„მამაზეციერს თქვენთან საუბარი სურს,“ლიახონა, მარტი, 2025.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მარტი, 2025 წ.
მამაზეციერს თქვენთან საუბარი სურს
დაე თქვენი რწმენა მამაზეციერსა და მის საყვარელ ძეში, იესო ქრისტეში დაგეხმაროთ საბურველის გაყოფასა და მამა ღმერთის ხმის გაგებაში.
ჩვენ ღვთის ვაჟები და ასულები ვართ, დედამიწას ერთად ვიზიარებთ, ჩვენი ზეციური სახლისგან შორს. ეს ჩვენი მიწიერი ცხოვრებაა, დრო სხეულის მიღებისა, სიკეთის არჩევისა ბოროტების ნაცვლად, რომ „ვიგემოთ მწარე, რათა შევიცნოთ და დავაფასოთ კეთილი“ (მოსე 6:55), გავზარდოთ ჩვენი რწმენა ჩვენს მხსნელში, იესო ქრისტეში და მის წმინდა გამოსყიდვაში, და მივიღოთ ჩვენი მამის ბედნიერების გეგმა. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ უფრო მეტად დავემსგავსოთ ჩვენს მამაზეციერს.
ჩვენი წინამიწიერი ცხოვრების შესახებ მეხსიერების გარეშე ზოგჯერ გვენატრება ის სამყარო, რომელიც დავტოვეთ. ჩვენმა მამაზეციერმა გვიბოძა სულიერი ძღვენი, რომ შევინარჩუნოთ მასთან კავშირი და მისგან მივიღოთ წინამძღოლობა, მიმართულება და ნუგეში. ჩვენ ეს ძღვენი კარგად ვიცით, მას ლოცვა ეწოდება.
ილოცეთ მამაზეციერისადმი
ანგელოზმა ადამს და ევას და ყველას, ვინც მათ მოჰყვებოდა მიუთითა, „უნდა მოინანიოთ და უფალს მოუხმოთ ძის სახელით მარად“ (მოსე 5:8).
იესო ასწავლიდა: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დარეკეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7). „შენ კი, როცა ლოცულობ … ილოცე დაფარულში … შენი მამისადმი“ (მათე 6:6). „თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9).
იესო გაუწყვეტლივ ლოცულობდა მამაზეციერისადმი. „წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა“ (ლუკა 6:12). „და … მთაზე ავიდა სალოცავად“ (მარკოზი 6:46). „მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ.“ (მარკოზი 14:32). ჯვარზეც კი იესო ლოცულობდა ჯარისკაცებითვის, რომლებმაც უფალი ჯვარს აცვეს: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).
წმინდა წერილები მოგვიწოდებენ, რომ „ყოველთვის ვილოცოთ“ (ლუკა 21:36; 2 ნეფი 32:9; 3 ნეფი 18:15; მოძღვრება და აღთქმები 10:5; 19:38; 20:33; 31:12). „განიხილე უფალთან ყოველი შენი საქმე და ის გაგიძღვება კეთილისკენ“ (ალმა 37:37). დამატებით, ჩვენ „მივაგებთ ყველა მადლიერებას და ქებას, მთელი [ჩვენი] სულის ძალით“ (მოსია 2:20), ვაღიარებთ რა ყველაფერს, რასაც მამა აკეთებს ჩვენთვის.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა განმარტა: „სულიერი თავდაჯერება იწყება იმის გაცნობიერებით, რომ ყოველი ახალი დღე ღმერთის საჩუქარია. … ის ყოველ დღე გვიცავს და ყოველ მომენტში მხარში გვიდგას (იხ. მოსია 2:21).”
ნეფიმ თქვა, „რადგან თქვენ რომ ყურს უგდებდეთ სულს, რომელიც ასწავლის ადამიანს ლოცვას, თქვენ გეცოდინებოდათ, რომ უნდა ილოცოთ; რადგან ბოროტი სული ადამიანს ლოცვას კი არ ასწავლის, არამედ ასწავლის იმას, რომ მან არ უნდა ილოცოს“ (2 ნეფი 32:8).
დეტალი ნახატიდან ქრისტე განკურნავს იარუსის ქალიშვილს, გრეგ კ. ოლსენის მიერ
ჩვენი მხსნელის მაგალითიდან და ანგელოზებისა და წინასწარმეტყველების საუკუნეების განმავლობაში მიცემული მითითებებიდან ნათელია, რომ უნდა ვილოცოთ ყოველდღიურად, რათა გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი კურთხევებისათვის და გულში მუდამ ვლოცულობდეთ. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ კომუნიკაცია გვქონდეს მამაზეციერთან.
უფრო დიდებული კი ისაა, რომ მამაზეციერი პასუხობს ჩვენს ლოცვებს. დამაფიქრებელი კითხვა ამ მიწიერ სამყაროში ისაა, უფრო უკეთ როგორ მივიღოთ და გავიგოთ პასუხები, მიმართულება და ნუგეში, რომელიც მოდის მამაზეციერისგან?
ჩემი შვიდ ათწლეულზე მეტი ცხოვრების შედეგად ვიცი, რომ ჩვენი მამა გველაპარაკება. ჩვენ მარტონი არ ვართ. ზეციური არსებები გვიცავენ და გვეხმარებიან, როდესაც ვცდილობთ მივდიოთ მხსნელს.
ჩვენს ლოცვებზე პასუხების მიღება იწყება ჩვენი რწმენით მამაზეციერსა და მის ძეში, იესო ქრისტეში. იესომ თქვა: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს“ (მარკ. 5:36). ჩვენ მას ვენდობით, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი აღთქმების დასაცავად, და ყველაფერში მის ხელს ვეძებთ. „და არაფრით შეურაცხყოფს ადამიანი ღმერთს … გარდა მათი, რომლებიც არ აღიარებენ მის ხელს ყოველივეში და არ იცავენ მის მცნებებს“ (მოძღვრება და აღთქმები 59:21).
ღმერთის ხელი ჩვენს ცხოვრებაში არ ნიშნავს, რომ იგი იწვევს ბოროტებას ან საშინელ ტრაგედიებს ჩვენს სამყაროში. თუმცა ეს ნიშნავს, რომ სირთულეებისა და უსამართლობის დროს თქვენს გვერდით იდგება, გაგაძლიერებთ და განუგეშებთ, და „აკურთხებს შენს გაჭირვებას შენსავე სასარგებლოდ“ (2 ნეფი 2:2).
გაიგონეთ მისი ხმა
მასში რწმენით და მისი მცნებების დაცვით, ჩვენ ბუნებრივად ვსწავლობთ მისი ხმის გაგონებას უკეთესად.
1993 წლის სექტემბერში, მთავარ ხელმძღვანელად ჩემს პირველ წელს, პრეზიდენტმა ჯეიმს ფაუსტმა (1920-2007), იმდროისათვის თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრმა, მე და ჩემი მეუღლე ქეტი მიგვიწვია ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათზე მასთან ერთად დასასწრებად. შეგახსენებთ, რომ 1993 წელს ჯერ სმარტფონები, სოციალური მედია და ინტერნეტი არ იყო საზოგადოდ ხელმისაწვდომი.
მის სიტყვით გამოსვლაში, სახელწოდებით „სულიწმინდის ხმა“, პრეზიდენტი ფაუსტი გვაფრთხილებდა: „თქვენს თაობაში უამრავი ხმა ყველა მხრიდან დაგატყდებათ თავს და გეტყვიან, თუ როგორ უნდა იცხოვროთ, როგორ დაიკმაყოფილოთ თქვენი ვნებები, როგორ მიიღოთ ყველაფერი. თქვენ ხელთ გექნებათ ხუთასამდე სატელევიზიო არხი. იქნება ყველა სახის პროგრამული უზრუნველყოფა, ინტერაქტიული კომპიუტერული მოდემები, მონაცემთა ბაზები და საინფორმაციო დაფები; იქნება სამაგიდო გამომცემლობა, სატელიტური მიმღებები და საკომუნიკაციო ქსელები. რომლებიც ინფორმაციით ამოგხუთავენ. … ხმა რომელიც უნდა შეისმინოთ არის სულიწმინდის ხმა.“
პრეზიდენტი ბოიდ კ. პაკერი (1924-2015), თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი, ასწავლიდა სულიწმინდის ოდნავი ჩქამის შესახებ, ბუნებისმეტყველი ჯონ ბეროუზის გამოცდილების გახსენებისას, როდესაც ის მეგობრებთან ერთად ხალხით სავსე პარკში სეირნობდა. აი პრეზიდენტი პაკერის სიტყვები:
„ქალაქის ცხოვრების ხმების ზემოთ [ბ-მა ბეროუზმა] ჩიტის გალობა გაიგო.
„ის გაჩერდა და მოუსმინა მას! მის თანმხლებს ის არ ესმოდათ. მან მიმოიხედა გარშემო. სხვა ვერავინ ამჩნევდა.
„იგი შეწუხდა იმით, რომ ყველას ყურადღების მიღმა იყო ასეთი მშვენიერი რამ.
„მან ჯიბიდან მონეტა ამოიღო და ჰაერში ააგდო. ასფალტზე ძირს დაცემისას მან ხმა გამოსცა, რომელიც არ აღემატებოდა ჩიტის გალობისას. ყველა მოტრიალდა; მათ ამის გაგონება შეეძლოთ!
„ქალაქის მოძრაობის ყოველგვარი ხმებისაგან ჩიტის გალობის გამორჩევა რთულია. მაგრამ ამის გაგონება შესაძლებელია. ამის გაგონება აშკარად შესაძლებელია, თუ საკუთარ თავს მის მოსასმენად გაწვრთნი.“
პრეზიდენტი პაკერის სწავლებები სულიწმინდის შესახებ მიმდინარეობდა 1979 წელს, დროში როდესაც ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი იყო და სამყაროს ხმაური უფრო მცირე იყო, ვიდრე ეხლა.
პრეზიდენტი ნელსონი ასწავლიდა, „თუ სოციალურ მედიის ნაკადებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, ვიდრე სულიწმინდის ჩურჩულს, მაშინ საკუთარ თავს სულიერი რისკის წინაშე აყენებ.“
პრეზიდენტმა ფაუსტმა განაცხადა: „თუ ჩვენ სულიწმინდის ხმის მოსმენა გვსურს, ჩვენც ყურადღებით უნდა დავუგდოთ ყური, რწმენის თვალი მივმართოთ ხმის წყაროსკენ და მზერა მტკიცედ მივაპყროთ ზეცას.“
სულიწმინდის ხმა ორივეგან მოდის, ჩვენს გონებასა და ჩვენს გრძნობებში. „მე გეტყვით გონებაში და გულში სულიწმინდით, რომელიც მოგევლინება და დარჩება შენს გულში“ (მოძღვრება და აღთქმები 8:2). მოუსმინეთ საკუთარ სინდისს - გამოცხადება ხშირად მანდ იწყება.
ფილიპინებში, მარკინას ქალაქში, Girls’ Home Boys’ Town Complex-ის სტუმრობისას, 2024 წლის თებერვალში, უხუცესი ანდერსენი ასწავლიდა ახალგაზრდების ჯგუფს, რომ ისინი ღვთის შვილები არიან: „მას თქვენ უყვარხართ. და თქვენ შეგიძლიათ მას მიმართოთ. იგი გაიგონებს თქვენს ლოცვებს.“
ილოცეთ რწმენით სავსე გულით
პასუხებსა და შთაბეჭდილებებს ძალით ვერ გამოვტყუებთ. ჩვენ ვლოცულობთ და რწმენით სავსე გულით ველოდებით. ზოგიერთი პასუხი ამ ცხოვრებაში არ მოვა, მაგრამ სამართლიანთ უფალი ყოველთვის უბოძებს თავის სიმშვიდეს (იხ. იოანე 14:27). პასუხები ხშირად მოდის, როდესაც ჩვენს გარშემო სხვების დასახმარებლად ვლოცულობთ. ზოგჯერ, მათ ვიღებთ „სტრიქონს სტრიქონზე, სწავლებას სწავლებაზე“ (აღთქმები და მოძღვრება 98:12).
ზეცის ხმა ჩვენამდე შესაძლოა მოულოდნელ დროსა და ადგილზე მოვიდეს, მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი შესაძლებლობებით გამოირჩევა მშვიდი ადგილები და წმინდა ადგილები. ჩემი ადრიანი დილის ლოცვებისა და ჩანაფიქრების სიმშვიდეში არაჩვეულებრივ კურთხევებს აღმოვაჩენ ხოლმე. წმინდა წერილების ყოველდღიური, პირადი, უწყვეტი კითხვა, მართალია ზოგჯერ რუტინის ფორმას იღებს, მაგრამ სხვა დროს, ჩვენს გულებში სულიწმინდის ხმას ცეცხლივით ანთებს.
ზოგჯერ, შთაბეჭდილებები უშუალოდ რასაც ვკითხულობთ, იქიდან გამომდინარეობს, და სხვა დროს კი, რაზეც ვფიქრობთ პასუხობს სრულიად განსხვავებულ საკითხს. გახსოვდეთ უხუცესი რობერტ დ. ჰეილსის სიტყვები: „როდესაც ღმერთთან საუბარი გვსურს, ჩვენ ვლოცულობთ. და როდესაც გვსურს, რომ იგი გვესაუბროს, ჩვენ ვიკვლევთ წმინდა წერილებს.“
ჩვენს გარშემო სამყაროს ხმაურისა და ყურადღების გამფანავი საშუალებების აბობოქრების პარალელურად, უფალმა თავის წინასწარმეტყველს უფრო და უფრო მეტი ტაძრების აშენება დაავალა. უფლის ამ წმინდა სახლებში, როდესაც ჩვენს გამოწვევებს მის გარეთ ვტოვებთ და შევდივართ ჩვენი ლოცვებითა და გულისხმიერებით, ჩვენ მარადიულ ჭეშმარიტებებს ვეწაფებით.
შარშან პრეზიდენტმა ნელსონმა ეს შესანიშნავი პირობა მოგვცა: „ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ჩემი დაპირება. არაფერი დაგეხმარებათ რკინის მოაჯირზე მტკიცედ ჩაჭიდებაში იმაზე მეტად ვიდრე ტაძარში რაც შეიძლება ხშირად ღვთის თაყვანისცემა. არაფერი დაგიცავთ ამაზე მეტად როცა სამყაროს ბნელეთის ბურუსის წინაშე აღმოჩნდებით. არაფერი გააძლიერებს თქვენს დამოწმებას უფალი იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის შესახებ ან დაგეხმარებათ ღვთის დიდებული გეგმის წვდომაში ამაზე მეტად. არაფერი დაგიამებთ სულს ამაზე მეტად ტკივილის დროს. არაფერი არ გახსნის ამაზე მეტად ზეცას. არაფერი!“
ყოველ გენერალურ კონფერენციას თან ახლავს დამატებითი უხვი კურთხევები. მომავალ აპრილის თვეში, კიდევ ერთხელ, ჩვენ შევიკრიბებით გენერალურ კონფერენციაზე, რომ გავიგონოთ უფლის ხმა. ჩვენ გენერალურ კონფერენციაზე მოვდივართ ლოცვის შემდეგ და მომზადებულები ვართ. თითოეულ ჩვენთაგანს აქვს იმწუთიერი საზრუნავი და სერიოზული კითხვები. ჩვენ მოვდივართ, რათა გავაახლოთ ჩვენი რწმენა ჩვენს მხსნელში, იესო ქრისტეში და გავიძლიეროთ ცდუნებების გადალახვის უნარი. ჩვენ მოვდივართ, რომ ვისწავლოთ ზეცისგან. გპირდებით, რომ თუ მოემზადებით და ლოცვით მოხვალთ გენერალური კონფერენციის სესიებზე, თქვენ საკუთარ საჭიროებებზე პასუხებს იგრძნობთ, და გეცოდინებათ, რომ „ზეცის ხელი“ შეგეხოთ.
გჯეროდეთ, რომ მამაზეციერი გესაუბრებათ თქვენ. ის ნამდვილად გესაუბრებათ! დაე თქვენი რწმენა მამაზეციერსა და მის საყვარელ ძეში, იესო ქრისტეში დაგეხმაროთ საბურველის გაყოფასა და მამა ღმერთის ხმის გაგებაში. მე ვმოწმობ, რომ ის თქვენთან არის და მას უყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე ამის გადმოცემა სიტყვებით არის შესაძლებელი.
© 2025 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, March 2025. Georgian. 19605 131