ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“, აგვისტო, 2024
„ძლიერი კავშირი“
აღთქმა ხელშეკრულებაზე მეტია; ეს არის ურთიერთობა.
მე ჯერ კიდევ მაქვს მწვანე სკამების სურათი, რომლებზეც ისხდნენ უხუცესი პისტონი და უხუცესი მორასკო, როდესაც ისინი ასწავლიდნენ ჩემს ოჯახს ჩვენს სახლში, არგენტინაში. ისინი იმდენად დიდი სულიერი ძალით ასწავლიდნენ, რომ მე (9 წლის) და ჩემი 10 წლის და მათი წასვლის შემდეგ გავრბოდით, სკამებს ვეხებოდით იმ იმედით, რომ მათი ძალა გვეცხებოდა.
მალე გავიგე, რომ ძალა მომდინარეობდა არა სკამებიდან, არამედ ღმერთთან და იესო ქრისტესთან აღთქმის ურთიერთობისგან.
ჩემი ნათლობის გამოცდილება
მე ჩემი პირველი აღთქმა 1977 წლის 13 ნოემბერს დავდე. ბევრი არაფერი მახსოვს ჩემი ნათლობის შესახებ, მაგრამ მახსოვს, უხუცესი პისტონი დამეხმარა წყალში ჩასვლაში და უხუცესმა მორასკომ წევრად დამამტკიცა, როცა თმა ჯერ კიდევ სველი მქონდა. მე ასევე მახსოვს სიხარული, რომელსაც ვგრძნობდი, როცა მეურვეობის ახალმა მეგობრებმა ჩამიხუტეს და მაკოცეს არგენტინული ტრადიციით და ვიგრძენი ძლიერი სურვილი, ვყოფილიყავი მამაზეციერის ერთგული ასული.
ახალგაზრდა და სპანაუსი (შუაში) მშობლებთან (მარცხნივ), თავის დასთან სილვინასთან (მარჯვნივ) და უხეცეს მორასკოსთან ერთად.
მოგვიანებით მივხვდი, რომ სიხარული, რომელიც ვიგრძენი, სულიწმინდის ძღვენისგან მოდიოდა. მე გავიგე, რომ როცა ერთგულად ვიცავდი ღმერთთან დადებულ აღთქმებს, სულიწმინდა ჩემთან იქნებოდა. სულიწმინდა მხოლოდ ერთ-ერთი ძლიერი კურთხევაა, რომელიც ღმერთთან და იესო ქრისტესთან აღთქმის კავშირიდან მოდის.
ახლა, მაშინაც კი, როცა ჩემი მოტივები, აზრები და ქმედებები წარუმატებელია, მე მაქვს იმედი, რომ გავაგრძელებ მცდელობას. რატომ? რადგან ზიარების მიღება შესაძლებელს ხდის, განვაახლო ჩემი აღთქმები და დავდო ახალი აღთქმები ყოველ კვირას. მე ძალიან მადლობელი ვარ ამ კურთხევისთვის.
აღთქმის თბილი კავშირი
ხშირად გვესმის, რომ აღთქმები არის ორმხრივი დაპირებები ჩვენსა და ღმერთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართალია, აღთქმები ამაზე მეტია. სინამდვილეში, „აღთქმის დაცვა არ არის ცივი საქმიანი გარიგება, არამედ თბილი ურთიერთობა, კავშირი“.
მაშ, როგორ ქმნით აღთქმის კავშირს მამაზეციერთან და მხსნელთან? მათ უკვე სრულიად უყვარხართ და სურთ, გაკურთხონ (იხილეთ 3 ნეფი 14:11). მაგრამ ნებისმიერ ორმხრივ ურთიერთობას დრო და სიყვარული ორივე მხრიდან სჭირდება.
გსურთ, მეტი დრო გაატაროთ მათთან? როცა აკეთებ იმას, რასაც ისინი გააკეთებდნენ, შენ მათთან ერთად დადიხარ! ეს შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც მეგობრის მოსმენა რთულ პერიოდში, დროის გამოყოფა და-ძმასთან სათამაშოდ ან იმ ადამიანისთვის ყურადღების მიქცევა ვინც თავს მიტოვებულად გრძნობს. ახლახან ღმერთთან ერთად ვიარე, რადგან ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებები გავუგზავნე მეგობარს არგენტინაში, რომელიც თავს მარტოსულად გრძნობდა. მე ასევე გადავწყვიტე ყოველთვის თან მქონოდა ჩემი სატაძრო რეკომენდაცია, რათა შემეძლოს, უფალთან მის წმინდა სახლში ვიმყოფებოდე. შეგიძლიათ, ილოცოთ იდეებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ, გაატაროთ დრო მამაზეციერთან და თქვენს მხსნელთან.
გსურთ, აჩვენოთ, რომ ზრუნავთ? მოექეცით მცნებებს, რომლებზეც დადებული გაქვთ აღთქმა, როგორც თქვენი სიყვარულის გამოხატვის საშუალებას და არა როგორც წესების ჩამონათვალს. მაგალითად, სიბრძნის სიტყვით რომ ვიცხოვრო, ვისწავლე ჯანსაღი კერძების მომზადება. ახლა ჩემს ქალიშვილებს იმავეს ვასწავლი. როდესაც თქვენ ნებაყოფლობით შეასრულებთ ღვთის მცნებებს, თქვენი სიყვარული მისი და მხსნელის მიმართ გაიზრდება.
ჩვენი აღთქმის კავშირი მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან დაგვეხმარება, უკეთ გავიცნოთ ისინი და გვქონდეს მეტი წვდომა მათ ძალაზე ჩვენს ცხოვრებაში, რაც უსასრულოდ იმაზე მეტია, ვიდრე მწვანე სკამების ნაკრებს შეუძლია, შემოგვთავაზონ. და სწორედ ეს ძალა გვცვლის სამუდამოდ!
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. დაბეჭდილია აშშ-ში. ინგლისური ენის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანი: Monthly For the Strength of Youth Message, August 2024. Georgian. 19342 131