2017
„როგორც მე შეგიყვარეთ“
February 2017


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, თებერვალი 2017 წ.

„როგორც მე შეგიყვარეთ“

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა, ლუისმა, მომიყვა თავისი ნაზი, ფაქიზად მოსაუბრე დედის შესახებ. მან გარდაცვალების შემდეგ დაუტოვა შვილებს არა მატერილალური ქონება, არამედ მაგალითის, მსხვერპლშეწირვისა და მორჩილების მემკვიდრეობა.

მას შემდეგ, რაც გამოსამშვიდობებელი სიტყვები ითქვა და სასაფლაოზე მგლოვიარე ცერემონიალი ჩატარდა, ოჯახი შეიკრიბა, რათა დედის ნივთები გაერჩიათ. ნივთებს შორის ლუისმა გასაღები და წერილი აღმოაჩინა. წერილში ეწერა: „კუთხის საძინებელში, ტუალეტის მაგიდაზე, ქვედა უჯრაში, დევს პატარა ზარდახშა. მასში ჩემი გულის განძი დევს. ზარდახშა ამ გასაღებით იხსნება“.

ყველას გაუკვირდა: რა ჰქონდა მათ დედას იმდენად ძვირფასი, რომ გასაღებით ჩაეკეტა?

ზარდახშა გამოიღეს და ფრთხილად გახსნეს გასაღებით. როცა ლუისმა და სხვებმა ზარდახშის შემადგენლობა შეამოწმეს, მათ იპოვეს ყოველი შვილის პირადი სურათი, სახელითა და დაბადების თარიღით. შემდეგ ლუისმა ამოიღო ხელით ნაკეთი ვალენტინობის ბარათი. უხეშ, ბავშვის ხელით ნაწერში მან საკუთარი ხელი ამოიცნო და წაიკითხა სიტყვები, რომლებიც მან 60 წლის წინ დაწერა: „ძვირფასო დედა, მიყვარხარ“.

ყველას გული აუჩუყდა, ხმა დაუტკბა და თვალზე ცრემლი დაადგა. დედის განძი მისი მარადიული ოჯახი იყო. მისი ძალა კი იდგა ურყევ „მიყვარხარ“ საძირკველზე.

დღეს არსად არ არის ეს ურყევი საძირკველი იმდენად საჭირო, როგორც ოჯახში. და სხვაგან არსად არ უნდა იპოვოს სამყარომ ამ საძირკველის მაგალითზე უკეთესი, თუ არა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ოჯახებში, სადაც სიყვარული მათი ოჯახური ცხოვრების შუა გულია.

ყოველ ჩვენგანს, ვინც აღიარებს რომ არის მხსნელი იესო ქრისტეს მოწაფე, მან ასეთი რჩევა-დარიგება მოგვცა:

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“.

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოანე 13:35).

იმისთვის, რომ დავიცვათ მცნება - გიყვარდეთ ერთმანეთი, ჩვენ უნდა პატივისცემითა და თანაგრძნობით მოვეპყროთ ერთმანეთს და ყოველდღიურ ურთიერთობაში გამოვხატოთ სიყვარული. სიყვარული არის კარგი სიტყვა, მოთმინებით აღსავსე პასუხი, თავდადებული ქმედება, მოსმენის უნარი და ყოვლის მიმტევებელი გული. ყველა ჩვენს ურთიერთობებში მსგავსი ქმედებები გვეხმარება გამოვააშკარაოთ სიყვარული ჩვენს გულებში.

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ (1910–2008) აღნიშნა, რომ „სიყვარული … ცისარტყელის ბოლოში დამალული განძია. და მაინც, იგი ცისარტყელის ბოლოში დამალულ განძზე მეტია. სიყვარული ასევე დასაწყისშია და იქიდან ვრცელდება სილამაზე, რომელიც თაღივით არტყია ცას წვიმიან დღეს. სიყვარული არის ის, რის მისაღებადაც ბავშვები ტირიან, რისკენაც აზალგაზრდები მიისწრაფიან, წებო, რომელიც ქორწინებას იჭერს და საპოხი, რომლის გამოც ოჯახში ხახუნი არ ჩნდება; იგი სიბერის სიმშვიდეა და სიკვდილში მანათობელი მზის შუქი. რაოდენ მდიდარნი არიან ისინი, ვინც ტკბებიან სიყვარულით ოჯახში, მეგობრებთან, ეკლესიაში და მოყვასთან“.2

სიყვარული სახარების არსია, ადამიანის სულის ყველაზე კეთილშობილი თვისება. სიყვარული არის შერყეული ოჯახების, მძიმე ურთიერთობებისა და ავადმყოფი ერების წამალი. სიყვარული ღიმილი, ხელის ქნევა, კეთილი სიტყვა და კომპლიმენტია. სიყვარული მსხვერპლი, მსახურება და თავგანწირვაა.

ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები. მოექეცით მათ მადლიერებით და კეთილშობილურად. დებო, გიყვარდეთ თქვენი მეუღლეები. მოექეცით მათ პატივისცემითა და წახალისებით.

მშობლებო, გიყვარდეთ თქვენი შვილები. ილოცეთ მათთვის, ასწავლეთ მათ და გაუზიარეთ თქვენი დამოწმება. შვილებო, გიყვარდეთ თქვენი მშობლები. გამოხატეთ მათ მიმართ პატივისცემა, მადლიერება და მორჩილება.

ქრისტეს წმინდა სიყვარულის გარეშე, მორმონის თქმით, ჩვენ არაფერნი ვართ“.3 მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ყური დავუგდოთ მორმონის რჩევას და “ვილოცოთ მამის მიმართ გულის მთელი ენერგიით, რათა აღვივსოთ მისი სიყვარულით, რომელიც მან გადმოღვარა მათზე, ვინც არიან მისი ძის, იესო ქრისტეს, ჭეშმარიტი მიმდევრები; რათა გავხდეთ ღვთის ძენი; რამეთუ როცა გამოჩნდება იგი, ჩვენ მისი მსგავსნი ვიყოთ”.4