ლიახონა
ღმერთი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ
ლიახონა, ოქტომბერი, 2026 წ.


„ღმერთი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ“, ლიახონა, 2026 წ. ოქტომბერი

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა, ოქტომბერი, 2026 წ.

ღმერთი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ

უტყუარი და მარადიული ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენს ზეციერ მამას ვუყვარვართ და არასდროს დაგვივიწყებს და არ მიგვატოვებს.

ჩემი მშობლები, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში გაწევრიანებამდეც კი, მე და ჩემს სამ ძმას ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ გვასწავლიდნენ. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ღმერთი არსებობს, იგი მიცნობს და ვუყვარვარ. ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.

წლების განმავლობაში, ჩემი გაგება და მოწმობა იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად მიცნობს ღმერთი და რამდენად ვუყვარვარ მას, გაღრმავდა. დღეს, როგორც უფალი იესო ქრისტეს მოციქული, ვმოწმობ, რომ ღმერთი გვიცნობს და მას უყვარს თავისი ყოველი შვილი.

მსურს, მოგიწვიოთ, ჩემთან ერთად დაფიქრდეთ იმ ღრმა კურთხევაზე, რომელიც მოაქვს იმის გაგებას, თუ რამდენად ღრმად გიცნობთ ღმერთი და რაოდენ სრულყოფილად უყვარხართ.

ნეკერჩხალის თესლი

ღმერთი თავიდანვე გიცნობდათ და უყვარდით

უფალმა უთხრა წინასწარმეტყველ იერემიას: „სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ“ (იერემია 1:5). ეს ყველაზე ითქმის - მათ შორის შენზეც.

ღმერთი შენი ზეციური მამაა. ის დიდი ხანია, გიცნობს. ფაქტობრივად, შენ “დასაბამიდანვე იყავით მამასთან“ (მოძღვრება და აღთქმები 93:23). როგორც მისი ერთ-ერთი შვილი, თქვენც იყვაით იმ თათბირზე ზეცაში, სადაც მამა ზეციერმა ბედნიერების დიადი გეგმა წარადგინა. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა, რომ ღმერთის გეგმა ყოველივე ჩვენგანს აძლევს „პრივილეგიას, მის მსგავსად განვვითარდეთ [და] … მასთან ერთად ავმაღლდეთ“. მამაზეციერს სურდა, ეს პრივილეგია გქონოდათ და მოგცათ შესაძლებლობა, მისთვის მიგებაძათ.

ყოველივე, რაც მამაზეციერმა მოიმოქმედა და ამჟამად აკეთებს ბედნიერების თავისი დიადი გეგმის გავრცელებისთვის არის ჩვენდამი მისი სრულყოფილი სიყვარულის გამოვლენა. მას აქვს სიხარულის სისრულე და მას სურს, რომ ჩვენც ვიქონიოთ ეს სისრულე. ჩვენ, როგორც “ზეციური მშობლების საყვარელი ძენი და ასულნი“, გვაქვს ეს ღვთიური პოტენციალი, რომელიც გვაკავშირებს მამაზეციერთან და გარდაგვქმნის შესაბამისად იმისა, თუ როგორ გვხედავს ჩვენ.

მამაზეციერი აღვსილია უსასრულო, სრულყოფილი, წმინდა და სუფთა სიყვარულით თქვენ მიმართ და ამის ენით აღწერა შეუძლებელია. თქვენ მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ხართ, რადგან მისი შვილი ხართ. მისი თქვენდამი სიყვარული დაიწყო მარადისობაში, თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. და ეს მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მოგყვებათ და მარადისობაშიც გადადის.

პატარა ნეკერჩხალი

ღმერთი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ

მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენს მეხსიერებას წინამიწიერი ცხოვრების შესახებ გულმოწყალებით ფარდა ეფარება, რაც საშუალებას გვაძლევს ვიაროთ რწმენით და გამოვიყენოთ ჩვენი არჩევანის თავისუფლება მამაზეციერის სრულყოფილი გეგმის შესაბამისად. მაგრამ მამაზეციერს ახსოვს. მას არა მხოლოდ ის ახსოვს, რანი ვიყავით მაშინ, არამედ ისიც იცის, რანი ვართ ახლა.

მან ჩვენი ცხოვრების ყოველი ვითარება, ყველა ჩვენი გამოწვევა, სიხარული და მწუხარება იცის. ის არის ერთადერთი, რომელმაც ჩვენი ფიქრები და გულის წადილი იცის (მოძღვრება და აღთქმები 6:16). უხუცესი რონალდ ა. რასბანდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვასწავლიდა: „არავინ გიცნობთ იმაზე მეტად და არავინ ზრუნავს თქვენზე იმაზე მეტად, ვიდრე მამაზეციერი“.

რადგან მამაზეციერი ყველაზე მეტად გვიცნობს და ზრუნავს ჩვენზე, მას ძალიან აღელვებს დედამიწაზე ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან იცის, რომელი გადადგმული ნაბიჯი დაგვეხმარება ღვთიური პოტენციალის მიღწევაში მისი ვაჟისა თუ ქალიშვილის როლში. იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მას სურს, მივაღწიოთ ჩვენს ზეციერ დანიშნულებას - დავბრუნდეთ ჩვენს ზეციურ სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილნი ვართ, მას ყოველი ჩვენგანი სრულყოფილად უყვარს. არსებობს ერთი გზა, რომლითაც მამაზეციერმა ყველაზე ნათლად გამოხატა ჩვენდამი თავისი მოსიყვარულე ზრუნვა: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).

იმდენად შეგვიყვარა ღმერთმა - ესოდენ ძლიერად და სრულად, რომ თავისი პირმშო გამოგვიგზავნა, იესო ქრისტე, „რომელიც იყო დასაბამიდანვე საყვარელი და ამორჩეული“ (მოსე 4:2, რათა ყოფილიყო მისი მხოლოდშობილი ძე და სამყაროს მხსნელი. იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი არის მამაზეციერის ჩვენდამი და მისი ყოველი შვილისადმი სიყვარულის საბოლოო და ყველაზე დიდებული გამოვლენა.

იესო ქრისტე მოევლინა მამაზეციერის ნების შესასრულებლად. თვინიერებითა და თავმდაბლობით, ის ყოველივეზე დაბლა დადგა (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 122:8) და აღასრულა თავისი გამომსყიდველი მსხვერპლი, რათა აღესრულებინა მამის ბედნიერების დიადი გეგმა. მან ცოდვა და სიკვდილი დაძლია, რათა ყოველივე აღდგეს და მონანიებისა და მიტევების შესაძლებლობა მიეცეს. ის გვთავაზობს აღთქმებს, რომლებიც გვაძლევს „ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული სახის სიყვარულსა და წყალობაზე“ და შესაძლებლობას, მივიღოთ მარადიული სიცოცხლე და „ყველაფერი, რაც აქვს … მამას“ (მოძღვრება და აღთქმები 84:38).

გახსოვდეთ, რომ „ყველაფერი, რაც აქვს მამას“ მოიცავს არამხოლოდ დალოცვებს, რომლებიც შესაძლოა ამ ცხოვრების შემდეგ ჩვენი გახდება, არამედ ისიც, რითიც ის ამჟამად გვლოცავს, ის „[გვინახავს] დღიდან დღმდე“ (მოსია 2:21), ისეთი გზებით, რომლებიც მორგებულია ჩვენზე და ჩვენს ვითარებაზე.

როდესაც მას და მის ძეს ვუახლოვდებით, როდესაც მამისადმი მისი ძის სახელით ვლოცულობთ და მათ მცნებებს ვიცავთ, „ის დაუყოვნებლივ [გვაკურთხებს]“ (მოსია 2:24) კიდევ უფრო მეტი კურთხევით.

ამ ცხოვრებაში ღმერთი „შორს როდია თითოელი ჩვენთაგანისაგან“ (საქმე 17:27).

მე ვიზიარებ უხუცეს ნილ ა. მაქსველის (1926–2004) აზრს, რომელიც თვლიდა, რომ „ერთ შორეულ დღეს დღევანდელზე კიდევ უფრო აშკარა გახდება ის, რომ ჩვენი მოსიყვარულე მამა ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად!“

სრულფასოვანი ხე

ღმერთი მუდამ გიცნობთ და ეყვარებით

როგორც წესი, ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვენდობით ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ვიცნობთ, ვინც ყველაზე კარგად გვიცნობს, ვისაც ვუყვარვართ, ჩვენი ინტერესები გულთან ახლოს მიაქვთ და რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სანდოები არიან. რადგან ჩვენი ზეციერი მამა ასე კარგად გვიცნობს, ესოდენ ძლიერ ვუყვარვართ, იმდენი გააკეთა და აკეთებს ჩვენთვის და ის სრულყოფილი და უცვლელია, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ მას.

ხომ არ მერყეობს ზოგჯერ ჩვენი რწმენა? „თუკი შენი ტვირთი ასე მძიმეა“ წინ მიმავალი გზა ბუნდოვანია? არსებობს თუ არა გამოწვევები, რომლებიც დაუსრულებელი ჩანს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და რამდენადაც გულმხურვალედ არ უნდა ვლოცულობთ შვებისთვის? არსებობს თუ არა კურთხევები, რომლებზედაც ვლოცულობდით და რომლების იმედიც გვქონდა, მაგრამ ჯერ არ განხორციელებულა?

მე ვმოწმობ, რომ ღმერთი არასოდეს დაგვივიწყებს; და არც მიგვატოვებს. ის გვიცნობს და იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში. ის დასაწყისშივე ხედავს დასასრულს. მან ამ მომენტში იცის ჩვენ შესახებ, იცის ჩვენი გრძნობები, სულიერი და მიწიერი მოთხოვნილებები, ასევე ჩვენ გარშემო ყველას მოთხოვნილებები.

მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ მისი კურთხევები მოდის მისივე ნების თანახმად, მისი გზით და მის მიერ განსაზღვრულ დროს. მისი დრო შეიძლება ჩვენი დროისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ მისი დალოცვები მოვა. ჩვენ უნდა ვენდოთ უფალს იმდენად, რომ „შე[ვჩერდეთ] და გა[ვიგოთ], რომ [ის არის] ღმერთი“ (ფსალმუნი 45:11, რომ მან იცის ყოველივე და ყოველ ჩვენგანს იცნობს. როდესაც მას ვენდობით, მისი სიყვარული მთლიანად მოგვიცავს. ის დაგვპირდა, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივმართოთ მას რჩევისა და დახმარებისთვის. ის მუდამ გვიცნობს და ვეყვარებით.

მე ვმოწმობ, რომ თუ მივენდეთ ჩვენს საყვარელ მამაზეციერსა და მის მოსიყვაულე ძეს, დავიცავთ მცნებებს და რწმენით ბოლომდე გავძლებთ, ჩვენ დავტკბებით ჩვენი საყვარელი მამაზეციერის დაპირებებით, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალაშია, რომ დაგვეხმაროს, ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდეთ მის გარემოცვაში. და როდესაც ასე მოვიქცევით გპირდებით, რომ შევძლებთ დავამოწმოთ „[ღვთის] მრავალი წყალობი[ს]“ შესახებ, როგორც ეს დიდი ხნის წინ წინასწარმეტყველმა ესაიამ გააკეთა. (ესაია 63:7).

მამა ზეციერი ყოველთვის გვიცნობდა და ვუყვარდით. მას ახლაც ვუყვარვართ და ჩვენ გვერდითაა. მე ვმოწმობ, რომ ის ყოველთვის მზადაა, გვიპასუხოს ლოცვებზე. დაე, ყოველთვის ვგრძნობდეთ, რაოდენ გვიცნობს, ზრუნავს ჩვენზე, ვუყვარვართ და სურს დაგვეხმაროს და დაგვლოცოს - აწ და მარადის.