2023
„მადლიერების ძალა“
სექტემბერი, 2023


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

„მადლიერების ძალა“

2020 წლის შემოდგომას COVID პანდემიამ მსოფლიო დააჩოქა. ჩვენ ყველას ეს ასე თუ ისე შეგვეხო.

რადგან ჩემი პროფესია კულტურისა და ტურიზმის ინდუსტრიას უკავშირდება, პანდემიამ მე პირადად სამსახურის მხრივ დიდი გამოწვევის წინაშე დამაყენა. ასე რომ, როდესაც შევიტყვე, რომ ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, 2020 წლის 20 ნოემბერს განსაკუთრებული გზავნილით მიმართავდა მსოფლიოს, მე მოლოდინით აღვივსე.

დასაწყისში პრეზიდენტმა ნელსონმა ისაუბრა გამოწვევების შესახებ, რომლებიც ცხოვრებაში ჰქონდა და დიდი შეშფოთება გამოხატა პანდემიის გამო. შემდეგ თქვა:

„თუმცა არსებობს სამკურნალო საშუალება - ამან შესაძლოა გაგაკვირვოთ, რადგან ეს ჩვენს ბუნებრივ ინტუიციას ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, მისი ეფექტი დადასტურებულია როგორც მეცნიერების, ისე მორწმუნე ქალებისა და მამაკაცების მიერ.

მე ვგულისხმობ მადლიერების განკურნების ძალას“.1

პრეზიდენტმა ნელსონმა მოგვიწვია, გამოგვეყენებინა სოც.ქსელები როგორც პირადი მადლიერების დღიური და ყოველდღიურ ლოცვაში მადლიერება გამოგვეხატა ღმერთისადმი ცხოვრებაში უამრავი დალოცვისთვის.

მე ეს „თერაპია“ გამოვიყენე და ვიგრძენი, რომ ეს დამეხმარა იმ მძიმე პერიოდში, მეგრძნო განკურნება, ხოლო გული სიხარულითა და იმედით ამევსო.

ჩემი სრული დროის მისია ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურთხევაა. იმ დროს მრავალი ადამიანი გავიცანი სხვადასხვა სიტუაციებში ყოფნისას. ზოგს თითქოს ყველაფერი ჰქონდა ბედნიერი ცხოვრებისთვის. მე ასევე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც საშინელ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, იტანჯებოდნენ მძიმე ავადმყოფობით და სხვა გამოწვევების წინაშე იდგნენ, მაგრამ მაინც სიხარულით იყვნენ აღვსილნი. როცა ღრმად დავფიქრდი მივხვდი, რომ ვინც სიხარულს ასხივებდა - რთულ ვითარებაშიც კი, ის ყოველთვის მადლიერი იყო.მე ვაღიარე, რომ მადლიერება სიხარულის გასაღებია.

ასე რომ, როგორ განვავითაროთ გულის მადლიერება?

ჩვენ რეგულარულად გვჭირდება მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა უნდა შევჩერდეთ და ვიყოთ მშვიდად. პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „მშვიდი დრო წმინდა დროა – დრო, რომელიც ხელს შეუწყობს პირად გამოცხადებას და დანერგავს მშვიდობას.“2

ასეთ ჩუმ მომენტებში ჩვენ შეგვიძლია, გავახილოთ თვალები, განსაკუთრებით კი გული გავხსნათ და ვიხილოთ, რაოდენ ვუყვარვართ მამაზეციერს და როგორ უხვად გვლოცავს იგი. შეგვიძლია ვიხილოთ, რომ ყოველი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ძღვენია. ეს აგვავსებს სიხარულითა და მადლიერებით და დაგვეხმარება, ცხოვრების უსიამოვნო, მტკივნეული გამოცდილებაც კი უფრო და უფრო მეტად განვიხილოთ, როგორც რამე ახლის შესწავლის, პირადი ზრდის შესაძლებლობა და ქრისტეს მსგავსი თვისებების განვითარების საშუალება.

თუ გული მადლიერებით გვაქვს სავსე, ჩვენ ბუნებრივად გვიჩნდება სურვილი, სხვებსაც გავუზიაროთ ჩვენი სიხარულის მიზეზი.

მადლიერება არ არის მხოლოდ პირადი სიხარულის გასაღები. იგი გვაძლევს მოტივაციას, დავლოცოთ სხვები და უკეთესობისკენ შევცვალოთ სამყარო.

მე დიდად მადლიერი ვარ მამაზეციერისთვის ჩემი უხვი დალოცვისთვის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ჩემი ოჯახისთვის და გვერდში მდგომი მზრუნველი ადამიანებისთვის. მე მადლობელი ვარ მისი დიადი ბედნიერების გეგმისთვის და ჩემი მხსნელისთვის, იესო ქრისტესთვის. ის არის ჩვენი დიადი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იყო მადლიერი, როცა მუდამ გამოხატავ უფლის სიყვარულს მამისადმი. დაე, მივბაძოთ მის მაგალითს და არ გამოვტოვოთ არცერთი საშუალება, გამოვხატოთ მადლიერება ღმერთისადმი და მათ მიმართ, ვინც ჩვენ ირგვლივ არიან ყოველი სიკეთისთვის ჩვენს ცხოვრებაში. რაოდენ შესანიშნავი იქნებოდა, თუ ჩვენი ყოველდღიური ლოცვები პირველ რიგში ჩვენი მადლიერების გამოხატვის საშუალებად იქცეოდა.

მე მუდამ მადლიერი ვარ იესო ქრისტესი. მან ცხოვრების მაგალითი გვიჩვენა. მან ცხოვრების დიად კითხვებზე პასუხი დაგვიტოვა. მან აღასრულა გამოსყიდვა და ამით მამაზეციერთან დასაბრუნებელი გზა გაგვიმზადა.

იგი ჩემი იმედია. ჩემი გული მას ეკუთვნის.

შენიშვნები

  1. „მადლიერების განკურნების ძალა“ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, 2020 წ. ნოემბერი.

  2. „რას ვსწავლობთ და რა გვეხსომება მუდამ“ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, 2021 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია.