ლიახონა
პასუხები მოიძიეთ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებებში
იანვარი, 2025 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

პასუხები მოიძიეთ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებებში

2023 წლის აპრილში პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „რა შეკითხვა ან პრობლემაც არ უნდა გქონდეთ, მასზე პასუხს ყოველთვის ნახავთ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებებში“.

ეს შემახსენეს, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ქალაქ ჰილეროდში, კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, დანიაში, ფრედერიკსბორგის სასახლეს ვესტუმრეთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ზოგიერთ წევრთან ერთად, რომლებიც საზღვარგარეთიდან იყვნენ სტუმრად ჩამოსული.

ფრედერიკსბორგის სასახლე ულამაზესი სასახლეა, რომელიც დანიის მეფემ, კრისტიან IV-მ, 1600-1625 წლებში ჰოლანდიური რენესანსის სტილში ააშენა. სასახლის შემადგენლობაში ასევე აშენდა ეკლესია და მეფის სამლოცველო.

1859 წლის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ, მორწმუნე მხატვარ კარლ ბლოხს სთხოვეს, ახლად აღდგენილი პატარა სამლოცველო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ნახატებით დაემშვენებინა. ეს ნახატები მსოფლიოს დიდი ნაწილის მიერ მივიწყებული იყო 1962 წლამდე, ვიდრე უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიამ არ გამოაქვეყნა ისინი, რათა მასწავლებლებს დაწყებით სზოგადოებაში და საკვირაო სკოლებში, ხოლო მშობლებს – სახლებში გამოეყენებინათ.

ჩვენ ციხესიმაგრის ტური ჩვენს მეგობრებთან ერთად სამლოცველოდან დავიწყეთ, რათა კარლ ბლოხის ორიგინალი ნახატები გვენახა. ნახატებზე მითითების შემდეგ წავედი მეზობელ ოთახებში, რათა სასახლის დათვალიერება გამეგრძელებინა, თუმცა არავინ გამომყვა, ამიტომ უკან დავბრუნდი, ჩემი მეგობრები რომ მეპოვა.

როდესაც სამლოცველოში დავბრუნდი დავინახე, რომ ჩვენი მეგობრები კვლავ ნახატებს უყურებდნენ და ღრმად აღელვებულები იყვნენ ნანახით. მივხვდი, რომ ჩემს მეგობრებს, ჩემდა სამარცხვინოდ, ლამაზ ნახატებს, როგორც ტურისტების გიდი ისე ვაჩვენებდი, ისინი კი შეჩერებულიყვნენ და დრო და ძალისხმევა არ დაეშურებინათ, რათა დაენახათ იმის მიღმა, რაც კარლ ბლოხმა ასე ლამაზად დახატა სპილენძზე. ამგვარად, მათ დაინახეს იესო ქრისტეს ცხოვრება და სწავლებები და აღფრთოვანებული იყვნენ ჩვენი მხსნელის გზავნილებით.

მას შემდეგ, რაც მეგობრებს კვლავ შევუერთდი, ჩვენ ერთად დაუვიწყარი დრო გავატარეთ, 23 ნახატი სათითაოდ ვნახეთ და ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ცხოვრების ცალკეულ მოვლენასა და იმ გზავნილებზე, რომელთა სწავლაც შეგვიძლია. დავიწყეთ ნახატით, რომელიც ასახავს მარიამთან ანგელოზის ვიზიტს, რომელიც ეუბნება მას: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. უზენაესის ძედ იწოდება [იგი]. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს“ .

გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენ დავასრულეთ ბოლო ნახატის დათვალიერება, რომელზეც მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეა გამოსახული. ეს სურათი ჩემთვის შეხსენებაა იმისა, რაც იესო ქრისტემ გააკეთა ყოველი ჩვენგანისთვის. ამას კარგად აჯამებს ნეფი თავის სასიხარულო გზავნილში: „მე ვხარობ ნათელში; „მე ვხარობ ჭეშმარიტებაში; მე ვხარობ ჩემს იესოში, რადგან მან ჩემი სული ჯოჯოხეთიდან გამოისყიდა“ .

ფრედერიკსბორგის ციხესიმაგრეში კარლ ბლოხის მრავალჯერ ნანახი ნახატების წინ მიღებული გამოცდილება, მნიშვნელოვანი შეხსენება იყო ჩემთვის. ჩვენ შეგვიძლია, შევხედოთ იესო ქრისტეს ნახატებს ან წავიკითხოთ იესო ქრისტეს ისტორიები, მაგრამ დრო და ძალისხმევა უნდა დავუთმოთ მისი სწავლებების გზავნილებზე დაფიქრებასა და ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებასაც. ამ გზით ჩვენ უკეთ შევძლებთ, „შე[ვ]იტყოთ მეტი მისი გამოსყიდვის, სიყვარულის, მოწყალების, სწავლებისა და განკურნებისა და წინსვლის აღდგენილი სახარების შესახებ.“ და ვიპოვოთ პასუხები ჩვენს კითხვებსა და პრობლემებზე.

შენიშვნები

  1. „პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2023

  2. ლუკა 1:30–31

  3. 2 ნეფი 33:6

  4. „პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2023