სიცოცხლის დაფასება
სიცოცხლე მამაზეციერის სრულყოფილი გეგმის ყველაზე ძვირფასი ნაწილია და უფლის განკარგულებით ჩვენ ვაფასებთ სიცოცხლეს და ვიცავთ მას.
ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, გვასწავლიდა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“.
ახლახანს, იუტაში, ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა გამიზიარა ამბავი, თავის მეურვეობაში ახალგაზრდა ქალისა და მისი ოჯახის მიმართ მოზღვავებული სიყვარულის შესახებ. შესანიშნავი მოვლენების თანხვედრის შედეგად, მშობლებმა გადაწყვიტეს მხსნელთან და მის ეკლესიაში დაბრუნება. იმ პერიოდში, როცა მათ ეკლესიასთან დისტანცია ეჭირათ, მათი მოზარდი ქალიშვილი ახალგაზრდა მამაკაცს ხვდებოდა. დაბრუნებისას, ამ ძვირფასმა ქალიშვილმა ახალგაზრდა ქალების დამოწმების შეხვედრაზე უზომო სიყვარული იგრძნო მამაზეციერისგან. მან გადაწყვიტა, უფრო მეტად დაეცვა მცნებები. ის წერდა: „მე ჩემს ეპისკოპოსთან მონანიების პროცესი დავიწყე“.
მალევე, ის ავად გახდა. მისივე სიტყვებით, „ტესტმა აჩვენა, რომ … ორსულად ვიყავი. მე … ტირილი დავიწყე. … მამამ გულში ჩამიკრა და დამარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად [იქნებოდა]. … ჩემმა მამაკაცმა მეგობარმა … მთხოვა, ბავშვი მომეცილებინა. … მე უარი ვუთხარი“.
გაჭირვებულთა დახმარება
ის აგრძელებს: „მე იმდენი სიყვარული და მხარდაჭერა მივიღე ჩემი მეურვეობის ოჯახისგან. უზარმაზარი. [ჩემი] ეპისკოპოსი და ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტი სიყვარულში და მხარდაჭერაში თან გადამყვნენ. … მე უფლის ხელს ვხედავდი …რომელიც მე და ჩემს ოჯახს წინ მიგვიძღვოდა. … ჩემნაირი მეურვეობა ყოველ ოჯახს უნდა ჰყავდეს, განსაკუთრებით ჩემს მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქალს“.
ის, მისი ოჯახი და მეურვეობა სიყვარულით შეხვდნენ ახალშობილ ბიჭუნას გასულ თებერვალს.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: უფლის ჭეშმარიტი, ცოცხალი ეკლესიის ნიშანთვისება ყოველთვის იქნება … ღვთის შვილებზე მზრუნველობა … [სიყვარულით სავსე სიკეთით მზრუნველობა] ადამიანზე, უფლის მსგავსად.
სამართლიანი არჩევნის გაკეთებაში დახმარების გაწევა
როდესაც მარტოხელა ქალი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ბავშვს ელოდება, ჯანმრთელობის პრობლემებს, სულიერ შფოთვას, სირცხილს, ფინანსებისა და განათლების საკითხებს, ქორწინებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას და დამსხვრეულ ოცნებებს, ტკივილისა და დაბნეულობის მომენტში შეუძლია ქალს ისეთი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგოს, რომელიც დიდ ტკივილსა და სინანულს მოუტანს.
ნებისმიერ მსმენელს, რომელსაც აბორტთან დაკავშირებული დიდი ტკივილი და სინანული გამოუცდია, გახსოვდეთ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, ღმერთს შეუძლია, განკურნოს წარსულის ტკივილი“. მონანიება შეიძლება მოვიდეს უფლის გამომსყიდველი მადლის სასწაულით, როცა მას მორჩილი და მომნანიებელი გულით მიმართავ.
მიწიერი ცხოვრების დაბადების სიწმინდესთან ხშირად ორი სიტყვა ასოცირდება: სიცოცხლე და არჩევანი. სიცოცხლე მამაზეციერის სრულყოფილი გეგმის ყველაზე ძვირფასი ნაწილია და უფლის განკარგულებით ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სიცოცხლეს და ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლის შენარჩუნებას, თუკი ის ჩაისახა. ჩვენ აგრეთვე ძალზედ ვუფრთხილდებით არჩევნის თავისუფლებას, ზნეობრივ არჩევანს, ვეხმარებით რა მარადიული ბედნიერების მომტან, ღმერთის მიერ ნებადართული მართალი არჩევანის გაძლიერებას.
როცა ქალი ან მამაკაცი ასეთ არამყარ მომენტში გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას, ჩვენს სიტყვებს, ხელებს, გულებს—სულიერად, ემოციურად და ფინანსურად, შეუძლია დალოცონ ისინი, რათა მხსნელის სიყვარული იგრძნონ და როგორც პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა თქვა, მათი სულიერი თვალები გადაიყვანონ მდგომარეობიდან „ფიქრობენ, რომ ხედავენ“, მდგომარეობაში „რასაც ჯერ ვერ ხედავენ“.
მიწიერი ცხოვრების სწავლება
პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა თქვა: „აბორტისადმი ჩვენი დამოკიდებულება არ ეფუძნება მიწიერი ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებულ გამოცხადებულ ცოდნას. … ის განისაზღვრება ჩვენი ცოდნით, … რომ ღვთის ყველა სულიერი შვილი უნდა მოვიდეს დედამიწაზე დიდებული მიზნით და რომ ინდივიდუალური იდენტობა დაიწყო ამ კონცეფციამდე დიდი ხნის წინ და ის გაგრძელდება მარადის“.
პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა მიერ დაუბადებელთა შესახებ გაჟღერებული უფლის სიტყვა არასოდეს შეცვლილა და საუკუნეების მანძილზე ეხმიანება წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღვთიურად განმარტავს რა უფლის თხოვნას.
„უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას სწამს ადამიანის სიცოცხლის სიწმინდე. ამიტომ, ეკლესია ეწინააღმდეგება არჩევით აბორტებს პირადი ან სოციალური მოხერხებულობისთვის. წევრები არ უნდა დაემორჩილონ, შეასრულონ, ხელი შეუწყონ, გადაიხადონ ან ხელი შეუწყონ აბორტს.
„[უფალი] უშვებს გამონაკლისს … შემდეგ შემთხვევებში:
-
გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაფეხმძიმება ან
-
როცა კომპეტენტური ექიმი ადგენს, რომ დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება,
-
როცა კომპეტენტური ექიმი ადგენს, რომ ნაყოფს აქვს მძიმე დეფექტები, რომლების გამოც ბავშვს დაბადების შემდეგ გადარჩენის შანსი არ აქვს“.
პირველი პრეზიდენტობა აგრძელებს: „აბორტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი. [ამ იშვიათ შემთხვევებშიც კი] ის უნდა განიხილოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირები ლოცვით მიიღებენ დასტურს“ და სხვებთან ითათბირებენ.
ოცდაათი წლის წინ უფლის წინასწარმეტყველებმა გამოსცეს მოწოდება მსოფლიოს. ის შემდეგ სიტყვებს შეიცავს:
ჩვენ … ვაცხადებთ, რომ ღმერთის ბრძანებით შთამომავლობის გაჩენის წმინდა ძალა უნდა გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ მამაკაცისა და ქალის მიერ, რომლებიც არიან კანონიერად დაქორწინებული, როგორც ცოლი და ქმარი.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ წესი, რომლის მიხედვითაც არის მოკვდავი ცხოვრება შექმნილი, დადგენილია უფლის მიერ. ჩვენ ვამტკიცებთ ცხოვრების სიწმინდეს და მის მნიშვნელობას ღმერთის მარადიულ გეგმაში“.
ჯერ არ გაჩენილი სიცოცხლის საზრდოობა და დაცვა არ არის პოლიტიკური პოზიცია. ეს არის მორალური წესი, რომელიც უფალმა დაამტკიცა თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით.
უფრო ღიად საუბარი
პირველი პრეზიდენტობის წევრმა, პრეზიდენტმა ჯ. რუბენ კლარკ უმცროსმა, შესანიშნავად აღწერა ჩვენი დღვანდელი ახალგაზრდები: „ეკლესიის ახალგაზრდობას სწყურია ყოველივე, რაც სულიწმინდას უკავშირდება; ისინი მონდომებით სწავლობენ სახარებას და მათ სურთ მისი სუფთა ფორმით შესწავლა. მათ სურთ იცოდნენ … ჩვენი მრწამსი; მათ სურთ ჭეშმარიტების დამოწმობების მიღება. ისინი არიან … მკვლევარები, ჭეშმარიტების მაძიებლები“. მოდით, უფრო ხშირად ვესაუბროთ რწმენითა და თანაგრძნობით ახალგაზრდებს სახლებში, ერთმანეთს კი - მოწყალების საზოგადოებაში და უხუცესთა ქვორუმის შეკრებებზე, უფლის უმანკოების კანონის, სიცოცხლის სიწმინდის და ჯერ არ გაჩენილთა და მათ დედებზე ზრუნვის შესახებ.
ერთ-ერთმა ძვირფასმა დამ მომწერა რამდენიმე ათეული წლის წინ მიღებული გამოცდილების შესახებ: „[17 წლის ასაკში] აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, მეგობარი მამაკაცისგან კი ძალიან მწირი ან საერთოდ არანაირი დახმარება არ მქონდა. მე დარცხვენილი და მარტო ვიყავი, [მაგრამ აბორტზე] არცკი მიფიქრია. მე [მყავდა] მოსიყვარული ოჯახი და ეპისკოპოსი, რომელსაც რეგულარულად ვხვდებოდი რჩევის მისაღებად. … მე ღმერთს მივმართე. წმინდა წერილს ვსწავლობდი, …ვლოცულობდი [და] ჩემი მხსნელისა და მონანიების პროცესის მეშვეობით ძალა მოვიპოვე. … [ჩემს ლოცვებზე] პასუხი მივიღე, რომლის უარყოფასაც ვერ შევძლებდი. … პასუხი გულმოსაკლავი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს ქალიშვილს გავაშვილებდი. … გამბედაობისთვის ვლოცულობდი [და] მონანიების მეშვეობით ისე აშკარად ვიგრძენი მხსნელის სიყვარული, რომ ვიცოდი: ღმერთი … პასუხობს ჩვენს ლოცვებს და გვაძლიერებს“.
მოიძებნა შეუღლებული წყვილი, რომელმაც სიხარულით იშვილა გოგონა და სახარებაც ასწავლა. მას ახლა თავისი ლამაზი ოჯახი ჰყავს.
ზოგჯერ სიცოცხლის დაცვას ძალიან რთული და უაღრესად მტკივნეული გაურკვევლობა უკავშირდება.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ახალგაზრდა წყვილმა, რომელიც მე და ქეისის ძალიან გვიყვარს, მოგვწერა ძვირფასი ბავშვის შესახებ, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ.
მამამ დაწერა: [როცა ჩემი მეუღლე] 10 კვირის ორსული იყო ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს საოცარ ბავშვს ჰქონდა გენეტიკური დაავადება, ტრისომია 21, რომელიც ზოგადად ცნობილია როგორც დაუნის სინდრომი. ჩვენ სამედიცინო სფეროს მხრიდან ზეწოლა … გვქონდა ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ … ჩვენს ჯერ არ გაჩენილ შვილს … ცხოვრების პირველ წელს გულზე რამდენიმე ოპერაცია დასჭირდებოდა. ღვთიური დახმარების მისაღებად მხურვალე ლოცვის პროცესში … ჩვენ სულიწმინდის ნუგეში ვიგრძენით. ჩვენ მივიღეთ გამოცხადება და ცოდნა, რომ ჩვენი ქალიშვილი მამაზეციერის რჩეული შვილია და მას დედამიწაზე მოსვლის და ჩვენს ოჯახში ყოფნის ძალიან დიდი სურვილი აქვს.
ამ ბავშვის დედა წერდა: „[ჩვენ] შოკში ვიმყოფებოდით, დაბნეულები და სიმართლე რომ გითხრათ, განადგურებულებიც კი ვიყავით ამ ამბის გამო. … 14 კვირის ორსული რომ ვიყავი აღმოჩნდა, რომ ჩვენს ბავშვს მრავალი თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი, შესაძლებელი იყო, ფატალური ყოფილიყო. 10-18 კვირის ორსულობის ვადაზე უამრავი ექიმი და სპეციალისტი მოვინახულეთ. … ყოველ შეხვედრაზე გვეკითხებოდნენ, ორსულობის გაგრძელება თუ შეწყვეტა გვსურდა. … მხსნელმა გული მომირჩინა, მან სიმშვიდისა და სიხარულის გრძნობა მომგვარა ჩვენს პაწაწინა გოგონასთან დაკავშირებით. … [მამაზეციერმა] არაერთხელ მაჩვენა, რომ მას ჩემთვის სრულყოფილი გეგმა ჰქონდა [და] მე მას ვენდობი“.
ზუსტად ერთი კვირის წინ ისინი სიხარულით შეეგებნენ ახალშობილ გოგონას. ისინი ერთმანეთს სამუდამოდ ეკუთვნიან.
ურყევი რწმენა და საოცარი გამბედაობა, იესო ქრისტეს მოწაფის ნიშანია.
რწმენის ღირსშესანიშნავი მაგალითი
წლების განმავლობაში მე მქონდა პრივილეგია, შევხვედროდი მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც წევრობის დაკარგვიდან მრავალი წლის შემდეგ თავმდაბლობით ცდილობდნენ აღთქმის გზაზე დაბრუნებას და მღვდლობისა და სატაძრო დალოცვების მიღებას.
ერთხელ პირველი პრეზიდენტობის სახელით მამაკაცთან გასაუბრება უნდა ჩამეტარებინა, მისთვის მღვდლობისა და სატაძრო დალოცვების აღსადგენად.
წმინდა ტაძარში ქორწინებისა და სამი შესანიშნავი შვილის გაჩენის შემდეგ ამ მამაკაცმა მეუღლესა და წმინდა აღთქმებს უღალატა. მარტოხელა ქალი დაორსულდა და აბორტის გაკეთება სურდა.
მამაკაცის წმინდანი ცოლი ევედრებოდა ქალს, გაეჩინა ბავშვი და დაჰპირდა, რომ საკუთარ შვილებთან ერთად გაზრდიდა მას.
მარტოხელა ქალი გონივრულად დათანხმდა, რომ არ შეწყვეტდა ორსულობას.
ახლა უკვე ათი წელი გავიდა. ჩემ წინ იჯდა თავმდაბალი და, რომელსაც ბიჭი საკუთარი შვილივით უყვარდა და მეუბნებოდა, რომ მისი ქმარი ძალიან ცდილობდა შეცდომის გამოსწორებას და ოჯახს სიყვარულს და ზრუნვას არ აკლებდა. ოჯახის მამა ტიროდა, ცოლი რომ საუბრობდა.
როგორ შეეძლო ამ კეთილშობილ ღვთისნიერ ქალს, საკუთარი შვილივით მიეღო ბავშვი, რომელიც ყოველდღიურად შეახსენებდა მას მეულის ღალატს? როგორ? რადგან მან იესო ქრისტეს მეშვეობით ძალა მოიპოვა და მას სიცოცხლის სიწმინდე სწამდა. მან იცოდა, რომ ჯერ არდაბადებული ბავშვი ღვთის შვილი იყო, უმანკო და სუფთა.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მთელ მსოფლიოში ჯერ არ დაბადებული ბავშვების მიმართ სიყვარულის კლება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ღმერთი აფასებს სიცოცხლეს. ეს არის მისი საქმე და მისი ბრწყინვალება – აღასრულოს თავისი შვილების უკვდავება და მარადიული სიცოცხლე. ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფენი, ვაფასებთ სიცოცხლეს. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“. დაე, უფრო უხვად გავუზიაროთ ჩვენი სიყვარული მათ, ვისაც ასე სასოწარკვეთილად ვჭირდებით. მე გამოვხატავ ჩემს სიყვარულს თქვენ მიმართ, ჩვენი მამაზეციერის სიყვარულს კი მისი შვილებისადმი, რომლებიც დედამიწაზე უნდა მოევლინონ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.