ლიახონა
სიყვარულისა და სიხარულის სასიხარულო ამბები
იანვარი, 2025 წ.


„სიყვარულისა და სიხარულის სასიხარულო ამბები“, ლიახონა, იანვარი, 2025 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა, იანვარი, 2025 წ.

სიყვარულისა და სიხარულის სასიხარულო ამბები

აღდგენის კურთხევები უნდა გვიხარებდეს გულს და გვავსებდეს მადლიერებით ღვთის დიდი სიყვარულის გამო.

ანგელოზი მორონის ქანდაკება მზის ჩასვლის ფონზე

ჩვენი იმედისა და მშვიდობის გზავნილი ყველასათვის არის ის, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და აღადგინა თავისი სახარება და ეკლესია ამ უკანასკნელ დღეებში.

„რაოდენ ენით აღუწერელია ყოველივე ეს კაცობრიობისთვის“! განაცხადა წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა. „ჭეშმარიტად, ისინი შეიძლება ჩაითვალოს დიდი სიხარულის ამბებად ყველა ადამიანისთვის; და ასევე ამბებად, რომლებმაც უნდა აავსონ დედამიწა და გაახარონ ყველა იმ ადამიანის გული, რომლის ყურშიც გაიჟღერებს ის“.

მხსნელის მიწიერი მსახურების შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ღვთის შვილები ეძიებდნენ მას და მეტი სინათლისა და ჭეშმარიტებისკენ ილტვიდნენ. იესო ქრისტეს სახარების და მიმდინარე აღდგენის სასიხარულო ამბები ვრცელდება, რათა დალოცონ ყველა ადამიანი და მოამზადონ სამყარო იმ დღისთვის, როდესაც იესო ქრისტე დაბრუნდება, რათა „იმეფოს როგორც მეფეთა მეფე და უფალთ უფალი“. ეს არის ჩვენი ზეციერი მამისა და ჩვენი მხსნელის დაუსრულებელი სიყვარულის ღრმა გამოვლენა. მიხარია, რომ შემიძლია მთელი ცხოვრება დავხარჯო, რათა ვამცნო ეს ჭეშმარიტება სამყაროს.

შეუდარებელი და ნიშანდობლივი

ახალი დღე გათენდა ადამიანთა ოჯახისთვის პატარა ტყეში, სადაც მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, გამოეცხადნენ და ესაუბრნენ ჯოზეფ სმითს, ახალგაზრდა ჯოზეფის ლოცვის პასუხად, თუ რომელ ეკლესიას უნდა შეერთებოდა (იხ. ჯოზეფ სმითი —ისტორია 1:14-20). იესო ქრისტემ უთხრა ჯოზეფს, არ შეერთებოდა არცერთ ეკლესიას. ის დაპირდა ჯოზეფს, რომ მომავალში გაუმხელდა მას სახარების სისრულეს.

ბევრისთვის ჯოზეფი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო კანდიდატი იყო ასეთი მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისთვის და ისინი მართლებიც იყვნენ. ის გაუნათლებელი და უცნობი ბიჭი იყო პატარა ქალაქის მცირე ზომის ფერმიდან. ზუსტად როგორც მხსნელზე ამბობდნენ იმ დროს: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ (იოანე 1:46), მრავალი ადამიანი ფიქრობდა, რა სიკეთე უნდა მოეტანა 14 წლის გაუნათლებელ ბიჭს ნიუ-იორკის პალმირადან. მაგრამ ჯოზეფის მეშვეობით —როგორი შეუსაბამოც არ უნდა ჩანდეს ეს, მამაზეციერსა და უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი რამ უნდა მოევლინათ. ამან უნდა მოგვცეს იმედი, რომ ჩვენი პატარა და თავმდაბალი მცდელობებით ჩვენ ასევე შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უფლის საქმეში.

იმ დროს უფალმა მოუწოდა ჯოზეფს, „ზეციდან [ელაპარაკა] და მი[სცა] მცნებები“ (მოძღვრება და აღთქმები 1:17). ჯოზეფმა მიიღო ძვირფასი გამოცხადებები და უმნიშვნელოვანესი მოძღვრება, რამაც ახალი შუქი მოჰფინა მამაზეციერის სიყვარულის გეგმისა და იესო ქრისტეს გამომსყიდველი სიყვარულისა და მისი გამომსყიდველი მსხვერპლის ძალის ჩვენს წვდომას. აღსანიშნავია, რომ ეს სასიხარულო ამბავი მოვიდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და სხვა სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა საშუალებას მისცემდა ღვთის სინათლეს გამოენათებინა, რათა უფრო და უფრო მეტი თავისი შვილი დაელოცა.

მორონი ჯოზეფ სმითს ოქროს ფირფიტებს გადასცემს.

The Angel Moroni Delivering the Plates to Joseph Smith [ანგელოზი მორონი გადასცემს ოქროს ფირფიტებს ჯოზეფ სმითს], ავტორი: ს.ს.ა. ქრისტენსენი

ღვთის სიყვარულის ძლიერი მოწმე

ანგელოზი მორონის გამოცხადება ჯოზეფ სმითისადმი აუცილებელი იყო აღდგენისა და ღვთის სიყვარულის ძლიერი მტკიცებულებისთვის. მორონიმ უთხრა ჯოზეფს ჩანაწერის შესახებ, რომელიც ოქროს ფირფიტებზე იყო დაწერილი და შორიახლოს დამალული (იხ. ჯოზეფ სმითი —ისტორია 1:33-34). საბოლოო ჯამში, ჯოზეფს „ზემოდან [ებოძებოდა] ძალა“ (მოძღვრება და აღთქმები 20:8) ამ ჩანაწერის გადასათარგმნად, რათა მიგვეღო ის, რაც გახდებოდა მორმონის წიგნი, რომელიც ბიბლიასთან ერთად წარმოადგენს კიდევ ერთ დამოწმებას იესო ქრისტეს შესახებ.

მორმონის წიგნიდან ჩვენ ვკითხულობთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქრისტეს შობამდე ასობით წლის წინ იცოდნენ და წინასწარმეტყველებდნენ მისი მოსვლის შესახებ და მოუთმენლად ელოდნენ მას. ჩვენ ასევე ვპოულობთ განსაკუთრებულ ჩანაწერს აღმდგარი მხსნელის პირად გამოჩენაზე და მსახურებაზე ნეფიელებს შორის, როდესაც მან მოიწვია ყველა, მოსულიყვნენ და შეხებოდნენ ჭრილობას მის გვერდზე, ასევე ლურსმნების ნაკვალევს მის ხელებსა და ტერფებზე (იხ. 3 ნეფი 11:14–15). მან განკურნა დავრდომილნი, კოჭლნი და ბრმანი - „რაიმეთი დაავადებულნი“ და შემდეგ დალოცა პატარა ბავშვები და ილოცა მათთვის (იხ. 3 ნეფი 17:7-9, 21). ჩვენ იმდენს ვიგებთ მხსნელის სიყვარულისა და თანაგრძნობის შესახებ ამ წმინდა ჩანაწერიდან.

მორმონის წიგნი მოწმობს, რომ „იესო არის ქრისტე“. ეს მტკიცებულებები მორმონის წიგნში არაერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს მამაზეციერსა და მხსნელს ვუყვარვართ იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მღვდლობის კურთხევები და ეკლესია

აღდგენა გაგრძელდა ჯოზეფ სმითისადმი სხვა ზეციური მაცნეების გამოჩენით. „აღმდგარმა იოანე ნათლისმცემელმა აღადგინა წყალში სრული ჩაძირვით ცოდვების მისატევებელი ნათლობის უფლებამოსილება. პირველთაგან სამმა მოციქულმა - პეტრემ, იაკობმა და იოანემ აღადგინეს მოციქულობა და მღვდლობის გასაღებები. ასევე მოევლინნენ სხვებიც, ელიას ჩათვლით, რომელმაც აღადგინა ოჯახების სამუდამოდ გაერთიანების უფლებამოსილება მარადიულ ურთიერთობებში, რაც სცდება სიკვდილის ჩარჩოებს“.

1830 წლის 6 აპრილს იესო ქრისტემ, წინასწარმეტყველ ჯოზეფის მეშვეობით, დააარსა ეკლესია, რომელიც შეიქმნა იმავე წესით, რაც ახალი აღთქმის დროს (იხ. რწმენის სიმბოლოები 1:6), „მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი“ (ეფესელთა 2:20). უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ხელმისაწვდომს ხდის აღდგენილი მღვდლობის ძალის კურთხევებს ღვთის ყველა შვილისთვის, რომლებმაც მოამზადეს საკუთარი თავი მის მისაღებად.

როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სიხარული ყოველდღიურ მონანიებაში, როცა მივმართავთ მამაზეციერსა და მხსნელს. ყველას, ვინც თავს გრძნობს დამცირებულად ან შეუსაბამოდ ან ისე, თითქოს მისი ადგილი აქ არ არის: ყველას ვიწვევთ, მოვიდნენ იესო ქრისტესთან და მის ეკლესიაში. ეკლესია არ არის მონასტერი სრულყოფილი ადამიანებისთვის, ის არის საავადმყოფო ავადმყოფების განსაკურნებლად. უხუცესმა დიტერ ფ. უხტდორფმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან შეგვახსენა, რომ „ჩვენ ეკლესიაში მივდივართ არა იმიტომ, რომ დავმალოთ პრობლემები, არამედ რომ განვიკურნოთ“.

ეკლესიაში ჩვენ სიხარულს ვპოულობთ საკუთარი თავის გამოჩენაში, სხვებისთვის სიყვარულით მსახურებაში და ქრისტეს უხვი სიკეთით ჩვენი პირადი გამოცდილების გაზიარებაში. ჩვენ შეგვიძლია „[ჩავითვალოთ] ქრისტეს ეკლესიის ხალხს შორის“ რათა „[დაგვიმახსოვრონ] და ღმერთის კეთილი სიტყვით გამოგვკვებონ“ (მორონი 6:4). რა საოცარი კურთხევაა!

დიდი სიხარულის მიზეზი

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა ერთხელ განაცხადა: „ახლა, რას ვისმენთ სახარებაში, რომელიც მივიღეთ? სიხარულის ხმას! ზეციდან მოწყალების ხმასა და ჭეშმარიტების ხმას დედამიწიდან; სასიხარულო ამბებს გარდაცვლილთათვის, სიხარულის ხმას ცოცხალთათივს და გარდაცვლილთათვის, სასიხარულო ამბებს დიდი სიხარულისა“ (მოძღვრება და აღთქმები 128:19).

ეს სასიხარულო ამბები იმიტომ მოვიდა, რომ მამაზეციერს და მის საყვარელ ძეს, იესო ქრისტეს, ვუყვარვართ და სურთ - ყველაფერზე მეტად - დაგვიბრუნონ მათ გარემოცვაში, რათა მარადის ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლითაც ისინი ცხოვრობენ. აღდგენა ცხადყოფს, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი საჭირო იმისათვის, რომ ეს დიდებული შესაძლებლობა მოეცათ ჩვენთვის. მარადიულ მოგზაურობაში ჩვენ გვექნება გასაჭირი და სირთულეები, მაგრამ „[ჩვენ ვარსებობთ], რათა [განვიცადოთ] სიხარული“ (2 ნეფი 2:25) ამ ცხოვრებაში თუ მომავალში. წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა ეს ყველაზე კარგად იცოდა.

ჯოზეფი ხშირად დგებოდა წინაღობებისა და დევნის წინაშე, მაგრამ მაინც ინახავდა „ბუნებით მხიარულ ხასიათს“ (ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:28). ის დარჩა მხიარული, ძლიერი და გამძლე და შეასრულა ის არაჩვეულებრივი საქმე, რომელიც მას დაევალა. მე პატივს ვცემ ყველა ადრეულ წმინდანს, რომლებმაც ირწმუნეს, მხარი დაუჭირეს და მიჰყვებოდნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს და თავი მიუძღვნეს ეკლესიის მშენებლობას. ჩვენ მათ მიმართ ასეთი მადლიერება და პატივი გვმართებს.

ეკლესიის ადრეულ დღეებში ყველაფერი არ ყოფილა იოლი და შეიძლება ახლაც გაგვიჩნდეს სირთულეები. მაგრამ აღდგენა გრძელდება. ეკლესიის სათავეში იესო ქრისტესთან ერთად, ცოცხალი წინასწარმეტყველები გააგრძელებენ ჩვენს ხელმძღვანელობას. უფლის სახლები კვლავაც აშენდება, რათა ღმერთთან მარადიული აღთქმების კურთხევებმაშეგვკრან მასთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან საბურველის ორივე მხარეს (იხ. მათე 16:19). ღმერთისა და იესო ქრისტეს სიყვარული გავრცელდება მთელ მსოფლიოში, როდესაც ჩვენ მივყვებით მხსნელის ბრძანებას, ვაძოვოთ მისი ცხვრები და გავუზიაროთ სხვებს მისი სახარება. ჩვენ მოწმენი ვიქნებით, რომ აღდგენის ჭეშმარიტება გავრცელდება ისეთი გზებით და ისეთ ადგილებში, რაც ძნელად იყო წარმოსადგენი ჯოზეფის დღეებში.

ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ძალა და დიდი სიხარული, როგორც წინასწარმეტყველ ჯოზეფის შემთხვევაში, როცა ამ ძვირფას ჭეშმარიტებას მივიღებთ და ვიცხოვრებთ მისი მიხედვით. ჯოზეფის მოწოდება წმინდანებს იმ დღეებში დღესაც გვეხება: „ნუთუ არ გავაგრძელებთ სვლას ასეთი დიადი მიზნით? იარეთ წინ და არა უკან. მამაცად… და პირდაპირ გამარჯვებისკენ! და გაიხაროს თქვენმა გულმა და იყოს ძალზედ გახარებული“ (მოძღვრება და აღთქმები 128:22).

დაე, სიყვარულისა და სიხარულის სასიხარულო ამბებმა, რომელიც მოაქვს აღდგენას, დალოცოს და წარმართოს ჩვენი ცხოვრება - ამჟამად და ყოველთვის.

შენიშვნები

  1. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 152.

  2. ცოცხალი ქრისტე: მოციქულების დამოწმება“, ChurchofJesusChrist.org.

  3. იხ. Saints: The Story of the Church of Jesus Christ in the Latter Days, vol. 1, The Standard of Truth, 1815–1846 (2018), 16.

  4. მორმონის წიგნის თავფურცელი.

  5. იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა: ორასი წლისადმი მიძღვნილი მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა.

  6. იხ. რასელ მ. ნელსონი, „სულიერი იმპულსის ძალაLiahona, მაისი 2022 წ, 98.

  7. დიტერ ფ. უხტდორფი, “On Being Genuine,” Liahona, May 2015, 83.