ლიახონა
სახარება არის პასუხი ცხოვრების ყველა კითხვასა და პრობლემაზე
2024 წლის მარტი


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

სახარება არის პასუხი ცხოვრების ყველა კითხვასა და პრობლემაზე

როდესაც მე და ჩემი მეუღლე ცოტა ხნის წინ ვესტუმრეთ სოლთ- ლეიქ სითის, ქუჩაში ბანკომატის პოვნა დაგვჭირდა. ძებნისას, ჩვენ უკან გაჩერებული მანქანიდან ხმა გავიგონეთ: „რამეს ეძებთ? დაგეხმაროთ?“ კაცმა, რომელმაც თავი მაიკად წარადგინა, ღიმილით დაამატა, რომ ალბათ უცნაურია, როცა უცხო ადამიანი მანქანიდან გეძახის, მაგრამ იუტაში ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მან გვკითხა, საიდან ვიყავით და პრაღა რომ გაიგო თვალები გაუნათდა. ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა თავის მეგობარს, რომელსაც უჭირდა ჩეხეთიდან მისი წინაპრების შესახებ ინფორმაციის მიღება, ამიტომ მაშინვე დაინტერესდა, შეგვეძლო თუ არა მას დავხმარებოდით. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ სიამოვნებით გავუგზავნით მას ძმებისა და დების კონტაქტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გენეალოგიის საკითხებზე მუშაობდნენ. მან მადლობა გადაგვიხადა და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. იგი თავის მანქანაში ჩაჯდა. გასვლისას შევამჩნიეთ, რომ მაიკი ისევ გადმოვიდა მანქანიდან და ჩვენთან ბრუნდებოდა. თუმცა ამჯერად ბედნიერი ღიმილი ემოციამ შეცვალა.

აცრემლებული თვალებით გვითხრა, როგორი მადლიერი იყო ჩვენი ხანმოკლე შეხვედრისთვის და როგორ იგრძნო მანქანიდან გადმოსვლის აუცილებლობა. ის დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა ბოჰემიაში გენეალოგიის საქმეში თავისი მეგობრის დახმარებას და ასაკის გამო ისნიმედს კარგავდა, რომ იპოვიდა თავის წინაპრებს ბოჰემიაში. მაიკიც აპირებდა დანებებას, მაგრამ წინა დღეს, როცა ტაძარში იყო, იგრძნო, რომ გამოსავალი გამოჩნდებოდა — და ეს ჩვენი მეშვეობით მოხდა. ასე რომ, მას სურდა გაგვეზიარებინა ის სიხარული და მადლიერება, რომელიც განიცადა კიდევ ერთი მოწმობით, თუ რამდენად შესანიშნავად მოქმედებს ღვთის ხელმძღვანელობა ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვენ ვიცით წმინდა წერილებიდან მორონის დაპირება სიმართლის შეცნობის გზაზე მორმონის წიგნიდან, რომელშიც ნათქვამია: „და სულიწმინდის ძალით თქვენ ჩაწვდებით ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ“.1 ამ დაპირების საფუძველზე, ჩვენ ველით, რომ მივიღებთ გააზრებას, სულიერ ცოდნას და პასუხებს ფუნდამენტურ კითხვებზე რწმენის, წმინდა წერილის ჭეშმარიტების ან სახარების აღდგენის შესახებ სულიწმიდის მეშვეობით.

მაგრამ ეს დაპირება ასევე ეხება თითოეულ ჩვენს ცხოვრებას, ყოველდღიურ სიხარულსა და საზრუნავში. სულიწმიდის ძალა გვეხმარება განვასხვავოთ ღვთის მითითებები და მოვლენების სათანადო მნიშვნელობა, რომელიც ხდება ჩვენთვის ან გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ყველა წევრი იღებს სულიწმინდის ძღვენს მონათვლის შემდეგ და ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვისარგებლოთ უფალთან ურთიერთობით. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს არჩევანის თავისუფლება, გადავწყვიტოთ, რამდენად გამოვლინდება სულიწმინდის გავლენა ჩვენს ცხოვრებაში. ვიგრძნობთ და გავიაზრებთ მის ხელმძღვანელობას, თუ ვიცხოვრებთ წმინდად და შევეცდებით ვიცხოვროთ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით, თუ პირიქით, ზოგჯერ ჩვენი მოქმედებები ან აზრები განდევნის მას. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „ჩვენც უფრო ცხადად გვესმის სულიწმინდის ხმა, როცა ვხვეწთ ჩვენს უნარს, ამოვიცნოთ მისი კარნახი. არასოდეს ყოფილა ისეთი აუცილებელი იმის ცოდნა, თუ როგორ გელაპარაკება სულიწმინდა, როგორც ახლა. სამებაში სულიწმინდა არის მაცნე. ის გაგიჩენთ გონებაში ისეთ აზრებს, რაც მამას და ძეს სურთ, რომ მიიღოთ“.2

ჩვენი შეხვედრა მაიკთან არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს სულიწმინდა. მაიკი ცდილობდა მოესმინა სულიწმიდის მითითებები და საკუთარი მზადყოფნით დახმარებოდა სრულიად უცნობებს, მან შემდგომში არა მხოლოდ მეგობრისთვის მიიღო დახმარება, არამედ ჩვენ ყველამ მივიღეთ კიდევ ერთი მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ გვჩუქნის ღმერთი სულიწმინდის მეშვეობით პასუხებსა და გადაწყვეტილებებს. დიახ, ეს პატარა რამ იყო, მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანებისგან იქმნება სულიერი ცოდნის დიდებული მოზაიკა ჩვენს ცხოვრებაში.

ალმამ თქვა: „პატარა და უბრალო საქმეებით ხდება დიდი საქმეების კეთება“3. მე ვამოწმებ თქვენთვის, რომ არ არსებობს იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე ის, რომ სულიწმინდის მეშვეობით ასეთი მცირე გამოცდილებით ჩვენ შევიცნობთ ჩვენი ზეციერი მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს სიყვარულს, ზრუნვას და მადლს. მე ვიცი, რომ ღმერთი არსებობს, რომ მისი ძე, იესო ქრისტე, აღდგა და ცოცხალია. ის თქვენი და ჩემი მხსნელია და ეს სიხარულითა და მადლიერებით ავსებს ჩემს გულს. დაე, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი საშუალებას აძლევდეს სულიწმინდას გადმოგცეთ ის, რაც მამას და ძეს სურთ ჩვენთვის. დაე, უფრო და უფრო საფუძვლიანად გავეცნოთ მათ ამ გზავნილების გაგებით, რადგან „ ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს“.4

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მორონი 10:4-5.

  2. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „უსმინე მას“, გენერალური კონფერენცია 04/2020.

  3. ალმა 37:6.

  4. იოან. 17:3.