გენერალური კონფერენცია
ძალზედ მადლით მოსილი უფლისაგან
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ძალზედ მადლით მოსილი უფლისაგან

გასაჭირისა და იმედგაცრუების ჟამს უფალი მაინც გვადევნებს თვალს, იგი მადლით გვიყურებს და გვლოცავს.

წლების წინ მე ჩემს ძმადნაფიცთან ერთად იაპონიაში, პატარა კუნძულზე, ამამი ოშიმაზე, მისიაში ვმსახურობდი. ერთ დღეს ჩვენ ძალზედ აღვფრთოვანდით, როცა გავიგეთ, რომ პრეზიდენტი სპენსერ ვ. კიმბალი აზიაში ჩამოდიოდა და იაპონიაში მყოფი ყველა წევრი და მისიონერი ტოკიოში მოიწვიეს, რათა პირადად მოესმინათ წინასწარმეტყველისთვის რეგიონალურ კონფერენციაზე. მრევლის წევრებმა, ჩემმა ძმადნაფიცმა და მე სიხარულით დავიწყეთ კონფერენციისთვის გეგმების შედგენა - 12 საათიანი მგზავრობა გემით აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში იაპონიის მთავარ კუნძულისკენ და შემდეგ 15 საათი მატარებლით ტოკიომდე. სამწუხაროდ, ეს საქმე ვერ მოგვარდა. მისიის პრეზიდენტმა შეგვატყობინა მე და ჩემს ძმადნაფიცს, რომ მანძილისა და დროის გამო ჩვენ ვერ დავესწრებოდით კონფერენციას ტოკიოში.

გამოსახულება
უხუცესი სტივენსონი თავის ძმადნაფიცთან ერთად

ჩვენი პატარა მრევლის წევრები ტოკიოში გაემგზავრნენ, ჩვენ კი სახლში დავრჩით. წყნარი და ცარიელი დღეები დაგვიდგა. ჩვენ მარტო ვატარებდით ზიარებას პაწაწინა სამლოცველოში, ამ დროს კი იაპონიის უკანასკნელ დღეთა წმინდანები და მისიონერები კონფერენციას ესწრებოდნენ.

გამოსახულება
აზიის რეგიონალური კონფერენცია

გულგატეხილობის გრძნობა ჩემში მატულობდა მაშინაც კი, როცა სიხარულით ვუსმენდი კონფერენციიდან დაბრუნებულ მრევლის წევრებს, რომლებმაც მაუწყეს, რომ პრეზიდენტმა კიმბალმა გამოაცხადა ტოკიოში ტაძრის აშენების შესახებ. ისინი ბრწყინავდნენ სიხარულისგან, როცა თავიანთი ოცნების ახდენის შესახებ ყვებოდნენ. მათ აღწერეს, როგორ ვერ შეიკავეს სიხარული წევრებმა და მისიონერებმა ტაძრის გამოცხადების დროს და სპონტანურად ტაშის ქუხილით შეხვდნენ ამ ამბავს.

გამოსახულება
პრეზიდენტი კიმბალი აცხადებს ტაძრის აშენებას ტოკიოში

წლები გავიდა მას შემდეგ, მე კი ისევ მახსოვს ის გულგატეხილობის გრძნობა, რომელიც მაშინ მქონდა იმის გამო, რომ ვერ მივიღე მონაწილეობა იმ ისტორიულ შეხვედრაში.

ბოლო თვეებში ვიხსენებდი ამ გამოცდილებას, როცა ვაკვირდებოდი, როგორ აღმოჩნდნენ სხვები ღრმა იმედგაცრუებისა და მწუხარების წინაშე, გაცილებით უფრო დიდის, ვიდრე მე მქონდა ახალგაზრდა მისიონერად ყოფნისას, და ეს COVID-19-თან დაკავშირებული მსოფლიო პანდემიაა.

ამ წლის დასაწყისში, როცა პანდემია გაუარესდა, პირველმა პრეზიდენტობამ პირობა დადო, რომ „ეკლესიის წევრები თავდადებით შეასრულებენ კარგი მოქალაქისა და მოყვასის ვალდებულებას“1 და „უდიდეს სიფრთხილეს“ გამოიჩენენ“.2 ასე რომ, ჩვენ მსოფლიო მასშტაბით შევაჩერეთ საეკლესიო შეკრებები, მისიონერთაგან ნახევარზე მეტი იძულებული გახდა, სახლებში დაბრუნებულიყო და ეკლესიის ყველა ტაძარი დაიხურა. ათასობით თქვენგანი ელოდებოდა ტაძარში შესვლას ცოცხალთათვის წეს-ჩვეულებების შესასრულებლად, ტაძარში ჩაბეჭდვის ჩათვლით. ზოგიერთ თქვენგანს დროზე ადრე მოუწია მისიონერული მსახურების დასრულება ან დროებით გაგანთავისუფლეს და შემდგომ ისევ მიგიწვიეს.

გამოსახულება
მისიონერების დაბრუნება COVID -ის გამო

ამ დროს სახელმწიფო და განათლების ხელმძღვანელებმა დახურეს სკოლები, რაც შესაბამისად აისახა სკოლის დამთავრებაზე და ყველა სპორტული, საჯარო, კულტურული და გამანათლებელი ღონისძიება იძულებით გაუქმდა. მრავალი თქვენგანი მზად იყო ღონისძიებებისთვის, რომლებიც არ შედგა, წარმოდგენისთვის, რომლებსაც ვერ დაესწარით და სპორტული თამაშებისთვის, რომლებიც არ გითამაშიათ.

ამაზე უფრო მძიმეა იმ ოჯახებზე ფიქრი, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს ამ დროს; მრავალმა მათგანმა ვერ შეძლო დაკრძალვის ან სხვა რაიმე ოჯახური შეკრების ჩატარება.

მოკლედ, მრავალი თვენგანი აღმოჩნდა გულგატეხილობის, წუხილისა და იმედგაცრუების წინაშე. ასე რომ, როგორ განვიკურნოთ, ბოლომდე გავძლოთ და წინ წავიწიოთ რწმენით, როცა ყველაფერი თითქოს დაიმსხვრა?

წინასწარმეტყველმა ნეფიმ დაიწყო პატარა ფირფიტებზე ამოტვიფვრა ზრდასრულ ასაკში. როცა უკან მოიხედა და განვლილ ცხოვრებასა და მსახურებას გადახედა, შემოგვთავაზა თავისი ცხოვრებისა და მისიის ანალიზი, რომელსაც იპოვით მორმონის წიგნის პირველივე მუხლში. ამ მუხლში შემოფარგლულია ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელზეც დღეს უნდა დავფიქრდეთ. ეს ხომ ძალიან ნაცნობი სიტყვებია: „მე, ნეფი, დავიბადე კარგი მშობლებისაგან“ - წერს იგი, „და ვნახე მრავალი გაჭირვება ჩემი დღეების ჟამს, მიუხედავად ამისა, მთელი ჩემი დღენი ვიყავი ძალზედ მადლით მოსილი უფლისაგან“3

ჩვენ, როგორც მორმონის წიგნის შემსწავლელებმა ვიცით, რომ ნეფი მრავალი გასაჭირის შესახებ საუბრობს. და მაინც, აღიარებს რა თავის გასაჭირს იმ დღეებში, ნეფი გვიჩვენებს სახარებას ისეთი კუთხით, რომ მთელი თავისი დღენი იყო ძალზედ მადლით მოსილი უფლისაგან. გასაჭირისა და იმედგაცრუების ჟამს უფალი მაინც გვადევნებს თვალს, რადგან მადლით გვიყურებს და გვლოცავს.

გამოსახულება
ვირტუალური შეხვედრა მისიონერებთან
გამოსახულება
ვირტუალური შეხვედრა უხუცეს და და სტივენსონთან
გამოსახულება
ვირტუალური შეხვედრა უხუცეს და და სტივენსონთან

მე და ლისა ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შევხვდით დაახლოებით 600 მისიონერს ავსტრალიაში, მათი უმეტესობა გარკვეული შეზღუდვების ქვეშ იმყოფებოდა COVID-19- ის გამო; ბევრნი ბინებიდან მუშაობდნენ. ჩვენ ერთად განვიხილეთ პერსონაჟები ახალი აღთქმიდან, მორმონის წიგნიდან და მოძღვრება და აღთქმებიდან, ვინც უფალმა დალოცა ისე, რომ გასაჭირში სიდიადისთვის მიეღწიათ. ყველანი აღწერეს იმის მიხედვით, რისი გაკეთება შეეძლოთ უფლის დახმარებით და არა იმით, რისი გაკეთებაც არ შეეძლოთ პატიმრობის ან შეზღუდვების დროს.

ჩვენ ვკითხულობთ პავლესა და სილასის შესახებ; პატიმრობაში ყოფნისას ისინი ლოცულობდნენ, მღეროდნენ, ასწავლიდნენ, მოწმობდნენ, ნათლავდნენ კიდევაც ციხის დარაჯებს.4

და ისევ პავლე, რომში, ორი წლის მანძილზე შიდა პატიმრობაში, რა დროსაც განუწყვეტლივ „განუმარტავდა და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე“,5 „[და] ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე“.6

ან ნეფი და ლეხი, ჰელამანის შვილები, რომელნიც შეურაცხყოფისა და შეპყრობის შემდეგ ცეცხლის ალყაში მოექცნენ, რომელიც მათ იცავდა და უფლის „წყნარი ხმა, სრულყოფილი სიმშვიდის … იყო თვით სულში ჩამწვდომი“.7

ასევე ალმა და ამულეკი, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მრავალმა „იწამა… და დაიწყო მონანიება და წმინდა წერილების კვლევა“,8 თუმცა შემდგომ მათ დასცინეს და საკვების, წყლის, ტანისამოსის გარეშე, შებოჭილები, საპყრობილეში დაამწყვდიეს.

გამოსახულება
ჯოზეფ სმითი ქალაქ ლიბერთის ციხეში

და ბოლოს, ჯოზეფ სმითი, რომელიც ლიბერთის ციხეში იტანჯებოდა, მიტოვებულად გრძობდა თავს მაგრამ გაიგონა უფლის სიტყვები: „ყოველივე ეს … იქნება შენთვის სასარგებლო“.10 და „ღმერთი იქნება შენთან უკუნითი უკუნისამდე “.11

ყოველმა მათგანმა იცოდა ის, რაც იცოდა ნეფიმ: მიუხედავად მრავალი გაჭირვებისა მათი დღეების ჟამს, ისინი ძალზედ მადლით მოსილნი იყვნენ უფლისაგან.

ჩვენც შეგვიძლია, გავავლოთ პარალელი, როგორც ცალკეულმა წევრებმა და როგორც ეკლესიამ, როდესაც ძალზედ მადლით მოსილნი ვიყავით უფლისაგან გაჭირვების ჟამს, რომელშიც აღმოვჩნდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. დაე, ამ მაგალითებმა განამტკიცონ თქვენში ჩვენი საყვარელი ცოცხალი წინასწარმეტყველის წინასწარმჭვრეტველობის დამოწმებები; მან მოგვამზადა პანდემიისთვის მანამ, სანამ მასზე რაიმე ეჭვი გაჩნდებოდა და ამიტომაც გავუძელით იმ გამოწვევებს, რომლებიც გვქონდა.

პირველ რიგში, ოჯახზე უფრო ფოკუსირებულნი და ეკლესიის მხარდაჭერით უზრუნველყოფილნი.

ორი წლის წინ პრეზიდენტმა რასელ მ.ნელსონმა თქვა: „ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ „ეკლესია“ არის რაღაც, რაც ჩვენს სამლოცველოებში ხდება იმაზე დაყრდნობით, რაც ხდება სახლში. ჩვენ კი ამ ნიმუშს უნდა მივეჩვიოთ: ოჯახზე ფოკუსირებული ეკლესია, რომელიც ეყრდნობა იმას, რაც ჩვენი … შენობების შიგნით ხდება“.12 რაოდენ წინასწარმეტყველური ცვლილებაა! ოჯახზე ფოკუსირებული სახარების შესწავლა აქტიურად გამოიყენებოდა პრაქტიკაზე, როცა სამლოცველოები დროებით დაიხურა. მაშინაც კი, როცა მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება და ჩვენ სამლოცველოებში ვბრუნდებით, გვსურს, შევინარჩუნოთ ოჯახზე ფოკუსირებული სახარების შესწავლის ნიმუში და ცოდნა, რომელიც პანდემიის დროს განვავითარეთ.

მეორე მაგალითი იმისა, რომ ვართ ძალზედ მადლით მოსილნი უფლისაგან არის უფრო მაღალი და წმინდა გზით მზრუნველობა- სთან დაკავშირებული გაცხადება.

გამოსახულება
მზრუნველობა

2018 წ. პრეზიდენტმა ნელსონმა წარმოგვიდგინა მზრუნველობა როგორც „ერთმანეთზე ზრუნვის ხერხი“.13 პანდემიამ მზრუნველობაში დაოსტატების უამრავი ხერხი წარმოგვიდგინა. მზრუნველი დები და ძმები, ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები და სხვები სთავაზობდნენ მონახულებას, ბაღის მოვლას, სადილს, აგზავნიდნენ გზავნილებს ტექნიკური საშუალებების მეშვეობით და ატარებდნენ ზიარების წეს-ჩვეულებას გასაჭირში მყოფთათვის. თავად ეკლესიაც პანდემიის დროს სხვებს უწევდა მზრუნველობას. უპრეცენდენტო რაოდენობის საქონელი გაიგზავნა კვების ბანკებში, უსახლკაროთა თავშესაფრებში და იმიგრანტთა მხარდაჭერის ცენტრებში, ასევე მსოფლიოში ყველაზე სერიოზული შიმშილობის ადგილებში განხორციელდა პროექტები. მოწყალების საზოგადოების დები ოჯახებთან ერთად ჩაერთნენ მილიონობით პირბადეების კერვაში ჯანდაცვის ობიექტების თანამშრომლებისთვის.

გამოსახულება
ჰუმანიტარული პროექტები
გამოსახულება
პირბადეების კერვა

და გასაჭირში ყოფნისას დალოცვის ბოლო მაგალითია მეტი სიხარულის პოვნა სატაძრო წეს-ჩვეულებების აღდგენის გამო.

გამოსახულება
და ქეითლინ პალმერი

ამის ახსნა საუკეთესოდ შეიძლება ერთი ამბის მოყოლით. როცა და კეიტლინ პალმერი აპრილში მისიონერად მოიხმეს, მას ძალიან უხაროდა მისიონერობა მაგრამ თვლიდა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იყო ამასთან ერთად ტაძარში წასვლა, შემოსვა და წმინდა აღთქმების დადება. მალევე მას შემდეგ, რაც მან შემოსვის დრო დანიშნა, გაკეთდა განცხადება, რომ ყველა ტაძარი დროებით დაიხურებოდა მსოფლიო პანდემიის გამო. ამ გულისდამსხვრევი ინფორმაციის მიღების შემდეგ მან შეიტყო, რომ მისიონერთა მომზადების ცენტრშიც (მმც) ვირტუალურად, სახლიდან, ივლიდა. ამ იმედგაცრუებების მიუხედავად ქეითლინი ცდილობდა, სული სულ ამაღლებული ჰქონოდა.

გამოსახულება
და ქეითლინ პალმერი და შიდა მმც

ამ შუალედურ თვეებში და პალმერი არ კარგავდა ტაძარში შესვლის იმედს. მისი ოჯახი ლოცულობდა და მარხულობდა, რომ ტაძრები გახსნილიყო მის წასვლამდე. კეიტლინი ხშირად იწყებდა მმც-ის საშინაო გაკვეთილს სიტყვებით; „დღეს იქნება ის სასწაული დღე, როცა ტაძრები ისევ გაიხსნება“?

10 აგვისტოს პირველმა პრეზიდენტობამ გამოაცხადა, რომ კეიტლინის ტაძარი გაიხსნებოდა ცოცხალთა წეს-ჩვეულებების შესასრულებლად ზუსტად მისი ფრენის დღეს, დილით ადრე. იგი ვერ შეძლებდა, ტაძარშიც მოესწრო და თვითფრინავზეც. მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, დაერეკა ტაძრის პრეზიდენტისთვის, მაიკლ ველინგასთვის, რათა ენახათ, თუ მოხდებოდა რომელიმე იმ საოცრებათაგან, რომლებზედაც ისინი ლოცულობდნენ. მათ ლოცვასა და მარხვას ამაოდ არ ჩაუვლია!

გამოსახულება
პალმერების ოჯახი ტაძარში

ღამის 2 საათზე, ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, და პალმერი და მისი ოჯახი თვალცრემლიანნი იდგნენ ტაძრის კართან, სადაც მათ ღიმილით ტაძრის პრეზიდენტი შეეგება, სიტყვებით: „დილა მშვიდობისა, პალმერებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაძარში“! შემოსვის დამთავრებისთანავე მათ სთხოვეს, დაეჩქარებინათ გასვლა, რადგან კართან კიდევ ერთი ოჯახი ელოდებოდა ცერემონიას. ისინი აეროპორტში მივიდნენ ზუსტ დროს და ამ დამ მისიაში გასაფრენ თვითმფრინავს მიუსწრო.

გამოსახულება
და პალმერი აეროპორტში

ახლა, როცა ტაძრები მთელს მსოფლიოში ნაწილ-ნაწილ იხსნება, სატაძრო წეს-ჩვეულებები, რომლებიც ასე გვაკლდა რამდენიმე თვის განმავლობაში, ახლა უფრო სასიამოვნო გვეჩვენება.

და ბოლოს, გთხოვთ, მოუსმინოთ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის გამამხნევებელ, ენთუზიაზმით სავსე, აღმაფრთოვანებელ სიტყვებს. ვერავინ ვერასდროს ვერ მიხვდებოდა, რომ მან დაწერა ეს სიტყვები გასაჭირში და განმარტოებაში ყოფნისას, როცა იგი სახლში, ნავუში იმყოფებოდა, ემალებოდა რა მათ, ვინც ცდილობდა მის უკანონოდ დაპატიმრებას:

„ახლა, რას ვისმენთ სახარებაში, რომელიც მივიღეთ? სიხარულის ხმას! ზეციდან მოწყალების ხმასა და ჭეშმარიტების ხმას დედამიწიდან; სასიხარულო ამბებს გარდაცვლილთათვის, სიხარულის ხმას ცოცხალთათივს და გარდაცვლილთათვის, სასიხარულო ამბებს დიდი სიხარულისა. …

„… ნუთუ არ გავაგრძელებთ სვლას ასეთი დიდი მიზნით? იარეთ წინ და არა უკან. მამაცად… და პირდაპირ გამარჯვებისკენ! და გაიხაროს თქვენმა გულმა, და იყოს ძალზედ გახარებული. დაე, ამღერდეს დედამიწა“.14

დებო და ძმებო, მე მწამს, რომ ერთ დღეს ყოველი თქვენგანი გაიხსენებს გაუქმებულ ღონისძიებებს და გულგატეხილობას, იმედგაცრუებასა და მარტოობას, რაც ამ რთულ დროს მოჰყვა, რათა იხილოს, რომ ყოველივე ეს გადაიფარა დალოცვებითა და გაზრდილი რწმენითა და დამოწმებებით. მე მწამს, რომ ამ ცხოვრებაში და მომავალ ცხოვრებაშიც თქვენი გასაჭირი, თქვენი ამონიჰა, თქვენი ლიბერთის ციხე, მიეძღვნება თქვენს მიღწევებს.15 მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ჩვენც, ნეფისთან ერთან, შეგვეძლოს იმის დანახვა, რომ მიუხედავად ჩვენი დროის გასაჭირისა ჩვენ ძალზედ მადლით მოსილნი ვართ უფლისაგან.

მე ვასრულებ ჩემს დამოწმებას იესო ქრისტეს სახელით, რომლისთვისაც ტანჯვა უცხო არ იყო და მისი უსასრულო გამოსყიდვის ნაწილის თანახმად იგი ყოველივეზე დაბლა დადგა.16 მას ესმის ჩვენი მწუხარება, ტკივილი და სასოწარკვეთილება. იგი არის ჩვენი მხსნელი, გამომსყიდველი, იმედი, ნუგეში და მხსნელი. მე ამაზედ ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.