2020
მზრუნველობა თვითუზრუნველყოფის მეშვეობით
აგვისტო, 2020 წ.


„მზრუნველობა თვითუზრუნველყოფის მეშვეობით“, ლიახონა, აგვისტო, 2020 წ.

გამოსახულება
მზრუნველობა

მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. აგვისტო

მზრუნველობა თვითუზრუნველყოფის მეშვეობით

დაეხმარო სხვას თვითუზრუნველყოფის მიღწევაში ნიშნავს დაეხმარო მას და გაუწიო მზრუნველობა უფლის მსგავსად.

მრავალ ჩვენს ოჯახის წევრს, მეგობარსა და მეზობელს სურს, მიაღწიოს თვითუზრუნველყოფას. ეკლესიის თვითუზრუნველყოფის ინიციატივის გამოყენებით ეკლესიის წევრები პოულობენ მსახურების, მოვლისა და მზრუნველობის საშუალებებს, როცა ისინი ლოცავენ სხვებს იმ პრინციპებით, რომლებსაც მოაქვთ „უფრო მეტი იმედი, სიმშვიდე და წინსვლა“.1

„მე ჩემს სახლში ვიყავი“

კრისი კეპლერი, არიზონა, აშშ

განქორწინების შემდეგ ფინანსური სირთულეები მქონდა, ვცდილობდი, დავბრუნებულიყავი სამსახურში მას შემდეგ, რაც რვა წლის განმავლობაში დიასახლისის სტატუსით ვცხოვრობდი. მე ასევე მიჭირდა სულიერადაც, ვეძიებდი ჭეშმარიტებასა და რწმენას, მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში ფეხი არ დამიდგავს მას შემდეგ, რაც მოზარდი ვიყავი.

ერთხელ კვირას ჩემი უფროსი დის, პრისცილას, სახლში სარეცხს ვრეცხავდი. იგი ეკლესიის აქტიური წევრი იყო. იქ ყოფნისას პრისცილამ ოჯახთან ერთად ეკლესიაში მომიპატიჟა. ეს 15 წლის განმავლობაში პირველი მოპატიჟება იყო.

თავიდან უარზე ვიყავი, თუმცა წინა ღამეს ღმერთს ვევედრებოდი, ეჩვენებინა ჩემთვის მასთან მიახლოვების გზა. როცა შინაგანი ბიძგი ვიგრძენი, დავასკვენი: „რატომ არ უნდა წავიდე და თავად არ ვიხილო და მოვისმინო ზრდასრული ადამიანის თვალებითა და გულით“?

ზიარების შეკრებაზე ყოფნისას შევამჩნიე დაფაზე ფლაერი, რომელიც გვატყობინებდა პირადი ფინანსების მართვის თვითუზრუნველყოფის კურსის შესახებ. ეკლესიაში დაბრუნებისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ 12 კვირიანი კურსის შეთავაზებამ მომხიბლა. ჩემმა დამ და სიძემაც შემაგულიანეს, ჩავწერილიყავი, ასე რომ მოუთმენლად ველოდი მხოლოდ იმას, რომ მესწავლა ბიუჯეტის შედგენა და ვალების გადახდა. თუმცა ამ კურსმა სულიერად შემცვალა.

ძალიან გამაკვირვა სულიერმა გზავნილებმა კურსის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ მესამე გაკვეთილზე აღვივსე გრძნობით, რომ სახლში ვიმყოფებოდი და მესმოდა ახალი, თუმცა ნაცნობი ჭეშმარიტებანი. გაკვეთილიდან გამოვედი და პირდაპირ პრისცილასთან წავედი. ატირებულმა ვკითხე: „როგორ მივიღო მეტი მსგავსი გრძნობა ჩემს ცხოვრებაში“? მან მისიონერებს მიმამაგრა გაკვეთილების ჩასატარებლად.

ჩემი თვითუზრუნველყოფის კურსის მონაწილეები დადიოდნენ ჩემს გაკვეთილებზე მისიონერებთან და მხარში მედგნენ. მათ ღრმა გავლენა მოახდინეს ჩემს სულიერებაზე და დამეხმარნენ, მიმეღო სახარებისა და თანამედროვე წინასწარმეტყველების მოწმობა.

კურსის დამთავრებისას ჩემში რამდენიმე მიწიერი და სულიერი ცვლილება მოხდა. მე კარგ კომპანიაში დავიწყე მუშაობა და ნაწილობრივ გავისტუმრე ვალები.

მაგრამ ამ კურსის უფრო ღრმა, ტკბილი დალოცვის ნაწილი იყო ლამაზი მეგობრობა, დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება ოპტიმისტურად განწყობილ ეპისკოპოსთან, მეათედის დამოწმების მიღება, სატაძრო რეკომენდაციის მიღება, შემოსვა და ჩემი ორი უფროსი შვილის ნათლობა.

ჩემი გზა თვითუზრუნველყოფისკენ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ მოგზაურობის ბოლომდე არ დავივიწყებ შესწავლილ გაკვეთილებსა და შეძენილ მეგობრობას.

„ყოველი გაკვეთილიდან გამოვდიოდი იმის შეგრძნებით, რომ ვუყვარვარ“.

როცა 2016 წ. დეკემბერში ქეთი ფანკი 10 წლის ვაჟთან, ვინსენტთან ერთად სოლთ-ლეიქ სითიში, იუტაში, ტაძრის მოედანს ეწვია, იგი თავს „კომფორტულ აგნოსტიკად თვლიდა“. მან ეკლესია 16 წლის ასაკში მიატოვა, 17 წლის მარტოხელა დედა გახდა, გაიკეთა სვირინგები და დაიწყო ყავის სმა. მაგრამ ტაძრის მოედანზე ყოფნისას ვინსენტმა იგრძნო სულიწმინდა და სთხოვა დედას, დაეწყო გაკვეთილები მისიონერებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ორ სამსახურში მუშაობდა და მას კვირაში 80 საათი ჰქონდა დატვირთვა, მან ვინსენტთან ერთად დაიწყო სახარების სწავლა და მისიონერების მოსვლამდე შუალედებში მის კითხვებზე პასუხებს ეძებდა. 2017 წ. ზაფხულისკენ მან დაიწყო საეკლესიო შეხვედრებზე სიარული, სადაც შეიტყო თვითუზრუნველყოფის კურსის შესახებ.

„მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც, რაც დამეხმარებოდა“ - მითხრა მან. „იქნებ არ მჭირდებოდა ორი სამსახური ან სიცოცხლის ბოლომდე მშობლების კმაყოფაზე ყოფნა“.

ქეთიმ უწოდა ამ კურსს „მიწიერად და სულიერად არნახული ძალის მომტანი“ არა იმის გამო, რაც ისწავლა, არამედ იმიტომაც, როგორ მიიღო იგი თვითუზრუნველყოფის ჯგუფმა და გაუწია მას მზრუნველობა.

შენიშვნა

  1. “Message from the First Presidency,” in Personal Finances for Self-Reliance (2016), i.