გენერალური კონფერენცია
სწრაფნი დახმარებაში, ნელნი განსჯაში
2026 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სწრაფნი დახმარებაში, ნელნი განსჯაში

ვიყოთ სწრაფნი დახმარებაში და ნელნი — განსჯაში; ეს არის მარტივი და დიდად გამამხნევებელი გზა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა უფრო მეტად მივემსგავსოთ ჩვენს მხსნელს.

იგავი დამაბნეველი ღილების შესახებ

„და პატარა ბიჭი წარუძღვება მათ“. რამდენიმე წლის წინ ეს წმინდა წერილი ნამდვილად გაცოცხლდა ჩემთვის. ეს მოხდა მეურვეობის დაწყებითი საზოგადოების პროგრამის დროს.

იმ შაბათ დილას, ჩემს პატარა მეგობარს, ჯეიმსს, ახალი კოსტუმი ეცვა. როდესაც პროგრამა დაიწყო, ჯეიმსი თავისი ახალი კოსტუმის საინტერესო დეტალებს აკვირდებოდა. რამაც მისი ყურადღება ყველაზე მეტად მიიპყრო, მისი პიჯაკის ორი დეტალი იყო. მისი პიჯაკის სახელოებზე ღილები იყო, მაგრამ ღილის ნახვრეტები — არა. პიჯაკის მარცხენა საყელოზე კი იყო ღილის ნახვრეტი, მაგრამ ღილები — არა. არც ღილები და არც ღილის ნახვრეტი თითქოს არანაირ რეალურ დანიშნულებას არ ასრულებდა.

მაგრამ ჯეიმსმა ორივეს ჭკვიანურად მოუფიქრა დანიშნულება. აღელვებული ვადევნებდი თვალს, თუ როგორ სიხარულით შეკრა ჯეიმსმა მარჯვენა სახელო პიჯაკის მარცხენა საყელოზე. საკუთარი თავით კმაყოფილება სწრაფად შეცვალა პანიკამ, რადგან როგორც კი ჯეიმსმა ხელი მკერდზე მიიმაგრა, დაწყებითი საზოგადოების ბავშვის მოქნილობის მიუხედავადაც კი, თავის დახსნას ვეღარ ახერხებდა. ჯეიმსმა უნებლიედ, მაგრამ საკმაოდ წარმატებით, ცალხელიანი დამამორჩილებელი პერანგი შეიქმნა.

რაც უფრო მეტად იჭედებოდა ჯეიმსი, მით უფრო ვღიზიანდებოდი. დამაბნეველი ღილები ახლა უხერხულ და ჩემთვის გამაღიზიანებელ მიზეზს ემსახურებოდა. იმედგაცრუებული თავს ვიქნევდი, როცა ჯეიმსი უკვე კათედრასთან უნდა გასულიყო.

სწორედ მაშინ შევამჩნიე პატარა გოგონა, რომელიც ჯეიმსის გვერდით იჯდა. მანაც შენიშნა ჯეიმსის გასაჭირი და მისი მზარდი შფოთვა. მაგრამ, გაღიზიანების ნაცვლად, მას დახმარება მოუნდა. სწრაფად მიხვდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა; თავისი პატარა, განუსჯელი თითებით დასწვდა მას და ღილი ნახვრეტიდან ამოაძვრინა. ჯეიმსი დაიხსნეს და დაწყებითი საზოგადოების პროგრამაც გადარჩა!

შვება ვიგრძენი, მაგრამ იმავდროულად თავმდაბლობაც. გავაცნობიერე არასწორად შეკრული ღილისა და პატარა თითების ჩუმი საყვედური, რომელმაც შემახსენა, რომ უფრო მეტად უნდა ვეცადო, ვგავდე იესოს. ეს პატარა, მაგრამ დიდებული წამი დამეხმარა მიმეღო ის, რასაც უხუცესმა პატრიკ კირონმა ჩემი სულის „რადიკალური გადაწყობა“ უწოდა. არ მახსოვს, რა იყო იმ დღის დაწყებითი საზოგადოების პროგრამის თემა, მაგრამ სულიწმინდის მეშვეობით მიღებულმა გზავნილმა სულიერი გადაწყობა გამოიწვია. ერთმა პატარა ბავშვმა მასწავლა ის, რომ იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფე სწრაფია დასახმარებლად და ნელი — განსასჯელად.

მხსნელი ეხმარება (და არ განსჯის) ჭასთან მყოფ ქალს

მხსნელი მოსიყვარულე მოწაფეობის ამ წესს თავისი მოკვდავი მსახურების დასაწყისიდანვე ასწავლიდა. იოანეს სახარებაში ის მზრუნველობას უწევს სამარიელ ქალს. მისი სახელი არ არის ცნობილი. ჩვენ იგი გავიცანით, როგორც „ქალი ჭასთან“. უფალ იესო ქრისტესთან მისი ურთიერთობა ბევრ რამეს გვასწავლის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი არის მხსნელის მაგალითი, რომელიც სწრაფად სთავაზობს მადლსა და გარდამქმნელ დახმარებას.

როდესაც საუბარი დაიწყო, იესო დაღლილი იყო და მოულოდნელად ქალს წყალი სთხოვა. ჩვენ მხოლოდ იმის წარმოდგენა შეგვიძლია, რამდენი დღე მოდიოდა ეს ქალი ამ ჭასთან ამ დროს, მარტო — იმ დღემდე. მისთვის ეს ჩვეულებრივი დღე იყო, სანამ იესო არ გამოჩნდა. ჩვეულებრივ დღეებში, შესაძლოა, იგი მრავალ განმსჯელ მზერას ითმენდა, მაგრამ იშვიათად ხედავდა დამხმარე ხელს — იმ დღემდე.

შესაძლოა, ამ ქალს განსასჯელად ბევრად მეტი რამ ჰქონდა ჩადენილი, ვიდრე უბრალოდ სახელოს საყელოზე დამაგრება. როგორც ჩანს, მას არაერთი ურთიერთობა დაენგრა და იმ მომენტში ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც მისი ქმარი არ იყო. მაგრამ რა ვიცით მისი გარემოებების შესახებ? ქვრივი იყო? განქორწინებული? მიტოვებული? ჩვენ არ ვიცით. ახლა, გთხოვთ, სწორად გამიგოთ. მისი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის განსასჯელი დეტალები, რომლებიც მისი ცხოვრების გზის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ამის ნაცვლად, რაზე გაამახვილა ყურადღება ქრისტემ? დახმარებაზე. „სიცოცხლის წყლის“ შეთავაზებაზე. დიადმა მხსნელმა აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ამ უსახელო ქალის შესახებ და ის მასთან მიდის, რათა ყოფილიყო ცოცხალი თვითმხილველი ცოცხალი წყლისა. უფალმა მას მადლი და გარდამქმნელი დახმარება შესთავაზა.

მან ქალს ღირსეულად მიმართა და არა დამამცირებლად. მან გულდასმით მოუსმინა მის შეკითხვებს და დაცინვის ნაცვლად, სწავლებით უპასუხა. მან ის თავისი წარსულის მძევლად არ აქცია. მან მას ჭეშმარიტება ანდო. იესო ქრისტე შეგვახსენებს: იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრების გარდაქმნაში დავეხმაროთ, მხოლოდ მათ წარსულზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ჩვენ მათ პოტენციალსაც უნდა ვხედავდეთ. იმ დღეს იგი ჭასთან გარიყული მივიდა. ჭიდან კი ახალი მიზნით აღვსილი წავიდა. სწორედ ეს არის „სწრაფი დასახმარებლად და ნელი განსასჯელად“.

მეგობრებისა და ახალი წევრების გვერდით ყოფნა მათ ჩვეულებრივ დღეებში

ყოველდღე მისიონერები მთელ მსოფლიოში ადამიანებს თანამედროვე ჭებთან ხვდებიან. ისინი აცხადებენ, რომ იესო არის ქრისტე, დიადი „მე ვარ“. ისინი პოულობენ, ასწავლიან, ნათლავენ და ამტკიცებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც, შესაძლოა, განსჯის ეშინიათ, მაგრამ დახმარება სჭირდებათ. როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებს, ჩვენ გვიწვევენ, გადავაწყოთ ჩვენი სული, რათა მეგობრებსა და ახალ წევრებს უფრო ქრისტესმიერი გზით დავეხმაროთ. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ჩვენ მკაფიოდ და პირდაპირ მოგვიწოდა, რომ „ვეცადოთ, ვიყოთ წმინდანი, უფლის მსგავსნი“. ვიყოთ სწრაფნი დახმარებაში და ნელნი — განსჯაში; ეს არის მარტივი და დიდად გამამხნევებელი გზა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ვიყოთ უფრო წმინდა, უფრო მეტად მივემსგავსოთ ჩვენს მხსნელს და ვიყოთ მისი ჭეშმარიტი მოწაფეები.

ვლოცულობ, რომ როდესაც ჭასთან მისული ეს თანამედროვე მამაკაცები და ქალები მე და თქვენ შეგვხვდებიან, მათ იცოდნენ, რომ „[მოვიდნენ] სახლში.“ ვლოცულობ, რომ მათ თქვენსა და ჩემში იესო ქრისტეს მოწაფეები დაინახონ, რომლებიც მზად არიან, ისინი სიცოცხლისა და სიყვარულის წყლით აავსონ. მე ვმოწმობ, რომ როდესაც განსჯის ნაცვლად ვეხმარებით ადამიანებს — სათითაოდ, ჩვენი მცირე და მარტივი გზებით, ჩვენ ვამზადებთ სამყაროს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ესაია 11:6.

  2. ამ ამბავს ჯეიმსისა და მისი ოჯახის ნებართვით გიზიარებთ.

  3. See “I’m Trying to Be Like Jesus,” Children’s Songbook, 78–79.

  4. იხ. რასელ მ. ნელსონი, „უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი 2024 წ.; იხილეთ აგრეთვე რონალდ ა. რასბენდი, „უშუალოდ ჩვენ თვალწინ“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2025 წ..

  5. პატრიკ კირონი, „ღმერთის განზრახვა არის თქვენი შინ მოყვანა“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2024 წ..

  6. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა შემდეგი რამ გვასწავლა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ვიყოთ ნელნი სხვების განსჯისას: „ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ადამიანების საბოლოო განსჯისგან, რადგან არ გაგვაჩნია საამისო ცოდნა და სიბრძნე. … უფლისეული საბოლოო სამსჯავრო მოვა ადამიანის მიერ მიღებული რჯულის შესახებ უფლის სრულყოფილი ცოდნის გამოყენებით და განსჯით იმ ადამიანის გარემოებების, მოტივებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ქმედებების საფუძველზე” ‘Judge Not’ and Judging,” Ensign, Aug. 1999, 8; იხ. ასევე მათე 7:1–5; ლუკა 6:37–42; 3 ნეფი14:1–12; მორმონი 8:20). ასევე, იესო მუდმივად ასწავლიდა, რომ სხვების დახმარება ჩვენი მოწაფეობის ნიშანი უნდა იყოს (იხ. მათე 5:38—47; მარკოზი 10:45; ლუკა 10:30—37). მორმონის წიგნში მოწაფეობის ეს თვისება მრავალ მონაკვეთში ისწავლება, მათ შორის იმ მშვენიერ აღწერებში, თუ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ იმ აღთქმით, რომელსაც ნათლობის დროს ვდებთ. ეს მონაკვეთები ასახავს იმ მრავალ გზას, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით და ვემსახურებით სხვებს (იხ. მოსია 18:8–11; იხ. აგრეთვე იაკობი 2:17–19; ალმა 1:26–27; 3 ნეფი 13:1–4). იესო ქრისტემ განსჯის გარეშე დახმარების სრულყოფილი მაგალითი გვიჩვენა, როდესაც ნეფიელებს გამოეცხადა და „მათთან კიდევ ცოტა ხნით დარჩა“ (3 ნეფი 17:5). ყოველგვარი განსჯის გარეშე, მან დააკმაყოფილა ყველა საჭიროება და განკურნა თითოეული ჭრილობა უბრალოდ იმიტომ, რომ ის „სიბრალულით და წყალობით იყო სავსე“ (3 ნეფი 17:6, 7).

  7. იხ. იოანე 4:4-42. ახალ აღთქმაში მხსნელთან პირისპირი საუბარი ჰქონდათ სხვებსაც, მაგალითად, მდიდარ ახალგაზრდა მმართველს (იხ. მათე 19:16—22), ჯვარზე გაკრულ ქურდს (იხ. ლუკა 23:39—43), ნიკოდემოსს (იხ. იოანე 3:1—21), ბეთ-ხაზდას აუზთან მყოფ კაცს (იხ. იოანე 5:2—15), პონტიუს პილატეს (იხ. იოანე 18:33—38), მარიამ მაგდალელს (იხ. იოანე 20:11—18) და სიმონ პეტრე მოციქულს (იხ. იოანე 21:15—19). შთამბეჭდავია, რომ მორმონის წიგნში იესო ქრისტე „სათითაოდ“ შეეხო თავის მოწაფეებს და თითოეულ მათგანს პირადად ესაუბრა (3 ნეფი 18:36; იხ. აგრეთვე 28:1–3).

  8. იმ დროისთვის, როცა მხსნელი ჭასთან შეხვდა ქალს, იუდეველებსა და სამარიელებს შორის კულტურული და რელიგიური შუღლი ღრმად იყო ფესვგადგმული. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა როგორც შეაჯამა, სამარიელები „იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომელსაც იუდეველები რიყავდნენ და ზიზღით ეპყრობოდნენ“ („ცოცხალი ქრისტეში“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2026 წ.) ამრიგად, მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ იესომ გადაწყვიტა, მას „სამარიაზე უნდა გაევლო“ (იოანე 4:4). მისი გადაწყვეტილება — გამიზნულად წასულიყო სამარიაში და სამარიელ ქალს გასაუბრებოდა — სოციალურად რადიკალური და სულიერად უაღრესად ღრმა იყო. 2026 წლის აპრილის გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა ოუქსმა ასევე გვასწავლა, რომ „ქრისტეში ცოცხლად“ ყოფნა იმასაც მოიცავს, რომ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი (იხ. „ცოცხალი ქრისტეში“, 85-87). რაოდენ საოცარია და, ამავდროულად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მხსნელის მიწიერი მსახურების ერთ-ერთი პირველი ქმედება სწორედ ჭასთან მყოფ ქალთან მშვიდობისმყოფელად ყოფნა იყო.

  9. იხ. იოანე 4:7. ეს არ იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მხსნელი დაღლილი იყო და წყალს ითხოვდა. მოკვდავი მსახურების ბოლოს, გაჭირვებით გადაღლილმა და ჯვარზე ჩამოკიდებულმა, იესომ კვლავ ითხოვა წყალი (იხ. იოანე 19:28). როდესაც ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ ემსახურა იესო ქრისტე ჭასთან მყოფ ქალს, მოდით, ასევე დავფიქრდეთ იმ მომავალ წამზე, როდესაც იგი კვლავ იქნებოდა დაღლილი და მწყურვალი. მსოფლიოს ჯვარცმული მხსნელი კვლავ იქნებოდა სწრაფი დახმარებაში და ნელი — განსჯაში. იგი საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა ჩვენთვის (იხ. იოანე 19:30).

  10. ინგლისურსა და ბევრ სხვა ევროპულ ენაში არსებობს გამოთქმა, რომ „ადამიანი ჭასთან ზედმეტად ხშირად არ უნდა მივიდეს“. ეს გამოთქმა გვასწავლის, რომ ის, ვინც ხშირად მიმართავს ერთსა და იმავე წყაროს დახმარებისთვის, მისი მნიშვნელობის გაუფასურების საფრთხეს ქმნის, სანამ საბოლოოდ არ ამოიწურება ის (იხ. The Free Dictionary, “go to the well too many times,” idioms.thefreedictionary.com). მართალია, ეს გამოთქმა გამოსადეგია ამქვეყნიური რესურსების აღსაწერად, მაგრამ, იესო ქრისტეზე საუბრისას, ის არ გამოგვადგება. ჩვენი მისვლა საკუთარ ჭასთან, რათა მას შევხვდეთ, ვერასდროს იქნება ზედმეტად ბევრი (იხ. მოსია 26:30). ჩვენი ძალისხმევა, მივიღოთ იესო ქრისტეს გამოსყიდვა, ვერ შეამცირებს მის ეფექტურობას, რადგან ის უსასრულოა. როდესაც აღწერდა დიდებულ კავშირს იესო ქრისტეს გამოსყიდვასა და კიბოთი დასნეულებული ძმისთვის განსჯის გარეშე გაწეულ დახმარებას შორის, ეპისკოპოსმა უ. კრისტოფერ უოდელმა თქვა: „იმ საოცარი მამაკაცებისა და ქალების წყალობით, რომელთაც დაინახეს საჭიროება, არ განსაჯეს და მხსნელივით ემსახურნენ, მაიკისთვის ჯერ კიდევ არ იყო გვიანი. … უნდა გვახსოვდეს, რომ არასდროს არის ძალიან გვიან და არავინ დაშორებულა გზას იმდენად, რომ მიუღწეველი გახდეს იესო ქრისტეს უსასრულო გამოსყიდვა, რომელიც უსაზღვროა თავისი ხანგრძლივობითა და მასშტაბით“ („ისე, როგორც მან გააკეთა“, ლიახონა, 2019 წლის მაისი, 21; ხაზგასმა დამატებულია).

  11. იოანე 4:10.

  12. როგორც თავისი დახმარების შეთავაზების ნაწილი, მხსნელს არ შეშინებია, მოეწვია ეს ახალი მოწაფე პასუხისმგებლობის მისაღებად (იხ. იოანე 4:7). მართალია, ქალმა იესოს თხოვნას დაუყოვნებლივ თანხმობით არ უპასუხა, მაგრამ დროთა განმავლობაში და პირადი მზრუნველობით, ქალმა საბოლოოდ და სიხარულით მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება: ეუწყებინა მსოფლიოსთვის, რომ იესო მესიაა. როგორც იესო ქრისტეს და მისი მაგალითის ჭეშმარიტ მიმდევრებს, არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების მოწვევის, განსაკუთრებით ახალი წევრების, რათა ემსახურნენ და დაეხმარნენ სხვებს, მათ აღთქმულ გზაზე იარონ (იხ. მოსია 5:2; იხ. ასევე დეილ გ. რენლუნდი, “Preserving the Heart’s Mighty Change“, ლიახონა, ნოემბერი, 2009, 99.).

  13. იხ. ფსალმუნნი 84:11.

  14. მამაზეციერი და იესო ქრისტე აღიარებენ ჩვენს პოტენციალს, გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია (იხ. დეილ გ. რენლუნდი, „მხსენლის შესახვედრად პირადი მზადება“, გენერალური კონფერენცია, აპრილი 2025).

  15. იხ. იოანე 4:29. მხსნელის მიერ შეთავაზებული დახმარება არ გულისხმობდა ქალის გათავისუფლებას მისი რთული ცხოვრებისგან ან მისი დამაბრკოლებელი გარემოებების შეცვლას. ამის ნაცვლად, მისმა დახმარებამ საშუალება მისცა მას, ცხოვრებას ახალი მიზნით დაბრუნებოდა. დევიდ ა. ბედნარმა, იმ დროისთვის ბრიგამ იანგის-აიდაჰო პრეზიდენტმა, გვასწავლა, „როდესაც მე და თქვენ შევიცნობთ და პირად ცხოვრებაში გამოვიყენებთ გამოსყიდვის ძალას, ჩვენ ვილოცებთ და ვეძიებთ ძალას, გარემოებათა შესაცვლელად, ნაცვლად იმისა, რომ გარემოებები თავისით შეიცვალოს“ („In the Strength of the Lord” [Brigham Young University devotional, 23 ოქტომბერი, 2001], 4, speeches.byu.edu).

  16. ჩვენ ღვთიური ბუნების მოწმენი ვხდებით, როდესაც ვითვალისწინებთ ჭასთან მყოფ სხვა ქალს, რომელსაც ასევე უფრო დახმარება ესაჭიროებოდა ვიდრე განსჯა. დაბადებაში, თავი 16 ღრმად ემოციური კონფლიქტის შემდეგ ჰაგარი გაიქცა აბრამისა და სარაისგან და უდაბნოში განმარტოვდა. როდესაც ის წყაროსთან შეჩერდა, ჰაგარს ანგელოზი გამოეცხადა. მას შემდეგ, რაც ჰაგარმა ზეციური გამხნევება, გაგება და მოწვევა მიიღო, განაცხადა: „შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი“ (მუხლი 13). იმ ჭას, სადაც უფალმა ჰაგარი იპოვა, ბეერ-ლახაი-როი ეწოდა, რაც ნიშნავს „ჭა იმისა, ვინც ცოცხალია და მხედავს“ (დაბადება 16:14, სქოლიო b). როცა ვცდილობთ, რომ ჩვენს მსახურებაში უფრო წმინდანი ვიყოთ, შეგვიძლია ჰაგარის მსახურ ანგელოზს მივბაძოთ და ვიყოთ ის მაგალითი, რითაც სხვას შეიძლება გაიგოს, რომ მამაზეციერი და იესო ქრისტე მართლაც ხედავენ მათ მათივე უდაბნოში.

  17. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც ის ხვდება ქალს ჭასთან, მხსნელი განასახიერებს იმას, რაც „მისიონერულ მიზნად“ არის ცნობილი. „იქადაგე ჩემი სახარების“ 1-ელი თავი გვასწავლის, რომ მისიონერის დანიშნულებაა, „მოიწვიო[ს] სხვები, მოვიდნენ ქრისტესთან და დაეხმარო[ს] მათ, მიიღონ აღდგენილი სახარება იესო ქრისტესა და მის გამოსყიდვაში რწმენის, მონანიების, ნათლობის, სულიწმინდის ძღვენის მიღებისა და ბოლომდე გაძლების გზით.“ (იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო [2023], 1; ხაზგასმა დამატებულია). იესო იწვევს ჭასთან მყოფ ქალს, მოვიდეს მასთან და შემდეგ ეხმარება მას ამის გაკეთებაში.

  18. გამოსვლა 3:14; იხ. ასევე იოანე 4:26.

  19. უხუცესმა კვენტინ ლ. კუკმა განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას თითქმის 900 000 ადამიანი შეუერთდა (იხ. „უფალი აჩქარებს თავის საქმეს“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი 2025). გარკვეულ მომენტში, თითოეული ეს ახალი წევრი, თავისებურად, იყო ჭასთან მყოფი მამაკაცი ან ქალი.

  20. პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფი ადასტურებს, რომ იესო ქრისტესთან შეხვედრები სამუდამოდ გვცვლის. ის ასევე ასწავლის, რომ იესო ქრისტეს მოწაფეებთან შეხვედრებიც ასევე ცვლიან ცხოვრებას (იხ. დიტერ ფ. უხტდორფი, „შეხვედრა ცარიელ სამარხთან“, გენერალური კონფერენცია, 2026 წლის აპრილი).

  21. დალინ ჰ. ოუქსი, „ცოცხალი ქრისტეში“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2026 წ.

  22. ქრისტესმაგვარი დახმარება ხელს უწყობს სულიერად თავდაჯერებულ მოწაფეობას. იესო ქრისტესგან დახმარების მიღების შემდეგ, პეტრე მოციქულს ჰქონდა გამბედაობა, დაეტოვებინა თევზის დიდი ნადავლი და მას გაჰყოლოდა (იხ. ლუკა 5:11). ანალოგიურად, მაცხოვრის დახმარების საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ, ჭასთან მყოფ ქალს ეყო თავდაჯერება, დაეტოვებინა თავისი „წყლის ჭურჭელი“ და ყველასთვის ეამბა მესიაზე (იხ.იოანე 4:28).

  23. კლარკ გ. გილბერტი, „მოდით სახლში“, გენერალური კონფერენცია, აპრილი 2026.

  24. პრეზიდენტი დიტერ ფ. უხტდორფმა შეგვახსენა: „იესომ თქვა: ,გიყვარდეთ ერთმანეთი’. ,ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი’ [იოანე 13:34–35]. ძალიან ხშირად, პიროვნების პირველი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ მოდის, როცა ის სიყვარულს გრძნობს იესო ქრისტეს მოწაფეებს შორის“ („ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2025 წ.).

  25. პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხტდორფმა შეაჯამა, თუ როგორ გვაძლევს ჩვენი პატარა, ხანდახან შეუმჩნეველი ნიჭი საშუალებას, გავაკეთოთ ისეთი მარტივი რამ, რაც ცხოვრების შეცვლისთვის საჭირო დახმარებას წარმოადგენს: „ნება მომეცით, გაგიზიაროთ რამდენიმე სულიერი ძღვენი, რომელიც წევრებში შევნიშნე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაფიქრდით, თუ ხართ ასეთი ერთი ან მეტი ძღვენით კურთხეული: თანაგრძნობის გამოხატვა ისეთი ადამიანების შემჩნევა, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. გულწრფელი ქათინაურებით შემკობა.. … საკითხების მარტივად ახსნა.. … სხვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.. … იმედი მაქვს, ხედავთ, რაოდენ ძვირფასია [ეს ძღვენები] უფლის საქმისთვის და როგორ შეეხეთ, დალოცეთ ან შესაძლოა გადაარჩინეთ კიდევაც თქვენი ძღვენის წყალობით, ღვთის რომელიმე შვილი.” („შეიტანეთ თქვენი წვლილი მთელი თქვენი გულით“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი 2025; ასევე იხილეთ გერიტ უ. გონგი, „არავინ იჯდეს მარტო“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი 2025). მოძღვრება და აღთქმების 46-ე ნაწილში უფალი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი სულიერი ნიჭების ნამდვილი მიზანი, იქნება ეს დიდი თუ პატარა, მამა ზეციერის შვილების დახმარებაა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:8–9, 10, 26).

  26. პრეზიდენტმა დ. ტოდ ქრისტოფერსონმა ასწავლა: „ქრისტესმიერი პიროვნული თვისებების შეთვისება არ არის მხოლოდ ჩვენი პირადი მომზადების საკითხი; ის არის სამყაროს მომზადების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი უფლის დაბრუნებისა და მისი დიდებული ათასწლიანი მეფობისათვის. ჩვენ ხშირად სათანადოდ ვერ ვაფასებთ ქრისტეს მსგავსი ადამიანების გავლენას სამყაროზე, თუმცა საზოგადოების შესაცვლელად და უფლის სასუფევლის დასამკვიდრებლად იესოს მიდგომა ყოველთვის სათითაოდ ინდივიდებთან მუშაობა იყო“(„ქრისტეს პიროვნული თვისებები“ გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2026).