდნა“ - თქვა უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა, „მას მოაქვს ღრმა ნდობა ღმერთის მიმართ, მისი ცოდნა კი სრულყოფილია“!21 არეულ დროშიც კი რწმენა უფალ იესო ქრისტეში მყარი და გამძლეა. იგი გვეხმარება, გავცრათ უმნიშვნელო ხელის შემშლელი ფაქტორები. იგი გვაგულიანებს, გავაგრძელოთ სიარული აღთქმულ გზაზე. რწმენას გულგატეხილობის დროს წინ მივყავართ და იგი საშუალებას გვაძლევს, მომავალს მხრებგაშლილნი შევხვდეთ. იგი გვიბიძგებს, ვითხოვოთ თავშესაფარი და შვება, როცა ვლოცულობთ მამისადმი მისი ძის სახელით. და როცა ვედრება უპასუხო რჩება, ჩვენს მუდმივ რწმენას იესო ქრისტეში მოაქვს მოთმინება, თავმდაბლობა და იმის საშუალება, რომ მოწიწებით ვთქვათ: „იყავ ნება შენი“.22

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

„არ უნდა დავუშვათ, რომ შიშმა რწმენა ჩაანაცვლოს“. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ ეს შიში რწმენის გაძლიერებით.

„დაიწყეთ თქვენი შვილებით. … ნება დართეთ მათ, იგრძნონ თქვენი რწმენა, მაშინაც კი, როცა მწარე განსაცდელში ხართ. დაე, თქვენი რწმენა იყოს ფოკუსირებული ჩვენს მოსიყვარულე მამაზეციერზე და მის საყვარელ ძეზე,უფალ იესო ქრისტეზე. … ასწავლეთ ყოველ ძვირფას ბიჭუნას და გოგონას, რომ ისინი ღვთის შვილები არიან, მის ხატად და მსგავსად შექმნილნი, წმინდა მიზნითა და პოტენციალით. ყოველი მათგანი დაიბადა გამოწვევებით, რომლებსაც უნდა მოერიონ და რწმენით, რომელიც უნდა განავითარონ“.23

მე ცოტა ხნის წინ გავიგონე, როგორ აზიარებდა ორი ოთხი წლის ბავშვი რწმენას ქრისტეში, როცა ისინი პასუხობდნენ შეკითხვას „როგორ გეხმარებათ იესო ქრისტე“? პირველმა ბავშვმა თქვა: „მე ვიცი, რომ იესოს ვუყვარვარ, რადგან იგი ჩემთვის აღესრულა. მას ასევე უყვარს ზრდასრულები“. მეორემ თქვა: „იგი მეხმარება, როცა მოწყენილი ან ცუდ ხასიათზე ვარ“. იგი ასევე მეხმარება, როცა ვიძირები“.

იესომ განაცხადა: „ამიტომ, ვინც მოინანიებს და ჩემთან მოვა, როგორც პატარა ბავშვი – მივიღებ, რადგან ასეთებისაა ღვთის სასუფეველი“.24

„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“.25

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ნელსონი დაგვპირდა: „შიში შემცირდება და მას მოჰყვება გაზრდილი რწმენა“ თუკი ჩვენ „ახლებურად ჭეშმარიტად მოვისმენთ, ყურს დავუგდებთ და ყურად ვიღებთ მხსნელის სიტყვებს“.26

გამოსახულება
იესო ადუმებს ზღვას

დებო და ძმებო, ჩვენი ამჟამინდელი რთული ვითარება არ არის საბოლოო მარადიული დანიშნულება. ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებმა, აღთქმის მეშვეობით ავიღეთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი. ჩვენ გვწამს მისი გამომსყიდველი ძალის და გვაქვს მისი დაპირებების დიადი ძვირფასი იმედი. ჩვენ ყოველი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ გავიხაროთ, რადგან ჩვენმა უფალმა და მხსნელმა, იესო ქრისტემ, იცის ჩვენი სირთულეების, გასაჭირისა და მწუხარების შესახებ. როგორც იესო თავის ძველი დროის მოწაფეებთან იყო, იგი დღეს ჩვენთან, ჩვენს ნავშია! მე ვმოწმობ, რომ მან სიცოცხლე გაწირა, რათა მე და თქვენ არ დავღუპულიყავით. დაე, გვწამდეს მისი, დავიცვათ მისი მცნებები და რწმენით გავიგონოთ მისი სიტყვები: „დადუმდი, ჩადექ“.27 იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.