2013
შემოგვიერთდით
ნოემბერი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება, ნოემბერი 2013

შემოგვიერთდით

მიუხედავად თქვენი პირადი ისტორიის, ვითარებისა ან მოწმობის სიმტკიცისა, ეკლესიაში თქვენთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი.

იყო ადამიანი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იმყოფებოდა დერეფანში, სადაც მსოფლიოს ყველა რელიგიამ მოიყარა თავი. იგი მიხვდა, რომ ყოველ რელიგიას რაღაც ღირსეული და სასურველი ჰქონდა.

იგი შეხვდა მშვენიერ წყვილს, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წარმომადგენლებს და ჰკითხა მათ; „რას მოითხოვთ თქვენი წევრებისაგან?“

ჩვენ არაფერს არ მოვითხოვთ“, — გვიპასუხეს მათ. „მაგრამ უფალი მოითხოვს ყველაფრის მიძღვნას“.

წყვილმა მოუთხრო მას საეკლესიო მოწოდებების შესახებ, მოუყვა შინა მასწავლებლის და სტუმრად მოსული მასწავლების პროგრამებზე, სრული დროის მისიონერებზე, სატაძრო სამუშაოზე, კეთილდღეობისა და ჰუმანიტარული სამსახურის შესახებ და იმ დავალებებზე, რომლებიც ეძლევათ სხვათა სწავლებისათვის.

„თქვენ უხდით ადამიანებს შესრულებული სამუშაოსთვის?“ — ჰკითხა კაცმა.

„არა“, — უპასუხა წყვილმა. „ისინი საკუთარი ნებით წირავენ დროს“.

„ამის გარდა“, — დაამატა წყვილმა, „ყოველ 6 თვეში ჩვენი ეკლესიის წევრები შაბათ-კვირის 10 საათს გენერალური კონფერენციის დასწრებას ან მოსმენას უთმობენ“.

„ათი საათის განმავლობაში ადამიანები სიტყვით გამოდიან?“ — გაიკვირვა მამაკაცმა.

„თქვენი ყოველკვირეული საეკლესიო მსახურების შესახებ რას იტყვით? რამდენ ხანს გრძელდება ის?“

„სამი საათი, ყოველ კვირას!“

„უი“, შეიცხადა მან. „თქვენი ეკლესიის წევრები აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებით?“

“იმაზე მეტსაც. ჩვენ არაფერი არ გვითქვამს საოჯახო ისტორიაზე, ახალგაზრდულ ბანაკებზე, ლოცვებზე, წმინდა წერილის შესწავლაზე, ხელმძღვანელთა ტრენინგებზე, ახალგაზრდების ღონისძიებებზე, დილის სემინარიაზე, საეკლესიო შენობების მოწესრიგებაზე და რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს ჯანმრთელობის უფლის კანონი, ყოველთვიური მარხვა გაჭირვებულთა დასახმარებლად და მეათედი.“

მამაკაცმა თქვა: „ახლა დავიბენი. რატომ მოინდომებს ვინმე ასეთი ეკლესიის წევრობას?“

მეუღლეებმა გაუღიმეს და უპასუხეს: „ჩვენ გვეგონა, რომ არ შეგვეკითხებოდით“.

რატომ შეურთდება ვინმე ასეთ ეკლესიას?

იმ დროს, როცა მსოფლიოში უამრავი ეკლესიის მრევლი კლებულობს, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, სხვებთან შედარებით მაინც პატარა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკლესიაა. 2013 წ. სექტემბრის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში ეკლესია ითვლის 15 მილიონ წევრს.

საამისოდ რამოდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ ნება მომეცით ორიოდე წარმოგიდგინოთ.

მხსნელის ეკლესია

პირველი: ეს ეკლესია ჩვენს დღეებში აღადგინა თვითონ იესო ქრისტემ. აქ თქვენ იპოვით უფლებამოსილებას, მონათლოთ ადამიანები ცოდვების მისატევებლად, გადასცეთ მათ წმინდა სულის ძღვენი და ჩაბეჭდოთ ისინი დედამიწაზე და ზეცაში.1

მათ, ვინც ეკლესიის წევრები ხდებიან, უყვართ მხსნელი იესო ქრისტე და სურთ, მიყვნენ მას. ისინი ხარობენ იმის ცოდნით, რომ ღმერთი კვლავ ესაუბრება კაცობრიობას. როცა ისინი იღებენ წმინდა მღვდლობის წეს-ჩვეულებებს და ღმერთის წინაშე დებენ აღთქმას, მათ შეუძლიათ იგრძნონ მისი ძალა საკუთარ ცხოვრებაში.2 როცა ისინი წმინდა ტაძარში შედიან, გრძნობენ, რომ მის გარემოცვაში იმყოფებიან. როცა ისინი წმინდა წერილს3 კითხულობენ და უფლის წინასწარმეტყველების სწავლებების მიხედვით ცხოვრობენ, ისინი უახლოვდებიან მხსნელს, რომელიც მათ ასე ძალიან უყვართ.

აქტიური რწმენა

კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ ეკლესია აძლევს ადამიანებს სიკეთის კეთების საშუალებას.

ღვთის რწმენა ქების ღირსია, მაგრამ ადამიანების უმეტესობას სურს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე სულისასამაღლებელი ქადაგებების მოსმენა ან მათი ზეციური სასუფევლის შესახებ ოცნება. მათი სურვილია — პრაქტიკაში გამოიყენონ საკუთარი რწმენა.4 მათ სურთ დაიკაპიწონ ხელები და გახდნენ ამ დიდი საქმის მონაწილენი.

აი რა ხდება, როცა ისინი გვიერთდებიან. მათ უჩნდებათ უამრავი საშუალება მიმართონ საკუთარი ნიჭი, თანაგრძნობა და დრო კეთილი საქმისკენ. რადგან ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით არ გვყავს ანაზღაურებადი მსახურები, ჩვენი მრევლი თავად ასრულებს მსახურების საქმეს. მათ ირჩევენ შთაგონებით. ზოგჯერ ჩვენ საკუთარი სურვილით ვაკეთებთ საქმეს; ზოგჯერ კი „ჩვენი ნებით გვაკეთებინებენ“ ჩვენ ვუყურებთ დავალებას არა როგორც ტვირთს, არამედ საშუალებას, შევასრულოთ აღთმა, რომელიც სიხარულით დავდეთ, რომ ვემსახურებით ღმერთს და მის შვილებს.

ძვირფასი ლოცვა-კურთხევები

ადამიანების ეკლესიაში გაწევრიანების მესამე მიზეზია ის, რომ მოწაფის გზაზე სიარულს ძვირფას კურთხევამდე მივყავართ.

ჩვენ ვუყურებთ ნათლობას, როგორც მოწაფეობის გზაზე მოგზაურობის საწყის წერტილს. ჩვენს ყოველდღიურ სიარულს იესო ქრისტეს გვერდში, მივყავართ მშვიდობისკენ და მიზნისკენ ამ ცხოვრებაში და დიდი სიხარულისკენ და მარადიული ხსნისკენ იმიერ სამყაროში.

ისინი, ვინც ამ გზას ერთგულად მისდევენ, მრავალ მახეს, წუხილსა და სინანულს არიდებენ თავს.

ღარიბნი სულით და მართალნი გულით აქ ცოდნის დიდ განძს პოულობენ.

მგლოვიარენი ან ტანჯულნი აქ განკურნებას პოულობენ.

ცოდვით დამძიმებულნი პოულობენ მიტევებას, თავისუფლებას და სიმშვიდეს.

მათ, ვინც მიდიან

ჭეშმარიტების ძიებამ მილიონობით ხალხი უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიამდე მიიყვანა. თუმცა არიან ისეთნიც, რომლებმაც დატოვეს ეკლესია, რომელიც მათ ოდესღაც უყვარდათ.

შესაძლოა ვინმემ დასვას კითხვა: „თუ სახარება ასე მშვენიერია, რატომ მიდის ადამიანი ეკლესიიდან“?

ჩვენი აზრით, ზოგჯერ ეს ხდება იმიტომ, რომ მათ რაღაც ეწყინათ ან ზარმაცობენ ან ცოდავენ. სინამდვილეში ეს არც თუ ისე ადვილია. ფაქტიურად, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მიზეზთან გვაქვს საქმე.

ზოგიერთ ჩვენს ძვირფას წევრს წლების განმავლობაში ვერ გადაუწყვეტია, უნდა დატოვოს ეკლესია თუ არა.

ამ ეკლესიაში, სადაც ასე ძალიან პატივს სცემენ პირად არჩევანს, რომელიც აღდგენილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცის მიერ, ვინც დასვა კითხვა და ეძებდა პასუხს, ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ვინც პატიოსნად ეძიებს ჭეშმარიტებას. მათ შეიძლება გული გვატკინონ, თუ ეს ძიება მათ წაიყვანს იმ ეკლესიიდან, რომელიც ჩვენ გვიყვარს და იმ ჭეშმარიტებისგან, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ მათ უფლებას თაყვანი სცენ ყოვლადშემძლე ღმერთს მათი საკუთარი ცნობიერების თანახმად, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვაცხადებთ ამის პრივილეგიას.5

კითხვები პასუხების გარეშე

ზოგიერთნი იტანჯებიან იმ პასუხგაუცემელი კითხვების გამო, რაც წარსულში ჩადენილს ან ნათქვამს ეხება. ჩვენ ღიად ვაღიარებთ, რომ დაახლოებით 200 წლის ეკლესიის ისტორიის განმავლობაში და შთაგონებული, პატივსაცემი და ღვთიური მოვლენების ფონზე თქმულა და გაკეთებულა ისეთი რაღაცეები, რაც ადამიანებს კითხვებს გაუჩენდა.

ზოგჯერ კითხვები ჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია სრული ინფორმაცია და მეტი მოთმინება გვჭირდება. როცა საბოლოოდ გაირკვევა სრული სიმართლე, ის, რაც ჩვენთვის გაუგებარი იყო, გასაგები გახდება.

ზოგჯერ არის აზრთა სხვაობა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში „ფაქტები“. კითხვა, რომელიც ზოგიერთ ადამიანში ეჭვს იწვევს, საფუძვლიანი ძიების შემთხვევაში სხვებში რწმენას იწვევს.

არასრულყოფილი ადამიანების კითხვები

და სულ გულწრფელად რომ ვთქვათ, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ეკლესიის წევრები ან ხელმძღვანელები უბრალოდ შეცდომებს უშვებდნენ. თქმულა ან გაკეთებულა ისეთი რაღაცეები, რაც არ იყო ჰარმონიაში ჩვენს ფასეულობებთან, პრინციპებთან ან სწავლებასთან.

ალბათ ეკლესია სრულყოფილი იქნებოდა, თუკი სრულყოფილი ადამიანების მიერ იქნებოდა მართული. ღმერთი სრულყოფილია და მისი დოქტრინაც სუფთაა. მაგრამ იგი ჩვენი მეშვეობით მოქმედებს, ვინც მისი არასრულყოფილი შვილები ვართ, არასრულყოფილი ადამიანები კი შეცდომებს უშვებენ.

მორმონის წიგნის წინა გვერდზე ვკითხულობთ: „აჰა, თუ იქნება შეცდომები, ეს ადამიანების შეცდომებია; ასე რომ, ნუ განიკითხავთ ღვთის საქმენს, რამეთუ უმწიკვლონი იდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე“.6

ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება, სანამ არ დადგება ის სრულყოფილი დღე, როცა თვითონ ქრისტე პირადად იმეფებს დედამიწაზე.

დასანანია, რომ ზოგი წაბორძიკდა ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ნაპოვნი მარადიული ჭეშმარიტება არ უფერულდება, არ მცირდება და არც ნადგურდება.

როგორც უფალი იესო ქრისტეს მოციქული და ადამინი, რომელსაც პირველწყაროდან მიუღია რჩევა და ამ ეკლესიის მუშაობის პრინციპები, მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ არც ერთი ეკლესიისთვის ან მისი წევრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება იმის გარეშე, რომ მხურვალედ არ ეძიონ შთაგონება, რჩევა და მარადიული მამის თანხმობა. ეს იესო ქრისტეს ეკლესიაა. ღმერთი არ დაუშვებს იმას, რომ მისმა ეკლესიამ დანიშნულების კურსიდან გადაუხვიოს ან მის დანიშნულებაში განიცადოს მარცხი.

თქვენთვის არის ადგილი

მათ, ვინც ეკლესიას გაემიჯნა, ვეტყვი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აქ თქვენთვის კიდევ არის ადგილი.

მოდით და შეგვმატეთ თქვენი ნიჭი, უნარი და ენერგია. ამის შედეგად ჩვენ ყველანი უკეთესნი გავხდებით.

ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: „ჩემს ეჭვებზე რას იტყვით“?

ბუნებრივია იქონიო შეკითხვები. პატიოსანი ძიების რკოდან ხშირად ყლორტი ამოდის, რომელიც შემდეგ გააზრების დიდებულ მუხად გადაიქცევა. არიან ისეთი წევრებიც, რომლებიც არ ჩაფიქრებულან სერიოზულ ან მგრძნობიარე საკითხებზე. ეკლესიის ერთ-ერთი მიზანია კვებოს და გააღვივოს რწმენის თესლი ზოგჯერ ეჭვებისა და მერყეობის ქვიშიან ნიადაგზეც კი . რწმენა არის გწამდეს ის, რაც უხილავია, მაგრამ იცი, რომ ჭეშმარიტია.7

ასე რომ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, სანამ თქვენს რწმენაში დაეჭვდებით, ჯერ თქვენს ეჭვებში დაეჭვდით.8 ჩვენ არ უნდა გავხდეთ ეჭვების ტყვენი და არ უნდა მივცეთ მათ ნება შეგვაკავონ ღვთიური სიყვარულის, სიმშვიდისა და ძღვენისაგან, რომლებიც მოდიან უფალი იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით.

ზოგმა შეიძლება თქვას: „მე არ შევესაბამები ეკლესიის ხალხს.

თქვენ რომ ჩვენს გულში ჩაგეხედათ, ალბათ დაინახავდით, რომ იმაზე მეტად შეგვესაბამებით, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენც თქვენნაირი სურვილები, იმედები და სირთულეები გვაქვს. თქვენი წარსული ან აწმყო შეიძლება თქვენს თვალში უმეტესი უკანასკნელი დღეების წმინდანებისგან ძალიან განსხვავდებოდეს, მაგრამ ეს შეიძლება თქვენი დალოცვა იყოს. დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება თქვენი უნიკალური ნიჭი და ხედვა. განსხვავებული ადამიანები და პიროვნებები მთელს სამყაროში წარმოადგენენ ამ ეკლესიის ძალას.

ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „არ მგონია, რომ შევძლო მივწვდე თქვენს სტანდარტებს.

ეს ჩვენთან მოსვლის ყველაზე დიდი მიზეზია! ეკლესია შექმნილია არასრულყოფილთა აღზრდის მიზნით, მძიმე მდგომარეობაში მყოფთა და დაქანცულთათვის. ის სავსეა ხალხით, ვისაც მთელი გულით სურთ მცნებების დაცვა, თუმცა ჯერ ამის ოსტატები არ გამხდარან.

შეიძლება ზოგიერთმა თქვას: „მე ვიცნობ თქვენი ეკლესიის წევრს, იგი თვალთმაქცია. მე არასდროს არ შევუერთდები ეკლესიას, სადაც მისი მსზავსი წევრია.

თუ განსაზღვრავთ თვალთმაქცს როგორც ადამიანს, რომელიც სრულყოფილად ვერ ასრულებს ცხოვრებაში იმას, რისიც სწამს, მაშინ ჩვენ ყველანი თვალთმაქცნი ვართ. არც ერთი ჩვენგანი არ არის ქრისტეს მსგავსი იმ დონემდე, რა დონემდეც ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიყოთ. მაგრამ ჩვენ გულწრფელად გვსურს დავძლიოთ დანაშაული და ჩვენი მიდრეკილება ცოდვისკენ. ჩვენ მთელი გულითა და სულით მივისწრაფვით იმისკენ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვის დახმარებით გავხდეთ უკეთესნი.

თუ ეს თქვენი სურვილებია, მაშინ მიუხედავად ვითარების, პირადი ისტორიის ან მოწმობის სიმტკიცისა, ამ ეკლესიაში თქვენთვის არის ადგილი. შემოგვიერთდით!

შემოგვიერთდით!

ჩვენი ადამიანური არასრულყოფილებების მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ ეკლესიის წევრებს შორის იპოვით უამრავ მშვენიერ სულს. იესო ქრისტეს ეკლესია იზიდავს კეთილ, მზრუნველ, პატიოსან და ბეჯით ადამიანებს.

თუ ელით იმას, რომ აქ სრულყოფილ ადამიანებს იპოვით, თქვენ დიდი იმედგაცრუება გელით. მაგრამ თუ ეძებთ ქრისტეს სუფთა დოქტრინას, ღვთის იმ სიტყვას, „რომელიც კურნავს დაჭრილ სულს“9 და სული წმინდის განწმენდ ზეგავლენას, მაშინ ზუსტად აქ იპოვით მათ. ახლა, როცა რწმენამ ასე იკლო, როცა ამდენნი ზეციური მფარველობ იდან შორს გრძნობენ თავს, აქ თქვენ იპოვით ადამიანებს, რომლებიც მიისწრაფვიან იმისკენ, რომ გაიცნონ მაცხოვარი და მიუახლოვდენ მას ღვთის მსახურებითა და მოყვასის მსახურებით, ისეთის, როგორიც თქვენ ხართ. შემოგვიერთდით!

თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?

მე მახსენდება მაცხოვრის ცხოვრებიდან ის დრო, როცა მრავალმა მიატოვა იგი.10 იესომ ჰკითხა თავის თორმეტ მოციქულს:

„თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?

„მიუგო მას სიმონ-პეტრემ: უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვს“.11

არის დრო, როცა ჩვენ ასეთსავე კითხვას უნდა ვუპასუხოთ. ჩვენც გვინდა წასვლა? თუ პეტრეს ნაირად, მარადიული ცხოვრების სიტყვებს გვინდა ჩავეჭიდოთ?

თუ თქვენ ეძებთ ჭეშმარიტებას, აზრს და რწმენის მოქმედებაში გარდაქმნის გზას; თუ ეძებთ თქვენთვის ადგილს — შემოგვიერთდით!

თუ დაკარგეთ რწმენა, რომელიც ადრე გქონდათ: დაბრუნდით. შემოგვიერთდით!

თუ იმის ცდუნების წინაშე დგახართ, რომ დანებდეთ, ცოტაც გაუძელით. აქ თქვენთვის არის ადგილი.

მე ვევედრები ყველას, ვინც კითხულობს ამ სიტყვებს ან ესმის ისინი: შემოგვიერთდით. მოდით, მოისმინეთ ქრისტეს ძახილი. აიღეთ თქვენი ჯვარი და მიჰყევით მას.12

შემოგვიერთდით! რადგან აქ იპოვით იმას, რაც შეუფასებელია.

მე ვმოწმობ, რომ აქ თქვენ იპოვით მარადიული ცხოვრების სიტყვებს, დალოცვილი გამოსყიდვის დაპირებას და მშვიდობისკენ და ბედნიერებისკენ მიმავალ გზას.

მე მხურვალედ ვლოცულობ იმაზედ, რომ თქვენმა ჭეშმარიტების პირადმა ძიებამ გაგრძნობინოთ გულში სურვილი, შემოგვიერთდეთ ჩვენ. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.