წმინდა წერილი
მოძღვრება და აღთქმები 45


ნაწილი 45

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიღებული გამოცხადება, ქ. კირტლანდი, ოჰაიოს ოლქი, 7 მარტი, 1831 წ. წინასწარმეტყველი თავისი გამოცხადების ჩანაწერების წინასიტყვაობაში წერს: „ეკლესიის ამ ჟამს, … მრავალი ცრუ შეტყობინება … და უგუნური ისტორია დაიბეჭდა … და გავრცელდა, … რათა ხალხს ხელი შეშლოდა მისი საქმეების შესწავლაში ანუ რწმენის მიღებაში. … მაგრამ, წმინდანთა სასიხარულოდ, … მე მივიღე შემდეგი.“

1–5, ქრისტე არის მამასთან ჩვენი ქომაგი; 6–10, სახარება არის მაცნე, რომელიც გზას მოუმზადებს უფალს; 11–15, ენოქი და მისი ძმები უფალმა თავისთან მიიღო; 16–23, ქრისტემ აუწყა თავისი მოსვლის მომასწავებელი ნიშნები, მსგავსი იმისა, რაც მან ზეთისხილის მთაზე მისცა; 24–38, სახარება აღდგება, წარმართთა ჟამი აღსრულდება და დედამიწას დაფარავს ამაოხრებელი ავადმყოფობა; 39–47, მეორე მოსვლას თან მოჰყვება ნიშნები, საოცრებები და აღდგომა; 48–53, ქრისტე იდგება ზეთისხილის მთაზე და იუდეველები იხილავენ ჭრილობებს მის ხელებსა და ტერფებზე; 54–59, უფალი იმეფებს ათასწლეულის ჟამს; 60–62, წინასწარმეტყველმა მიიღო ბრძანება ახალი აღთქმის გადათარგმნის შესახებ, რომლის დროსაც იგი მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას; 63–75, წმინდანებს დაევალათ, შეიკრიბონ და ააგონ ახალი იერუსალიმი, სადაც ყველა ერიდან მოვლენ ადამიანები.

1 ყური დაუგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო, რომელსაც მოგეცათ სასუფეველი; ყური დაუგდეთ და მოუსმინეთ მას, ვინც დედამიწას დაუდო საფუძველი, ვინც შექმნა ზეცა და ზედ მრავალნი, რომელმაც შექმნა ყოველივე, რაც ცოცხლობს, მოძრაობს და არსებობს.

2 და კვლავ გეუბნებით: ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვას, რათა სიკვდილმა არ გძლიოთ; იმ ჟამს, როდესაც ფიქრობთ, რომ ზაფხული ჩაივლის, მკა დასრულდება და სული თქვენი ვერ გადარჩება.

3 ყური დაუგდეთ მას, რომელიც ქომაგია მამასთან, რომელიც შუამდგომლობს თქვენთვის მის წინაშე –

4 ეუბნება: მამაო, იხილე იმის ტანჯვა და სიკვდილი, რომელმაც არ შესცოდა, რომელიც მოიწონე; იხილე დაღვრილი სისხლი შენი ძისა, სისხლი, რომელიც გაიღე, რათა განდიდებულიყო შენი სახელი;

5 ამიტომ, მამაო, დაინდე ეს ჩემი ძმები, რომლებსაც სწამთ ჩემი სახელი, რათა ჩემთან მოვიდნენ და მარადიული სიცოცხლე მიიღონ.

6 ყური დამიგდეთ, ჩემი ეკლესიის ხალხო, უხუცესებო, ერთად მოისმინეთ და გაიგეთ ჩემი ხმა, სანამ ამას დღევანდელი დღე ეწოდება და გული არ გაიქვავოთ;

7 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, ამაქვეყნის სინათლე და სიცოცხლე, სინათლე, რომელიც ანათებს უკუნეთში და მას ბნელი ვერ მოიცავს.

8 მოვედი ჩემებთან და ჩემებმა არ მიმიღეს; ხოლო ვინც მიმიღო, ყველას ვუბოძე ძალა, ეკეთებინათ მრავალი საოცრება და ქცეულიყვნენ ღვთის შვილებად; და მათაც კი, რომლებმაც იწამეს ჩემი სახელი, მივეცი ძალა, მიეღოთ მარადიული სიცოცხლე.

9 და ამაქვეყნად მოვავლინე ჩემი მარადიული აღთქმა, რათა იყოს იგი ამაქვეყნის სინათლე და ალამი ჩემი ხალხისა და წარმართთათვის, რათა ეძიონ იგი და ის იყოს მაცნე ჩემ წინაშე და მოამზადოს გზა ჩემ წინ.

10 ამიტომ, მოდით მასთან და ვინც მოვა, მას განვუმარტავ ისე, როგორც ძველ დროში და დაგანახებთ ჩემს ღრმააზროვან განმარტებას.

11 ამიტომ, ერთად დამიგდეთ ყური და ნება მიბოძეთ, დაგანახოთ სიბრძნე მისი, რომელსაც უწოდებთ ენოქისა და მისი ძმების ღმერთს;

12 რომლებიც წაყვანილ იქნენ დედამიწიდან და ჩემთან მივიღე – ქალაქი, იმ დროისთვის შემონახული, სანამ არ დადგება დღე სამართლიანობისა – დღე, რომელსაც ეძებდა ყოველი წმინდა ადამიანი და ვერ ჰპოვა, ბოროტებისა და სისაძაგლის გამო;

13 და სცნეს, რომ იყვნენ უცხონი და პილიგრიმები დედამიწაზე;

14 მაგრამ მიიღეს დაპირება, რომ იპოვიდნენ და იხილავდნენ მას ხორციელად.

15 ამიტომ, ყური დამიგდეთ, განგიმარტავთ, გელაპარაკებით და გიწინასწარმეტყველებთ, როგორც ადამიანებისთვის ძველად.

16 და ნათლად დაგანახებთ, როგორც ეს დავანახე ჩემს მოწაფეებს, როდესაც მათ წინაშე წარვსდექი ხორციელად და ვუთხარი სიტყვები: რადგან მკითხეთ ჩემი მოსვლის მომასწავებელ ნიშნებზე იმ დღეს, როდესაც მოვალ ჩემი სიდიადით ზეციურ ღრუბლებში, რათა შევასრულო დაპირება, რომელიც თქვენ მამებს აღვუთქვი,

17 და ვინაიდან ტყვეობასავით მიიჩნიეთ სხეულში დიდი ხნით თქვენი სულის არ ყოფნა, მე დაგანახებთ, როგორ მოვა გამოსყიდვის დღე და ასევე გაფანტული ისრაელის აღდგენას.

18 და ახლა, თქვენ ხედავთ ამ ტაძარს, რომელიც იერუსალიმშია, რომელსაც უწოდებთ ღვთის სახლს და თქვენი მტრები ამბობენ, რომ ეს სახლი არასდროს დაეცემა.

19 მაგრამ, ჭეშმარიტად გეუბნებით: გაპარტახდება ეს თაობა, ვითარცა ქურდი ღამით და ეს ხალხი განადგურდება და გაიფანტება ყველა ერებს შორის.

20 და ეს ტაძარი, რომელსაც ახლა ხედავთ, დაინგრევა ისე, რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩება.

21 და იქნება ისე, რომ იუდეველთა ეს თაობა არ გადაივლის, სანამ არ აღსრულდება ყოველი გაპარტახება, რომელზეც გითხარით.

22 თქვენ ამბობთ, რომ ამა ქვეყნის დასასრულის მოსვლის შესახებ იცით; ასევე ამბობთ, რომ ზეცა და დედამიწა გაქარწყლდება;

23 და ჭეშმარიტებას ამბობთ, ვინაიდან ეს ასეა; მაგრამ ეს ჩემი ნათქვამი არ გადაივლის, სანამ არ აღსრულდება ყოველივე ეს.

24 და ეს გითხარით იერუსალიმზე; და როდესაც მოვა ის დღე, ნარჩენი გაიფანტება ყველა ერებს შორის;

25 მაგრამ ისინი კვლავ შეიკრიბებიან; მიუხედავად ამისა, იქნებიან გაფანტულნი, სანამ არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.

26 და იმ დღეს გაიგებენ ომებზე და ამბებს ომების შესახებ და მთელი დედამიწა იქნება მღელვარებაში, ადამიანებს გულები უღალატებთ და ისინი იტყვიან, რომ ქრისტემ გადადო მოსვლა დედამიწის დასასრულამდე.

27 ადამიანთა სიყვარული გაცივდება და იმრავლებს ურჯულობა.

28 და როდესაც მოვა წარმართთა ჟამი, სინათლე გამოანათებს მათ შორის, რომელნიც იმყოფებიან სიბნელეში და ეს იქნება ჩემი სახარების სისრულე;

29 მაგრამ ისინი ამას არ იღებენ; ვინაიდან სინათლეს ვერ ამჩნევენ და ჩემგან შეაბრუნეს გულები, ადამიანთა სწავლებების გამო.

30 და ამ თაობაში აღსრულდება წარმართთა ჟამი.

31 და იმ თაობაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ გარდაიცვლებიან, სანამ არ იხილავენ ყოვლისმომცველ ჭირს; ვინაიდან, მიწას გამაპარტახებელი ავადმყოფობა დაფარავს.

32 მაგრამ, ჩემი მოწაფეები დადგებიან წმინდა ადგილებზე და არ დაიძვრებიან; ხოლო ბოროტთა შორის ადამიანები აიმაღლებენ ხმას და დასწყევლიან ღმერთს და დაიხოცებიან.

33 და ასევე იქნება მიწისძვრები სხვადასხვა ადგილებში და დიდი გაპარტახება; ამისდა მიუხედავად, ადამიანები გულს გაიქვავებენ ჩემ მიმართ, აღმართავენ ხმალს ერთმანეთის წინააღმდეგ და დახოცავენ ერთმანეთს.

34 და ახლა, როდესაც მე, უფალმა, ეს სიტყვები ვუთხარი ჩემს მოწაფეებს, ისინი შეშფოთდნენ.

35 და მათ ვუთხარი: ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან, როდესაც ყოველივე ეს მოხდება, თქვენ გეცოდინებათ, რომ დაპირებები, რომლებიც მოგეცით, შესრულებული იქნება.

36 და როდესაც სინათლე დაიწყებს გამონათებას, იქნება იგავივით, რომელსაც მე დაგანახებთ –

37 თქვენ უყურებთ და ხედავთ ლეღვის ხეებს და ხედავთ რა მათ საკუთარი თვალებით ამბობთ, როცა გამოიღებენ ფოთლებს და ფოთლები ჯერ ნაზია, რომ ზაფხული ახლოვდება.

38 აი ასე იქნება იმ დღეს, როდესაც იხილავენ ყოველივე ამას, მაშინ ეცოდინებათ, რომ ახლოვდება საათი.

39 და იქნება ასე, რომ ისინი, ვისაც აქვთ ჩემი შიში, დაელოდებიან უფლის დიადი დღის მოსვლას, ნიშნებსაც კი, კაცის ძის მოსვლისა.

40 და იხილავენ ნიშნებსა და საოცრებებს, ვინაიდან ისინი გამოჩნდება ზევით ზეცაში და ძირს დედამიწაზე.

41 და იხილავენ სისხლსა და ცეცხლს და კვამლის ბურუსს.

42 და სანამ უფლის დღე მოვა, მზე დაბნელდება და მთვარე იქცევა სისხლად და ვარსკვლავები ზეციდან ჩამოცვივდება.

43 და ნარჩენი შეიკრიბება ამ ადგილზე;

44 და ისინი დამელოდებიან და აჰა, მე მოვალ; და მიხილავენ ზეციურ ღრუბლებში, შემოსილს დიდი ძალითა და დიდი სიდიადით; ყოველი წმინდა ანგელოზით; და რომელიც არ მომელის, იქნება მოკვეთილი.

45 მაგრამ, სანამ უფლის ხელი დაატყდებათ, ანგელოზი მოვა და დაჰყვირებს თავისი საყვირით და მძინარე წმინდანნი აღდგებიან, მოვლენ, რათა შემხვდნენ ღრუბლებში.

46 ამიტომ, თუ მშვიდად გეძინათ, კურთხეულნი ხართ; ვინაიდან, როგორც ახლა მხედავთ და იცით, რომ ვარსებობ, ზუსტად ასევე მოხვალთ ჩემთან და თქვენი სული იცოცხლებს და აღსრულდება თქვენი გამოსყიდვა; და წმინდანები მოვლენ დედამიწის ოთხივე კიდიდან.

47 და მაშინ დაატყდებათ ერებს უფლის ხელი.

48 და შემდეგ უფალი დადგავს ფეხს მთაზე და ის ორად გაიპობა, დედამიწა აზანზარდება წინ და უკან და აკანკალდება ასევე ზეცა.

49 და უფალი აღიმაღლებს ხმას და დედამიწის ყოველ კიდეში გაიგებენ მას; ერები დედამიწისა იგლოვებენ და რომლებიც იცინოდნენ, იხილავენ თავიანთ სისულელეს.

50 და უბედურება დაატყდება დამცინავს და მოძულე განადგურდება; და რომლებიც ეძებდნენ ურჯულობას, მოიკვეთებიან და ცეცხლში ჩაყრილნი იქნებიან.

51 და მაშინ შემომხედავენ იუდეველები და იტყვიან: ეს რა ჭრილობები გაქვს ხელებსა და ტერფებზე?

52 მაშინ ეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი; ვინაიდან, ვეტყვი: ეს არის ჭრილობები, რომლებიც მომაყენეს მეგობრების სახლში. მე ვარ ის, რომელიც ამაღლდა, ვარ იესო ჯვარცმული. მე ვარ ძე ღვთისა.

53 და ატირდებიან თავიანთი ურჯულობის გამო; შემდეგ იგლოვებენ, რადგან დევნიდნენ თავიანთ მეფეს.

54 და შემდეგ წარმართი ერები იქნებიან გამოსყიდულნი და რომლებმაც არ იცოდნენ არანაირი კანონი, პირველ აღდგომაში მიიღებენ მონაწილეობას და ეს მათთვის უფრო ადვილი იქნება.

55 და სატანა შეიბოჭება, რათა არ ჰქონდეს ადგილი ადამიანის შვილთა გულებში.

56 და იმ დღეს, როდესაც მოვალ ჩემი სიდიადით, აღსრულდება ჩემ მიერ მოყოლილი იგავი ათი ქალწულის შესახებ.

57 ვინაიდან, რომლებიც არიან ბრძენნი და მიიღეს ჭეშმარიტება, სულიწმინდა მიიღეს თავიანთ მეგზურად და არ შეცდნენ – ჭეშმარიტად გეუბნებით, არ იქნებიან მოკვეთილნი და ცეცხლში ჩაყრილნი, არამედ გადაიტანენ იმ დღეს.

58 და მათ მიეცემათ დედამიწა მემკვიდრეობისთვის; და გამრავლდებიან, განმტკიცდებიან და გაიზრდებიან მათი შვილები უცოდველად, ხსნისთვის.

59 ვინაიდან, მათ შორის იქნება უფალი და მათზე იქნება მისი სიდიადე და იგი იქნება მეფე და კანონმდებელი მათი.

60 და ახლა, აჰა, მე გეუბნებით, რომ ამ თავის შესახებ ამაზე მეტი ცოდნა არ მოგეცემათ, სანამ ახალი აღთქმა არ გადაითარგნმება და მასში იქნება ყოველივე ეს მოცემული.

61 ამიტომ, ახლა ნებას გიბოძებ, გადათარგმნო ის, რომ მზად იყოთ იმისთვის, რაც იქნება მომავალში.

62 ვინაიდან, ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ დიადი მოვლენები გელით;

63 გესმით ომების შესახებ უცხო მიწებზე; მაგრამ, აჰა, გეუბნებით: ისინი ახლოა, თქვენს კარს მომდგარი, და არ გავა მრავალი წელი და გაიგებთ ომების შესახებ საკუთარ მიწაზე.

64 ამიტომ, მე, უფალმა, ვთქვი: შეიკრიბეთ აღმოსავლეთ მიწებიდან, ერთად შეიკრიბეთ, თქვენ, ჩემი ეკლესიის უხუცესნო; წადით დასავლეთ მიწებზე, მოუწოდეთ იქ მცხოვრებთ მონანიებისკენ და იმისდა მიხედვით, რამდენად მოინანიებენ, აღაშენეთ ეკლესია ჩემთვის.

65 და ერთიანი გულითა და გონებით შეაგროვეთ თქვენი სიმდიდრენი, რათა შეიძინოთ მემკვიდრეობა, რომელიც ამის შემდგომ განსაზღვრული იქნება თქვენთვის.

66 და ეწოდება მას ახალი იერუსალიმი, მიწა მშვიდობისა, თავშესაფრის ქალაქი, უსაფრთხო ადგილი წმინდანებისთვის უზენაესი ღმერთისა;

67 და იქ იქნება უფლის დიდება და ასევე უფლის ძრწოლა იქნება იქ, იმდაგვარი, რომ ბოროტი შიგ ვერ შემოვა და მას ეწოდება სიონი.

68 და ბოროტთა შორის იქნება ასე, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც არ აიღებს მახვილს მოყვასის წინააღმდეგ, უნდა გაიხიზნოს სიონში თავშესაფრისთვის.

69 და იქ შეიკრიბებიან ყოველი ერიდან ზეცის ქვეშ; და ეს იქნება ერთადერთი ხალხი, რომელიც არ იომებს ერთმანეთთან.

70 და ბოროტთა შორის იტყვიან: მოდით, ნუ წავალთ სიონის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინაიდან სიონის მცხოვრებნი არიან საზარელნი; ამიტომ, ვერ აღუდგებით.

71 და იქნება ასე, რომ ყველა ერიდან მართალნი შეიკრიბებიან და მოვლენ სიონში, მარადიული სიხარულის სიმღერის გალობით.

72 და ახლა გეუბნებით: დაიცავით ყოველივე ეს, რათა არ გავრცელდეს მსოფლიოში იქამდე, სანამ არ ჩავთვლი ამას საჭიროდ, რომ შეასრულოთ ეს სამუშაო ხალხისა და მტრის თვალწინ, რათა არ იცოდნენ მათ თქვენი საქმენი, სანამ არ შეასრულებთ იმას, რაც მე გიბრძანეთ;

73 ვინაიდან, როდესაც ამას გაიგებენ, შეძლონ ამაზე მსჯელობა.

74 ვინაიდან, როდესაც უფალი მოევლინებათ, იგი იქნება თავზარდამცემი მათთვის, შიში შეიპყრობს მათ და იდგებიან შორიახლოს შიშითა და კანკალით.

75 და ყოველ ერს შეეშინდება უფლის ძრწოლის და მისი ძლევამოსილების ძალის. სწორედ ასე. ამინ.

ამობეჭდვა