ლიახონა
წინასწარმეტყველის მიყოლის მოწვევა
იანვარი, 2024 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

წინასწარმეტყველის მიყოლის მოწვევა

როდესაც პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი 2018 წლის იანვარში წარუდგინეს მედიას, როგორც წინასწარმეტყველი და ეკლესიის პრეზიდენტი, ჩემი იმდროინდელი კოლეგა, რომელიც ეკლესიის წევრი არ იყო, ჩვენი ახალი პრეზიდენტის ასაკის შესახებ დამელაპარაკა. „ნუ ღელავ“, ვუთხარი მას. ბოლოსდაბოლოს, მან შეიძლება არ იცოდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი კვლავ ყოველდღიურად ასრულებდა თავის საეკლესიო მოვალეობებს, მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში თავისი მოწოდების ფარგლებში, 93 წლის ასაკში სწავლობდა ჩინურს და მონდომებით სრიალებდა იუტას სათხილამურო ფერდობებზე.

თუმცა, მისი სიტყვები ასევე შეიცავდა დაფარულ კრიტიკას, რომელიც ხშირად გვესმის სხვადასხვა ამქვეყნიური ხმებისგან: როგორ შეგიძლია „თანამედროვე საზოგადოებაში“ „ბრმად“ მიჰყვე ერთ ადამიანს? ასეთი განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ესმის წინასწარმეტყველის როლი. უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან განაცხადა: „უფლის წინასწარმეტყველის ყველაზე მნიშვნელოვანი როლია, გვასწავლოს ჩვენი მხსნელის შესახებ და მიგვიყვანოს მასთან. ... წინასწარმეტყველი [ჩვენსა] და მხსნელს შორის კი არ დგას, არამედ, [ჩვენს] გვერდითაა და მხსნელისკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს“.1

ამრიგად, წინასწარმეტყველს ყოველთვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მიმართოს ჩვენი თვალები და გული უფალი იესო ქრისტესკენ — ჩვენი გამოსყიდვისა და ხსნის ერთადერთი წყაროსკენ. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტ ნელსონის ერთ-ერთი პირველი მოწვევა მისი ხელდასხმის შემდეგ იყო შემდეგი: „რა სიბრძნე გაკლიათ? თქვენი აზრით, რა უნდა შეიტყოთ ან გაიგოთ სასწრაფოდ? მიჰყევით წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მაგალითს. იპოვეთ ჩუმი ადგილი, სადაც რეგულარულად შეძლებთ სიარულს. თავი დაიმდაბლეთ უფლის წინაშე. გადაუშალეთ გული ღმერთს. მიმართეთ მას პასუხებისა და ნუგეშისთვის. ილოცეთ იესო ქრისტეს სახელით თქვენს წუხილზე, შიშზე, სისუსტეებზე - დიახ, თქვენი გულის სურვილებზე. დ აშემდეგ მოუსმინეთ! ჩაიწერეთ აზრები, რომლებიც თავში მოგივათ, ჩაიწერეთ თქვენი გრძნობები და შემდეგ იმოქმედეთ კარნახის შესაბამისად. ... არ გჭირდებათ ფიქრი იმაზე, რაც არის ჭეშმარიტი. არ უნდა იფიქროთ იმაზე, ვის ენდოთ. პირადი გამოცხადების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთსაკუთარი მოწმობა“.2

მე მიყვარს იესო ქრისტეს სახარების ეს მარადიული პრინციპი, როცა პირადად შეგვიძლია მივიღოთ გამოცხადება და მოვიპოვოთპირადი მოწმობა. ეს არ გულისხმობს ბრმა მორჩილებას. პირიქით, ბრმა მორჩილება ამ პრინციპის საწინააღმდეგოა.

ფაქტობრივად, იესო ქრისტეს ეკლესია აღდგენილი იყო სწორედ ამ სურვილით, რომ პირადად მიგვეღო პასუხები . როდესაც ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი დაბრუნდა თავისი სასწაულებრივი პირველი ხილვის შემდეგ და შეშფოთებულმა დედამ ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს, მას შეეძლო მისთვის ბევრი რამ ეთქვა. მაგრამ იმ მომენტში ერთი გააზრება გამოიკვეთა და მას მისი გაზიარება სურდა: „არ შეწუხდე, ყველაფერი კარგადაა, თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ.“… [რაღაც]გავიგე“.3 იგი ადრე ესაუბრა რელიგიის მრავალ მასწავლებელს, შეისწავლა ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველთა სიტყვები და მოისმინა ოჯახისა და მეგობრების დარიგებები. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მან მიიღო პასუხები უშუალოდ უფლისგან, ის მზად იყო უდიდესი, თავდადებული და საოცარი მსახურებისთვის.

მაგალითი ჯოზეფ სმითის ცხოვრებიდან, ისევე როგორც პრეზიდენტ ნელსონის მოწოდება, არის სიყვარულით გამსჭვალული მოწვევა - ყოველდღე მივისწრაფოდეთ პირადი გამოცხადების მისაღებად. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ერთი შეხედვით: წინასწარმეტყველის მიყოლა ნიშნავს საკუთარ თავში გარკვევას, საკუთარი მოწმობის მოპოვებას და ღმერთის მითითებების ძიებას ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი მრავალფეროვანი ვალდებულებებისთვის.

მოდით, ყველამ მოვუსმინოთ და დავუკვირდეთ ჩვენი წინასწარმეტყველის დარიგებას და ისევ და ისევ გავარკვიოთ, რისკენ მოგვიწოდებს უფალი პირადად — ხოლო შემდეგ, განვახორციელოთ ეს მოწვევა მტკიცედ და მთელი გულით.

შენიშვნები

  1. უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა, „ღვთის წინასწარმეტყველი“, 2018 წ, აპრილი, გენერალური კონფერენცია.

  2. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის“, 2018 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია.

  3. ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:20.