ლიახონა
ჩვენი სინათლე უდაბნოში
იანვარი, 2024 წ.


„ჩვენი სინათლე უდაბნოში“, ლიახონა, იან. 2024 წ.

ყოველთვიური გზავნილი, ლიახონა, იანვარი, 2024 წ.

ჩვენი სინათლე უდაბნოში

ისინი, ვინც გულწრფელად კითხულობენ მორმონის წიგნს, ცხოვრობენ მისი მცნებებით და ლოცულობენ მის ჭეშმარიტებაზე, იგრძნობენ სულიწმინდას და გაიზრდება მათი რწმენა და მოწმობა მხსნელის შესახებ.

გამოსახულება
იარედის ძმა და მანათობელი ქვები

იარედის ძმის გამოსახულება მანათობელი ქვებით, ავტორი: ნორმანდი პოულტერი

მორმონის წიგნის მოწმობა ახალგაზრდობიდან მქონდა. განსაკუთრებით მიზიდავდა იარედის ძმისა და მისი ხალხის ისტორია „აღთქმულ მიწაზე“ მოგზაურობისას (ეფერი 2:9).

როცა ჩაბნელებული ბარჟებით მოუწევდა მოგზაურობა, იარედის ძმამ იკითხა: „აჰა, უფალო, ნუთუ დაუშვებ, რომ სიბნელეში გადავცურავთ ამ დიდ წყალს“? და უფალმა უთხრა: „რა გსურთ, მოვიმოქმედო, რათა გემებში შუქი გქონდეთ“? (ეფერი 2:22, 23).

იარედის ძმამ იცოდა, რომ უფალი ყოვლისშემძლეა. მან იცოდა, რომ თავად უფალია ყოველივე სინათლის წყარო. მან იცოდა, რომ უფალმა უბრძანა თავის ხალხს, მისთვის მოეხმოთ გაჭირვების ჟამს. ასე რომ, უფლისადმი რწმენით, იარედის ძმამ მოამზადა 16 პატარა ქვა. გახსოვთ, რომ შემდეგ მან უფალს სთხოვა, ამ ქვებს თითით შეხებოდა „და [მოეხდინა] ისე, რომ მათ სიბნელეში [გაენათებინათ]“ (ეფერი 3:4).

უფლის გამოსახულება, რომელიც ამ ქვებს ეხებოდა, გონებაში მას შემდეგ აღიბეჭდა, რაც პირველად წავიკითხე ეს ამბავი. ამ სცენას ისე ვხედავ, თითქოს თავად შევესწარი. ალბათ იმიტომ, რომ წყვდიადის გამოსახულება, რომელსაც სინათლე ფანტავს, ჩემთვის რეალურია.

თუ სულიწმინდის სიახლოვეს ვერ ვგრძნობ — როცა უფლის სულის შეგრძნება მაკლია, ჩემში წყვდიადს ვგრძნობ. მაგრამ როცა მორმონის წიგნს ვკითხულობ, სინათლე ბრუნდება. ჩემთვის მორმონის წიგნი ჰგავს უფლის მიერ განათებულ ქვას. მან მთელი ჩემი ცხოვრება გაანათა.

სინათლე უკუნისამდე

ისევე როგორც უფლის ხელით მიყვანილნი ამერიკის კონტინენტზე, ჩვენ ყველანი ვხვდებით ქარიშხლებს და ბნელ დღეებს ჩვენი მოგზაურობისას ამაღლების აღთქმული მიწისკენ. მაგრამ უფალი ჩვენთვისაც იმავეს გააკეთებს, რაც გააკეთა იარედიელებისა და ნეფიელებისთვის. ის გაგვიძღვება და გზას გაგვინათებს, თუ დავემორჩილებით მას, გვექნება მისი რწმენა და შევთხოვთ დახმარებას.

უფალმა უთხრა ნეფის: „და მე ასევე ვიქნები თქვენი ნათელი უდაბნოში; და მოგიმზადებთ გზას, თუ იქნება ისე, რომ დაიცავთ ჩემს მცნებებს; ამიტომაც, როგორც დაიცავთ ჩემს მცნებებს, ისე მიგიყვანთ აღთქმულ მიწამდე; და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ თქვენი წინამძღოლი“ (1 ნეფი 17:13).

უფალმა ნეფის ძმას, იაკობს, უთხრა: „მარად ვიქნები სინათლე მათთვის, ვისაც ესმის ჩემი სიტყვები“ (2 ნეფი 10:14).

მხსნელის შესახებ წინასწარმეტყველი აბინადი მოწმობს: „იგი არის ამაქვეყნის სინათლე და სიცოცხლე; დიახ, სინათლე, რომელიც უსასრულოა, რომელიც ვერასდროს ვერ ჩაქრება“ (მოსია 16:9).

საკუთარი თავის შესახებ ჩვენი მხსნელი მოწმობს: „მე ვარ ამა ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე“. შემდეგ კი ამატებს: „აჰა, მე ვარ სინათლე; თვალსაჩინო მაგალითი მოგეცით“ (3 ნეფი 9:18; 18:16).

გამოსახულება
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი

სინათლის შეგრძნება

მე მიყვარს ჩვენი წინასწარმეტყველი, რასელ მ. ნელსონი. მე მის გვერდით მსახურების კურთხევა მაქვს. როცა შემოდის, ოთახი მაშინვე მისი სინათლით ნათდება. იგი ქრისტეს სინათლეს ატარებს.

ქრისტეს სინათლე ჭეშმარიტია. ეს „არის ღვთაებრივი ენერგია, ძალა ან გავლენა, რომელიც მოდის ღვთისგან ქრისტეს მეშვეობით და ყველაფერს სიცოცხლესა და ნათელს სძენს“. ეს არის სანუკვარი სულიერი საჩუქარი, რომელსაც შეუძლია მიიყვანოს ღვთის შვილები სულიწმინდასთან და იესო ქრისტეს სახარებასთან.1 ამ ნათელს აძლიერებს მორმონის წიგნის წაკითხვა.

ხანდახან უნდა გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, რათა გვახსოვდეს, როგორ დაგვეხმარნენ აქამდე მოსვლაში. როდესაც ჩვენს ცხოვრებას გადავხედავთ, კვლავ ვიგრძნობთ ჩვენი მხსნელის გავლენას. როდესაც წმინდა წერილში ვკითხულობთ: „გახსოვდეთ, გახსოვდეთ“ (ჰელამანი 5:12), ვფიქრობ, აქ იგულისხმება არა მხოლოდ გახსენება იმისა, რაც ერთ დროს იცოდი ან იგრძენი, არამედ ამ სინათლის კიდევ ერთხელ შეგრძნება.

ზოგიერთი ადამიანისთვის სულიერი სინათლის შეგრძნება მარტივად მოდის. ზოგისთვის კი, სულიერი სინათლის შეგრძნება შეიძლება რთული იყოს პირადი ბრძოლების ან ამქვეყნიური ყურადღების გამფანტავი საგნების გამო. მაგრამ თუ ერთგულნი ვიქნებით, სინათლე ჩვენთანაც მოვა — ზოგჯერ მოულოდნელი გზით.

პრეზიდენტი ნელსონი, რომელმაც დაგვარიგა: „ყოველდღე ლოცვის თანხლებით შეისწავლეთ მორმონის წიგნი”,2 გვიზიარებს რამდენიმე გზას, თუ როგორ შეუძლია მორმონის წიგნს მიგვაახლოოს ჩვენს მხსნელთან და დაგვეხმაროს ვიგრძნოთ სახარების სინათლე, ჩავწვდეთ სახარების ჭეშმარიტებას და ვიცხოვროთ სახარებისეული სწავლებებით.

მორმონის წიგნის წაკითხვისას, - თქვა პრეზიდენტმა ნელსონმა, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მიმართ ჩვენი გააზრება და მადლიერება იზრდება.

ჩვენ ვიგრძნობთ „ხელახლა დაბადების“ სანუკვარ სურვილს (მოსია 27:25) რადგან წიგნი გვეხმარება და ჩვენი გულისწადილი იცვლება (იხ. მოსია 5:2).

როდესაც ვკითხულობთ და ვსწავლობთ მორმონის წიგნის სწავლებებს ისრაელის შეკრების შესახებ, ჩვენ გაგვიჩნდება სურვილი, მოვძებნოთ ჩვენი გარდაცვლილი წინაპრები და მათთვის ტაძარში შევასრულოთ ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები.

ჩვენ ვიგრძნობთ სიმსუბუქეს, როდესაც მივიღებთ პასუხებს კითხვებზე, ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მიღებისას და ძალას, რომ მოვინანიოთ და გავუძლოთ ბოროტს.

და როდესაც ვკითხულობთ მორმონის წიგნში მოცემულ ჭეშმარიტებებს, ჩვენ ვგრძნობთ კურნებას, ნუგეშს, აღდგენას, დახმარებას, ძალას, ნუგეშისცემას და სულის სიხარულს.3

„მაშინ, ნუთუ არ არის ეს ჭეშმარიტი“? ალმამ იკითხა გაფუებული, გაღვივებული ჭეშმარიტების, ცოდნისა და მოწმობის თესლის შესახებ. „მე თქვენ გეუბნებით: დიახ, რადგან ეს არის სინათლე; და რაც არის სინათლე, არის კარგი, რადგან ცხადია, ამიტომ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის კარგი“ (ალმა 32:35).

გამოსახულება
იესო ქრისტეს სურათი

Christ’s Image [ქრისტეს სურათი], ჰენრიხ ჰოფმანის მიერ

იპოვეთ მხსნელი სიბნელეში

როდესაც ჩემი მეგობარი, კამრინი, 10 წლის იყო, მას დაემართა თვალის იშვიათი, მაგრამ მუდმივი დაავადება, რომელმაც მარჯვენა თვალის რქოვანა დაუზიანა.4 ზოგჯერ, როცა თანმდევი ტკივილი მუდმივი და აუტანელი ხდებოდა, კამრინი ვერ უძლებდა სინათლეს. მისი მშობლები, წუხდნენ რა იმაზე, რომ ბავშვი შეიძლებოდა დაბრმავებულიყო, ჩააბნელებდნენ საძინებლის ფანჯრებს და მისთვის კომფორტული გარემოს მოწყობას ცდილობდნენ. კამრინის დედა, ჯენა, იხსენებს:

„მისი დიაგნოზიდან ოთხი თვე იყო გასული, მის ჩაბნელებულ ოთახში რომ შევედი. თვალი სიბნელეს რომ მიეჩვია, დავინახე კამრინი, რომელიც თავის საწოლზე მოკუნტული იწვა. იმდენად დიდ ტკივილს განიცდიდა, რომ არ შეეძლო გამოძრავება, არც ტირილი. უბრალოდ თვალებდახუჭული იწვა.

„მის საწოლთან დავიჩოქე, ხელი ჩავჭიდე და სამჯერ მაგრად მოვუჭირე — ასე ვეუბნებოდით ერთმანეთს „მე შენ მიყვარხარ“. თვითონ ყოველთვის ოთხჯერ მოჭერით მპასუხობდა, რაც ნიშნავდა — „მე უფრო მეტად მიყვარხარ“, თუმცა არ განძრეულა. ტკივილი აუტანელი იყო. ტირილი დავიწყე, ვუყურებდი ჩემს 10 წლის შვილს, რომელიც ყოველთვის მხიარული იყო. გული მტკიოდა“.

ჯენამ უხმო, გულმხურვალე ლოცვა წარმოთქვა.

„ზეციურ მამას ვუთხარი, რომ თავად უკეთ იცოდა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვთხოვე: „გთხოვ, დაეხმარე“. როცა იქ ვიჯექი და ვლოცულობდი, სითბოს ტალღამ დამიარა. სიმშვიდე ვიგრძენი, როცა ჩვენს მხსნელ იესო ქრისტეზე ფიქრი გამიჩნდა: „ის არის ნათელი. იპოვე ის სიბნელეში“.

ჯენამ კამრინს უჩურჩულა: „სიბნელეში უნდა იპოვო მხსნელი“.

ამის შემდეგ, კამრინს ჩაეძინა საგალობლებისა და წმინდა წერილების მოსმენისას ეკლესიის ბიბლიოთეკის აპლიკაციიდან.

გამოსახულება
გოგონა თვალსახვევით

როდესაც თვალის ინფექცია მწვავდება, კამრინი მხსნელს სიბნელეში პოულობს.

სურათი გამოყენებულია კამრინის ოჯახის ნებართვით

კამრინის დაავადება უმეტესად პასიურია, მაგრამ როდესაც მწვავდება, ჯენა და მისი ქმარი, დარინი, ანუგეშებენ მას და კვლავ აბნელებენ მის საძინებელს. ასეთ მტკივნეულ დროს კამრინი ამბობს: „მე უბრალოდ სიბნელეში ვპოულობ მხსნელს“.5

როცა ცხოვრება „ბნელ და პირქუშ უდაბნოს“ ჰგავს (1 ნეფი 8:4), შესაძლოა მხსნელის პოვნა სიბნელეშიც დაგვჭირდეს. მე ვმოწმობ, რომ მორმონის წიგნი თავისი მოწმობით, „რომ იესო არის ქრისტე, მარადიული ღმერთი“,6 მასთან მიგვიყვანს. მე ვიცი, რომ ისინი, ვინც გულწრფელად კითხულობენ მორმონის წიგნს, ცხოვრობენ მისი მითითებებით და ლოცულობენ მის ჭეშმარიტებაზე, იგრძნობენ სულიწმინდას და გაიზრდება მათი რწმენა და მოწმობა მხსნელის შესახებ.

მოდით, გამოვავლინოთ მადლიერება ამ „ყველაზე სწორი“ წიგნისთვის7 მისი წაკითხვით, დაფასებითა და მისი გამოყენებით ჩვენი და სხვების რწმენის გასაძლიერებლად სამყაროს სინათლეზე.

შენიშვნები

  1. იხ. Topics and Questions, “Light of Christ”, topics.ChurchofJesusChrist.org.

  2. რასელ მ. ნელსონი, “The Book of Mormon: What Would Your Life Be Like without It?”, ლიახონა, ნოემ. 2017 წ., 62.

  3. იხ. რასელ მ. ნელსონი, “The Book of Mormon: What Would Your Life Be Like without It?” 62, 63.

  4. Herpes simplex virus keratitis.

  5. მადლობას ვუხდი ჯენა კენონს და მის ქალიშვილს — კამრინს, ამ ამბის გაზიარებისთვის.

  6. მორმონის წიგნის თავფურცელი.

  7. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007 წ.), 64.