2018
ღვთის სიტყვა შვილების მიმართ
March 2018


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, მარტი, 2018 წ.

ღვთის სიტყვა შვილების მიმართ

წმინდა წერილი გვეუბნება, რომ პირველი, რაც ღმერთმა გააკეთა მას შემდეგ, რაც შექმნა ქალი და მამაკაცი - ესაუბრა მათ.1 მას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და ძვირფასი რჩევები მათთვის. მისი მიზანი იყო არა მათი დამძიმება ან დამწუხრება, არამედ მათი გაძღოლა ბედნიერებისკენ და მარადიული დიდებისაკენ.

და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იმ დღიდან ღმერთი აგრძელებს საუბარს თავის შვილებთან. ყოველ თაობაში მისი მოსწავლეები მის სიტყვებს ინახავდნენ, უფრთხილდებოდნენ და სწავლობდნენ. ამ სიტყვებს აფასებენ, ვინც ეძიებენ ღვთის ნებას და ისინი მოწმობენ იმ ჭეშმარიტებაზე, რომ „უფალი ღმერთი არასდროს არ მოიმოქმედებს არაფერს ისე, რომ არ გააცნოს თავისი საიდუმლოებანი საკუთარ მსახურებს, წინასწარმეტყველებს“.2

დასაბამიდანვე არსებობდა ასეთი ნიმუში და იგი დღესაც გრძელდება. ეს არ არის უბრალოდ ბიბლიური ლამაზი ამბავი; ეს არის ღვთის მიერ თავისი შვილებისადმი აუცილებელი გზავნილების გადმოცემის დაწესებული ხერხი. იგი ჩვენ შორის ირჩევს ინდივიდუალურ პირებს, მოუხმობს მათ, იყვნენ წინასწარმეტყველები და გადასცემს მათ სიტყვებს, რომლებიც მათ უნდა თქვან, რომლებიც ჩვენ უნდა მივიღოთ, „როგორც მისი ბაგიდან გამოსულნი“.3 მან განაცხადა: „გინდა ჩემი ხმით ითქვას და გინდა ჩემი მსახურების ხმით - ეს ერთი და იგივეა“.4

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული, შემაგულიანებელი და იმედის მომცემი აღდგენის გზავნილი - ღმერთი არ არის ჩუმად! მას უყვარს თავისი შვილები. მან არ მიგვატოვა სიბნელეში სახეტიალოდ.

წელიწადში ორჯერ, აპრილში და ოქტომბერში, მშვენიერი გენერალური კონფერენციის მსვლელობისას, ჩვენ გვეძლევა საშუალება, გავიგონოთ უფლის ხმა მისი მსახურების მეშვეობით.

მე პირადად ვმოწმობ იმაზედ, რომ დიდი ხნით იმაზე ადრე, ვიდრე გამომსვლელი გამოივლის იმ გრძელ გზას ტრიბუნამდე, რათა სიტყვით გამოვიდეს კონფერენციაზე, იგი იჩენს უზარმაზარ ძალისხმევას, ბევრს ლოცულობს და სწავლობს, რათა შეასრულოს დავალება და მოგვმართოს სიტყვით. კონფერენციის ყოველი გზავნილი წარმოადგენს მომზადებისა და გულითადი ვედრების უთვალავ საათს იმისთვის, რათა გასაგები გახდეს, რა სურს უფალს, რომ გაიგონონ მისმა წმინდანებმა.

რა შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ, როგორც მსმენელები, შევუსაბამებთ გამომსვლელის მომზადებას ჩვენს საკუთარ მომზადებას? როგორ შეიცვლება ჩვენი მიდგომა გენერალური კონფერენციის მიმართ, თუ ჩვენ შევხედავთ მას, როგორც თავად უფლისგან გზავნილის მიღების საშუალებას? გენერალური კონფერენციის სიტყვებისა და მუსიკის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ პირად პასუხს ნებისმიერ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ვდგავართ.

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, ნამდვილად გესაუბრათ მამაზეციერი თუ არა, მე შეგახსენებთ უბრალო, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტების სიტყვებს დაწყებითი საზოგადოებიდან: „[მე] შვილი ვარ ღვთისა, მან აქ გამომიშვა“. მისი მიზანია - დაგვეხმაროს, „შევუერთდეთ მას“.

თუ თქვენ უახლოდებით მამაზეციერს, როგორც მისი შვილი, შეგიძლიათ გულწრფელად სთხოვოთ მას: „გამიძეხ და გამიკვალე გზა სავალი მე. მასწავლე და დამეხმარე, შევუერთდე ღმერთს. იგი გესაუბრებათ სულიწმინდის მეშვეობით და ამის შემდეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული „მისი ნების შესრულება“. მე გპირდებით, რომ თუ ასე მოიქცევით, „დიდი კურთხევები გელით“.5

უფლის მითითებანი დღეს ისევე აუცილებელია, როგორც ოდესმე ადრე მსოფლიო ისტორიაში. როცა უფლის სიტყვის მოსასმენად ვემზადებით, დაე, ბეჯითად ვეძიოთ ჭეშმარიტების სული, რამეთუ როცა უფალი დაიწყებს ჩვენთან საუბარს თავისი მსახურების მეშვეობით, ჩვენ შევძლოთ, ერთად გავიგოთ, გავნათლდეთ და გავიხაროთ.6

მე ვმოწმობ, რომ „თუ ასე მოვიქცევით, ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაგვძლევს; დიახ, და უფალი ღმერთი გაფანტავს ბნელ ძალებს ჩვენ წინ და შეაზანზარებს ზეცას ჩვენი სიკეთისა და მისი სახელის დიდებისთვის“.7