2010
სატაძრო ლოცვა-კურთხევანი
ოქტომბერი 2010


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, ოქტომბერი 2010

სატაძრო ლოცვა-კურთხევანი

ტაძარი უზრუნველყოფს ჩვენს ცხოვრებას მიზნით. იგი ამშვიდებს ჩვენს სულებს, მაგრამ არა იმ სიმშვიდით, რასაც ადამიანები გვთავაზობენ, არამედ იმით, რომელსაც გვპირდება ძე ღვთისა სიტყვებით: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ.”

ტაძარში ჩვენ შევიგრძნობთ უფლის სიახლოვეს

მე ვფიქრობ, რომ მთელს სამყაროში ვერ მოიძებნება ისეთი ადგილი, სადაც უფალთან სიახლოვე იმაზე მეტია, ვიდრე მე ამას ვგრძნობ მის წმინდა ტაძარში. მოდით გამოვიყენოთ პარაფრაზი:

რაოდენ შორსაა ჩვენგან ზეცა?

არა, არც ისე შორსაა.

ღვთის ტაძრებში

ზუსტად იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით.

უფალმა თქვა:

„ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

„დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

„ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქვე იქნება.”1

უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის, ტაძარი ყველაზე წმინდა ადგილია მთელს დედამიწაზე. ტაძარი სახლია უფლისა და როგორც მის გარე წარწერაზე ვკითხულობთ, იგი არის „უფალს სიწმინდე”.

ტაძარში ამაღლებასა და განდიდებას განვიცდით

ტაძარში ღვთის უძვირფასეს გეგმით გვმოძღვრავენ. ზუსტად ტაძარში ვდებთ მარადიულ აღთქმებს. ტაძარი გვამაღლებს, გვადიდებს, არის ჩვენი შთაგონების წყარო და ცელესტიალურ დიდებისკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს. იგი სახლია ღვთისა. ყოველივე, რაც კი ტაძარში სრულდება, ემსახურება სულის ამაღლებას და გაკეთილშობილებას.

ტაძარი ოჯახებისთვისაა, იმ ერთ-ერთი უდიდესი ფასეულობისათვის, რაც ჩვენ გაგვაჩნია ამ მიწიერ ცხოვრებაში. უფალმა გარკვევით დაგვარიგა ჩვენ, მამებს, რომ გვევალება მეუღლისა და შვილების მთელი გულითა და სულით სიყვარული და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი სამუშაო, რომლის შესრულება შეგვიძლია ჩვენ, როგორც მშობლებს, ტარდება სახლში. სახლი კი შეიძლება გადაიქცეს ზეცად, განსაკუთრებით თუ ჩვენი ქორწინება ჩაბეჭდილია ღვთის სახლში.

აწ გარდაცვლილმა, უხუცესმა მეთიუ ქოულიმ, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრმა, გვიამბო, რომ ერთხელ შაბათს, შუადღეს, თავისი შვილიშვილის დაბადების დღეს, მან ხელი ჩაკიდა მას და მიიყვანა იგი ტაძართან, და არა ზოოპარკში ან კინოში. ისინი ტაძრის დიდ კარებთან მივიდნენ. მან შესთავაზა გოგონას, ხელით ჯერ მყარ კედელს შეხებოდა და შემდეგ კი მასიურ კარებს. ამის შემდეგ მან ალერსიანად უთხრა მას: „დაიმახსოვრე ეს დღე, შენ დღეს ტაძარს შეეხე. დადგება დრო, როდესაც შენ თაძარში შეხვალ.” მისი საჩუქარი პატარას კანფეტზე და ნაყინზე ბევრად მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი რამ იყო. ეს გახლდათ უფლის სახლის მიმართ მადლიერების გრძნობის ჩასახვა. იგი ტაძარს ხელით შეეხო, ტაძარი კი შეეხო მის გულს.

ტაძარს ჩვენს სულში სიმშვიდე შემოაქვს

როდესაც ჩვენ ტაძარს ვეხებით და მის მიმართ სიყვარულით ვივსებით, ჩვენი ცხოვრება ჩვენს რწმენაზე ზეგავლენის უნარიანი ხდება. როდესაც შევდივართ წმინდა სახლში და გვახსოვს ყოველი აღთქმა, რომელსაც ჩვენ იქ აღვუქვამთ უფალს, ამით ჩვენ გვეძლევა ძალა, ავიტანოთ ნებისმიერი სიძნელე და მოვერიოთ ყოველ ცდუნებას. ტაძარი ჩვენს ცხოვრებას მიზანს ანიჭებს. იგი ამშვიდებს ჩვენს სულებს, მაგრამ არა იმ სიმშვიდით, რასაც ადამიანები გვთავაზობენ, არამედ იმით, რომელსაც გვპირდება ძე ღვთისა სიტყვებით: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.”2

უკანასკნელი დღეების წმინდანებს დიდი რწმენა აქვთ. უფალი გვაძლევს შესაძლებლობას დავანახოთ მას, რომ ჩვენ დავიცავთ მის მცნებებს, მივყვებით იმ გზას, რომელსაც იესო ნაზარეველი მიჰყვებოდა; მას სურს იხილოს ის, რომ ჩვენ გვიყვარს უფალი მთელი ჩვენი გულით, ძალით, გონებით და ღონით, და გვიყვარს მოყვასი ჩვენი ვითარცა თავი ჩვენი.3

მე ვეთანხმები იგავს: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.”4

ასე ყოველთვის იყო, ასე ყოველთვის იქნება. თუ ჩვენ აღვასრულებთ ჩვენს მოვალეობას და მთლიანად ვენდობით უფალს, მისი ტაძრები აღივსება ჩვენი ხალხით, რომელიც არა მარტო საკუთარ წეს-ჩვეულებებზე მუშაობს, არამედ იყენებს უპირატესობას სხვათათვის აღასრულოს სატაძრო სამუშაო. ჩვენ მოვიდრეკთ მუხლს წმინდა საკურთხევლის წინაშე იმისათვის, რათა გავხდეთ რწმუნებულნი იმ ჩაბეჭდვის ცერემონიაში, რომელიც მარადიულად გააერთიანებს ქმარს, ცოლს და მათ შვილებს. ღირსეულ ახალგაზრდებს, რომლებმაც მიაღწიეს თორმეტი წლის ასაკს, შეუძლიათ იყვნენ რწმუნებულნი მათთვის, ვინც წავიდა ამ ქვეყნიდან ნათლობის კურთხევის გარეშე. მამაზეციერს ეს ყოველი ჩვენთაგანისთვის სწადია.

სასწაული მოხდა

მრავალი წლის წინ, მორჩილმა და ერთგულმა პატრიარქმა, ძმა პერსი კ. ფეთზერმა, მიიღო მოწოდება კომუნისტურ ქვეყნებში მცხოვრებ ხალხთან წასვლის თაობაზე ეკლესიის წევრებისთვის საპატრიარქო კურთხევების მისაცემად.

იმ მძიმე დღეებში ძმა ფეთზერი პოლონეთში გაემგზავრა. საზღვრები ჩაკეტილი იყო, არც ერთ მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა. ძმა ფეთზერი იქ შეხვდა გერმანელ წმინდანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეცვლილი საზღვრების გამო აღმოჩნდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე.

ძმა ერიკ პ. კონიეტსი, რომელიც იქ თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, გერმანელ წმინდანთა შორის ლიდერი იყო. ძმა ფეთზერმა ძმა და და კონიეტსს, მათ შვილებთან ერთად, საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა მისცა.

როდესაც ძმა ფეთზერი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, მან დამირეკა და მთხოვა, რომ მას შევხვედროდი. როდესაც ის ჩემს კაბინეტში იჯდა, მან ტირილი დაიწყო. მან თქვა: ძმაო მონსონ, როდესაც მე კონიეტსის ოჯახის წევრებს თავზე ხელები დავადე, მე მათ ისეთი რამ შევპირდი, რასაც აღსრულება არ უწერია. მე შევპირდი ძმა კონიეტსს და მის მეუღლეს, რომ ისინი შეძლებდნენ თავის მშობლიურ გერმანიაში დაბრუნებას და აღარ იცხოვრებდნენ ტყვეობაში გამარჯვებული ქვეყნის ლიდერების თვითნებური გადაწყვეტილებების გამო, და რომ ისინი ჩაიბეჭდებიან, როგორც ოჯახი, უფლის სახლში. მე შევპირდი მათ ვაჟიშვილს, რომ ის მისიაზე წავიდოდა, მათ ქალიშვილს კი ღმერთის წმინდა ტაძარში დაქორწინება დავპირდი. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ჩაკეტილი საზღვრის გამო ეს ლოცვა-კურთხევები არ აღუსრულდებათ. ეს რა ვქენი?”

მე ვუპასუხე: „ძმაო ფეთზერ, მე თქვენ საკმაოდ კარგად გიცნობთ და ვიცი, რომ თქვენ მხოლოდ მამაზეციერის ნებას ასრულებდით.” ჩვენ ორივემ დავიჩოქეთ ჩემს საწერ მაგიდასთან და გადავუშალეთ მამაზეციერს გულები ლოცვაში მასზედ, რომ ამ თავდადებული ოჯახისთვის დაპირებული ლოცვა-კურთხევანი, ტაძრის ჩათვლით, აღემატებოდა ჩვენს პირად ძალას. მხოლოდ მაღალ ღმერთს შეეძლო იმ სასწაულის მოხდენა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა.

მოხდა სასწაული. პოლონეთის მთავრობამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლიდერებმა მოაწერეს ხელი პაქტს, რის შედეგადაც ყველა გერმანელი ეროვნების ადამიანი, რომელიც იძულებით იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე, უნდა გადასულიყო საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში. ძმა კონიეტსი თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადავიდა დასავლეთ გერმანიაში, სადაც იგი გახდა იმ მეურვეობის ეპისკოპოსი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.

კონიეტსის მთელი ოჯახი გაემგზავრა შვეიცარიის წმინდა ტაძარში. ვინ გახლდათ ტაძრის პრეზიდენტი, რომელიც მათ იქ დახვდა თეთრ ტანსაცმელში ხელებ გაშლილი? წარმოიდგინეთ, სხვა არავინ, თუ არა პერსი ფეთზერი, პატრიარქი, რომელმაც მათ ეს დაპირებები მისცა. ახლა, შვეიცარიაში, ბერნის ტაძრის პრეზიდენტის როლში, იმ დაპირების დასტურად, ის ესალმებოდა მათ უფლის სახლში. მან ცოლ-ქმარი და შვილები მარადიულად ჩაბეჭდა ერთად.

ქალიშვილი დაქორწინდა უფლის სახლში. ვაჟიშვილმა მიიღო მოწოდება და იმსახურა მისიაზე.

„ტაძარში შეხვედრამდე!”

ზოგი ჩვენთაგანი მეტად ახლოს ცხოვრობს ტაძართან. დანარჩენს ღმერთის წმინდა ტაძარში მოსახვედრად საკმარისი მანძილის დაფარვა სჭირდება, ზოგჯერ ოკეანების გადაკვეთაც კი.

რამოდენიმე წლის წინ, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში ტაძარი აშენდებოდა, დავესწარი რა საოლქო კონფერენციას იმ დროს ეგრეთ წოდებულ სალისბერიში, როდეზიაში, სადაც შევხვდი საოლქო პრეზიდენტს, რეჯინალდ ჯ. ნილდს. ის თავის მეუღლესთან და მშვენიერ ქალიშვილებთან ერთად სამლოცველოს შემოსასვლელში შემხვდა. მათ მითხრეს, რომ წლების განმავლობაში აგროვებდნენ ფულს და ემზადებოდნენ იმ დღისთვის, როდესაც ისინი უფლის ტაძარში შევიდოდნენ. ო, რა შორი იყო ტაძარი მათგან.

შეკრების დასასრულს ოთხი მშვენიერი გოგონა შეკითხვებს მაძლევდა ტაძრის შესახებ: „როგორია ტაძარი? ჩვენ ის მხოლოდ სურათებზე გვაქვს ნანახი.” „რას ვიგრძნობთ ტაძარში ყოფნისას?” „რა დაგვამახსოვრდება ყველაზე მეტად?” დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მე მქონდა საშუალება მესაუბრა ამ ოთხ გოგონასთან უფლის სახლის თაობაზე. როდესაც აეროპორტში გავემგზავრე, ისინი ხელის ქნევით მემშვიდებოდნენ, ყველაზე უმცროსმა გოგონამ კი მითხრა: „ტაძარში შეხვედრამდე!”

ერთი წლის შემდეგ მე ნილდების ოჯახს სოლთ ლეიქის ტაძარში ვესალმებოდი. წყნარ ჩაბეჭდვის ოთახში მე მქონდა პატივი დროსა და მარადისობაში ჩამებეჭდა ძმა და და ნილდი. კარი გაიღო და შემოვიდნენ მათი მშვენიერი, სპეტაკ კაბებში გამოწყობილი, ქალიშვილები. ისინი გადაეხვივნენ ჯერ დედას, შემდეგ მამას. მათ თვალში ცრემლი, გულში კი მადლიერება ჰქონდათ. ჩვენ ზეცასთან ახლოს ვიმყოფებოდით. ყოველ მათგანს შეეძლო ეთქვა: „ჩვენ ახლა მარადიულ ოჯახს წარმოვადგენთ.”

ეს საოცარი კურთხევა ყოველ ტაძარში შემავალ ადამიანს ელოდება. დაე ყოველ ჩვენთაგანმა ღირსეულად იცხოვროს სუფთა ხელებითა და სპეტაკი გულით, თანაც ისე, რომ ტაძარს ზეგავლენა მოეხდინოს ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე.

რაოდენ შორსაა ჩვენგან ზეცა? მე ვამოწმებ, რომ წმინდა ტაძრებში ის სულაც არ არის ჩვენგან შორს, რადგან ზუსტად ამ წმინდა ადგილებში დედამიწა და ზეცა ერთმანეთს ხვდებიან, და მამა ჩვენი ზეციერი თავის შვილებს უდიდეს დალოცვებს აძლევს.