2017
წინასწარმეტყველები, რომლებიც წინ მიგვიძღვიან
September 2017


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, სექტემბერი 2017

წინასწარმეტყველები, რომლებიც წინ მიგვიძღვიან

რამდენიმე წლის წინ მე სოლთ ლეიქის ტაძრის ერთ-ერთ ოთახში ვიჯექი, სადაც კვირაში ერთხელ პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი იკრიბება. მე დაჟინებით ვუცქერდი კედელს, სადაც პირველი პრეზიდენტობა იყო გამოკრული და იქ ეკლესიის პრეზიდენტების სურათებს სათითაოდ ვაკვირდებოდი.

როცა მათ, ჩემს წინამორბედებს, დაჟინებით ვუყურებდი - დაწყებული წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითიდან (1805 -44) პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლის ჩათვლით (1910-2008) ვფიქრობდი: „რაოდენ მადლიერი ვარ ყოველი მათგანის მითითებებისთვის“.

ესენი ის დიადი ადამიანები არიან, რომლებიც არასდროს არ ყოყმანობდნენ, არ მერყეობდნენ და არასდროს არ ყოფილან წარუმატებელნი. ესენი ღვთის კაცები არიან. როცა ვფიქრობ თანამედროვე წინასწარმეტყველებზე, რომლებსაც ვიცნობდი და მიყვარდა, ვიხსენებ მათ ცხოვრებას, თვისებებს და მათ შთაგონებულ სწავლებებს.

პრეზიდენტი ჰიბერ ჯ. გრანტი (1856-1945) ეკლესიის პრეზიდენტი იყო მაშინ, როცა მე დავიბადე. როცა ვუფიქრდები მის ცხოვრებას და სწავლებას ვხედავ, რომ პრეზიდენტი გრანტი ყოველთვის იყო შეუპოვრობის მაგალითი, იყო რა შეუპოვარი ყოველივეს მიმართ, რაც კარგი და კეთილშობილი იყო.

პრეზიდენტი ჯორჯ ალბერტ სმითი (1870-1951) ეკლესიის პრეზიდენტი იყო მაშინ, როცა ჩემს მრევლში სოლთ ლეიქ სითიში ვმსახურობდი ეპისკოპოსად. მან შენიშნა, რომ უფლისა და მოწინააღმდეგეს შორის ურყევი კონკურენტული ბრძოლა იყო. „თუკი უფლის მხარეს დარჩებით, - გვასწავლიდა იგი, „თქვენ მისი გავლენის ქვეშ იქნებით და არ გექნებათ ბოროტის კეთების არანაირი სურვილი“.1

1963 წ. პრეზიდენტმა დევიდ ო. მაქქეიმ (1873-1970) თორმეტ მოციქულთა ქვორუმში მომიწოდა. თავისი ცხოვრების წესით იგი სხვების მიმართ პატივისცემას გვასწავლიდა. „ჭეშმარიტი ქრისტიანობა“, - ამბობდა იგი, „ნიშნავს სიყვარულს მოქმედებაში“.2

პრეზიდენტი ჯოზეფ ფილდინგ სმითი (1876-1972) ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალი, ცხოვრებაში წამყვან პრინციპად იყენებდა სახარების ცოდნას. იგი განუწყვეტლივ კითხულობდა წმინდა წერილს და ისევე კარგად იცოდა მის ფურცლებზე გადმოცემული დოქტრინები და სწავლებები, როგორც ნებისმიერმა სხვა ადამიანმა, ვისაც ვიცნობდი.

პრეზიდენტი ჰაროლდ ბ. ლი (1899-1973) ჩემს ბავშვობაში პალოს პრეზიდენტი იყო. მისი საყვარელი გამონათქვამი იყო „იდექი წმინდა ადგილებში და არ გაინძრე“.3 მან შეაგულიანა წმინდანები, იყვნენ ერთ ტალღაზე და მგრძნობიარენი სულიწმინდის კარნახის მიმართ.

მე მწამს, რომ პრეზიდენტ სპენსერ ვ. კიმბალის (1895-1985) ცხოვრების წამყვანი პრინციპი იქნებოდა თავდადებულობა. იგი სრულად, არაორაზროვნად, უფლისთვის თავდადებული იყო. იგი ასევე სახარებით ცხოვრებისათვის თავდადებული იყო.

როცა პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი (1899-1994) ეკლესიის პრეზიდენტი გახდა, მან მომიწოდა პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩევლის პოზიციაზე. მისი წამყვანი პრინციპი სიყვარული იყო, რაც მხსნელის მიერ ნათქვამ მისთვის საყვარელ ციტატაშია ნახსენები: „როგორები უნდა იყოთ“? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორიც მე ვარ“.4

პრეზიდენტი ჰოვარდ ვ.ჰანტერი (1907-95) იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სხვებში ყოველთვის უკეთესს ეძებდა. იგი მუდამ თავაზიანი იყო; ყოველთვის თავმდაბალი. ჩემთვის დიდი უპირატესობა იყო მემსახურა მასთან მეორე მრჩევლის როლში.

პრეზიდეტნმა ჰინკლიმ გვასწავლა, რომ ყველაფერს საუკეთესოდ უნდა ვაკეთებდეთ. მან ძლიერი დამოწმება გაგვიზიარა მხსნელისა და მისი მისიის შესახებ. იგი სიყვარულით გვასწავლიდა. ჩემთვის მის პირველ მრჩევლად მსახურება დიდი პატივი და დალოცვა იყო.

მხსნელი აგზავნის წინასწარმეტყველებს, რადგან მას ვუყვარვართ. წელს, ოქტომბრის კონფერენციის დროს, ეკლესიის მთავარ ხელმძღვანელებს კვლავ მიეცემათ უპირატესობა, გაგვიზიარონ თავიანთი სიტყვა. ჩვენ დიდი ზეიმითა და თავმდაბლობით ვეპყრობით ამ პასუხისმგებლობას.

რაოდენ დალოცვილნი ვართ ჩვენ, რომ იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია დედამიწაზეა დღეს და იგი დაარსებულია გამოცხადების ქვაზე. უწყვეტი გამოცხადება იესო ქრისტეს სახარების სულისჩამდგმელი ელემენტია.

დაე, მოვემზადოთ პირადი გამოცხადებების მისაღებად, რაც ასე უხვად ხდება გენერალური კონფერენციის დროს. დაე, იმ დროს, როცა ხელს ავწევთ ცოცხალი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მხარდასაჭერად, ჩვენი გულები სავსე იყოს მტკიცე გადაწყეტილებით. დაე, გაგვიბრწყინდეს გონება, ვიპოვოთ ნუგეში და ძალა მათი გამოსვლების მოსმენისას. დაე, ვიყოთ მზად, კვლავ ავიღოთ საკუთარ თავზე ვალდებულება უფალ იესო ქრისტეს, სახარებისა და მისი საქმის მიმართ და ვიცხოვროთ განახლებული გადაწყვეტილებით, დავიცვათ მისი მცნებები და აღვასრულოთ მისი ნება.