ლიახონა
ყველას მხსნელი, სახარება ყველასათვის
2024 წლის მარტი


„ყველას მხსნელი, სახარება ყველასათვის“, ლიახონა, მარტი, 2024 წელი.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მარტი, 2024 წ.

ყველას მხსნელი, სახარება ყველასათვის

იესო ქრისტეს სახარება, გამოსყიდვა და აღდგომა ლოცავს ღვთის ყოველ შვილს.

გამოსახულება
ქრისტე და დავრდომილი

Christ and the Palsied Man, [ქრისტე და დავრდომილი], ჯ. კირკ რიჩარდსი, ასლის გადაღება აკრძალულია

იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება არის, პირველ რიგში, და რაც მთავარია, უკანასკნელ დღეებში უსასრულო ბედნიერების, ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიხარულის წყარო ყველასათვის. დალოცვები, რომლებიც მოაქვს სახარებას და იესო ქრისტეს უსაზღვრო კეთილმოსურნეობას, არასდროს ყოფილა განკუთვნილი მხოლოდ მცირე რჩეულთათვის, არც ძველად და არც ჩვენს დროში.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არაადეკვატურად ვგრძნობთ თავს და მიუხედავად ცოდვებისა, რომლებიც უფალს დროებით გვაშორებენ, ჩვენი მხსნელი გვარწმუნებს, რომ „ის მთელი დღის განმავლობაში გაიწვდის [ჩვენკენ] ხელს“ (იაკობი 6:4), გვიწვევს რა, მივეახლოთ მას და ვიგრძნოთ მისი სიყვარული.

სახარების დალოცვები მთელი სამყაროსთვის

იესო ქრისტეს სახარება „აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელ დღეებში, რათა დააკმაყოფილოს … ამ დედამიწაზე ყველა ერის, ტომის, ენისა და ხალხის საჭიროება“.1 სახარება აღემატება ყველა ეროვნებასა და ფერს, მაშინ როცა კვეთს ყველა კულტურულ საზღვარს და ასწავლის, რომ „ყველა ერთია ღვთისთვის“ (2 ნეფი 26:33).2 მორმონის წიგნი წარმოადგენს ამ ჭეშმარიტების ღირსშესანიშნავ მოწმეს.

ეს დიდებული ჩანაწერი მოწმობს, რომ ქრისტეს ახსოვს ყველა ერი (იხილეთ 2 ნეფი 29:7) და გამოეცხადება „ყველას, ვისაც მისი სწამს, … [და] მოავლენს დიდ სასწაულებს, ნიშნებს და საოცრებებს ადამიანთა შვილებს შორის“ (2 ნეფი 26:13). ამ დიდებულ სასწაულებს, ნიშნებსა და საოცრებებს შორის მოიაზრება სახარების გავრცელებაც. ამგვარად, ჩვენ ვგზავნით მისიონერებს მთელ მსოფლიოში, რათა დაამოწმონ მისი სასიხარულო ამბავი. ჩვენ აგრეთვე ვუზიარებთ სახარებას ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს. ცოცხლებისა და გარდაცვლილთათვის აღდგენილი მღვდლობის გასაღებების გამოყენება უზრუნველყოფს, რომ სახარების სისრულე საბოლოოდ ხელმისაწვდომი გახდეს ზეციური მშობლების ყველა ვაჟისა თუ ქალიშვილისთვის – წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში.

ამ სახარების არსი—ამ საქმისთვის მოწოდებული თითოეული წინასწარმეტყველისა და მოციქულის მთავარი გზავნილი—არის ის, რომ იესო არის ქრისტე და რომ ის მოვიდა, რათა ყველა დალოცოს. როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მისი გამომსყიდველი მსხვერპლი არის მთელი სამყაროსთვის.

უსასრულო და მარადიული გამოსყიდვის საჭიროება

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ეკლესიის წევრების ფართო სპექტრთან გასაუბრებებს ვატარებ. მე შთამაგონებს იმის გაგება, თუ როგორ გრძნობენ ისინი იესო ქრისტეს გამოსყიდვის დალოცვებს საკუთარ ცხოვრებაში, მაშინაც კი, როდესაც ისინი რაიმე შორეულ ცოდვას აღიარებენ. რა შესანიშნავია, რომ გამოსყიდვისგან მიღებული გაწმენდის ნუგეში ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩვენთვის.

„საჭიროა, რომ მოხდეს გამოსყიდვა“, თქვა ამულეკმა, „თორემ მთელი კაცობრიობა აუცილებლად დაიღუპება“. ჩვენ სამუდამოდ ვიქნებოდით „დაცემული და დაკარგული, … რომ არა გამოსყიდვა“, რომელიც მოითხოვდა „უსაზღვრო და მარადიულ მსხვერპლშეწირვას“. რამეთუ „ვერ იქნება ვერაფერი, რაც უსაზღვრო გამოსყიდვაზე ნაკლებია, რაც საკმარისი იქნება ამა ქვეყნის ცოდვების დასაფარად“ (ალმა 34:9, 10, 12).

დიდი წინასწარმეტყველი იაკობი ასწავლიდა, რომ ვინაიდან „სიკვდილი ერგო ყოველ ადამიანს, … აუცილებელია იყოს აღდგომის ძალა“, რათა წარგვადგინოს ღვთის წინაშე (2 ნეფი 9:6).

აუცილებელი იყო ცოდვისა და სიკვდილის გადალახვა. ეს იყო მხსნელის მისია, რომელიც მან გაბედულად აღასრულა ღვთის ყველა შვილისთვის.

გამოსახულება
ქრისტე გეთსიმანიაში

Gethsemane [გეთსიმანია], ჯ. კირკ რიჩარდსის მიერ, ასლის გადაღება აკრძალულია

ჩვენი მხსნელის მიერ გაღებული მსხვერპლი

თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო ღამეს, იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში შევიდა. იქ, მან მუხლი მოიყარა ზეითუნის ხეებს შორის და იმ აგონიის სიღრმე გამოსცადა, რომელსაც არც მე და არც თქვენ ვერასოდეს გავიგებთ.

იქ მან თავის თავზე იტვირთა ამქვეყნიური ცოდვები. მან შეიგრძნო ყოველი ტკივილი სხეულისა, გულგატეხილობა და მწუხარება, აიტანა ყველა ტანჯვა და გაჭირვება, რომელიც თქვენ, მე და ყველა სულიერს, რომელსაც უცხოვრია ან როდისმე იცხოვრებს, ოდესმე გამოუცდია. ამ დიდმა და უსასრულო ტანჯვამ „თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, [აიძულა] ტკივილისგან [ეკანკალა] და სისხლი [წამოსვლოდა] ყოველი ფორიდან“ (მოძღვრება და აღთქმები 19:18). მხოლოდ მას შეეძლო ამის აღსრულება.

მხოლოდ იესო იყო

წმინდა, უცოდველი,

მან დაგვისხნა ჩვენ,

ახლოვდება სასუფეველი.3

შემდეგ იესო წაიყვანეს გოლგოთაზე და ამქვეყნიერების ისტორიის ყველაზე უსამართლო ჟამს ის ჯვარს აცვეს. თუმცა მისთვის სიცოცხლის წართმევა ვერავინ შეძლო. როგორც ღმერთის მხოლოდშობილ ძეს, მას შესწევდა ხორციელ სიკვდილზე გამარჯვების ძალა. მას შეეძლო შეეთხოვა მამა ღმერთისთვის და ანგელოზთა ჯარი დაამარცხებდა მის მტანჯველებს და ცხადი გახდებოდა მისი მეუფება ყოველივეზე. „აბა, როგორ აღსრულდება წერილი“ - იკითხა იესომ, „ეს რომ არ მოხდეს?“ (მათე 26:54).

მამისადმი სრულყოფილი მორჩილებითა—და ჩვენ მიმართ სრულყოფილი სიყვარულით—იესომ ნებაყოფლობით გაიღო საკუთარი სიცოცხლე და აღასრულა თავისი უსაზღვრო და მარადიული გამოსყიდვის მსხვერპლი, რომელიც ვრცელდება დროში უკან და წინ მარადიულობაში.

ჩვენი მხსნელის გამარჯვება

იესომ თავის მოციქულებს დააკისრა მისი საქმის გაგრძელება მისი სიკვდილის შემდეგ. როგორ აღასრულებდნენ ისინი ამას? რამდენიმე მათგანი მხოლოდ უბრალო მეთევზე იყო და არცერთი არ იყო სინაგოგაში მსახურებისთვის გაწვრთნილი. იმ დროისთვის ქრისტეს ეკლესია განწირული ჩანდა განადგურებისთვის. თუმცა მოციქულებმა იპოვეს ძალა, აღესრულებინათ თავიანთი მოწოდება და წვლილი შეეტანათ მსოფლიო ისტორიაში.

როგორ მიიღეს სიძლიერე ცხადი სისუსტისგან? ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლმა და სწავლულმა, ფრედერიკ ფარარმა, თქვა: „არსებობს ერთი და ერთადერთი შესაძლებელი პასუხი—მკვდრეთით აღდგომა. ეს ფართო რევოლუცია მოხდა ქრისტეს აღდგომის ძალის შეწევნით“.4 როგორც აღმდგარი უფლის მოწმეებმა, მოციქულებმა იცოდნენ, რომ ამ საქმის წინსვლას არაფერი დააბრკოლებდა. თავისი არსებობის დასაწყისში, როდესაც ეკლესიამ უამრავი წინაღობა გადალახა, მათი თანადგომის ძალის წყარო იყო მათი მოწმე.

აღდგომის ამ სეზონზე, როგორც ერთ-ერთი მისი ხელდასხმული მოწმე, მე ვაცხადებ, რომ ერთ ადრიან ლამაზ კვირა დილას უფალი იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით ჩვენს გასაძლიერებლად და ყველასათვის სიკვდილის ბორკილების დასამსხვრევად. იესო ქრისტე ცოცხალია! მისი წყალობით სიკვდილი არ არის ჩვენი დასასრული. აღდგომა არის ქრისტეს უსასყიდლო და უნივერსალური საჩუქარი ყველასთვის.

გამოსახულება
ქრისტე და მარიამ მაგდალინელი აკლდამასთან

Christ and Mary at the Tomb, [ქრისტე და მარიამი აკლდამასთან], ჯოზეფ ბრიკის მიერ

მიეახლეთ ქრისტეს

იესო ქრისტეს სახარება და გამოსყიდვა არის ყველასთვის—რაც ნიშნავს ყოველი ადამიანისთვის. ერთადერთი გზა, რომლითაც განვიცდით მხსნელის გამოსყიდვის მსხვერპლის სრულ დალოცვებს არის მისი მოწვევის: „მოდით ჩემთან“ ინდივიდუალური მიღება (მათე 11:28).

ჩვენ მივდივართ ქრისტესთან, როდესაც ვავლენთ მასში რწმენას და ვინანიებთ. ჩვენ მივდივართ მასთან, როდესაც ვინათლებით მისი სახელით და ვიღებთ სულიწმიდის ძღვენს. ჩვენ მასთან მივდივართ, როცა ვიცავთ მცნებებს, ვიღებთ წეს-ჩვეულებებს, პატივგებით ვეპყრობით აღთქმებს, ვითავისებთ ტაძარში მიღებულ გამოცდილებებს და ქრისტეს მოწაფეების მსგავსად ვცხოვრობთ.

ხანდახან თქვენ დაუპირისპირდებით გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას. შეიძლება განიცადოთ გულის ტკივილი თქვენ გამო ან სხვა ადამიანის გამო, რომელიც გიყვართ. შეიძლება, სხვათა ცოდვებმა დაგამძიმონ. შეცდომებმა, რომელთაც თქვენ უშვებთ—შესაძლებელია, სერიოზულმა შეცდომებმაც კი—შეიძლება, შეგაშინოთ, რომ მშვიდობამ და ბედნიერებამ მიგატოვათ. ასეთ დროს გახსოვდეთ, რომ მხსნელი არათუ გვაცილებს ცოდვის ტვირთს, არამედ მან ასევე „აიტან[ა] … ყველანაირ[ი] ტკივილ[ი] და ტანჯვა და ცდუნება“ (ალმა 7:11), მათ შორის, თქვენიც! იმის წყალობით, თუ რა გაიარა მან თქვენთვის, მან პირადად იცის, როგორ დაგეხმაროთ, მიიღებთ რა მის ცხოვრების შემცვლელ მოწვევას „მომყევით მე“.

კარი ყველასთვის ღიაა

იესო ქრისტემ ცხადად თქვა, რომ ზეციური მამის ყველა შვილს აქვს თანაბარი უფლება ქრისტეს სახარებისა და გამოსყიდვის დალოცვებზე. ის შეგვახსენებს, რომ ყველას „აქვს უპირატესობა, როგორც ერთს, ასევე მეორეს და არავისთვის არ არის აკრძალული“ (2 ნეფი 26:28).

„და ის მოუხმობს ყველას, მივიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე და არავის არ ეუბნება უარს, ვინც მასთან მიდის – შავსა თუ თეთრს, მონასა თუ თავისუფალს, მამრსა თუ მდედრს“ (2 ნეფი 26:33).

„ის მოუხმობს ყველას“—ნიშნავს თითოეულ ჩვენგანს! ჩვენ არ უნდა მივამაგროთ ჩვენს თავსა და სხვებს გარეგნული იარლიყები და ხელოვნური განმასხვავებლები. მხსნელის სიყვარულს წინ ბარიერები არასდროს უნდა აღვუმართოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ან სხვები მისგან მიუწვდომელი ვართ. როგორც აქამდეც აღმინიშნავს, „შეუძლებელია ადამიანი ჩაიძიროს იმაზე ღრმად, ვიდრე ქრისტეს გამოსყიდვის უსასრულო შუქი ანათებს“.5

ამის მაგივრად, როგორც და ჰოლანდი და მე ვასწავლიდით მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ ნაბრძანები გვაქვს, „გულმოწყალება უნდა [ვიქონიოთ], გულმოწყალება, რომელიც არის სიყვარული“ (2 ნეფი 26:30).6 ეს არის სიყვარული, რომელსაც მხსნელი გვიჩვენებს, რადგან „ის ისეთს არაფერს აკეთებს, რომ არ იყოს ამა ქვეყნისთვის სასარგებლო, რადგან მას ისე უყვარს ქვეყანა, რომ სიცოცხლესაც შესწირავს, რათა მოიზიდოს ყველა ადამიანი თავისთან. (2 ნეფი 26:24).

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს სახარება და გამოსყიდვა არის ყველასთვის. მე ვლოცულობ, რომ თქვენ სიხარულით მიიღოთ უფლის მიერ მოტანილი დალოცვები.

შენიშვნები

  1. ჰოვარდ ვ. ჰანტერი „The Gospel—A Global Faith“, Ensign, ნოემბერი, 1991, 18

  2. იხილეთ ჰოვარდ ვ. ჰანტერი, „All Are Alike unto God“ (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი – შეხვედრა ბუხართან, 4 თებერვალი, 1979), 1–5, speeches.byu.edu.

  3. გოლგოთის მაღალ მთაზე“, საგალობლები, გვ. 24.

  4. ფრედერიკ ვ. ფარარი, The Life of Christ (1994), 656.

  5. ჯეფრი რ. ჰოლანდი, „The Laborers in the Vineyard“, Liahona, მაისი, 2012, 33.

  6. იხილეთ ჯეფრი რ. და პატრიცია თ. ჰოლანდი, „A Future Filled with Hope“ (საყოველთაო ახალგაზრდული სულიერების საათი, 8 იანვარი, 2023 broadcasts.ChurchofJesusChrist.org.