გენერალური კონფერენცია
ჩაბეჭდილი აღთქმის წმინდა სულით
2026 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩაბეჭდილი აღთქმის წმინდა სულით

მოძღვრება და აღთქმები 132:7.

იესო ქრისტეს მოწაფეებისათვის მღვდლობის წეს-ჩვეულებების მიღება და წმინდა აღთქმების დადება „მთელი ცხოვრების ძიების“ უმთავრესი ნაბიჯებია, რათა ჩვენი გული, გონება და ცხოვრება ღვთის ნებას შევუსაბამოთ.

წლების წინ მე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე პრეზიდენტ ბოიდ კ. პაკერისგან. მან თქვა:

„მიუხედავად მოქალაქეობისა თუ რასისა, იმისა, მამაკაცი ხარ თუ ქალი, რა პროფესიისა ხარ თუ რა განათლება გაქვს, მიუხედავად იმისა, რომელ თაობაში ცხოვრობ, თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრება არის გზა შინისაკენ, უკან, ღვთის გარემოცვაში.

„წეს-ჩვეულებები და აღთქმები ხდება ჩვენი სულიერი საშვი მის გარემოცვაში შესასვლელად. მათი ღირსეულად მიღება მთელი ცხოვრების ძიებაა, ხოლო მათი ერთგულება ამქვეყნიურ ცხოვრებაში — უდიდესი გამოწვევა.“

მე ვლოცულობ, რომ სულიწმინდამ ასწავლოს და გაანათოს თითოეული ჩვენგანი, როდესაც ვფიქრობთ წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მნიშვნელობაზე — როგორც სულიერ საშვზე ზეციერ მამასთან შინ დაბრუნების გზაზე.

იგავი პასპორტზე

დავიწყებ მოკლე ამბით. ერთხელ ერთმა კაცმა შორეულ ქვეყანაში ოჯახის წევრების მონახულება მოისურვა. მან დაგეგმა მოგზაურობა, ჩაალაგა ჩემოდანი და თვითმფრინავით გაფრინდა იმ ქალაქში, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ.

კაცი აღფრთოვანებული გადმოვიდა თვითმფრინავიდან და პასპორტის კონტროლის გამშვებ პუნქტს მიუახლოვდა. მას თან ჰქონდა მოქმედი პასპორტი, რომელიც მისი ქვეყნის უფლებამოსილმა სახელმწიფო უწყებამ გასცა. მან პასპორტი მესაზღვრეს წარუდგინა, რომელმაც შეამოწმა კაცის ვინაობა, მოქალაქეობა და ქვეყანაში ვიზიტის მიზეზები. მაგრამ კაცს თავის პასპორტზე კარგად არ ეზრუნა. პირადი ინფორმაციის გვერდი დასვრილი და დაზიანებული იყო. გახეული გვერდი კი თვითნებურად, წებოვანი ლენტითა და წებოთი იყო დაწებებული.

შედეგად, მესაზღვრემ უარყო მისი პასპორტი და უარი თქვა ბეჭდის დასმაზე, რომელიც ქვეყანაში შესასვლელად იყო საჭირო. კაცი გულდაწყვეტილი და დაბნეული იდგა — არ იცოდა, რა უნდა ეღონა.

ამ ამბის გაკვეთილი ძალიან მარტივია: პასპორტის მთლიანობა დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. მოქმედი პასპორტი კაცს ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა მხოლოდ პასპორტი ვერ მისცემდა იმის გარანტიას, რომ მას მართლაც შეუშვებდნენ ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, ამ მარტივ ანალოგიას თავისი შეზღუდვები აქვს. ფიზიკური პასპორტის დაზიანებისგან განსხვავებით, ის განსაცდელი და ტანჯვა, რომელსაც ჩვენი ბრალის გარეშე განვიცდით, არ აკნინებს ღვთის აღთქმებს ჩვენ მიმართ და არ აუქმებს ჩვენს აღთქმებს.

აღთქმები, წეს-ჩვეულებები და დაპირებული კურთხევები

იესო ქრისტეს მოწაფეებისათვის მღვდლობის წეს-ჩვეულებების მიღება და წმინდა აღთქმების დადება „მთელი ცხოვრების ძიების“ უმთავრესი ნაბიჯებია, რათა ჩვენი გული, გონება და ცხოვრება ღვთის ნებას შევუსაბამოთ.

აღთქმა არის საზეიმო დაპირება — მარადიული ვალდებულება ღმერთსა და მის ვაჟებსა და ასულებს შორის. ღმერთი ადგენს სახარების ყველა აღთქმის პირობებს, ხოლო მისი შვილები იყენებენ თავიანთ ნებას, რათა შეიცნონ და დაეთანხმონ იმას, რასაც იგი სთხოვს მათ.

აღთქმები მიიღება წმინდა წეს-ჩვეულებების მეშვეობით. წეს-ჩვეულება არის წმინდა ქმედება, რომელიც სრულდება მღვდლობის უფლებამოსილებით, აქვს სულიერი მიზანი, მარადიული მნიშვნელობა და დაკავშირებულია ღვთის კანონებსა და მცნებებთან. წეს-ჩვეულებები ასევე გვასწავლის იმ აღთქმების არსს, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ვიღებთ.

მხსნელის აღდგენილი სახარების აღთქმები და წეს-ჩვეულებები არის სულიერი საბუთები, რომელთაც შეუძლიათ ფართოდ გააღონ ზეციური შესაძლებლობების კარი, რათა მივიღოთ ღვთიური მიზანი, წინამძღოლობა და ძალა. ღმერთი აღუსრულებს თავის ვაჟებსა და ასულებს უზენაეს კურთხევებს აღთქმების ერთგულების პირობაზე, მათ შორის, იესო ქრისტეს სახარების კანონებისა და წეს-ჩვეულებებისადმი მორჩილებისათვის. აღნიშნული უფლებამოსილების ძალაში დარჩენისა და აღთქმული კურთხევების მიღებისთვის, ხანგრძლივი ერთგულებაა საჭირო.

სულიწმინდა არის აღთქმის წმინდა სული

სულიწმინდა სამების მესამე წევრია. იგი სულიერი პიროვნებაა, მოწმობს ყოველგვარ ჭეშმარიტებას და არის მამისა და ძის მოწმე და მაცნე.

წმინდა წერილი სულიწმინდას ასევე აღწერს, როგორც აღთქმის წმინდა სულს, რომელიც მოწმობს ღვთის შვილების მართალ საქმეებზე ანუ ადასტურებს მათ, როგორც ღმერთისთვის მისაღებს. საბოლოო ჯამში, სახარების ყველა წეს-ჩვეულება და აღთქმა აღთქმის წმინდა სულით უნდა ჩაიბეჭდოს. როგორც უფალმა განუცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს: „ყველა აღთქმა … რომელიც არ არის დადებული, მიღებული და ჩაბეჭდილი აღთქმის სულით … უქმად იქმნება, კარგავს ძალასა და მნიშვნელობას მკვდრეთით აღდგომისას და მის შემდგომად“.

როდესაც წეს-ჩვეულება, ფიცი თუ აღთქმა ჩაბეჭდილია აღთქმის წმინდა სულით, იგი სავალდებულო ძალას იძენს დედამიწაზეც და ცაშიც. ეს ჩაბეჭდვა პირობითია მოკვდავობაში და შეიძლება დაირღვეს ან დაიკარგოს უწმინდურების გამო.

ამ დამმოწმებელი ბეჭდის მიღება სულიწმინდის მიერ, როგორც წესი, არ არის ერთჯერადი მოვლენა; იგი დროთა განმავლობაში მოდის, როდესაც გულწრფელად და თანმიმდევრულად ვინანიებთ, ვიცავთ ჩვენს აღთქმებს და გულს მივუძღვნით ღმერთს. ამ კურთხევის სამართლიანად ძიება არის „ამქვეყნიურ ცხოვრებაში უდიდესი გამოწვევა“, - როგორც პრეზიდენტმა პაკერმა აღწერა.

ისევე, როგორც ჩემს ისტორიაში ნახსენებ მამაკაცს უცხო ქვეყანაში შესასვლელად პასპორტში უფლებამოსილი პირის ბეჭედი სჭირდებოდა, ასევე თითოეულ ჩვენგანს ესაჭიროება „აღთქმის სულის“ დამადასტურებელი მოწმობა, რათა მივიღოთ მარადიული კურთხევები, რომლებიც დაკავშირებულია მხსნელის სახარების აღთქმებსა და წეს-ჩვეულებებთან.

თითოეული ჩვენგანი ყოველთვის მადლიერი უნდა იყოს წმინდა შესაძლებლობებისთვის, რომ „ვიაროთ უფლის ყველა წეს-ჩვეულებით“ და აღთქმებით სულიწმინდის მეშვეობით, „დროთა განმავლობაში“,მივიღოთ დამმოწმებელი ბეჭედი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა აღთქმულ კურთხევას.

ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულება

მამაკაცისა და ქალის ჩაბეჭდვა უფლის სახლში არის მაცხოვრის აღდგენილი სახარების დამაგვირგვინებელი აღთქმა და წეს-ჩვეულება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მოძღვრებისეული მნიშვნელობის გაგება, რომ ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულება ბეჭდით უნდა დამოწმდეს აღთქმის სულიწმინდის მიერ, ნაწილობრივ გვეხმარება პასუხი გავცეთ ღრმად პირადულ კითხვებს იმის შესახებ, შეუძლია თუ არა სხვა ადამიანის არჩევანს, წაართვას აღთქმების ერთგულად დამცველს მარადიული კურთხევები.

ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულება მოიცავს ორ ფუნდამენტურ და ურთიერთდაკავშირებულ ნაწილს: (1) მამაკაცისა და ქალის მარადიულ ერთობას ქორწინებაში — რაც შეიძლება გავიაზროთ, როგორც ჰორიზონტალური ჩაბეჭდვა, და (2) ცოლ-ქმრის ჩაბეჭდვას ღვთის მარადიულ ოჯახში და კაცობრიობის გადაბმას ყველა თაობის მასშტაბით — რაც შეიძლება გავიაზროთ, როგორც ვერტიკალური ჩაბეჭდვა. წეს-ჩვეულების ორივე ელემენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მამაკაცსა და ქალს შორის ტაძარში ჩაბეჭდვის ნასურველი და ლოცვით ნათხოვნი შედეგები მოიცავს მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ ზრდას, მეუღლეობრივ ერთგულებასა და თავდადებას, მოკვდავი ცხოვრების გაურკვევლობისა და გამოწვევების დასაძლევად სწრაფვას და მუდმივ ბედნიერებას.

ზოგჯერ, სამწუხაროდ, ის შედეგები, რომელთათვისაც ვლოცულობდით და რომლებიც გვსურდა, არ ახდება. მეუღლის ცოდვებმა, ორგულობამ, პირადმა განდგომილებამ თუ სხვა სირთულეებმა შეიძლება გამოიწვიოს დავა, გაუცხოება და განქორწინებაც კი. ასეთ შემთხვევებში, ერთგულმა მეუღლემ შეიძლება იკითხოს: „შეიძლება თუ არა სხვა ადამიანის მიერ ზნეობრივი არჩევანის თავისუფლების უმართლო გამოყენებამ წამართვას ის, რაც ღმერთმა აღმითქვა?“ ამ კითხვაზე პასუხია კატეგორიული „არა!“

მეუღლის უღირსი საქციელი, უდავოდ, გულისტკივილსა და მწუხარებას აყენებს მეორე მეუღლესა და ოჯახის წევრებს. თუმცა, ერთი ადამიანის უსამართლობას არ შეუძლია შეაფერხოს ან შელახოს ღვთის სიყვარულის, ძალისა და კურთხევის ნაკადი სხვა ადამიანისთვის. უფლის უსაზღვრო და მარადიული გამოსყიდვის ძალას შეუძლია ყველაფრის დაძლევა, ნებისმიერ დროსა და ადგილას, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მტკიცედ იცავს მასთან დადებულ აღთქმებს.

მეუღლე, რომელიც არღვევს აღთქმებს და არ ინანიებს, კარგავს შესაძლებლობას, თავისთვის მიიღოს აღთქმის სულიწმინდის დამმოწმებელი ბეჭედი ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულების როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ასპექტებისთვის.

ერთგული მეუღლე, რომელიც პატივს სცემს აღთქმებს და რწმენით მიიწევს წინ, ღირსი რჩება, რომ მიიღოს თავისთვის აღთქმის სულიწმინდის დამმოწმებელი ბეჭედი ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულების ვერტიკალური ასპექტისთვის და მიიღოს ყველა სხვა შესაბამისი ინდივიდუალური კურთხევა.

შეიძლება იკითხოთ: „როგორ შეიძლება ეს ასე იყოს, თუ ტაძარში დებული ქორწინება არ გაგრძელდება?“

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის გამოცხადებული მოძღვრება არ ეხება ასეთი შემთხვევების ყველა დეტალსა და ნიუანსს. მე არ ვიცი და ზუსტად ვერ ავხსნი, თუ როგორ და როდის მიიღება დაპირებული კურთხევები. მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ დაპირებული კურთხევები მიღებული იქნება. არცერთი ერთგული მოწაფე საბოლოოდ არ დარჩება ღმერთის მიერ დაპირებული რომელიმე მარადიული კურთხევის გარეშე იმის გამო, რომ სხვა პიროვნებამ არამართებულად გამოიყენა თავისი ზნეობრივი არჩევანის თავისუფლება.

მე ვასრულებ მეფე ბენიამინის დამამშვიდებელი მოწმობით: „მსურს, იფიქროთ იმ ადამიანთა დალოცვილ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს“. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც; და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში, რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში. ო, გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ეს ყოველივე ჭეშმარიტია; რადგან უფალმა ღმერთმა განაცხადა ეს“.

მე სიხარულით ვმოწმობ მეფე ბენიამინის წინასწარმეტყველური დაპირების ჭეშმარიტებას, უფალ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ბოიდ კ. პაკერი, „Covenants [აღთქმები]“, Ensign, 1987 წლის მაისი.

  2. See Boyd K. Packer, “Covenants,” 23.

  3. იხ. Guide to the Scriptures, “Ordinances,” სახარების ბიბლიოთეკა.

  4. იხ. Guide to the Scriptures, “Contention,” სახარების ბიბლიოთეკა.

  5. იხ. Guide to the Scriptures, “Holy Spirit of Promise,” სახარების ბიბლიოთეკა.

  6. მოძღვრება და აღთქმები 132:7.

  7. იხ. მოსე 7:21.

  8. ბოიდ კ. პაკერი, „Covenants [აღთქმები]“, 24.

  9. მოძღვრება და აღთქმები 136:4.

  10. მოსე 7:21.

  11. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „ქმარი და ცოლი ღმერთთან და ერთმანეთთან დებენ აღთქმას, რომ იყვნენ ერთმანეთის ერთგულნი … ისევე, როგორც ქორწინებასა და ოჯახში არსებობს უნიკალური ჰორიზონტალური კავშირი, რომელიც განსაკუთრებულ სიყვარულს ბადებს, ასევეა იმ ახალი ურთიერთობის შემთხვევაშიც, რომელიც მაშინ ყალიბდება, როდესაც აღთქმით ვერტიკალურად ვუკავშირდებით ჩვენს ღმერთს!“ (“The Everlasting Covenant,” Liahona, Oct. 2022, 6, 9).

  12. ეს კურთხევები გადმოცემულია აღთქმაში, რომელიც მიიღება ქორწინების ჩაბეჭდვის წესჩვეულების მეშვეობით. სანამ ჩაბეჭდვა ძალაში რჩება, წევრი, რომელიც ერთგულია ტაძრის აღთქმებისადმი, მიიღებს ტაძარში აღთქმულ პირად კურთხევებს. ეს ასეა მაშინაც კი, თუ ადამიანის მეუღლემ დაარღვია აღთქმები ან განქორწინდა. გარდა ამისა, ღმერთი არავის აიძულებს, დარჩეს ჩაბეჭდილ ურთიერთობაში მთელი მარადისობის განმავლობაში თავისი ნების საწინააღმდეგოდ. „ზეციერი მამა უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა ადამიანმა მიიღოს ყველა ის კურთხევა, რისი საშუალებასაც მისი სურვილები და არჩევანი იძლევა“ (ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 38.4.1.10, სახარების ბიბლიოთეკა).

  13. უფალმა იესო ქრისტემ განაცხადა: და ჩემი სიტყვები უეჭველია და არ აღმოჩნდება ფუჭი …მაგრამ, ყოველივე უნდა ახდეს თავის დროზე. (მოძღვრება და აღთქმები 64:31–32).

  14. მოსია 2:41.